LA PLUME AU CUL
29 სექტემბერი, 2013
1471
print

რატომ დაწერე ასე დათო გამყრელიძეზე? - იცი, მას  რა კარგი მამა ჰყავდა?  წყნეთის აგარაკებს როგორ შეეხნენ? იცი, ეს რა წმინდა ადგილია? - ქართული ელიტის აკვანი!

 თბილისური საყვედურები


ჩემი ბოლო დროის უძლიერესი მუსიკალური შთაბეჭდილება იყო ლეონიდ დესიატნიკოვის ოპერა “როზენტალის ბავშვები“...

არა, სულაც არ ვაპირებ “ორი რუსეთის“ იდიოტური თეორიის რეანიმირებას. ეს სისულელე ჯერ ლენინმა თქვა, რითაც კლასობრივი სხვაობა ეთნიკურზე წინ დააყენა, მერე კი შევარდნაძემ გაიმეორა, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლა ითხოვა.

ახლა მე სხვა დარდი მაქვს... ამიტომაც ოპერას დავუბრუნდეთ. ლიბრეტო, სხვათა შორის, ვლადიმირ სოროკინმა დაწერა. მაგრამ მთავარი მაინც მუსიკაა, ბრწყინვალე პარტიტურა, რომელსაც ყველა გაცვეთილი ეპითეტი მოუხდება: დინამიზმი, გამჭვირვალობა, დახვეწილობა და ა. შ. შინაარსის თავისებურებათა გამო, ოპერა მდიდარია მუსიკალური ინტერტექსტით: მოცარტი, ვაგნერი, ვერდი, მუსორგსკი, ჩაიკოვსკი... მაგრამ მსმენელმა ეს რომც ვერ იცნოს, სტიქიურ მუსიკალობას მაინც დაიკმაყოფილებს და ფრიად ნასიამოვნები დარჩება.

ოპერა დაიგმო. პრემიერის საღამოს ე. წ. “პუტინიუგენდის“, ანუ “ერთად მავალთა“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დიდი თეატრის წინ პიკეტი მოაწყო. “ედინაია როსიას“ ფრაქციის დეპუტატმა, სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის მოადგილემ, ზოია სტეპანოვამ კი ტექსტი გამოაცხო და მასში ვკითხულობთ: “ლიბრეტოს ავტორი, სოროკინი, უცერემონიოდ ექცევა საბჭოთა კავშირის ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეთა სახეებსა და წარსულის უიშვიათეს კომპოზიტორებს - ვაგნერს, ჩაიკოვსკის, მოცარტს, ვერდის, მუსორგსკის. საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლებისა და რუსული ლიტერატურის ამაზე დიდი შეურაცხყოფა ჩვენს ქვეყანას ჯერ არ უნახავს. დიდი თეატრის სცენაზე ოპერის დადგმა გამანადგურებელი იქნება თეატრის ავტორიტეტისათვის და ნეგატიურად იმოქმედებს რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე მთელ მსოფლიოში“.

ზოია სტეპანოვას ნუ ეხუმრებით - ორი დიპლომი აქვს: 1) როსტოვის ოლქთაშორისი უმაღლესი პარტიული სკოლა; 2) დონის როსტოვის სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ინსტიტუტი. აბა, ცენზი რომ არა, როგორ უპოვიდა ხსენებულ კომპოზიტორებს ასეთ ზუსტ და ამომწურავ განსაზღვრებას: “უიშვიათესი“!..

დიახ, რუსეთში, შეიძლება ითქვას, კულტურული კრახია. მაგრამ ახლა არც ამაზე ვსაუბრობ... პირიქით... მე იმის თქმა მსურს, რომ მიუხედავად დაცემის თუ ჩავარდნისა, იქ მაინც არსებობს შედეგი. დიახ, მყარი შემოქმედებითი შედეგი და არა “საიდუმლო სირობა“. და საქმე ის კი არ არის, რომ მღვრიე წყალში, სადაც საეჭვო წარმოშობის ურიცხვი თანხა ტრიალებს, ყოველთვის იშოვი დაფინანსებას. საქმე ისაა, რომ არსებობს ინტელექტუალური ელიტა, გლამურით შეურყვნელი, მაგრამ არც სიდუხჭირით გაფუჭებული...

აი, ახლა კი შემიძლია გადავიდე მთავარ სათქმელზე. ხანგრძლივად ორ ქვეყანაში მიცხოვრია: რუსეთსა და იტალიაში. ესენი ინტელექტუალთა ბუნებითა და შიდა სოციალური სტრუქტურითაც განსხვავდება. როცა შედარებისთვის საკმაო საფუძველი დამიგროვდა, არჩევანი უპირობოდ მივანიჭე იტალიას. ეს ცალკე საუბრის თემაა...

