ოლიმპიადაში არმონაწილეობით ბევრს ვაგებთ
20 ოქტომბერი, 2013
1089
print

ინტერვიუ რეინტეგრაციის  საკითხებში სახელმწიფო  მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან

- ამ ბოლო ხანებში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლება უფრო აქტიურად ჩაერთო. გამოცოცხლება შეინიშნება...

- გამოცოცხლება არა, შეინიშნება მოქმედება, რომელიც მიმდინარეობს მაისიდან, იმ დროიდან, როგორც კი ინტენსიური გახდა მავთულხლართების გავლების პროცესი. მაშინ შეიქმნა სამი სამინისტროს - რეინტეგრაციის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი. ისინი ჩადიოდნენ რეგულარულად, ჩემი მოადგილე შვიდჯერ მაინც იყო ჩასული, აგროვებდნენ ინფორმაციას. მათ შეისწავლეს სიტუაცია და გამოჩნდა, რომ საჭირო იყო მეტი ინტეგრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სოფლის რწმუნებულებთან. ამიტომ, ათი დღის წინ შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარე გახლავთ დავით ნარმანია. მე ვარ კომისიის თანათავმჯდომარე. ამ კომისიამ უკვე ორი სხდომა ჩაატარა.

- კონკრეტულად რა საჭიროებები გამოიკვეთა?

- ჩვენი ამოცანაა შევინაჩუნოთ მოსახლეობა რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართების გასწვრივ და დღევანდელ რეალობაში მათ შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები.

- რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გააქტიურებას თქვენც უკავშირებთ ვილნიუსის მოახლოებულ სამიტს, სადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ველით?

- ამ ზონაში გააქტიურება რეგულარულად ხდება. მაგალითად არსებობს 2009 წლის 15 დეკემბრის რეზოლუცია, რომელიც წინა პარლამენტმა მავთულხლართების გამოც მიიღო. ცხადია, რეზოლუციებში ცუდი არაფერია, მაგრამ შედეგი რა იყო? ამ რეზოლუციის შემდეგ კიდევ სამმა სახელმწიფომ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა... იმის თქმა მინდა, რომ ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგა, რომელიც იქნება ეფექტური და ადეკვატური და არა ჰაერში გასროლილი ტყვია... დარწმუნებული ვარ, ამ ჯერზე, რუსეთის გააქტიურება არჩევნებს და ვილნიუსის სამიტს უკავშირდება.

- ხელისუფლების ქმედებებმა კონკრეტულად რა ეფექტური ნაბიჯი გამოიწვია?

- საოკუპაციო რეჟიმის ამჟამინდელი გააქტიურება არის რეაქცია ახალი ხელისუფლების ახალ პოლიტიკაზე. რუსეთს აშკარად სურს საქართველო გამოაჭენოს აგრესიულ მხარედ, რომელიც თითქოს იმპულსურია და ნერვიულად რეაგირებს - რასაც მიეჩვია რუსეთი. ახლა ეს შეიცვალა. სწორედ ეს აღიზიანებს რუსეთს, მათ არ ხელს არ აძლევთ სამშვიდობო პარტნიორი საქართველოს სახით, რადგან მათ ურჩევნიათ საქართველო იყოს აგრესიული, ავანტურისტული, პროვოკაციაზე წამომგები, იმპულსური. ასე რუსებისთვის საქართველოს მართვაც იოლია. ამით ჩანს, რომ რუსული პოლიტიკა არ იცვლება და სამშვიდობო კონტექსტში ვერ მოგვყვება.

- რუსეთს დათბობის პოლიტიკაც აღიზიანებს?

- რა თქმა უნდა. რუსეთს ათასჯერ ურჩევნია საქართველოს სახით ყავდეს შეუმდგარი სახელმწიფო, რომელიც პროვოკაციებს ადვილად წამოეგება. დარწმუნებული ვარ, რუსეთი ძალზე დაინტერესებულია, უარი ვთქვათ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. რუსეთს სურს, მსოფლიოს წინაშე საქართველო აგრესიულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს, ეს არ გამოდის და ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ჩვენში სერიოზულ მსჯელობას იწვევს - მაგალითად, ერთ მეჩირაღდნეზე 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მწვავე მსჯელობა...

- რუსეთისადმი ჩვენი ახალი პოლიტიკა გულისხმობს საქართველოს ნაკლებ რეაქციას რუსეთის აშკარად გამომწვევ ქმედებებზე?

