SHOPEN
06 ოქტომბერი, 2013
1639
print

ბიჭო, ისა და, “მიცკევიჩი" ინგლისურად როგორ იწერება?

პეკინის ქუჩის კუთხეში გაგონილი

მიუხედავად იმისა, რომ წარმატების უპირველესი საზომი ჩვენში ერთობ დაფასებული “ცნობადობაა", საძიებო სისტემა გუგლი ალბათ უფრო წარუმატებლობის უტყუარ საზომად გამოდგება. ასე სწორედ მისი ყოვლისმცოდნეობის გამო ხდება: მართლაც, რისთვის მიგიღწევია ცხოვრებაში, თუ გუგლიც კი არ გიცნობს?! აი, მერე კი შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ და რით გიცნობს გუგლი...

მაშ, მივყვეთ ნაცნობ პროცედურას და მოვძებნოთ წარმატებული პიანისტი, ირმა გიგანი. შეგვიძლია არ შევიკავოთ სუნთქვა, მით უმეტეს, რომ 0.29 წამით აზრიც არა აქვს. აი, ამ დროის შემდეგ კი გუგლიც მიაგნებს საჭირო ინფორმაციას: ის იცნობს ირმა გიგანს. დიახ, იცნობს!

აი, ორიოდე წამში ბმულებიც ჩამოაწიკწიკა. პირველ ადგილზე არის ხუთი ვიდეო, რომლებსაც გუგლზე არანაკლებ პოპულარული ვებგვერდი, იუთუბი გვჩუქნის და თან ჭეშმარიტად დასავლური პირდაპირობით ვიდეოთა ამტვირთველსაც მიუთითებს. აღმოვაჩინეთ, რომ ხუთივე კლიპი ჯანსუღ ჩარკვიანმა დადო. ამათგან ორზე თუ სამზე პიანისტი ვინმე Shopen-ის მუსიკით გვატკბობს — უნებურად გახსენდება რუსთავის მისადგომებთან ამაყად აღმართული ლურჯი მაჩვენებელი თეთრი წარწერით: Autobazroba. მაგრამ ავტომობილებზე ქვემოთ მოგახსენებთ... მანამდე კი სხვა, უფრო შთამბეჭდავი სურათი წარმოვიდგინოთ: განსაკუთრებულად ნიჭიერი ქართველი პოეტი გამწარებული ეძებს ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში კომპოზიტორ “ჩოპინს", ვერ პოულობს და მადიანად აგინებს ძმაკაც რედაქტორს...

ვიდეოების რიგს მოსდევს ორი თუ სამი ბმული, რომელიც ირმა გიგანის ფეისბუკის გვერდზე გვაგზავნის. აი ამის შემდეგ კი პიანისტის სახელი და გვარი უკვე მეორე ადგილზეა — პირველ ადგილს კი სხვა, არანაკლებ წარმატებული და ცნობილი პიროვნება იჭერს. მაშ ასე, გუგლი გვამცნობს: Ivane Kighuradze asked Education Minister to help Irma Gigani to become a Conservatoire student (ივანე კიღურაძემ სთხოვა განათლების მინისტრს დახმარება, რათა ირმა გიგანი კონსერვატორიის სტუდენტი გახდეს).

ესეც ასე... თურმე თვით ყოვლისმცოდნე გუგლიც კი ამ უეჭველად ნიჭიერ გოგონას უფრო ბაბუას სიყვარულისა და ქართული ვიწროდ საპარლამენტო თუ ზოგადად კულტურული ნეპოტიზმის წყალობით იცნობს. აქ გამოვეთხოვოთ ახალგაზრდა პიანისტს და ვუსურვოთ, რომ მისი შემოქმედებითი გზა ამგვარი სისულელეებისგან თავისუფალი იყოს. ბოლოს და ბოლოს, მსმენელი სულაც არ ითხოვს დიპლომს. თუ, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი მსმენელია და არა აქაური, რომელიც ტაშს, ძირითადად, საკუთარ თავს უკრავს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჯერ ქართული საბჭოთა, მერე კი უბრალოდ ქართული მედიის მიერ ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში კულტივირებული მითი თბილისელი აუდიტორიის განსაკუთრებული სითბოს შესახებ.