რუსეთში, რა თქმა უნდა, არსებობდა ხელისუფლებისგან განებივრებული კასტა, იყო კასტური წესები და ქედმაღლობა. ოღონდ მათ ჩაცმაზე არ ზრუნავდა გასტროლებიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლი “ბერიოზკა“ (სხვა უფრო პირდაპირი საშუალებები ჰქონდათ) და ქართველებსაც ისევე ჰგავდნენ, როგორც ტურგენევის ან ტოლსტოის გმირები - ლუარსაბ თათქარიძეს. ესენი პარტიისა და სუკის რეკომენდაციით ხან ახრჩობდნენ და ხანაც ჟანგბადის გამოზომილ დოზებს აწვდიდნენ სულიერი წყურვილით დატანჯულ მოსახლეობას, მაგრამ მათ გვერდით იყვნენ სხვებიც, არანაკლებ ელიტურები, თუმც კი ვიწრო წრეში მოტრიალენი, რომლებიც გამუდმებით აკეთებდნენ რაღაც “ბეზუმნო ინწერესნის“ ან “სავერშენნა პატრიასაიუშჩის“. აქედან ბევრს რასმე გულუბრყვილო ბეჩაობა ეთქმოდა, მაგრამ ხალასი მოტივაცია არასოდეს იკარგება, მით უმეტეს, ასეთ მრავარიცხოვან გარემოში... სწორედ ესაა მთავარი უპირატესობა: საშუალო მეხსიერების მქონე ადამიანი ვერასოდეს აითვისებს რუსეთის შემოქმედებით ელიტაში შემავალთა სიას - იქ ჩაკარგვაც შეიძლება და ამოტივტივებაც. ჩვენი სანატრელი სამშობლო ამით ვერ დაიკვეხნის - აქ მხოლოდ ტივტივებენ.

იტალიაში, რუსეთისგან განსხვავებით, დიდსა და მცირე ინტელექტუალს ორი რამ ეტყობა: შრომა და შრომა. ეს არ არის რიტორიკული ხერხი: პირველი შედეგის მისაღწევად გაწეულ შრომას გულისხმობს, მეორე კი სოციალური სტატუსის შესანარჩუნებლად კვლავაც გასაწევს. შესაბამისად, ლოთობა, ნარკომანია და სხვა მსგავსი სიკეთეები, რომლებიც რუსი ინტელექტუალების პროფესიულ დაავადებას წარმოადგენს, იტალიაში მხოლოდ მეორე თაობას ემუქრება - მამათა დიდებით დათრგუნულ შვილებს. რა უნდა გააწყო? - ყველაფერს თავისი ფასი აქვს. დანარჩენი განსხვავებებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია: იტალიელის მეტყველებაში, რუსისგან განსხვავებით, არსებითი სახელები სჭარბობს ზედსართავებს, ინფორმაცია კი ბატონობს ემოციაზე. რაც შეეხება საზოგადოებაზე გავლენას, ის მხოლოდ ინტელექტუალური შრომის შედეგით წარმოებს - გაყიდული წიგნით, გამოსული ფილმით, დადგმული სპექტაკლით, გამოქვეყნებული რეპორტაჟით. თვით უმაღლესი სტატუსი კი გამოიხატება სოციუმიდან სრული გაქრობით. ავტორი მხოლოდ ნაწარმოებით ჩანს...

ოდესღაც ხელისუფლების მწვერვალიდან ჩვენც გვახარბებდნენ მერიტოკრატიის ახალ ხილს და გვამცნობდნენ, რომ მილანის ლა სკალას სეზონს გლდანში დაბადებული და გაზრდილი ანიტა რაჭველიშვილი გახსნის. ვუსმენდი და ვფიქრობდი: ამათგან გაღწევა თქვი, თორემ რიკარდო მუტი რატომ უნდა დაინტერესდეს, გაჩიანისა და გარდაბანის მახლობლად მდებარე ქალაქის რომელ უბანში ცხოვრობს ეს მშვენიერი მეცო-სოპრანო?

მაშ ასე, ორივე ქვეყანაში საიდუმლოება არ არის ამა თუ იმ სუბიექტის ნამდვილი ღირებულება. თვით რუსეთშიც, გასული საუკუნის ყველაზე ბნელ დროსაც კი კარგა მოზრდილ ქალაქს დაასახლებდი ადამიანებით, რომლებმაც იცოდნენ, რომ მანდელშტამი ისაკოვსკის ჯობია.

და საქართველოში? საქართველოში კარგა მოზრდილი მიკრორაიონი გაივსება ადამიანებით, რომლებიც აღაშფოთა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერიდან მოფენილმა ჭეშმარიტებამ: “გრეჩიხა“ არის ქართველი კაცის კრებითი სახელი. მე აღშფოთებულთა რიგებში არ ვარ. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს მართალია.

აღშფოთება ძალიან ადვილია. მით უმეტეს საქართველოში, სადაც ყოველი დღე ახალი სასწაულით თენდება... აი, რამდენი აღშფოთდა ბათუმის მაღაზიის პერსონალის მიერ წიგნების დაწვით. და რატომ აგიზგიზებდნენ კოცონს? - იმიტომ რომ ეს წიგნები ეროტიკულ ეპიზოდებს შეიცავდა. რა ჯობია აღშფოთების ისეთ საბაბს, რომელიც გათქმევინებს, რომ რეი ბრედბერის რომანიც წაგიკითხავს და ტრიუფოს ფილმიც გინახავს! მაგრამ რა უნდა გავიხსენოთ და რითი უნდა მოვიწონოთ თავი, როცა თვით ინკვიზიტორებს ვუსმენთ: “ირინა და სოფო ამბობენ, რომ მყიდველის რაოდენობამ მაღაზიაში მას შემდეგ მოიმატა, რაც პატრიარქმა შაბათი დღე წიგნის კითხვის დღედ დააწესა“. დარწმუნებული ვარ: მართალი იქნება...