- რეაქცია უნდა გვქონდეს, მაგრამ არა ნერვიული. ჩვენ უნდა ვმსჯელობდეთ რას მოგვიტანს ოლიმპიადაზე წასვლა, რა პლუსები და რა მინუსებია. საზოგადოებაში ჯანსაღი მსჯელობა არ არსებობს. დისკუსია უნდა იყოს იმაზე, საით მივდივართ. საჯაროდ ყველაფერს ვერ ვამბობთ, მაგრამ როდესაც ოპონენტებთან მაქვს შეხვედრები, მათთვის ჩვენი არგუმენტები მისაღები ხდება.

ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე სწორი მიმართულებით მივდივართ. ამ ნაბიჯებს გვიწონებს საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი პარტნიორები, ეს ყველა დონეზე წარმატებულ ნაბიჯებად გვეთვლება. გვეუბნებიან, ყოჩაღ, რომ რუსულ გამოწვევებს პასუხობთ მშვიდად, პრაგმატულად და თქვენი პასუხი არის ხალხზე ზრუნვა. როგორც ომს ჭირდება მომზადება და შესაბამისი მოქმედებები, მშვიდობასაც ჭირდება მომზადება და მოქმედებები.

- შეცვლილი დამოკიდებულების, რუსეთისადმი ე.წ. დათბობის პოლიტიკის მიუხედავად, მავთულხლართები ივლება. რა ხელშესახები შედეგი მოგცათ ამ პოლიტიკამ?

- ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით. ხელშესახები შედეგი არის ის, რომ ერთიორად გვაქვს პროგრესი სხვა მიმართულებით - რუსეთის ბაზარზე პროდუქციის გატანას ვგულისხმობ. ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ კახეთში ჩავიდეს და იქ ვერაფერი დაინახოს. ხალხი გაოგნებულია ყურძნის ფასის მატებით. ეს ცალსახადაა მიმართული რუსეთის ბაზრის გახსნაზე. ყურძენზე მოთხოვნა გაიზარდა, ღვინის ქარხნებმა ყურძენი ერთიორად გაზრდილი ფასით ჩაიბარეს. გლეხები ნატრობდნენ, 1 ლარი მაინც იყოს ფასიო და რეალურად 1 ლარი და 80 თეთრია. ამ მიმართულებით აშკარა წინსვლაა აჭარაშიც, ციტრუსების ჩაბარებაზე. სწორედ ამ დღეებში გაიხსნა რუსეთის ბაზარი ხილისთვის და ეს შიდა ქართლს შეეხება.

რუსულ-ქართული კონფლიქტი არის მნიშვნელოვანი, წამყვანი, მაგრამ მაინც ნაწილი და არა ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი. ჩვენ კონფლიქტი ხომ იმიტომ გვაწუხებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ? სახელმწიფო საზღვარი რამდენიმე კილომეტრით ისე გადმოვიდა მამისონის უღელტეხილზე, არავის გაუგია. პრაქტიკულად, ერთიÕკვირაც კი არ ყოფილა კამათი. სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს იმიტომაც მოხდა, რომ არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ შეხებია. გარდა ამისა, ისე ააშენეს რუსებმა გამყოფი ხაზები და კედლები გალის რაიონში, რომ არავის გაუგია იმიტომ, რომ მდინარე ენგურზე მოხდა და არ იყო მტკივნეული კონკრეტული მოქალაქისთვის. დიცის, დვანის და სხვა სოფლების შემთხვევა იმიტომ არის მტკივნეული, რომ კონკრეტული მოქალაქის ბაღებზე და სახლებზე გადის. ამ ექსცესების მთავარი სამიზნე არის საქართველოს მოქალაქე და კახელი არ არის ჩვენი მოქალაქე? დიახ, ვთვლი, რაღაც-რაღაცებზე ჯობს, არ ვილაპარაკოთ გამომწვევად, რადგან საერთო ფრონტი არ დავაზიანოთ.