პირადად მე უფრო მესიამოვნებოდა შეფასება “მკაცრი აუდიტორია" ან კიდევ ისეთი - რა ქვია? - ერთი სიტყვით, მარცხენა პედალის დაჭერას რომ გაიგებს.

მხოლოდ ერთ შეკითხვას დავადევნებთ სავარაუდოდ გრძელსა და ხანგრძლივ შემოქმედებით გზაზე: რატომ უნდა ვისმინოთ ზოგადი უნარების ტესტის შესახებ თვალსაზრისი იმ ადამიანისგან, რომელიც ამ ტესტს ვერ აბარებს? აქაც იგივე ვითარებაა, როგორიც, მაგალითად, მწერალ ნაირა გელაშვილის მგზნებარე სიტყვაში ხუდონჰესის წინააღმდეგ: “დაიტბორება ათასობით, ათიათასობით ჰექტარი!" — აი, ამის მთქმელს უნდა დავუჯეროთ და ვიფიქროთ, რომ მის არგუმენტებს, ენგურჰესის კაშხლისა არ იყოს, წყალი არ გაუვა.

არა, საქართველოში რომ პაციფიზმისა და ეკოექსტრემიზმის “წაუგებელ" პოზიციაში დადგომა პოპულარულია და ყოველთვის აღწევს მიზანს, ეს ცალკე საუბრის თემაა — საჭიროების შეფასება ყოველთვის უფრო მეტ მომზადებას მოითხოვს, ვიდრე ზნეობრივი მოსაზრებების თუთიყუშივით გამეორება — ასე მხოლოდ იმას ვიზამთ, რომ კალაძე ბრძენკაცად გამოჩნდება ლოკალური თვალებპრიალა ენთუზიასტების ფონზე.

ამ საქმეში მთავარი სენი სწორედ ასის ან თუნდაც ათის ფარგლებში ანგარიშთან უცხოობაა. ამის თქმაზე კი მოდი და ნუ გაიხსენებ ქართული მედიის ნაჯახივით სიურპრიზებს: ჯერ ხომ ყველაფერზე “სკანდალურს" გაიძახიან და ნაირა გელაშვილის გამოსვლაც ასევე მოიხსენიეს, რითაც დავიწყებას მისცეს ქართული ენის უშრეტი საგანძური — “უადგილო", “შეუსაბამო", შეუფერებელი", ბოლოს და ბოლოს, “როყიო" — ამ ემოციური სიდუხჭირის ფონზე რაღა მაინცდამაინც ტაქტი და მოკრძალება გაახსენდათ, როცა გვამცნეს, რომ ნაირა გელაშვილმა ლიტერატურული პრემიის ნაწილი გადასცა ხაიშის საჯარო სკოლას. ეთქვათ ცხადად, საკუთრივ რა ნაწილი... მაგრამ ჟურნალისტებს რა მოვკითხოთ, საუკეთესო ქართველებსაც კი უჭირთ ანგარიშისა და შეფასების გარემოში გზის გაკვლევა. ნეტა არ ადარდებს ეს ამბავი ნიჭიერთა ქომაგ მათემატიკოსს?

