ხუთიდან სამი - პერფექციონისტი, რომელიც მზეს მისწვდა
03 ნოემბერი, 2013
1017
print

სულ ცოტა ხნის წინ, დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ შეეძლო, Dior-ში გალიანო შეეცვალა.

        

უფრო ადრე, მან უარი თქვა Maison Martin Margiela-სთვის მუშაობაზე. როდესაც ეკითხებიან, ვისთვის ისურვებდა სამოსის შექმნას, მოდის ისეთ არარსებულ კომპანიას ასახელებს, როგორიცაა Madame Gres.ამის მიუხედავად, კარლ ლაგერფელდი მასში თავის შემცვლელს მოიაზრებს, ზოგიერთი კი ახალ ივ სენ ლორანსაც უწოდებს. ყველაფრის მიუხედავად, ჰაიდერ აკერმანის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის რთული წარმოსადგენი იქნება ის დამოუკიდებლობის გარეშე, ჩარჩოებით, უცხო გავლენით, ძველი ბრენდების თავსმოხვეული ისტორიით...

როდესაც ჰაიდერ აკერმანის სტილზე ვსაუბრობთ, ივ სენ ლორანისა და იმავე მადამ გრეს შემოქმედება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ინსპირაცია და არა პირდაპირი გავლენა. აკერმანი შორს დგას გლამურისგან, მისი ხელწერა კი ისეთი ორიგინალურია, რომ სხვაში ვერაფერში აგერევა. “აგრესიისა და სექსუალურობის ნაცვლად, დღეს სამყაროს სენსუალურობა და სილამაზე სჭირდება“, - ამბობს აკერმანი და მისი კოლექციებიც ამის ნათელი დადასტურებაა. წელში გამოყვანილი სილუეტი, არქიტექტურული აგებულების ჟაკეტები, დრაპირებული ქსოვილი, ნაკეცები აკერმანის სავიზიტო ბარათია. მაღალი საყელო დრაპირების ელემენტით ასევე შეიძლება მის საფირმო ნიშნად ჩაითვალოს, თუმცა ყოველთვის ცდილობს, ყელის მცირე ნაწილი მაინც დაუფარავი დატოვოს, რადგან ის ყველაზე სექსუალურად მიაჩნია.

აკერმანი დღეს იმ იშვიათ დიზაინერთაგანია, რომელსაც შეუძლია სქესის ცნება წაშალოს, ანდროგენულობაში კი ქალურობა გვაჩვენოს. უფრო მეტიც, მის ყველა კოლექციაში ფუტურიზმი და რომანტიზმი ერთად თანაარსებობს. თუ გავლენაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მსოფლიო კულტურები უნდა ვახსენოთ, თუმცა მისი ნამუშევრები თითქმის არასდროს არის აზიური ან აფრიკული ტრენდისთვის მიძღვნილი დითირამბი. ეთნო-ელემენტები ყოველთვის ორგანულად ერწყმის მის სტილს. მას ავანგარდული მოდის დიზაინერს უწოდებენ, თუმცა ეს მაინც უფრო ოტ კუტიურისა და street style-ს შორის ბალანსის პოვნის წარმატებული მცდელობაა.