რუსეთი მზად არის შეარბილოს სავიზო რეჟიმი. ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ვერ წარმომიდგენია რატომ უნდა წავიდე იქ, მაგრამ სხვა მოქალაქეებისთვის ეს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია. ვალდებულები ვართ, ჩვენი მოქალაქეების ასეთი ინტერესებიც გავითვალისწინოთ. საპარლამენტო არჩევნებში წყალტუბოში ვიყრიდი კენჭს მაჟორიტარად და გავოგნდი, რა მოთხოვნა იყო რუსეთში გასვლაზე. ეს მე, როგორც მოქალაქეს არ მახარებს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ვალდებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა გავითვალისწინო. სავიზო რეჟიმი შერბილდება, ბაზარი გაიხსნა, ჩვენ ვპოულობთ საერთო ენას რუსებთან. ნახეთ, როგორ განცხადებებს აკეთებს ნატო, ევროკავშირი. აი, სწორედ ასეთ კონტექსტში ჯდება ვილნიუსის სამიტი - რუსეთი დიდ ზეწოლას ახდენს სომხეთზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. მის ინტერესებში არ შედის, რომ მისმა სამეზობლომ ნაბიჯი გადადგას ევროპისკენ და რუსეთთან ახლოს გაძლიერდეს ევროკავშირის ყოფნა. არ დაგვავიწყდეს, რომ მავთულხლართების გასწვრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს. ჩვენი რეაგირების ცივილიზებული ფორმები აშკარა მესიჯს აწვდის ევროკავშირს, რომ საქართველო სულ სხვა სახელმწიფოა და მასთან ურთიერთობების გაღრმავება შეიძლება.

- რუსეთის ლიდერები არასოდეს მალავენ, რომ მათ სტრატეგიულ ინტერესებს არ შეესაბამება ნატო და ევროკავშირი მის საზღვრებთან. როგორ გგონიათ, რამე შეიცვლება მათ მთავარ სტრატეგიულ ინტერესებში დათბობის პოლიტიკით, ჩვენი დაშვებით რუსეთის ბაზარზე?

- ჩვენსა და რუსეთს შორის იმდენად პიკური დაძაბულობა იყო, რომ ომიც კი მოხდა. ამაზე უარესი ქვეყნებს შორის არაფერი ხდება. არსებობს დაძაბულობის ბუნებრივი დონე და არსებობს მაღალი დონე. ჩვენსა და რუსეთს შორის დაძაბულობა იქამდე იქნება, ვიდრე რუსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეყოლება აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მაგრამ, ეს დაძაბულობა არ უნდა იყოს ხელოვნური და სპეციალურად გაზრდილი. ჩვენ უნდა ვეცადოთ მინიმუმზე დავიყვანოთ დაძაბულობის ხელოვნურობა. არ უნდა მივცეთ საშუალება, არგუმენტები ჰქონდეთ საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ამ დაძაბულობის ბუნებრივი ფაქტორია.

ჩვენ უნდა შევცვალოთ პოლიტიკა. რუსეთის ინტერესები ბალტიის ქვეყნების მიმართ მშვენიერი მაგალითია - მედვედევმა რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესო რამ თქვა, - ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაო და იქვე დასძინა - როგორც მიუღებელი იყო ბალტიის ქვეყნების გაწევრიანებაო... ისინი ხომ მაინც გაწევრიანდნენ და რუსეთი ამას ვერ შეეწინააღმდეგა. მიუხედავად იმისა, რუსეთს მოსწონს თუ არა, მისი სტრატეგიული ინტერესების მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული ინტერესები უნდა დავაყენოთ წინ. ძალიან კარგია, როცა მეზობელ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული ინტერესების თანხვედრაა, მაგალითად - აზერბაიჯანთან, თურქეთთან - რა პრობლემა იქნებოდა, რუსეთთანაც გვქონოდა ეს თანხვედრა?

რისი გაფუჭებაც შეეძლო, რუსეთმა ყველაფერი გააფუჭა და დაიპყრო ტერიტორიები. რუსეთმა ცხადად და მკაფიოდ თქვა, არ გადავხედავ აღიარების პოლიტიკასო. აშკარა უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკაც - ყველაფრის მიუხედავად მივდივართ ევროკავშირში და ნატო-ში. ევროკავშირისკენ მოძრაობის დინამიკაში უნდა მოვათავსოთ აფხაზებისა და ოსების არჩევანი - რჩებიან რუსულ რეალობაში ჩრდილოკავკასიურ კონტექსტში, თუ ერთად მივდივართ ევროპისკენ.