ზაზა ბურჭულაძის რომანის, “ხსნადი კაფკას“ შემდგომი გამოცემა კი ასე უნდა გადავარჩინოთ: გარეკანზე მარტორქას თავი უნდა გამოისახოს. ავტორს ფალოსური სიმბოლო ეგონება, ირინასა და სოფოს კი ვინმე ღვთისნიერი ეტყვის, რომ პატრიარქის მისაღების ინტერიერია. ჰოდა, გადავრჩებით ბრედბერისა და ტრიუფოს ნაწინასწარმეტყველებ მომავალს.

ცდება, ვისაც ჰგონია, რომ ეს ეპიზოდი დაკავშირებული არაა ჩვენს მთავარ თემასთან. ადამიანების არჩევაში მყარი და შედეგიდან გამომდინარე კრიტერიუმის არარსებობა საგანთა და მოვლენათა ნივთიერ და იდეალურ წესრიგს არღვევს. სწორედ ამის გამო აღმოჩნდება მარტორქის ფიტული ღვთისმშობლის ხატის გვერდით, ქორეპისკოპოსის ომოფორი - იაშას მხრებზე, ბათუმის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - ჯანდაბაში, კორკოტა - ტელევიზორში, ოლიგარქობამდე არმიშვებული რუსი პლუტოკრატი კი ქართული სახელმწიფოს სათავეში.

როგორც ზემოთ მივანიშნეთ, ცხონებული ხელისუფლება ცდილობდა რამდენადმე ობიექტური კრიტერიუმების შემოტანას. აი თუნდაც სოფიო ნიჟარაძე ავიღოთ - შეეხედება და ხმაც მოსდევს. კაი, ბატონო, ვთქვათ, ზედმეტად მანერულია, ვთქვათ, მასზე უკეთესად ალაზნის ველზე მდებარე სოფლებში ყოველი მესამე მღერის. მაგრამ აქ კრიტერიუმის არსებობაა მთავარი - შესაბამისობა უკვე მეორე ნაბიჯია. მოსაწონი მართლაც ცოტა იყო, მაგრამ წარმოვიდგინოთ, ხოსე კარერასთან, მაგალითად, ირმა სოხაძეს რომ ემღერა. თითო-ოროლა მარგინალურად ცნობადი სახე მაინც დაიკნავლებდა ბლოგზე, მაგრამ ნამდვილად არ გვექნებოდა საერთო-სახალხო აღშფოთება: სხვა თუ არაფერი ქართული ელიტის აკვანშია გაზრდილი და სამართლებრივი სახელმწიფოც ხომ იმას ნიშნავს, რომ აკვანდარწეული, “ვსტრეჩნიზეც“ რომ გადმოვიდეს, არ უნდა დააჯარიმო.

ერთი სიტყვით, მერიტოკრატიამ ვერ იხარა ჩვენს კურთხეულ მიწაზე. მით უმეტეს, რომ აკვანდარწეულებს საშობაოდ ინდაურები მისდიოდათ. ამგვარი უგუნური პოლიტიკის შედეგად დღეს სწორედ იმათ იმარჯვეს, ვინც ოდესღაც ზურაბ ჭიაბერაშვილის მერად დანიშვნის დროს ტუჩს იბზუებდა: ეგ ხომ სადღაც ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ცხოვრობს და თბილისის საუკეთესო ოჯახებში არ მიესვლებაო.

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ტრიბუნიდან გვმოძღვრავს, რუსეთი როგორ უნდა უარვყოთ, მან ჩვენი სიკეთისთვის კავკასიაში იმდენი სისხლი დაღვარაო. ეზოში დომინოს სათამაშოდ ჩამოსული მურთაზა ბუზღუნებს, ჩემი ცოლი რატომ უნდა უვლიდეს იტალიაში ვიღაც ახვარ დედაკაცსაო. თქვენი არ ვიცი, მე კი ამ ორს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. პირველს არავითარი მორალური უფლება არ გააჩნია, მეორეს გოიმობა დასწამოს.

გავცქერი შევარდნაძე-ინაურის ჩასახულ და სუხიშვილების ჩამოტანილ “შმოტკებში“ ფეხადგმულ ქართულ შემოქმედებით ელიტას და მისი საყვარელი “დასტაევსკის“ პერსონაჟი მახსენდება, გვარად ლიპუტინი. ამ პაწია ნაძირალას ერთი მართალი აზრი ეკუთვნის: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სუფთა თეთრეული არ შეეფერებათ. ჰოდა, არც სოტბიზე შეძენილი არტეფაქტები, - დავსძენდი მე...