ამჯერად საქმე პირობით პუტჩამდე არ მივიდა
13 ოქტომბერი, 2013
1055
print

ინტერვიუ საზოგადოებრივი   მაუწყებლის სამეურვეო  საბჭოს თავმჯდომარე  ემზარ გოგუაძესთნ

- თქვენ მიმართეთ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, შეგხვედროდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარების განსახილველად. ზოგიერთ მათგანთან შეხვედრა შედგა. როგორ მიიღეს მათ თქვენი ნაამბობი?

- ალბათ, ნებისმიერ ქეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა უფრო მწვავე რეაქციას გამოიწვევდა. დიახ, მე ვითხოვე ყველასთან შეხვედრა. გენერალური პროკურორი ამ საქმისგან ყველაზე უფრო განყენებული იყო, მაგრამ მან ყურადღებით მომისმინა და მომცა რჩევები იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ფაქტობრივად იყო ადამიანის, კარგი იურისტის მიერ მოცემული რჩევები. მან მითხრა, რომ სასურველი იქნებოდა დავკავშირებოდი პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს.

დავით უსუფაშვილს შემთხვევით შევხვდი, თუმცა მასთნ გასაუბრების საშუალება მომეცა.

- ამ შეხვედრების შემდეგ ცვლილებას გრძნობთ მიმდინარე პროცესებში?

- ეს ამბავი მაინც ცუდად დასრულდა, ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო. კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ვერ დავასახელებ, თუმცა ჩანს, რომ მაინც არასწორად გაითვალეს იმ ადამიანებმა, თუ ჯგუფებმა, ვინც ამ მოვლენების განვითარებას შეუწყო ხელი. ორი ადამიანის ბორდის წევრობისგან გამოსვლას ვგულისხმობ.

- შეგიძლიათ ამ ჯგუფების დასახელება?

- კონკრეტულად რაიმე ჯგუფს ხელს ვერ დავადებ, მაგრამ სახელისუფლებო ნაწილიდანაც ჩანს დაინტერესება, რადგან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობის პირებმა გამოხატეს ამ ბორდისადმი დამოკიდებულება, რომელიც აჩვენებდა, რომ მათთვის მისაღები არ იყო ლეგიტიმურად განვითარებულიყო მოვლენები, გენერალური დირექტორის არჩევნებს ვგულისხმობ.

საქმე თავიდანვე გვქონდა თამაშის წესების დარღვევასთან, როცა პარლამენტმა თავის დროზე დაარღვია როტაციულობის წესი და ახალი კანონის მიღებით, ხელოვნურად დასწია საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადები. რა თქმა უნდა, ამით პარლამენტმა თავისი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია მოახდინა, მაგრამ დემოკრატიული ქვეყნების პარლამენტები ასე რომ იქცეოდნენ და ლეგიტიმაციას იმის მიხედვით ახდენდნენ, რა უფლებებიც მოცემულ მომენტში კონკრეტულ ხელისუფლებას ან კონკრეტულ უმრავლესობას აქვს, მაშინ დაირღვეოდა დემოკრატიის მთავარი პრინციპები, რაც დაფუძნებულია ბორდის როტაციულობასა და არჩევითობაზე ერთდროულად.

აქ მთავარი ის კი არ არის, რომ კანონში არ უნდა შესულიყო ცვლილებები, - ახალ კანონში ძალიან კარგი პუნქტებია ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და ზოგადადაც კარგია, რომ დაიწერა ეს ახალი კანონი, თუმცა არც ძველი იყო ცუდი. მთავარი აქ ის არის, რომ თუ ყველა ახალმოსული ხელისუფლება შეეცდება თავის თარგზე მოჭრას ამგვარი ინსტიტუციების ბედი და დაუქვემდებაროს თავის ხედვას, შედეგი ძალიან ფატალური იქნება, რადგან დაირღვევა დემოკრატიის მთავარი პრინციპი და შედეგად ვერ მივიღებთ ისეთ საზოგადოებას, რომელიც სწრაფი ტემპით განვითარდება დასავლური მიმართულებით. ძალიან ეგოისტურია მსგავსი დამოკიდებულება. ეს ბორდი ნაციონალების დროს იყო არჩეული, ისინი იყვნენ ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში. ახლა სხვაა უმრავლესობაში და ეს ჩვეულებრივი პროცესია. ამის გამო მუდმივად ხომ არ უნდა ვანგრიოთ ინსტიტუციები?! ამჯერად კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებლის მდგომარეობაზე ვამახვილებ ყურაღებას, რადგან საბოლოო ჯამში, ცუდი შედეგი დადგა.