პოლიტიკოსებს გვაქვს ვალდებულება, ავწონ-დავწონოთ რისკები. ისე ჩანს, დაახლოებით 10 წლის ფარგლებში გავწევრიანდებით ნატო-ში და ევროკავშირში. ღმერთმა ქნას, უფრო მალეც, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად უნდა ვიმოძრაოთ. ამ მიმართულების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, დამოუკიდებელი სასამართლო, დეცენტრალიზაცია, ადამიანის უფლებები, არჩევნების რეგულარულობა - ანუ დემოკრატიული ღირებულებების მთელი პაკეტი. ამასთან ერთად, აუცილებლად იგულისხმება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. თუ ჩვენ დემოკრატიის გზას დავადგებით, კონფლიქტებიც დემოკრატიულად მოგვარდება.

გარდა ამისა, ამ პროცესებზე აუცილებლად იმუშავებს არაღიარების პოლიტიკაც - ევროპა და მთელი დასავლური სამყარო უკვე დარწმუნებულია, რომ მართლა ვართ სახელწიფო, რომელსაც უნდა დაეხმარო არაღიარების მიმართულებით. დღეს მკაფიოდ ჩანს, რომ არაღიარების პოლიტიკა ეფექტურად მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგვიძლია ვიაროთ ევროპისკენ. რადგანაც სწორ გზაზე დგახარ, არავის თავში არ მოუვა ეჭვქვეშ დააყენოს შენი სამშვიდობო პოლიტიკა. ამიტომ, თამამად უნდა ვიმოძრაოთ დემოკრატიისკენ, კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზებისკენ.

- სწორედ ამ დღეებში გავრცელდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, თიბილოვის განცხადება, რომ მათი პრიორიტეტია საბაჟო კავშირში გაწევრიანება და რომ ამის შესახებ მან პუტინთან შეხვედრაზე ისაუბრა. როგორი იქნება ჩვენი პასუხი?

- ეს მხოლოდ თიბილოვის განცხადებაა. საჭიროა დაველოდოთ რეაქციას ამ კავშირის წევრი სახელმწიფოებისგან. ვფიქრობ, არანაირი რეაქცია არ იქნება. რამდენად აძლევს ხელს ეს ამ ქვეყნებს, განიხილონ თიბილოვის განცხადება?

- მაგრამ, საერთაშორისო პოლიტიკა არის განცხადებები, პოზიცია. როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ ეტაპზე?

- საერთაშორისო პოლიტიკა პირველ რიგში არის ინტერესები და აქედან გამომდინარე მოქმედებები. ხშირად ხდება, რომ განცხადება ერთია და მერე სიტუაცია იცვლება. ზოგჯერ, განცხადება წინმსწრაფია, რათა გადამოწმდეს ინფორმაცია. ამ მიმართულებით მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამიტომ, საჭიროა არა განცხადებებზე პასუხი, არამედ მუშაობა, რათა ეს არ მოხდეს.

საერთოდ კი, ძალიან ბევრი რამ ხმაურის გარეშეც მოგვარებულა. მაგალითად, ალბათ გახსოვთ, საუბარი იყო გზის ჩაკეტვაზე ერთ-ერთ ოკუპირებულ რეგიონში, მაგრამ საბოლოოდ, არ ჩაიკეტა. ჩვენ ხმამაღალ განცხადებებს ვარჩიეთ, დავლოდებოდით სიტუაციის განვითარებას, რადგან სხვა ინფორმაციებიც გვქონდა. ჩვენი განცხადებებით ცეცხლზე ნავთი არ უნდა დავასხათ.

- საგარეო საქმეთა მინისტრი, თქვენც მავთულხლართების გავლების პოლიტიკის მოგვარებას აქტიურ საერთაშორისო მხარდაჭერას უკავშირებთ. ამავე დროს, პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ უნდა ვიყოთ უთანხმოების მიზეზი დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. რა შეგიძლიათ თქვათ, დღეს ისევ ვართ უთანხმოების მიზეზი?