ალბათ სხვაც ბევრი აქვს საფიქრალი: ივანე კიღურაძე იმ დიადი ეპოქის შვილია, რომელსაც შეიძლება ორარხიანი ვუწოდოთ. აი, ტელევიზორში მხოლოდ ორი არხი რომ იყო: მოსკოვი და თბილისი. შეკითხვა გახსოვთ? — “მოსკოვზე უჩვენებენ თუ თბილისზე?". ამ დროის მონატრება ბევრად უფრო მტკიცედაა გამჯდარი ქართვლის გულში, ვიდრე გასული ცხრა წლის განმავლობაში გვეგონა. ხსენებული არხების ვიზუალური სახე ძალიან ნელა იცვლებოდა და თითქმის მუდმივი რიგითობით: ჯერ “მოსკოვი" შემოიტანდა ახალ ან შეცვლილ ელემენტს, ორი ან სამი თვის შემდეგ “თბილისსაც" დაეტყობოდა შესაბამისი, მაგრამ ოდნავ მოკრძალებულად გამოხატული ცვლილება. აი, ზუსტად იმის მსგავსად, ბევრი რომ არ უფიქრიათ და დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო რუსულ პირველ არხს დაამსგავსეს.

ჰოდა, ეს ჩვენი მათემატიკოსი აკადემიკოსიც იმავე სქემას მიჰყვება. თანაც ჩვეული დაგვიანებით. გახსოვთ უცნაური საბჭოთა ცნებები? — “იმპორტული ფეხსაცმელი", “ფრანგული დუხი" (იშვიათად, “სუნამო"), “საზღვარგარეთის ქვეყნები" — დღეს უკვე არაფრისმთქმელი აბსურდი. ასეთივე აბსურდული და ვადაგასული ვითარებაა ნიჭის რეალიზაციის მხრივ. მთელ მსოფლიოში “განსაკუთრებით ნიჭიერები" ეძებენ იმპრესარიოს, ლიტერატურულ აგენტს, პროდიუსერს. მხოლოდ საქართველოში — დიპლომს. ბატონი კიღურაძეც, როგორც ეტყობა, მონაა მისი დროის კიდევ ერთი ცნობილი ფრაზისა: “მოსკოვში უკვე მოდაშია, მალე თბილისშიც შემოვა".

და რა უნდა შემოვიდეს მოსკოვიდან? ძალიანაც ნუ შეგეშინდებათ, ჯერ კიდევ არის დრო, რადგან მეტროპოლიის მიღწევებს დაუყოვნებლივ და დაუფიქრებლად არ გვაზიარებენ — ხომ გაგიგონიათ, რა მოელის დედის წინ მორბენალ კვიცს? ჰოდა, ჯერ დაგვიანების სათანადო პერიოდმა უნდა გაიაროს. ამიტომაც მოითხოვენ უცნაურ და უსარგებლო პრივილეგიას “განსაკუთრებულად ნიჭიერთათვის". “სტუდენტია!", “მოეწყო!" — რას შეედრება განუმეორებელი გემო, ამ სიტყვების წარმოთქმას რომ დაჰყვებოდა ოდესღაც! და რა საყვარლად ჟღერს ეს ზმნიზედა — “განსაკუთრებულად". აბა, რა გეგონათ? განა შეიძლება დავუშვათ აზრი, რომ უნიჭო ქართველი ბუნებაში არსებობს? არსებობენ მხოლოდ “განსაკუთრებულად ნიჭიერები"...

სინამდვილეში კი ვითარება ჰგავს სამცხენიან რუსულ მარხილს, ცნობილ “ტროიკას": იქ შუა ცხენი რიტმული ჩორთით მიიწევს წინ, აქეთ-იქიდან მიბმული მისი ამხანაგები კი — მძიმე ნავარდით. ასეთია ევრაზიული კავშირის სტრუქტურაც: ცენტრში ველური კაპიტალიზმი, პერიფერიებზე კი საბჭოთა ჭაობი, ყბადაღებული “სავოკი".

ჰოდა, ვნახოთ, რა ხდება ამ მხრივ მოსკოვში. იქ უკვე კარგა ხანია განახორციელეს და პრაქტიკაში დანერგეს პრინციპი, რომელსაც ცხონებული “პოლიტეკონომიაც" არ უარყოფდა და უმაღლეს პარტიულ სკოლებშიც კი ასწავლიდნენ გონებაჩლუნგ ნომენკლატურას: ფული არის ღირებულების უნივერსალური საზომი. და რადგან მთელი რუსული ლიტერატურა ქადაგებს, რომ სიყვარული შეუფასებელია, რეალურ პერსპექტივაზე მხოლოდ უკვე წინ გაჭრილთა ნათესავებს მიუწვდებათ ხელი. მაგათ დიპლომი არ სჭირდებათ. დანარჩენებმა კი რა ქნან?