როცა ეს სამეურვეო საბჭო აირჩიეს, მაშინ გათვალისწინებული იყო ოპოზიციური კვოტაც. 9 კაციანი ბორდიდან, რომელიც მერე 15 კაციანი გახდა, 6 კაცი აირჩიეს ოპოზიციური კვოტით და არასამთავრობოს კვოტით. მეც ოპოზიციური კვოტით შევედი საბჭოს წევრად. ყველა მხარე ცდილობდა მაშინ, რომ ბორდი არ ყოფილიყო პოლიტიკური. მაშინდელ ხელისუფლებას და მაშინდელ ოპოზიციას შორის შედგა სიტყვიერი კონსენსუსი, მათ შორის, კვოტირების შესახებაც.

- დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰყავს გადაწყვეტილების მიმღები ბორდი, რაც საგრძნობლად იმოქმედებს მაუწყებლის მუშაობის ხარისხზე, ბოლო ხანებში რამდენჯერმე შეიცვალა გენერალური დირექტორი, თქვენ და ზოგიერთი წევრი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და ბორდის მუშაობაში უხეში ჩარევის შესახებ საუბრობთ. სამეურვეო საბჭო გრძნობს რაიმე პასუხისმგებლობას ამ კრიზისის შექმნაში?

- ამ სამეურვეო საბჭოს ძალზე მძიმე პირობებში მოუხდა მუშაობა. განსაკუთრებით ახალი წლიდან - რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობდა: ბორდს უნდა გადაერჩია მაშინდელი გენერალური დირექტორი, რომელიც თავადვე აირჩია, მაგრამ 2 თვეში ნახა, რომ ძალინ სუსტი იყო. კენჭისყრა ფარული იყო და ბუნებრივია, ვინ ვის მისცა ხმა, ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე შემიძლია გითხრათ, რომ თავშივე არ ვუჭერდი მხარს გიორგი ბარათაშვილის კანდიდატურას. პარალელურად მზადდებოდა ახალი კანონი და სამეურვეო საბჭო და ბევრი სხვაც ხვდებოდა, რომ ახალი კანონი არამხოლოდ იმისთვის იქმნებოდა, რომ ძველ კანონში შესულიყო ცვლილება. დარწმუნებული ვარ, მედიაკოალიციამ ამ კანონის მომზადება კარგი ზრახვებით დაიწყო, მაგრამ კანონს მიება საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადების საკითხი, რომელიც სულაც არ იყო დამოკიდებული მედიაკოალიციაზე, ეს უკვე გარდამავალ მუხლებზე იყო დამოკიდებული. ბორდის წევრების არჩევის ვადები დადგენილი იყო. ახალი კანონით კი, შემცირდა. და რა გამოდის - ყველა ახალმა პარლამენტმა და უმრავლესობამ კანონი საკუთარ თავს და ინტერესებს უნდა მოარგოს? ეს ხომ არასწორია.

- ახალ კანონზე მუშაობაში ბორდი არ იყო ჩართული?

- არა და ეს გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენი ჩართულობის შემთხვევაში უკეთეს შედეგს მივიღებდით.

- დავუბრუნდეთ ბორდის პასუხისმგებლობას საზოგადოებრივ არხზე შექმნილ ვითარებაში...

- დადგა შედეგი - 1 სექტემბრის შემდეგ როტაცია არ მოხდა, დარჩა ბორდის 9 წევრი. 1 იანვრამდე საბჭო ამ შემადგენლობით იქნება, ბორდთან დაკავშირებული მუხლები 1 იანვრამდე არ შედის ძალაში. დღეს ბორდი ზღვარზე აღმოჩნდა - 2 წევრის საბჭოს შემადგენლობიდან გასვლის შემთხვევაში ის გადაწყვეტილების უუნარო ხდებოდა. ეს იყო ძალიან საშიში მდგომარეობა.

