ანიკ გუტალი - მუსიკა პარფიუმერიაში
06 ოქტომბერი, 2013
958
print

ცოტა ხნის წინ საწერ მაგიდაზე წესრიგის დამყარება გადავწყვიტე - ეს ხომ ერთადერთი ადგილია, რომელზეც მუდმივი არეულობაა, მიუხედავად იმისა, მართლა “წერ“ თუ არა.

წიგნები, ალბომები, ჟურნალები და მათ შორის არეული უამრავი ბლოტერი, როგორც მე ვუწოდებ სუნამოს “დეგუსტაციისთვის“ განკუთვნილ ქაღალდებს, რადგან სათანადო, ქართული შესატყვისი ჯერაც ვერ მოვუძებნე. დალაგების პროცესში ერთ-ერთი წიგნიდან სწორედ ასეთი ბლოტერი გადმოსრიალდა. ცხადია, მაშინვე ვიცანი. ოქროსფრად გაკეთებული წარწერა ANNICK GOUTAL, PARIS ამ შემთხვევაში არ ყოფილა მთავარი ფაქტორი - მისი გახსენება, უბრალოდ, დაყნოსვის მეშვეობითაც ძალიან იოლი იქნებოდა. ამბრის და ვანილის სურნელმა Ambre Fetiche-თან გაცნობის წუთები გამახსენა, შუბლის შეჭმუხვნის მომენტი, როდესაც არომატის სიმძაფრისგან მოულოდნელი შოკი მივიღე. თუმცა, ამ უკანასკნელის სიამოვნება ამჯერადაც წინ მელოდა. ასეთი რეაქცია მას შემდეგ გამიჩნდა, როდესაც თვეები გადავთვალე. იმ დღიდან, რაც ბლოტერზე Ambre Fetiche-ის სულ რამდენიმე წვეთი მოხვდა, ორ თვეზე მეტი იყო გასული.

   

“ფრანგული სუნამო“ სტერეოტიპია, რომელიც მაშინვე დაიმსხვრევა, როდესაც ნებისმიერი კარგად ნაცნობი პარფიუმერული ნიმუშის (თუნდაც ძალიან პრესტიჟული სახლის პროდუქტის) ბლოტერს ორი-სამი კვირის შემდეგ მიუბრუნდები. სურნელი თუ კიდევ არის შერჩენილი, ის მაინც ძალიან სუსტი იქნება, ყველანაირი განსაკუთრებული ნიშნის გარეშე. აქ კი, გუტალმა მთლიანი აკორდი გამახსენა, ივნისის საკმაოდ გრილი დღე შამპანის ერთ პატარა ქალაქში, როდესაც პატარა პარფიუმერულ მაღაზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი, სადაც სერჟ ლუტანისა და ანიკ გუტალის პროდუქციის საკმაოდ ფართო ასორტიმენტი იყო წარმოდგენილი. უკანასკნელზე შედარებით მეტი რამ ვიცოდი - თუნდაც ის, რომ გუტალი პირველი ქალი გახლდათ, რომელმაც niche, ანუ ექსკლუზიური პარფიუმერიის ბრენდი შექმნა. ასევე ისიც, რომ სახლი საკმაოდ ახალგაზრდაა. ის გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. საკმაოდ ჰაეროვან, Petite Cherie-სთან ნაცნობობაც მაკავშირებდა და როდესაც Ambre Fetiche-ის საკმაოდ აღმოსავლური, ძალიან ინტენსიური სუნთქვა წამოვიდა, ცოტა არ იყოს, დავიბენი, რადგან ამბრის, მერქნის და ტყავის თბილ ნოტებს შორის ძველი, ფრანგული სკოლის ხელწერა ვიგრძენი. ძალიან ძველი, თითქოს გერლენის რომელიმე კლასიკური შედევრი ყოფილიყოს, ოღონდ კიდევ უფრო თამამი ხასიათით. ორი თვის გასვლის შემდეგ კი, თბილისში ნაპოვნმა ბლოტერმა ამ ხასიათის თვისებები უფრო მორიდებით, მაგრამ ისევ შემახსენა.

მართალია, niche პარფიუმერია სხვა დანარჩენისგან სწორედ ამით განსხვავდება - ინდივიდუალიზმით და ინგრედიენტების მაღალი ხარისხით. ანიკ გუტალის არომატები (მიუხედავად პოპულარობისა ევროპასა და შტატებში) ნაკლებად არის გათვლილი მასობრივ მომხმარებელზე, ამიტომ ისინი ან გიყვარს, ან გძულს. ან გიყვარს მაშინაც, როდესაც გძულს - ისე, ზოგადად, ძლიერი ინდივიდუალიზმის გამო. თუმცა, თუ მათი ტარება გადაწყვიტე, ამისთვის საჭიროა არ გადარდებდეს, რას ფიქრობენ შენზე სხვები. ასეთი შემთხვევებისთვის კი შანელის შანსის მსგავსი არომატები არსებობს.

თუმცა, ექსკლუზიური პარფიუმერიის სამყაროშიც ანიკ გუტალის სურნელი განსხვავებულია. შესაძლოა იმიტომ, რომ სუნამოს შექმნის პროცესი ასე ძალიან წააგავს მუსიკალური კომპოზიციის დაწერას - უამრავი ნოტიდან ირჩევ მათ, რომელიც გჭირდება და შემდეგ ცდილობ, ამ ყველაფრიდან ჰარმონია შექმნა. პარფიუმერიაში კი ნამდვილი პიანისტები ყოველთვის ცოტანი იყვნენ. გუტალი სასიამოვნო გამონაკლისია - ქალი, რომელმაც წარმატებულ მუსიკალურ კარიერაზე უარი თქვა იმისთვის, რომ თავისი ნამდვილი მოწოდება ეპოვა.