- დღეს უთანხმოების მიზეზი ნამდვილად არ ვართ, მაგრამ საქართველო არის თემა, რომელიც რუსეთის მიმართ კითხვებს ბადებს. როცა ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ლიდერებს ხვდებიან, ვიცით, რომ აუცილებლად წამოიწევს წინ საქართველოს საკითხი. უთანხმოების საგანი მაშინ ვიქნებით, როცა საქმე წინ არ წავა. მაგალითად, 2008 წლის ომის დროს რუსეთს გაუწყდა ნატო-სთან თანამშრომლობის კონტაქტები, რომელიც მოგვიანებით ისევ აღდგა. სწორედ ეს იყო უთანხმოების შედეგი. დღეს არსებობს გარკვეული კითხვები, რაც აქვთ რუსულ მხარესთან და ერთ-ერთი საქართველოს თემაც არის. დასავლეთისთვის მართლა ხელსაყრელია რუსეთთან კარგი ურთიერთობა, ამას გვეუბნებიან ჩვენც და ეუბნებოდნენ სააკაშვილსაც. მაშინ სააკაშვილს მიახვედრეს, რომ ჩვენ საქართველოს გამო რუსეთთან კონტაქტებს ვერ გავწყვეტთ, თუმცა ამ საკითხს ყოველთვის შევახსენებთო... დასავლეთს რუსეთთან სხვა ანგარიშებიც აქვს - მაგალითად, სირიის, ირანის საკითხები, სადაც აშკარად იკვეთება პროგრესი. დასავლეთს არ სურს ერთი საკითხის გამო სხვა საკითხების დაჩრდილვა. ამიტომ, მხოლოდ დასავლეთის იმედზე არ უნდა ვიყოთ. ჩვენს ქვეყანას ჩვენც უნდა მივხედოთ.

ცხადია, მავთულხლართებს მარტო ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით. ვიყოთ რეალისტები და ნუ გვგონია, რომ ვართ სამყაროს ჭიპი. 2008 წლის ომი არ უნდა მომხდარიყო და შეიძლებოდა მისი თავიდან აცილება.

- როგორ პუტინმა პრესაში აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა...

- მეც ამას ვეუბნებოდი სააკაშვილს - 2006 წლიდან შეიცვალა რუსეთის პოლიტიკა და ნუ მიყვები პუტინს ომში-მეთქი. ეს არაერთხელ მითქვამს და მათ შორის, თქვენი გაზეთის ფურცლებიდანაც. აშკარად ჩანდა, რომ რუსეთი ომში გვითრევდა. პუტინმა ჩვენს შეცდომებზე ააგო სტრატეგია. დღეს ტერიტორიები ოკუპირებულია.

წინა ხელისუფლებამ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ნორმალურ სახელმწიფოში შეუძლებალია არსებობდეს კანონი, სადაც ნახსენებია ტერიტორია და არ იყოს თანდართული რუკა. წინა ხელისუფლებამ ასეთი რუკა არ დაგვიტოვა. რუსეთის მოქმედება დღეს გვეუბნება, - ხომ აღიარე, რომ ოკუპანტი ვარ, ახლა მე ვავლებ ამ ხაზს. მიმდინარეობს ოკუპაციის ხაზის გავლება. ამიტომ, ყოველგვარი ლაპარაკი ხაზის გადმოწევაზე არასწორია. თუ ჯერ არ გავლებულა ხაზი, იმას ვერ გადმოწევ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ხაზი არის ოკუპაციის გაგრძელება. ღამით, ავტობანიდან, თუ ცხინვალის მიმართულებით გაიხედავთ, მკაფიოდ დაინახავთ გაჩახჩახებულ სამხედრო ბაზებს. ისე ააშენეს უნიკალური ბაზები, ისე შეიტანეს იარაღი და შეიყვანეს ჯარი, რომ არავის გახსენებია ეს იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანის ბაღზე არ გადადიოდა ეს ადგილი. სწორედ ესაა ტრაგედია. ჩვენი ტრაგედიაა ის, რომ თუ არ დაგვანახა ვინმემ, რომ ოკუპაცია ხდება, მანამდე არხეინად ვართ. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს ქართული არხეინობა. უნდა ვთქვათ, რომ ეს მავთულხლართები იმ ბაზების გაგრძელებაა, რაც რუსებმა ააშენეს ჩვენს ტერიტორიაზე და რასაც თავის დროზე ყურადღება არ მივაქციეთ. არავის ვსაყვედურობ, მაგრამ როცა ჩვენ გვსაყვედურობენ, მაშინ ვეუბნებით, რომ ეს ისაა, რაც მოხდა 2008 წელს და რაც ყოველ დღე ხდებოდა იქიდან მოყოლებული.

- რუსეთი საოკუპაციო საზღვარს ავლებს საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენი საზღვრების მიუხედავად. თქვენ, სახელმწიფო მინისტრი ამბობთ, რომ ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ამით იქმნით პრობლემებს?