საბჭომ თავის მაქსიმუმი გააკეთა. მას კოორდინაცია არ ჰქონდა ყოფილ გენერალურ დირექტორთან, რომელიც თავს არიდებდა საბჭოსთან შეხვედრებს. შეუძლებელია არ თანამშრომლობდეს საბჭო და მენეჯმენტი, არ აწვდიდეს შესაბამის ცნობებს და მათ არ ჰქონდეთ სრულფასოვანი მუშაობის რეჟიმი. იქ აშკარად ფინანსების არასწორ ხარჯვასთან გვქონდა საქმე, ამის ნახვა შესაძლებელია, ღიაა ბევრი საბუთი. მაგალითად, მენეჯმენტი ინგა გრიგოლიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას ახალი თოქ-შოუს საკითხზე. თანხები დაიხარჯა სტუდიაზე, ხელფასებზე, დაახლოებით 150 000 ლარზეა საუბარი. შეთანხმება კი არ შედგა, რადგან საბოლოოდ, ამ პროექტზე გენდირექტორმა თქვა უარი.

- ახალი კანონი, რომელიც 1 იანვრიდან შედის ძალაში, ალბათ ხელს შეუწყობს სიტუაციის გამოსწორებას.

- რა თქმა უნდა, 1 იანვრიდან გაცილებით მეტი ალბათობაა და სიტუაცია ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. ბორდი გახდება გადაწყვეტილების უნარიანი.

- ბორდი მოულოდნელად დატოვა ორმა წევრმა. თქვენ ამის მოტივად ზეწოლას ასახელებთ. გაქვთ ფაქტები?

- ელემენტარული ლოგიკაა. ეს ადამიანები წლების მანძილზე იყვნენ სამეურვეო საბჭოში. მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი, ეკა მაზმიშვილი ახლა ამბობს, რომ დაიღალა. ის თვეში ერთხელ, ან ორჯერ მოდიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს უშლიდა ხელს მას ყოველდღიურ საქმიანობაში. ფესტივალი მქონდა და დავიღალეო. ეს ხომ პირველი ფესტივალი არ იყო მისთვის? რატომ მანამდე არ დაიღალა? სამეურვეო საბჭოში მუშაობა ხომ პატარა პასუხისმგებლობა არ არის? ეს არის ბავშვური ახსნა. ის ზეწოლაზე არ ლაპარაკობს და არც ილაპარაკებს, რადგან მის ინტერესებში არ შედის.

რაც შეეხება ავთო ანთიძეს, ის ამბობდა, რომ ვიღაც ჩინოსნები მიდიოდნენ მასთან და აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ბორდიდან გასვლაზე. ამას ის მანამდე ამბობდა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და სანამ მტკიცედ იდგა. ახლა ალბათ, აღარ იტყვის... არ ვიცი, მასთან კონტაქტი არ მაქვს. ოპერაციას იკეთებს თუ გაიკეთა... და ამ ყველაფერს ამბობდა არამხოლოდ ჩემთან, ამას ისმენდა ბორდის და ჩვენი აპარატის ყველა წევრი. სამწუხაროა, რომ ადამიანები ელემენტარულ წინააღმდეგობას ვერ უწევენ ზეწოლას.

უცნაურად მიმაჩნია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ნორმალურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში მსგავსი რამ საშინელი ხმაურის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. მით უმეტეს, რომ მე პირადად დავასახელე კონკრეტული ადამიანები, - ერთ-ერთი იყო ე.წ. “ოდეერი” (ტელევიზიაში უშიშროებიდან მიმაგრებული ოფიცერი...) ცინაძე, რომელიც მთხოვდა მხარი არ დამეჭირა მაშინდელი გენდირექტორის, ბარათშვილის უნდობლობისთვის. ეს ადამიანი ახლაც იქ მუშაობს და რას აკეთებს, გაუგებარია. გარდა ამისა, გენდირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ტყემალაძემ სამჯერ შემომთავაზა ბორდის დატოვება, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ამას ვინმე ავალებდა, ეს მისი ფანტაზიის ნაყოფიც შეიძლება ყოფილიყო.

- თქვენი ერთ-ერთი ბრალდება ისიც იყო, რომ ბორდის წევრთა სატელეფონო საუბრები ისმინებოდა. როგორ ასაბუთებთ ამას?