იპოვო საქმე, რომელიც ბოლომდე გიყვარს და რომლისთვისაც თავს არ დაზოგავ, არც ისე იოლია. თუმცა, ანიკ გუტალს ეყო გამბედაობა, უკვე პატარა ასაკში არაფრად ჩაეგდო ვერსალის კონსერვატორიაში აღებული პრესტიჟული ჯილდო და ბრიტანეთში au pair-ის სამუშაოს შესასრულებლად წასულიყო. ძალიან კარგი გარეგნობის წყალობით, მან თავად დევიდ ბეილის ყურადღება მიიქცია და მოკლე ხანში მოდელიც გახდა. საბოლოოდ მისთვის ესეც არ აღმოჩნდა საინტერესო და პარიზში დაბრუნდა, სადაც ანტიკვარული ავეჯის სალონი გახსნა, რომელსაც ბორის ვიანის ნაწარმოების გმირის საპატივსაცემოდ, ფოლავრილი დაარქვა.

1977 წელს გუტალი მოულოდნელად კოსმეტიკის ინდუსტრიაში აღმოჩნდა. მეგობართან, მიშელინთან ერთად მან თავის მოვლის საშუალებების წარმოება დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ წარმატებისთვის მის კოსმეტიკას განსაკუთრებული არომატი სჭირდებოდა. ასე აღმოჩნდა გრასში - მსოფლიოს პარფიუმერულ დედაქალაქში, სადაც ანრი სორსანა გაიცნო და მიხვდა, რომ თავად ჰქონდა ნიჭი, უამრავი ნოტისა და აკორდისგან მელოდიური კომპოზიცია შეექმნა. სათანადო განათლების მიღების შემდეგ ანიკმა პარიზში, ბელშასის ქუჩაზე ახალი მაღაზია გახსნა და პირველი პარფიუმერული აკორდიც აიღო - ისევ და ისევ Folavril, მანგოს, პომიდვრის ფოთლებისა და ყვავილების ნოტების ულამაზესი სინთეზი.

ის, რაც არომამოყვარულებს გუტალის ხსენებაზე პირველ რიგში გაახსენდებათ, ალბათ Eau d’Hadrien-ია, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არომატი, რომელიც არა მხოლოდ ევროპაში გახდა პოპულარული. თუმცა მისი ქალიშვილის, კამილ გუტალის თქმით, თავად ანიკისთვის ყველაზე ახლობელი Petite Cherie და Ce Soir Ou Jamais უნდა ყოფილიყო. პირველი მან კამილს მიუძღვნა, მეორეზე კი ათიოდე წლის განმავლობაში მუშაობდა - უნდოდა ვარდის იდეალური არომატი შეექმნა. თუ თქვენი ყნოსვა სუფთა ვარდის სურნელის მოყვარული არ არის, ასეთი უფრო Petite Cherie იქნება. ეს ყველაზე მომხიბვლელი, გამჭვირვალე დღის არომატია, რომელშიც ვარდი შეიძლება შეგხვდეთ - თვალწინ წარმოგიდგებათ მზით განათებული ბაღი, სადაც ბალახის სურნელს ვარდის ნაზი არომატი ერევა და ამ დროს ატმისა და მსხლის წვენით გაკეთებული კოქტეილის გასინჯვას გთავაზობენ. სადღაც ახლოს კი ზღვა არის და საკონდიტრო, სადაც ვანილიან ნამცხვარს ყიდიან, ნიავს კი მათი არომატი მოაქვს.

სულ სხვა საქმეა Ambre Fetiche. ისევე, როგორც სხვა არომატები კოლექციიდან Les Orientalistes, აქ აღმოსავლეთის სიმხურვალე მთავარ როლს თამაშობს. “მომაჯადოვა იმ ფაქტმა, რომ ორიენტალისტი მხატვრები თავიანთ წარმოსახვას იყენებდნენ ჰარემის სცენის აღწერისთვის, რადგან მასში მოხვედრა არ შეეძლოთ. სწორედ ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენ, როდესაც არომატს ვქმნით“, - ამბობს კამილ გუტალი. დედის გარდაცვალების შემდეგ მან საყვარელ საქმიანობაზე, ფოტოგრაფიაზე უარი თქვა და ანიკ გუტალის სახლს ჩაუდგა სათავეში. პარფიუმერ იზაბელ დუაიანთან ერთად უკვე ბევრი ახალი არომატის შექმნა მოასწრო.

როდესაც იზაბელს Les Orientalistes-ის კოლექციაზე ეკითხებიან, თუ რატომ არის აღმოსავლური ტიპის პარფიუმი მაინც ასეთი “წმინდა“ და არ ახასიათებს ისეთი სირთულე, როგორც ზოგადად ასეთ შემთხვევაშია მიღებული, ის პასუხობს: “მათ ჰქვიათ ასე, მაგრამ არ ვფიქრობ რომ მძიმე აღმოსავლური სურნელების ოჯახს მიეკუთვნებიან. ეს უბრალოდ მერქნის, ამბრის, სუნელების არომატია. ასეა ყველა სუნამოს შექმნის შემთხვევაშიც: მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს არასოდეს ვეკითხებით “სწორი, გუტალის მიმართულებით მივდივართ? ანიკი შექმნიდა ასეთ სურნელს?“ ჩვენ მათ ვქმნით საკუთარ ინსტინქტებზე დაყრდნობით“.

ეს კი ალბათ სწორი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მუსიკა ახალ არომატებშიც იმავე დოზით იგრძნობა. ამის დასტურად კი ჩემი ბლოტერიც გამოდგება, რომელმაც ორი თვის შემდეგ ჩემი საფრანგეთში დაბრუნება შეძლო.