ბოლივუდი
20 ოქტომბერი, 2013
1562
print

   კახა ფაჩუაშვილმა დამასწრო. 11 ოქტომბრის უიკენდში გამოქვეყნებული მისი წერილი “ოცნება მაფიოზობანას გვეთამაშება“ სიტყვასიტყვით მიჰყვება იმ მსჯელობას, რომელიც ჩემს გონებაში წარმოიშვა, როცა გავიგე, თუ რა უთქვამთ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ პაატა ზაქარეიშვილსა და თინათინ ხიდაშელს.

ყველაზე მეტად კი იმაში ვეთანხმები ავტორს, რომ ამათთან კამათი არაფერს მოიტანს, უფრო მეტიც, სრული უაზრობაა.

და მაინც, არის ერთი ასპექტი, რითაც ზაქარეიშვილისა და ხიდაშელის, ასევე ლევან ყიფიანისა და, უფრო მეტიც, თვით ბიძინა ივანიშვილის თვალსაზრისები შეიძლება საინტერესოც კი იყოს. ეს ასპექტი არ არის შინაარსობრივი, არამედ ეთოლოგიურია.

მოგეხსენებათ, ეთოლოგია არის მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ცხოველთა ქცევას. გასაგებია, რომ კრიტიკა არ უნდა დაიწყო, როდესაც ვინმე ამტკიცებს, მაგალითად, რომ პროტესტის გამოხატვის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, გარემოება, რომ პროტესტს მხოლოდ ერთი ვინმე გამოხატავს. ჰმ, ამგვარი აზრების დალაგებით გამოთქმაც კი მიჭირს: ვერაფრით ჩავწვდი, რატომ არ უნდა გააპტროტესტო რამე, თუ შენ გარდა არავინ აპროტესტებს? ასეთ სისულელეს სერიოზულად ვერ მოვეკიდები - სხვათა შორის, ვერც გაგებითაც. იგივე განწყობა მეუფლება მაშინაც, როცა ვინმე ამტკიცებს, თითქოს საქართველოს ციდან ბომბების დამშენი ნეჩაევის პიროვნებაზე ყურადღების გამახვილება “ჩხირკედელაობაა“, ხოლო ლევან ყიფიანის იდეა, რომ თოთხმეტი ათას მეჩირაღდნეში შეიძლება საქართველოს მხარდამჭერებიც აღმოჩნდნენ, სინამდვილეში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველია. არაფერს ვამბობ ივანიშვილის ნატიფად ფსიქოლოგისტურ მიდგომაზე, როცა პრემიერ მინისტრი მოგვიწოდებს, უარვყოთ “იმპულსური ცხოვრება“.

ან იმ სპორტსმენებსა და “საზოგადო მოღვაწეებზე“ რა უნდა ვთქვათ, თუთიყუშივით რომ იმეორებენ ერთსა და იმავე ფრაზას: “სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს“. არაფერი შეგეშალოთ: როგორ შეიძლება პოლიტიკას გაემიჯნოს ადამიანის ცხოვრების ის სფერო, რომლის წიაღში, სხვა თუ არაფერი, ამხელა ფული ტრიალებს? - მე ვიტყოდი, რომ სპორტი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, უფრო მეტიც, სპორტი პოლიტიკის იარაღი და ხშირად თვით პოლიტიკაცაა.

არა, შინაარსობრივ კრიტიკას ეს ყველაფერი არ ექვემდებარება. მაგრამ პასუხისმგებლობით აღჭურვილ პირთა მსგავსი გამონათქვამები შეგვიძლია განვიხილოთ ეთოლოგიურად. სხვა სიტყვებით, დავადგინოთ მისი კომუნიკაციური ფუნქცია. ყვავს ვერ ვუსაყვედურებთ ჩხავილის სიმახინჯეს, ვერც ზაქარეიშვილს, ხიდაშელსა და ყიფიანს მოვთხოვთ ისეთი ტექსტების გენერირებას, რომლებიც განმარტებას ექვემდებარება. სამაგიეროდ, შეგვიძლია დავადგინოთ როდის და როგორ ჩხავიან ყვავები, რატომ გამოსცემენ ამა თუ იმ განსხვავებულ ძახილს. ჰოდა, ჩვენი პოლიტიკური კლასის გამონათქვამებიც ერთგვარი უწყებაა. ვინ შეიძლება იყოს მისი ადრესატი?

რამდენიმე დღის წინათ ერთი ჭორი გადმომცეს, კახეთში გავრცელებული. ჭორი ერთობ საგულისხმოა - ბევრს რასმეს გვამცნობს იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ვრცელდება. ამბავი კი ასეთია: რუსებს...