- ტრაგედიაც ეგაა, რომ სულ გვინდა უხერხულობაც არ იყოს და სწორი მეტყველებაც გვქონდეს. მე მომხრე ვარ, ადამიანს პირდაპირ უთხრა მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ, მან საკუთარი თავის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს. უნდა ვუთხრათ ჩვენს ხალხს, რომ დღეს ის გრძელდება, რაც 2008 წელს მოგვივიდა. სწორედ 2008 წლის 8 აგვისტოს დილით ადრე მე ვიყავი რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში და ვლაპარაკობდი იმის შესახებ, თუ რა ავანტურაში ჩაგვითრია რუსეთმა. არადა, მაშინ გადმოიცემოდა, რომ სოფლები ავიღეთ და ცხინვალისკენ მივდიდოდით. ხალხი აღტკინებული იყო, უხაროდა. ეთერში რეკავდნენ და ნაძირალას და გარეწარს მიწოდებდნენ, როგორ ვერ ხედავ გამარჯვებასო... მე მაშინაც ტრაგედიას ვხედავდი. მაშინ ვსაუბრობდი, თუ ვის უნდა ეგო ამ ყველაფერზე პასუხი. მაგრამ, რადიომსმენელი ეიფორიაში იყო. დღეს კი სწორედ მე მიწევს იმ ვოლუნტარისტულ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობის აღება, რასაც მაშინ ისეთი თავგამოდებით ვაკრიტიკებდი.

- ის ომი იყო ჩვენი და რუსეთის 200 წლოვანი კონფლიქტის ერთი ეპიზოდი...

- მაგრამ, ამ ეპიზოდს მოჰყვა დამოუკიდებლობების აღიარება...

- და რუსეთისთვის მშვიდობისმყოფელის სტატუსის შეცვლა.

- ბევრად მერჩივნა, რუსეთი მემართა, ყოფილიყო მშვიდობისმყოფელი და გაერო-ში საქართველოს ტერიტორიის საერთაშორისო სამართლით აღიარებული რეზოლუციებისთვის მიეცა ხმა, რასაც ყოველთვის აკეთებდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებზე. ეს უფრო პერსპექტიული იყო. სააკაშვილი მოვიდა უნიათო შევარდნაძის შემდეგ და საქმე გააფუჭა. ის, რაც იყო დამყაყებული და დაჭაობებული, მან გადაიყვანა ანთებით პროცესში უარყოფითი მიმართულებით.

ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით სააკაშვილს, რომ ყველაფრის მიუხედავად საქმე წინ მიდიდოდა - აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი გვქონდა, გაერო-მ და ეუთო-მ მიიღო გადაწყვეტილება და სახსრები გამოყო შიდა ქართლის სოფლების დასახმარებლად, გზები გახსნილი იყო, ხალხი მოძრაობდა, იყო ერგნეთის ბაზრობა, მუშაობდა მრავალმხრივი კომისიები, გალში დევნილები იყვნენ დაბრუნებული და ოჩამჩირეში დაბრუნებაზე იყო საუბარი... 2008 წლიდან ეს ყველაფერი გაჩერდა. გაიხსენეთ, 2004 წელს სააკაშვილი თავისუფლად შევიდა ცხინვალში, თამარეშენში მიდიოდა, გააჩერა მანქანა და ადგილობრივ პოლიციელს უგინა მისი „პრეზიდენტი“... თბილისიდან შეგეძლო ცხინვალის გავლით ჩასულიყავი რუსეთში. ასლან აბაშიძის დროს აჭარაში ვერ ჩახვიდოდი ისე მშვიდად, როგორც ცხინვალში. ძალიან დიდი პროგრესი იყო. ტაქსები, ავტომობლები დადიოდნენ, წინწაწეული ვიყავით ბევრ საკითხში და ეს ყველაფერი დასამარდა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იყო, საჭირო იყო მეტი და ახლა მივიღეთ ნაკლები. თუ მიდიხარ მშვიდობის გზით, ომის გზას არ უნდა დაადგე. ჩვენ გადაგვიყვანეს ომის გზაზე.

- არაერთგვაროვნად შეფასდა თქვენი განცხადებები სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გაგაღიზიანათ საზოგადოების ნაწილის იმ პეტიციამ, სადაც სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას მოითხოვენ. ეს მოთხოვნა, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი აწერს ხელს, ხელისუფლებისთვის არ იქნება ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების დროს?

