უსმინეთ პრემიერს!
27 ოქტომბერი, 2013
1477
print

ბანდიტის სიცოცხლის ხანგრძლიობა მცირეა - ან სხვები კლავენ, ან თავისიანები ასაღებენ.

მეტ-ნაკლებად დიდხანს რომ გაძლო, ერთადერთი თვისებაა საჭირო: უნამუსობასთან შეწყვილებული ხისთავიანობა. ასეთებს უფრთხილდებიან, ასეთები ოქროს ფასად ფასობენ.

დარია დონცოვა, “მიცვალებულის ტანგო“.

1980-იანი წლების დასაწყისში, ბრეჟნევის თუ ჩერნენკოს სიკვდილის შემდეგ ვიღაც ენთუზიასტებმა კინოთეატრ “რუსთაველის“ მცირე დარბაზში საბჭოთა რეჟისორის, ანდრეი ტარკოვსკის რეტროსპექტივა მოაწყვეს. მაშინ ვნახე პირველად “ანდრეი რუბლიოვი“. მახსოვს უსიამოვნო გაკვირვების შეგრძნება, რომელიც ერთი ეპიზოდის ნახვისას დამეუფლა.

მთავარ გმირს ეცხადება ხატმწერ თეოფანეს სული. შეკითხვაზე —“როგორია საიქიო?“ —იგი პასუხობს: “სულ სხვანაირია, ვიდრე თქვენ, ცოცხლები ფიქრობთ“. გავიფიქრე: როგორიც არ უნდა ყოფილიყო ფილმის ხასიათი —გინდ მკაცრად ისტორიული დრამა, გინდ შესაბამის ანტურაჟში მოქცეული ფილოსოფიური იგავი —ასეთ ბანალურ ფრაზას თეოფანეზე მეტად რიგითი მოსკოველი ინტელიგენტის შემთვრალი ცოლი მოუხდებოდა.

ამ შთაბეჭდილებამ ათიოდე წლის შემდეგ გამახსენა თავი, როცა პარიზის რუსული ეპარქიის ეპისკოპოსი ჩამოვიდა რომში და მართლმადიდებელმა სტუდენტებმა შევჩივლეთ იქაური ტაძრის წინამძღვრის უკმეხობა. ეპისკოპოსმა გაიღიმა და ასე გვითხრა:

—სამოციანი წლებისთვის საუკეთესო რუსმა რეჟისორებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რისთვის ხვრეტდნენ მათ წინამორბედებს, ჰოდა, როგორც კი ზემოდან ნება დართეს, მაშინვე ეძგერნენ სანატრელ “ცხოვრებისეულ სიმართლეს“. აკრძალული ხილის სიტკბომ კი ერთი ძირითადი ელემენტი დაავიწყათ —სიტყვა და, რაც მთავარია, ინტონაცია. ესენი ძველებურად ყალბი და აღტაცებული დარჩა... მიყვარს სამოციანელების ფილმები, მაგრამ ვიდეოზე ხმას გამოვურთავ და ისე ვუყურებ ხოლმე. მაშინ პატიოსნად გადაღებულ სინამდვილეს ვხედავ და ყალბი ინტონაცია ხელს არ მიშლის... ასე მოიქეცით თქვენც: მიდით ეკლესიაში, დაესწარით ღვთისმსახურებას, ილოცეთ, მაგრამ როგორც კი მსახურება დამთავრდება, მაშინვე გადით ტაძრიდან. ნუ შეხვალთ ურთიერთობაში მღვდელთან, როცა ოლარი არ უკეთია. დარჩით ზეციურ იერუსალიმში და ნუ შეეხებით სიყალბეს...

კიდევ ათი წელი გავიდა. “ვარდების რევოლუციის“ დღეებში, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, მეგობრის კაბინეტში ვასვენებდით დგომისგან დაღლილ ფეხებს, ერთი ახალგაზრდა რეჟისორი გავიცანი. ერთობ უჩვეულო თემებით იყო დაინტერესებული, მგონი, დუნს სკოტზე თუ ერიუგენაზე სურდა მხატვრული ფილმის გადაღება. ვუთხარი, ეგრე არ არის-მეთქი, ძმაო, პირში სიგარეტი გაირჭო და ჰერი-ჰერი შუა საუკუნეების გადასაღებად!.. აი, მაგალითად, ტარკოვსკის “ანდრეი რუბლიოვი“, —განვაგრძე გათამამებულმა...

ერთხანს მისმენდა. მერე კი მითხრა:

—ის სცენა, როცა თეოფანე ეცხადება, კინემატოგრაფიული თვალსაზრისით ბრწყინვალედ არის გაკეთებული.

როგორც ეტყობა, ეპისკოპოსის მეთოდი უნივერსალურია. ზოგი ხმის გამოურთავად ახერხებს მხოლოდ მხედველობით სარგებლობას. ოღონდ, როგორც ერთხელ უკვე ვამბობდით, რეალური ცხოვრება კინო არ არის, აქ მონაწილე ხარ და არა მაყურებელი. ვინც მარტოოდენ მხედველობას მიენდობა და სმენას ან ყნოსვას გამორთავს, იმას მგელი შეჭამს.

