ნეგლიჟე, რომელიც ნეგლიჟე არაა
13 ოქტომბერი, 2013
824
print

                 

დეზაბილიეს მნიშვნელობაზე დაფიქრება, ადრე თუ გვიან, ყველას უწევს.

შესაძლოა, “ყველა“ ხმამაღალი ნათქვამიც კი იყოს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელიც არ მოხვედრილა უხერხულ სიტუაციაში, როდესაც ამ უკანასკნელისთვის მისი ჩაცმულობა ბოლომდე შესაფერისი არ იყო. ყველას ჰყავს ნაცნობი, რომელიც “ერთ-ერთ ჩვეულებრივ“ მეგობრულ წვეულებაზე მიგიწვევს, სადაც casual სტილი ადეკვატური უნდა ყოფილიყო. ამ დროს, მიხვალ და ყველა აბრეშუმის კაბებსა და გამოსასვლელ პიჯაკებში გამოწყობილი დაგხვდება, შენ კი ინანებ, რომ არჩევანი კომფორტულ სვიტერსა და არცთუ ახალ ჯინსზე შეაჩერე.

მართალია, დეზაბილიე, ისევე როგორც ნეგლიჟე, არაფორმალურ, საშინაო ჩაცმულობას ნიშნავს, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სწორედ ზედმეტად კარგად ჩაცმა იწვევს ამგვარ ასოციაციებს. არასოდეს მქონია უფრო მძაფრად დეზაბილიეს განცდა, ვიდრე მაშინ, როდესაც ერთ-ერთი დაწესებულების გახსნის საღამოზე აბრეშუმის კაბა-შარვლით და მდიდრული სამკაულებით გამოვცხადდი, იქ კი შალის თბილ ჟაკეტებში გამოწყობილი საზოგადოება დამხვდა. ზუსტად ასეთივე განცდა ექნებოდა ალბათ ბუდუარიდან ნიუ-იორკის ბირჟაზე მოხვედრილ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში, ის კარგად მახსოვს, რომ მთელი საღამო ჩემს ტოპშოპის ზედატანზე ფიქრში გავატარე.

თუმცა, ამგვარი შემთხვევები, საბედნიეროდ, გამონაკლისს წარმოადგენს. ზოგადად, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, სად როგორ უნდა ჩავიცვათ იმისთვის, რომ ადეკვატურობის პრინციპი არ დავარღვიოთ. ამის მიუხედავად, არის სამოსი, რომელიც შესაძლოა ზოგადად იწვევდეს აზრთა სხვადასხვაობას. ასეთი აზრი გამიჩნდა, როდესაც წელს მარკ ჯეიკობსი დეფილეზე პიჟამის სტილის ტანსაცმელში გამოწყობილი გამოცხადდა. მოდის ჩვენებაზე თავს ექსტრავაგანტურობის უფლება შეიძლება მისცე, მაგრამ ყოველდღე ეს რა იქნება? ნეგლიჟე?

2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც დიზაინერებმა პრეტ-ა-პორტეს კოლექციებში პიჟამას სტილის სამოსი წარმოადგინეს, ეს უკანასკნელი ტრენდად იქცა და მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. იცვლებოდა დეტალები, განწყობაც კი, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ამგვარმა ჩასაცმელმა საძინებლის ჩარჩოებს თავი დააღწია და ფართო მასებისთვის გახდა მისაღები. სიმართლე ითქვას, ამაში გასაოცარი არაფერია - ძალიან ადვილია ამგვარი სამოსის ტარება, თუ საქმიან შეხვედრაზე არ ხარ მისასვლელი. ქსოვილის სპეციფიკიდან გამომდინარე კი, მას გაცილებით chic იმიჯის შექმნა შეუძლია, ვიდრე დენიმს ან მილიტარის. დიდი ზომის ატლასის პერანგები, ფართო აბრეშუმის შარვლები, ხალათის მსგავსი მოსაცმელები მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ზოგიერთის გემოვნებისთვის, შესაძლოა, ზედმეტად გლამურულიც კი იყოს, თუმცა Stella McCartney-ის, Donna Karan-ის, Haider Ackermann-ის, Richard Nicols-ის და სხვა ბრენდების დამსახურებით, სწორედ ეს იყო ბოლო წლების ერთ-ერთი თვალშისაცემი მოდური ტენდენცია. სამაგიეროდ, როდესაც მიმდინარე შემოდგომის კოლექციებს ათვალიერებ, ხვდები, რომ რაღაც ამ ტრენდში საგრძნობლად შეიცვალა...