- არავითარი გაღიზიანება. მე გამოვხატე საკუთარი პოზიცია. რა თქმა უნდა, ეს პეტიცია იქნება ფაქტორი, რათა ყველას ვუთხრათ, რომ მთავრობა იმყოფება დიდი წნეხის ქვეშ, მაგრამ ამის მიუხედავად იმდენად პრინციპულები ვართ ოლიმპიადის საკითხში, რომ ამ წნეხს უნდა გავუძლოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. თუ პოზიცია არ შეიცვალა, ჩვენ ოლიმპიადაზე მივდივართ. თუ სიტუაცია დაიძაბება და გადაწყვეტილების გადახედვა მოგვიწია, ამასაც არ გამოვრიცხავთ. მთავარია, როგორ დალაგდება სიტუაცია ოლიმპიადამდე.

- რას მოელით, რა მოვლენები გამოიწვევს გადაწყვეტილების შეცვლას?

- ჯობს, ამაზე არ ვილაპარაკო. დარწმუნებული ვარ, რუსეთის ინტერესებშია, საქართველომ მონაწილეობა არ მიიღოს ოლიმპიადაში. ყველაფრის თქმა რთულია... მაგალითად, მიუნხენის ოლიმპიადის დროს განხორციელდა საშინელი ტერაქტი. მაშინ მოხდა ტერაქტის არეალის ლოკალიზება და ოლიმპიადა გაგრძელდა. ერთია, როდესაც ოლიმპიადის დროს ხდება ტერაქტი, და მეორე - ოლიმპიადამდე. ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულმა მრავალმა დაჯგუფებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებენ ჩაშალონ სოჭის ოლიმპიადა. თუ ოლიმპიადამდე მართლა განხორციელდა რამე ტერაქტი, უსაფრთხოების გამო ეჭვქვეშ დადგება მისი ჩატარების საკითხი. ერთადერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც ოლიმპიადას ესაზღვრება, არის საქართველო და თუ ის ამავე დროს ბოიკოტის რეჟიმში იმოქმედებს, დარწმუნებული იყავით, რუსეთი შეეცდება, ჩვენ დაგვაბრალოს სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობა. გაითვალისწინეთ, რომ ბოიკოტს ემატება დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა რუსეთთან; მათ არაერთხელ დაუბრალებიათ საქართველოსთვის ტერორისტების მომზადება. ამ ფონზე, როგორ გგონიათ, ვისკენ გაიშვერს ხელს რუსეთი?

ოლიმპიადაში მონაწილეობით შეიძლება ბევრს არაფერს ვიგებთ, მაგრამ არმონაწილეობით ბევრს ვაგებთ. ამიტომ ვინც წასვლა-არწასვლაზე ლაპარაკობს, ეს მათი ნებაა, მაგრამ აწონ-დაწონონ სახელმწიფო ინტერესები, რა შედგები დადგება იმ საქართველოსთვის, რომელიც არ მონაწილეობს ოლიმპიადაში და გარეთ დარჩა. როცა მონაწილეობ და დელეგაციით ხარ წარმოდგენილი, შეგიძლია იქვე გააკეთო განცხადება, ჩაატარო ბრიფინგი, იქვე გამოხატო პროტესტი. უამრავი საკითხია, რის გამოც ჩვენ ოლიმპიადაში უნდა ვმონაწილეობდეთ.

- ანუ, სპორტი მაინც პოლიტიკაა...

- ოლიმპიადაში მონაწილეობა პოლიტიკური ნაწილია, მაგრამ მაგალითად, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე ძალიან ბევრი სპორტსმენი თავისი სახლემწიფოს ნების გარეშე ჩავიდა და ოლიმპიური დროშით მიიღო მონაწილეობა, ანუ პოლიტიკა არ ყოფილა, მაინც სპორტია. ჩვენ ვერც ერთ სპორტსმენს ვერ ავუკრძალავთ ოლიმპიადაზე წასვლას.

- მოკლედ, ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ოლიმპიადაზე მონაწილეობა?

- ამ ეტაპზე ასეა. თუ მეჩირაღდნეს არ ჩავთვლით, ჯერ ისეთი არაფერი მომხდარა, რომ უარი ვთქვათ მონაწილეობაზე - მავთულხლართები 2009 წლიდან მოყოლებული ივლებოდა, დამოუკიდებლობების აღიარება ძალაშია, სამხედრო ბაზები ძალაშია, ახალი არ არის. ერთადერთი სიახლე 14 ათასი კაციდან 1 მეჩირაღდნეა. თუ ვითარება არსებითად არ შეიცვალა, ოლიმპიადაზე უნდა წავიდეთ და ამას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინეტრესებიდან გამომდინარე ვამბობ.