მაგალითად, სულ უფრო ხშირად გაიგონებ აღტაცებულ ლაპარაკს საბჭოთა უფასო განათლებაზე, მაგრამ “დამრიგებლისა“ და “სასწავლო ნაწილისთვის“ ნაყიდი ოქროს სამკაულები ყველას დაავიწყდა. ასევე ხშირად იშვერენ თითს საბჭოთა უფასო ჯანდაცვისკენ, თუმცა უჭირთ იმ “ჩრდილოვანი“ პრაისლისტის გახსენება, რომელიც სანიტრიდან მთავარ ექიმამდე ყველას შენს კრედიტორად აქცევდა, და ვერც წამლის საშოვნად დაღვრილ ოფლსა და ფულს იხსენებს ვერავინ. თითქოს ეს პარალელური ფენომენები გრძნობათა სხვადასხვა ორგანოთი აღიქმება და ამათგან ერთ-ერთი გამორთულია.

ამიტომაც ბუნებრივად ჩნდება თვალსაზრისი: თუ საბუთების სწრაფად მიღებაში იმდენივე უნდა გადავიხადო, რასაც ოდესღაც იმავე მიზნისთვის ქრთამად ვაძლევდი, რა აზრი აქვს იუსტიციის სახლს? —ნიშანდობლივია, რომ უპირატესობა ცალსახად ქრთამს ენიჭება. ამ პირობებში სწორედ სმენაგამორთულებს შეუძლიათ იფიქრონ, თითქოს ე. წ. ხალხი ზნეობრივ კრიზისში ვარდება, როცა მაღალი რანგის მოხელე უცხოურ ინვესტორს ან მშობლიურ ბიზნესმენს ყვლეფს. ჩვენს ე. წ. ხალხში წმიდათაწმიდა რისხვას მხოლოდ ერთი რამ იწვევს: არ არსებობს დიდი მშენებლობა, საიდანაც მასალას გამოიტანდი საკუთარი ოდის ასაშენებლად.

უდავოა, რომ ეპისკოპოსი საკმაოდ გონებამახვილი კაცი იყო, მაგრამ რომელიმე გრძნობის გამორთვა არსებითად საბჭოური ხერხია —პირადი კომფორტი ჭეშმარიტების ფასად. თავისუფალი ადამიანი ხმას არ თიშავს, თავისუფალი ადამიანი ცდილობს რეალობის მთლიან გააზრებას და ერთიან შეფასებას. თავისუფალი ადამიანისთვის ყოველთვის უფრო სასურველია სამყარო, სადაც “ჩაშკა“ მხოლოდ სინაგოგის კუთხეში მიყუჟულ პაწია აფთიაქს ნიშნავს, სადაც იშვიათად თუ შეიხედავს მყიდველი.

მაგრამ შებოჭილნი გრძნობის გათიშვას, ფიქციური გამოსავლის ძიებას არჩევენ. აი თუნდაც ქართველი ქალები, რომლებიც ფერთა შეხამების საკუთარ უნარს არ ენდობიან და თავს იმით იძვრენენ, რომ შავით იმოსებიან. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ის ჭყეტელა სიჭრელე, რომელსაც “პურ-პურში“ მსხდომი შეუვალი სახის ბანოვანები “ქურთულს“ ან “სომხურს“ უწოდებენ, ნაკლებად მაღიზიანებს —გულწრფელი და უპრეტენზიოა. მართალია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ხერხი თვითრეფლექსიაზე, საკუთარი შეზღუდულობის შეგნებაზე მიანიშნებს, მაგრამ შეგნება შეგნებად რჩება, შედეგი კი არ ჩანს —მხოლოდ სიშავე და ერთფეროვნება.

ასეთივე შავ-მონაცრისფრო უშედეგობას მოასწავებს მაყურებლის გამორთული ინტუიცია, როცა ეკრანიდან ისმის: “ჟურნალისტი ჩამეკითხა და, მე მგონი, მაშინაც სწორად ვუპასუხე...“. ყველამ ვიცით, რაც უპასუხა. მაგრამ განა აქვე და სხვა უამრავ ამგვარ მომენტში არ უნდა ჩართულიყო ეს ყბადაღებული ქართული გემოვნება? განა ამგვარი შესავალი საკმარისი არ არის დასკვნის გამოსატანად? —დასკვნისა, რომელსაც უკვე საშინლად აგვიანდება... მაგრამ გემოვნება დუმს, განგაშის ზარი არხეინად და უძრავად კიდია.