გასულ წლებში პიჟამას მაინც უფრო სპორტული დატვირთვა ჰქონდა. პიჟამას “გაკეთილშობილების“ მისია სამკაულებს და ძვირფას აქსესუარებს ჰქონდა დაკისრებული. წინანდელი პიჟამა ამჯერად ბუდუარის ეროტიკულმა განწყობამ შეცვალა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირველად სერიოზულად შეიძლება იმაზე მსჯელობა, რამდენად იფიქრეს დიზაინერებმა ამ სამოსის პრაქტიკულ დანიშნულებაზე. წელს Marc Jacobs-თან პიჟამას სტილის აბრეშუმის ზედატანს მოკლე (უფრო სწორად, ძალიან მოკლე) კაბის დანიშნულება გააჩნია. ლითონისფერი ქსოვილისგან შეკერილი პიჟამას დუეტი კი, სათანადო აქსესუარებთან და ვარცხნილობასთან, ერთ ასოციაციას იწვევს - the noir. Louis Vuitton-თან ეს თემა კიდევ უფრო კონკრეტული ხდება. პოდიუმზე მის მოდელებს პალტოს ქვეშ გრძელი, მაქმანებიანი პერანგები ეცვათ. ამგვარად, რელაქსაციური და ბოჰემური განწყობა ამჯერად რეტროს სიყვარულმა და femme fatale-ისთვის დამახასიათებელმა ინტრიგამ გადაფარა. პერანგი-კაბა, უთხელესი ბრეტელით და პროვოკაციული ჭრილით Narciso Rodriguez-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაშიც იყო.

სამოსი, რომელიც “პიჟამა-ფართის“ მოსაწყობად გამოდგება, ასევე კვლავაც აქტუალური რჩება, პირველ რიგში კი, Rochas -ის დამსახურებით. მარკო ზანინიმ შეძლო, აბრეშუმის პიჟამასთან ძვირფასი ქვების შეხამება ისე, რომ ტრადიციული, რელაქსაციის განწყობა კვლავ შეენარჩუნებინა. ყოველგვარი პროვოკაციულობის გარეშე, მან პიჟამა საშუალო სიგრძის, თავისუფალი სტილის პალტოებს შეუხამა და ამით წინა წლებში არსებული ტრადიცია გააგრძელა. ზანინიმ სხეულის გაშიშვლების და მაქმანების გარეშე შეძლო საძინებლის ესთეტიკის ყოველდღიურ სამოსში გადმოტანა, რაც ასეთივე წარმატებით მოახერხეს Julien David-მა და Kenzo-მ თავიანთ საშემოდგომო კოლექციებში. თუ მაქმანებიანი პერანგების ტენდენციასა და ჯეიკობსის ინტრიგას არ ჩავთვლით, ამ ტრენდს ნეგლიჟეს ამჯერადაც ვერ ვუწოდებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც უწინ, კონტრასტების შექმნის აუცილებლობაა. დღის ჩაცმულობისთვის პიჟამას დაბალძირიან, უხეში სტილის ფეხსაცმელთან ვატარებთ, საღამოს კი მაღალ ქუსლთან და სამკაულებთან, ასევე მბზინავ აქსესუარებთან ერთად. მთავარია, total look რელაქსაციურ განწყობას არ ატარებდეს, რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს სახლიდან გამოსვლის წინ პიჟამის გახდა ვერ მოვასწარით. ამიტომ, ჟაკეტი-ბომბერი, პანკის ელემენტები, მკვეთრი მაკიაჟი და კარგი ჩანთა დეზაბილიეს გასანეიტრალებლად კვლავაც კარგ თანამზრახველად დარჩება.