დანარჩენები შედიან ვებგვერდზე http://kupit-diplom.com, სადაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი სასწავლებლის დიპლომის შეკვეთა. გნებავთ, ჩაიკოვსკის კონსერვატორია? ან სტროგანოვის სამხატვრო-სამრეწველო აკადემია? ან იქნებ გერასიმოვის კინემატოგრაფიული უნივერსიტეტი გწადიათ? — პაჟალსტა! ჯერ ერთი, დიპლომი ნამდვილია, ანუ “გოზნაკის" ჭეშმარიტ ბლანკზე დაბეჭდილი და რექტორის ნამდვილი ფაქსიმილეთი და ნამდვილი ბეჭდით დამოწმებული. თან “ფრიადებიანი" დანართიც ახლავს!

მეორეც, დიპლომის ფასი 25.000 — 45.000 რუბლის ფარგლებში მერყეობს. ეს რამდენია? — რთული გამოთვლების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ საშუალო პენსია რუსეთში 12.000 რუბლია. თუ საშუალო პენსიას ავიღებთ საზომ ერთეულად, მაშინ პრესტიჟული სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტის დიპლომი ბევრად უფრო იაფი გამოდის, ვიდრე საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი სემესტრის განმავლობაში სწავლა.

ჰო, მართლა: სპეციალობასაც იქვე ირჩევ, ელექტრონულად — კლასიკური ვოკალი (დრამატული ტენორი), ან მონუმენტური ფერწერა, ან კინოს კრიტიკა. არჩევანი ისეთია, შუშა რომ შუშაა, ისიც მოლბება და ატირდება ბედნიერებისგან.

აიღე დიპლომი? და რა უნდა უყო?.. ერთი რუსული გამოთქმისა არ იყოს, წიხლს სიფათში აზელენ ხოლმე და არა პასპორტში. ჰოდა, დიპლომითა და უდიპლომოდ, მაინც შენ თვითონ უნდა იჩალიჩო და დაამტკიცო, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი ჯობია განსაკუთრებულად “ბლატნოის".

ჰოდა, ჩემო ბატონო ივანე, ვერ გაამართლეთ ერის რჩეულთა მოლოდინი, ვერ მიაგენით ბიუჯეტის შევსების განსაკუთრებულად დახვეწილ საშუალებას. თუ ეს ჩვენი შინნაზარდი ბობოლები ათიათას ლარს იხდიან იმისთვის, რომ გაზიზინებული “იქს-პიატის" ცხვირი და გავა რაიმე უცნაური სიტყვით დაამშვენონ, მათმა განსაკუთრებულად ნიჭიერმა ნაშიერებმა რა დააშავეს, მაგის ნახევარ ფასად სამხატვრო აკადემიის ან კონსერვატორიის დიპლომი არ იყიდონ? ან თვით ეს ნაშიერები განა დაზარალდებიან? — თუ, როგორც გვაუწყებს ქართული მედია, მათ უნარებისთვის იმიტომ არ სცალიათ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ საქართველოს სახელი (კინაღამ წამომცდა: “საკავშირო ასპარეზზე" და “რესპუბლიკის"), მაშინ დიპლომიც უნდა იყიდონ ერთი კონცერტის ჰონორარის მესამედით, ან საერთაშორისო აუქციონზე გაყიდული ერთი ნამუშევრის საწყის ფასად.

უბედურება კი ის არის, რომ ამის მოფიქრებასა და გაანგარიშებას ტესტის ჩაბარება ალბათ არა, მაგრამ თვით ზოგადი უნარები ნამდვილად სჭირდება...