ყველაფერს ალბათ მსხვილი კუპიურების განუმეორებელი სურნელი მოიცავს და აყრუებს. ჰოდა, სხედან ეზოებში ასაკოვანი კაცები და მანტრასავით იმეორებენ ერთსა და იმავე სიტყვებს: “ჭკვიანი რომ არ ყოფილიყო, ამდენ ფულს როგორ იშოვიდა?“ —აქაც სუსტი და გაუბედავი მინიშნება რაღაც ნაცნობზე, რაღაც დავიწყებულზე, რაღაც ძალიან ადვილად მისახვედრზე, მაგრამ მაინც მიუწვდომელზე. აქაც ოდნავი მობოდიშების ტონი, თავის დაზღვევა... არადა მათ მაინც უნდა ახსოვდეთ, მათ მაინც უნდა იცოდნენ, რას ნიშნავდა რეალურად ედუარდ შევარდნაძის მიერ გამოცხადებული “შეურიგებელი ბრძოლა ნეგატიურ მოვლენებთან“. უნდა ახსოვდეთ და უნდა იცოდნენ, მაგრამ შესაბამისი შეგრძნება გამორთულია.

საბჭოთა ხელისუფლებამ გამოზარდა და მოაღონიერა თაღლითების, რეალურად კი საქმიანი უნარის მქონე ადამიანების თხელი ფენა. მერე კი მათი მეთოდური სელექცია დაიწყო. შედარებით საზრიანები ხეების საჭრელად მიეშურებოდნენ სატვირთო ვაგონებით, ან სულაც “მაკაროვის“ ლულას უჩოქებდნენ სასჯელის უმაღლესი ზომის აღსასრულებელ საკნებში. სამაგიეროდ შავი დედლებივით აშენდა სხვა ჯიში, მორჩილი და თვითკმაყოფილების თანაბარი ცეცხლით გამთბარი... ესეც პასუხი კითხვაზე: საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე ქვეყანაში, რუსეთში, დღესაც ისევე ხდება, როგორც მაშინ, როცა ვიღაც სხვა წყვეტდა, ვინ შეძლებდა დაუსჯელად ფულის კეთებას.

ან კი რაში უნდა დაეხარჯათ ეს ფული: ობიექტურად ასპარეზი არ ჰქონდათ, სუბიექტურად კი ფანტაზია. ჰოდა, ვრცელდებოდა მითები კედელში ჩაშენებულ ოქროს ზოდებზე, რომლებსაც საგანგებო ხელსაწყოთი ეძებდა და პოულობდა “ობეხე“. ამ გარე და შიგა შეზღუდულობამ გამოზარდა თაობები, რომელთა საბოლოოდ გამორთული შეგრძნებები დღეს ვერ ამჩნევს, რომ არ შეიძლება, სულიერი წინამძღოლი რიგითი ფულიანი “სავკოვი გოპნიკივით“ საათებსა და სამაჯურებს არიგებდეს ფეშქაშად. სირცხვილია.

ეს გასქელებული გული და დაჩლუნგებული გონება ვერც იმას ამჩნევს, რომ არ შეიძლება პოლიტიკური კოალიციის მიერ წამოყენებული პრეზიდენტობის კანდიდატს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეგობართა ვიწრო წრე საქვეყნოდ ხოტბას ასხამდეს ბრტყელი და თითქოს მერვეკლასელი გოგოს დღიურიდან ამოღებული წინადადებებით: ის ბოლომდე გაგყვება (სად?), არ გიღალატებს (რაში?), გაჭირვებულს ეხმარება (ვის და რითი?)... და მთელი ეს უმარილო დომხალი მდორედ მიედინებოდეს მათი სოციალური ან, უფრო სწორად, “სასტავური“ წარმოშობის დამადასტურებელი ჯაზური კომპოზიციის ფონზე, რომელიც სინამდვილეში ისე გამოიყურება, როგორც სოფლის გიჟის გაზინთულ სვიტრზე შემობმული ჭრელი აბრეშუმის ჰალსტუხი. სირცხვილია.

გასქელებული გული და დაჩლუნგებული გონება ვერ ამჩნევს, რომ პრეზიდენტობის (კიდევ ერთხელ: პრეზიდენტობის!) კანდიდატი არ შეიძლება პრემიერთან ურთიერთობაში ყველაზე დაბალი სინჯის სერვილიზმს მიმართავდეს და ლამის შეურაცხმყოფელი სწორხაზოვნებით ეუბნებოდეს: “თქვენ გუნდში პელე ხართ“; მერე კი თვით პრემიერი ალალი სიამაყით პირდაპირ ეთერში გვიყვებოდეს ამას. სირცხვილია.

ამიტომ ჩართეთ ხმა, უსმინეთ პრემიერს! ყურადღებით უსმინეთ და მერე დაუფიქრდით ამ წერილის ეპიგრაფს.

რატომ? განა იმისთვის, რომ მივხვდეთ, როგორ გადაურჩა ბედის სიმუხთლეს თვით ბიძინა ივანიშვილი და მისი ქონება - არა, ასეთი წვრილმანი დასკვნისთვის არ მოგაცდენდით. მაფიქრებს, ძალიან მაფიქრებს ის, რომ ეპიგრაფად გამოტანილ სიტყვებში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოებაც არ იმალებოდეს: რის წყალობით გადავრჩით და მოვაღწიეთ აქამდე ჩვენ.