- შეუძლებელია იმ ყველაფრის დასაბუთება, რის შესახებაც არსებობს გონივრული ეჭვი. ამის გაკეთება მხოლოდ შესაბამის სამსახურებს შეუძლიათ. არსებობს ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ შეესწრო ფაქტს, როდესაც ჩვენი საუბრების გაშიფრული ტექსტი შეუტანეს გენდირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. ეს ადამიანი ასეთ რამეს ვერ მოიგონებდა მით უფრო, რომ მის ინტერესებში ეს არანაირად არ შედიოდა. ასეთი რამის საზოგადოებისთვის დამალვის უფლება კი ჩვენ არ გვაქვს.

- რისთვის იბრძვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო?

- პირველ რიგში, ბორდი არ იბრძვის საკუთარი თავისთვის. ჯერ ერთი, მან ბოლომდე უნდა შეასრულოს ის, რაც დაკისრებული აქვს კანონით. რეალობაა გამაოგნებელი. ერთ-ერთ ბოლო სოციალურ შოუში გამოვლინდა, რომ ადამიანებს ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ აქვთ სამეურვეო საბჭოს ფუნქციაზე და ამგვარ ინსტიტუციებზე. როგორც ჩანს, ბორდი წარმოუდგენიათ მათ პირად მეურვეებად, მათი საქმიანობის ხელისშემშლელ რგოლად. სინამდვილეში, ბორდში არის საზოგადოების წარმომადგენლობა, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს როტაციას და რომელსაც უნდა ამტკიცებდეს ხალხის მიერ არჩეული ორგანო, პარლამენტი, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

სამეურვეო საბჭოს კანონი ავალდებულებს მინიმუმ, თვეში ერთხელ შეკრებას. ბორდს უნდა ჰქონდეს ქვორუმი გადაწყვეტილების მისაღებად და თუ ქვორუმი არ იქნება, გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. ახლა ბორდს კონკურსი უნდა ჩაეტარებინა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. ცხადია, ეს კონკურსი ჩაიშალა. გარდა ამისა, უნდა შეგვეტანა ცვლილებები ტელევიზიის ბიუჯეტში. ეს ცვლილებები დაკავშირებული იყო სესხის მოთხოვნასთან. მენეჯმენტმა მოითხოვა დაუსაბუთებელი 4 მილიონიანი სესხი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ შესწავლა, გვქონდა სამუშაო შეხვედრები ფინანსურ დირექტორთან და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ტყელმალაძესთან, რომელიც ჩახედული არც იყო საქმეში, რადგან ახალდანიშნული გახლდათ. რამდენადაც ვიცით, ძველი მენეჯმენტი მას სხდომებზეც კი არ ასწრებდა მიუხედავად იმისა, რომ გენდირექტორის პირველი მოადგილე იყო.

ამ კონსულტაციების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ დაახლოებით, 2,5 მილიონიანი სესხი საკმარისი იქნებოდა. საუბარი იყო მილიონიან პროექტზე, რომელიც არ იყო პირდაპირ ბმაში ჩვენს პრიორიტეტებთან... მოკლედ, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში, ალბათ, შევჯერდებოდით სესხის რაოდენობაზე, ოღონდ უკვე დასაბუთებულზე. ეს პროცესი გაწყდა.

სხვა მხრივ, ხელფასებისთვის არის ხელშეუხებელი ფონდი და ალბათ არც არავინ შეეხება. წესით, ის თანხები წლის ბოლომდე საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ ამის გარდა ხომ არის სხვა ხარჯებიც, რისთვისაც ჭირდებოდათ ის 2,5 მილიონი?! ბორდის გადაწყვეტილების გარეშე კი, არც ერთი ორგანო, არც ერთი უწყება, ან თანამდებობის პირი არ არსებობს სახელმწიფოში, რომელსაც შეუძლია შეითავსოს სამეურვეო საბჭოს ფუნქციები.