სულ სხვაა, როცა იქ ხარ, დგახარ დროშებით, იქვე აპროტესტებ იმას, რაც შენთვის მიუღებელია, იქიდანვე ვიქნებით ჩართული. ვართ ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში და ეს უნდა გავაცნობიეროთ. თამაშიდან გამოსვლით საქმეს ვერ შველი, პროცესები მაინც მიდის. კეთილი ვინებოთ, პროცესებში ჩავერთოთ და იქ ვმართოთ სიტუაცია.

- სახელმწიფო დელეგაციის ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის რა სახელი ერქმევა? პრემიერმაც თქვა, რომ არ გამორიცხავს სოჭში ჩასვლას.

- არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება ალბათ, ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს - იმ დროისთვის მას აღარ ექნება პრემიერის სტატუსი. თუმცა, დელეგაციის საკითხი ჩემთვის ტექნიკური საკითხია. დღევანდელი მდგომარეობით ვთვლი, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, თუმცა სახელმწიფო დელეგაცია როგორი ფორმატით უნდა ჩამოყალიბდეს, ეს ცალკე მსჯელობის საკითხი უნდა იყოს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ოლიმპიადის წინ სულ სხვა ვითარება შეიქმნას.

ანალოგიის გამო არა, მაგრამ ერთი რამ მინდა გავიხსენო - იაპონიას მიაჩნია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორია. მაგრამ, იაპონიისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს ორივე ტერიტორიაზე ხვდებიან... მოდით, გავხდეთ პრაგმატული სახელმწიფო.

მე მაინც მიმაჩნია, რომ ერთი ხელი ოკუპაციაზე უნდა გვედოს და ვაკონტროლებდეთ, ხოლო მეორე ხელით ქვეყანას უნდა ვავითარებდეთ, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებითაც.

- პრემიერმა განაცხადა, რომ მავთულხლართების გავლება ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკას და არ ჰგონია რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რასაც მალევე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და თქვა, რომ ეს სწორედ კრემლში მიღებული გადაწყვეტილებაა. დღეს თქვენც გგონიათ, რომ ეს არ არის კრემლის სურვილი?

- ბატონმა ბიძინამ ეს მაისში, პროცესის დაწყებისას განაცხადა. მართლაც, თავიდან მკაფიოდ არ იყო გამოკვეთილი და მერე გამოიკვეთა, რომ ეს რუსული პოლიტიკის ნაწილი იყო. მეც ასე ვთვლიდი მაშინ. თავიდან, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ და ადგილზე საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ მზად იყვნენ დაეწყოთ მოლაპარაკებები საქართველოსთან „სახელმწიფო საზღვრის“ დემარკაციის თაობაზე. არ გამოვრიცხავ, მაისში, როცა ეს პროცესი განახლდა, მაშინ სწორედ თვითშემოქმედებას ჰქონდა ადგილი.

მჯერა, რომ მავთულხლართების ბოლო აქტივიზაცია დაკავშირებულია ჩვენს ახალ პოლიტიკასთან. ძალიან ბევრი ოსი გადმოდის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს. ეს მოძრაობა აშკარაა. ჩამოდიან ბიზნესისთვის და სხვადასხვა საკითხებზე და სწორედ იმ ტერიტორიიდან შემოდიან, სადაც მავთულხლართები ივლება. სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად არ გამოვრიცხავ ადგილზე თვითშემოქმედებას. მათ სურდათ ჩაეკეტათ ეს ყველაფერი, მაგრამ როცა პროცესში დასავლეთი ჩაერთო, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პროცესის გაგრძელებით „მუნდირი დაიცვა“.

- რას იტყვით საპრეზიდენტო არჩევნებზე, მეორე ტურს ელით?

- გამოვრიცხავ. აშკარად ჩანს, რომ პირველ ტურში იმარჯვებს გიორგი მარგველაშვილი. ეს იქნება მშვენიერი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება წყნარად, ტემპერატურის აწევის გარეშე და დიდი ფულის გარეშე გაიმარჯვო არჩევნებში.