სანამ განვაგრძობდეთ, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ მომენტს: ამბავში მონაწილეობენ რუსები, უბრალოდ რუსები და არა, მაგალითად, სოფლის მეურნეობის ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან კრემლი, ან თუნდაც ავადსახსენებელი ონიშჩენკო. გაუგებარია, ვინ უნდა ვიგულისხმოთ სიტყვაში “რუსები“, მაგრამ ჭორის მჭამელთათვის სრულიად საკმარისია: მთავრობაც ხომ ასე ლაპარაკობს - “ურთიერთობის დალაგება რუსეთთან“ - ვინმეს როდესმე განუმარტავს, რას გულისხმობენ?..

ჰოდა, ამ მითოლოგიურ რუსებს შემოუთვაზებიათ, ყურძენს ლარად და სამოც თეთრად ჩავიბარებთო. თანხა საინტერესოა: ალბათ დოლარის კურსის გავლენით შეიქმნა ამგვარი ვერსია. აქ კი დაგვავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ შემოთავაზება საქართველოს მაშინ მოსვლია, როცა პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. წარმოიდგინეთ, რომ “დაულაგებელი“ ურთიერთობის დროსაც, “პირსისხლიანი რეჟიმის“ პირობებშიც ადარდებდათ კახელი გლეხების ბედი რუსებს! მაგრამ განვაგრძოთ: ვანო მერაბიშვილს უთქვამს, ეგრე იყოს, ოღონდ აქედან ერთი ლარი მე უნდა მრჩებოდესო - მიშას ბენზინს ხომ არ ჩამორჩებოდა ვანოს ყურძენი! თუმცა რუსებს რატომღა ეუბნებოდა ამას? რა მათი საქმე იყო? მაგრამ უთქვამს და ჩვენ რა უნდა გავაწყოთ? რუსებმა კი უარი სტკიცეს: ეგრე თუ გაძარცვავ კახელ გლეხებს, სულაც არ ჩავიბარებთო - ასე არ აღირსეს მშრომელებს ის დარჩენილი სამოცი თეთრიც.

არ გჯერათ? როგორ არ გჯერათ?! - აი, რაიონული პოლიციის უფროსი ესწრებოდა ამ ამბავს და იმან თქვა მას შემდეგ, რაც ვანო დაიჭირეს...

ეს და ამაზე უარესიც ბევრი ექნება გაგონილი ჩემს მკითხველს - ამისთვის ტაქსით მგზავრობაც საკმარისია. ახლა მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს: უგანაჩენო მითი გაუმაძღარი მერაბიშვილისა და სიკეთით განმსჭვალული რუსების შესახებ ისეთივე ხარისხის პროდუქტია, როგორიც საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვერსია დვანის მავთულხლართებისა და სოჭის ოლიმიპიადის ურთიერთკავშირზე. ან იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ რეგულარულად ნასროლი მარგალიტები რამით გამოირჩევა უკვე მოყვანილი ვერბალური ნაგვისაგან?

სულ მცირე დაფიქრება არის საკმარისი იმის გასაგებად, რომ ქართული პოლიტიკური დისკურსის ლუმპენიზაციამ სახიფათო ნიშნულს მიაღწია. ეს დისკურსი უკვე მხოლოდ იმისთვის თუ გამოდგება, რომ მაღლა აცოცებულებმა ქვემოთ დარჩენილებს გადმოსძახონ. განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა ზარალდება: უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზე ისევე მსჯელობენ, როგორც ეზოში ლუდით სავსე სამლიტრიანის გარშემო შემომსხდარი მობერებული ძმაბიჭები - “ჩვენ გამო რუსებს ვინ გადაიკიდებს“, “გაუშვი, ხალხმა მანდარინი გაყიდოს“, “ინგლისურის სწავლა მაინც არ მოგვიწევს“ და ა.შ. ამასობაში კი, ამერიკის ელჩი ნაღვლიანი თვალებით დასცქერის კათოლიკოს-პატრიარქის ნაჩუქარ ოქროს სამაჯურს და ფიქრობს, რა დროს ბიუჯეტის ვერდამტკიცება იყო - უფრო ადვილი იქნებოდაო შუშის მძივების კომპლექტის გამოწერა.

მოდი და ნუ გაგიკვირდება, ამდენი საამაყო მამულიშვილი და დედის სიხარული რუსეთისკენ რომ მიიწევს: იმათ უფრო იციან, რა საჩუქრებით შეიძლება ქართველთა გულის მოგება!

ამგვარ ვითარებაში ყველაზე მეტად გონიერ ადამიანს უჭირს. და არა იმიტომ, რომ ირგვლივ სიბრიყვე და უგუნურება მძლავრობს - არა, ეს არ არის მთავარი. ბევრი ნიჭიერად დადგმული კომედიაც ხშირად სიბრიყვისა და უგუნურების ზეიმს გვიჩვენებს, მაგრამ კინოდარბაზი სხვაა, იქ გიცავს ეკრანის სიბრტყე, რომლის არსებობა არასოდეს გავიწყდება და რომელიც ყველაფერს თავის ადგილს უჩენს. კინოდარბაზში არხეინად მჯდომს ორი საქმე ერთდროულად და ერთნაირად კარგად გამოგდის: მოქმედებაშიც მონაწილეობ და ყოველთვის გრჩება შინაგანი რესურსი იმისთვის, რომ რეჟისორსა და მსახიობებს ტაში დაუკრა ან სულაც ადგე და წახვიდე. აი, რეალობა კი სხვაა: აქ არ არსებობს მანუგეშებელი ეკრანი, ეს არის შენი ქვეყანა, შენი ხალხი და შენი ცხოვრება!