ის, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თავს ხდება, მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში შედიოდა, ვისაც აშინებდა ამ სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული გენდირექტორი. ისინი თვლიდნენ, რომ ეს ამბიცია არ უნდა ჰქონოდა ამ ბორდს, წამსვლელ ბორდს. ეს შიში კი, სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან ჯერ ერთი, არავინ იცის როდის დაიშლება ეს ბორდი, რადგან ყველაფერს თავის პროცედურა აქვს - 1 იანვრიდდან ამოქმედდება კანონი, მერე უნდა დაიწყოს ახალი ბორდის არჩევა. საკმაოდ დიდი დროა, ნახევარი წელი მაინც საიმისოდ, რომ ბორდი გულხელდაკრეფილი არ იჯდეს და სრულიად ლეგიტიმურად აირჩიოს ახალი გენდირექტორი. რატომ ჰქონდათ ისეთი წარმოდგენა, რომ მათთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა ახალი დირექტორი? თუ ამბიციაზე მიდგა საქმე, მე თუ მკითხავთ, გაცილებით დიდი ამბიცია გამოიჩინა იმ პოლიტიკურმა ნაწილმა, რომელმაც თვითნებურად შეზღუდა ამ სამეურვეო საბჭოს ვადები. აი, ამის კვლევა შეიძლება, მაგრამ პირდაპირ გვარების დასახელებამდე ვერ დახვალ.

- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გაწევრიანებულია ევროპის მაუწყებელთა კავშირში. როგორია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა მიმდინარე მოვლენებში?

- საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციათა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მიერ არაერთხელ დაფიქსირდა მათი მკაფიო და ხშირ შემთხვევაში მკვეთრად მკაცრი პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მისი სამეურვეო საბჭოს გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ 11 სექტემბერს მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ძალიან სერიოზული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი. აგრეთვე ჩვენ ვმართავთ ინტენსიურ შეხვედრებს საქართველოში ნატო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობებთან, ოფისებთან. ჩვენ მათ ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

არ ვაპირებთ მოვადუნოთ ყურადღება და შევასუსტოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობა. პირიქით, ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერის და რეალური თანადგომის იმედი, რომელსაც ისინი აქტიურად გვიცხადებენ კიდეც.

უკანასკნელი დღეების მანძილზე ჩვენ შევიმუშავეთ საკმაოდ ვრცელი ტექსტი, რომელშიც დეტალურადაა ასახული საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სამეურვეო საბჭოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ქრონოლოგიურად წარმოვადგინეთ ზეწოლისა და ჩვენს საქმიანობაში ჩარევის მცდელობათა ფაქტები და უახლოეს დღეებში რამდენიმე ენაზე თარგმნილ ამ დოკუმენტს გავავრცელებთ დასავლურ დემოკრატიულ სამყაროში. ჩვენი უცხოელი პატრნიორებისა და მეგობრების დახმარებით.

- რას აპირებს ახლა საბჭო?

- 1 იანვრამდე მხოლოდ მოსმენის რეჟიმი გვექნება. დაგეგმილი იყო და მოვისმენთ მესამე კვარტლის ფინანსურ ხარჯვას. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა ამ წლის თანხების ხარჯვის სრული სურათი დაიხატოს. ეს სურათი შიდა აუდიტს საბოლოო დასკვნის დაწერის შესაძლებლობას მისცემს. ცხადია, როგორ კვალიფიკაციასაც მიანიჭებს აუდიტი ამ დოკუმენტს, იმის მიხედვით დამისამართდება.

მინდა, გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ინსტანციების გასაგონად ვთქვა: თვით ისეთი სპორტული ორთაბრძოლის დროს, როგორიცაა ოქტაგონი, ანუ ბრძოლა წესების გარეშე, მიღებულია აღიარებულ წესთა დაცვა. თუმცა, კიდევ კარგი ამჯერად საქმე პირობით პუტჩამდე მაინც არ მივიდა, თუმცა თვით მაუწყებლის შიგნითაც არსებობდნენ ისეთი საქმეში ჩაუხედავი და გაბოროტებული ადამიანები, რომლებიც “რევკომის“ ტიპის მმართველობის შემოღებას უკიჟინებდნენ. მათი დაუოკებელი ფანტაზიის მკვებავი, როგორც ჩანს, უვიცობასთან ერთად, ყოვლის ნგრევის და ყოველივეს საკუთარ სიმპათია-ანტიპათიაზე მორგების დაუოკებელი, ბოლშევიკური შიანაარსის მატარებელი ჟინი გახლდათ.

ხათუნა ქუთათელაძე