იძულებული ხარ ჩაება ამ არნახულად უნიჭო თამაშში. ჰოდა, ებმებიან კიდეც: შავი ჭირივითაა, არავის ინდობს - მოხუცი და ახალგაზრდა, მდიდარი და ღარიბი, ქალი და კაცი, ელინი და იუდეველი, ჰომო და ჰეტერო, ვაკელი და გლდანელი, ინტელექტუალი და ინტელიგენტი, ფემინისტი და ჩოხოსანი - მოულოდნელად და უნებურად ავლენენ ამ ბედკრული ქვეყნის ღვიძლ შვილობას და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმც კი ერთნაირი მამაპაპური პირდაპირობით ამჟღავნებენ საკუთარ ძირძველ ბუნებას, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში მართლაც ვერაფერი მოერია.

აი, რა მისწერეს ნარჩევმა მამულიშვილებმა სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველს, ტომას ჰამარბერგს: “უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ ჩვენი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ისეთი პატივისცემითა და ტოლერანტობით ეპყრობა თავისი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იმდენად თავის სწორად მიიჩნევს მათ, რომ მას არასოდეს აზრადაც არ მოსვლია მათი გატოლება მამათმავლობისა და სხვა სქესობრივი გარყვნილების მქადაგებელ ადამიანებთან“. სხვა სიტყვებით, სომხები, ქურთები, ოსები და აფხაზები მადლიერნი უნდა იყვნენ, რომ ოღრაშებად არ მოვიხსენიებთო - ამას ეტყობა ჩაცუცქულები წერდნენ.

ამის შემდეგ ჟანრი იცვლება და კრიმინალურ თრილერს მოსდევს კოსტიუმირებული ისტორიული დრამა: “ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თბილისში ქრისტიანული ზნეობის დაცვას 100 000-მა ადამიანმა რამდენიმე დღეში ნებაყოფლობით თავი შესწირა. თბილისელები ამ ადამიანებს წმინდანებად მიიჩნევენ. თქვენ კი გამოდიხართ და ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის მცხოვრებთ ჭკუას გვასწავლით, თუ რა არის წესიერება“. ეს “რამდენიმე დღეში“ ძალიან ნიშანდობლივია. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ანტონ კათოლიკოსი წერდა: რადგან თბილისში ამდენი ადამიანი ვერ იცხოვრებდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ თავის შესაწირად ახლო-მახლო სოფლებიდანაც მოვიდნენო. ეროვნულმა ისტორიოგრაფიამ ისე დახვეწა მეთოდები, რომ ჯალალედინის ტექნიკური შესაძლებლობებიც იქნა გათვალისწინებული და მოწამეობის ტრაგედია არა მარტო სივრცეში, არამედ დროშიც გაიწელა...

მაგრამ არც ამ კურიოზის კრიტიკა წაგვიყვანს შორს, რადგან ღია კარის მტვრევა არავის გამოსდგომია ცხოვრებაში. ჩვენ მიერ არჩეულ ეთოლოგიურ მიდგომას კი აქაც თითქმის მაშინვე გამოუჩნდა საფუძველი: პოეტ ამაშუკელისა და ქორეოგრაფ სულაბერიძის თხზულებას უპასუხა ფილოსოფოსმა მაისურაძემ. საზოგადოების მოწინავე, ანუ, როგორც ახლა ამბობენ, “პრადვინუტი“ ნაწილმა საწინააღმდეგო შინაარსის წერილი გაუგზავნა იმავე ადრესატს, აქაოდა, იმ რეტროგრადებსა და რეაქციონერებს ნუ დაუჯერებ, ბიძია თომაო!

არ გაუმართლა ჰამარბერგს. ჯერ ხომ ამ ჩვენი მთავრობის სამართლებრივ საკითხებში მრჩეველი თავისთავად წინააღმდეგობრივად ჟღერს, მეორე კი ის არის, რომ ერთნი მასში სატანას ხედავენ, მეორენი კი იდიოტს. არჩევანი, პირდაპირ გეტყვით, მწირი და სავალალოა.

ჩვენ კი იმათ მაინც დავამშვიდებთ, ვისაც პანიკურად ეშინია “გეი-პარადის“: ეს ნამდვილად არ გვემუქრება, რადგან ჩვენს ღვთივკურთხეულ მამულში განუწყვეტლივ და ყოველწუთიერად მიმდინარეობს ერთი საყოველთაო “გოი-პარადი“.