ჰაიდერ აკერმანი 1971 წელს კოლუმბიაში დაიბადა, ცხრა თვის შემდეგ კი ფრანგმა წყვილმა იშვილა. მამა კარტოგრაფად მუშაობდა, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მთელი ბავშვობა ჰაიდერმა ევროპასა და აფრიკაში მოგზაურობაში გაატარა. უმაღლესი განათლება ჰოლანდიაში მიიღო, მოგვიანებით კი ბელგიაში ხელოვნების სამეფო აკადემიაშიც სწავლობდა, თუმცა ზედმეტი პერფექციონიზმის გამო გამორიცხეს. როგორც შემდეგ რაფ სიმონსი იხსენებდა, აკერმანს არასოდეს შეეძლო კოლექციის დამთავრება. “თუ ხუთი სილუეტი უნდა შეექმნა, ასრულებდა მხოლოდ სამს. თუმცა ის სამი საუკეთესო იყო“. შემდეგ იყო პარიზი და გალიანოსთან სტაჟირება. დიზიანერი ამ პერიოდს ყველაზე საინტერესოს და თან მძიმეს უწოდებს. იმ დროს არც ფული ჰქონდა და არც სახლი, Cafe d’Anvers-ში ბარმენად მუშაობდა, ქუჩაში ეძინა და სამუშაოდ პირდაპირ იქიდან მიდიოდა. 2002 წელს, რაფ სიმონსის რჩევით, პარიზში პირველი კოლექცია აჩვენა, რომელსად ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ცოტა ხანი Ruffo Research-ისთვის ქმნიდა სამოსს, შემდეგ კვლავ პარიზში დაბრუნდა და 2008 წელს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი აჩვენა. ორი წლის შემდეგ კი, როდესაც ლაგერფელდს ჰკითხეს, ვინ შეეძლო წარმოედგინა მის შემცვლელად Chanel-ში, მან თქვა: “ამ მომენტისთვის, მე ვიტყოდი, ჰაიდერ აკერმანი“.

აკერმანის შემოქმედების დასახასიათებლად ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება, თუმცა ერთი სიტყვა მას საუკეთესოდ ასახავს - ინტერნაციონალური. ცხადია, რომ მომთაბარე ცხოვრების წესმა მის პიროვნებაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. თვითონ თავს პარიზელად თვლის. ფრანგული ელეგანტურობა მის სილუეტებში ყოველთვის ჩანს, თუნდაც მთავარი თემა ობი-ქამარი ან კიმონო იყოს.

მოსწონს, როდესაც ქალს უფრო გრძელსა და მაღალს აჩენს. როგორც ჩანს, სწორედ ამით აიხსნება მისი გატაცება ჯაკომეტის სილუეტით - “მომწონს, როდესაც მზეს ვწვდები“. იმას, რომ მისი ქალი მეომარს ჰგავს, არ ეთანხმება. ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი თქვა, რომ ის სუსტია. “ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მას უბრალოდ თავის დაცვა უნდა, რაც სრულიად განსხვავებული მიდგომაა“. ეს, მართლაც, არასოდეს არ არის მილიტარი. ან ფუტურიზმი. ან თუნდაც ეთნო სტილი. ეს, უბრალოდ, აკერმანია.

ისაუბრო იმაზე, თუ რამდენად გავლენიანი დიზაინერია ჰაიდერ აკერმანი მოდის სამყაროში. არც ისე იოლია. ალბათ იმიტომ, რომ ის სულ რაღაც ათიოდე წლის წინ გამოჩნდა და შესაძლოა, მისი პოპულარობა შოუ-ბიზნესის სამყაროში არც ისე გრანდიოზული იყოს. შესაძლოა დღეს მისი სახელი ეფექტს თავად სახელოვნებო წრეებში უფრო ახდენს, ვიდრე მომხმარებლებში. ამის მიუხედავად, რთულია გავიხსენოთ მისი ასაკის სხვა თანამედროვე დიზაინერი, რომლის კოლექციებიც კრიტიკოსების ამდენ დადებით შეფასებას დაიმსახურებდა. ორიგინალური სტილი, ავთენტური ხელწერა ის ფაქტორია, რომელიც მის ნამუშევრებს ყოველთვის ეტყობა, მიუხედავად ტრენდების საოცარი სისწრაფით ცვლის მოდის სამყაროში.

“მოდა, რომელიც შენელებულია და თითქმის უძრავად დგას“ - ეს ჰაიდერის ერთ-ერთი მაქსიმაა. იმის გათვალისწინებით, რომ მისი სტილი ძალიან ხშირად ხასიათდება სიტყვით “მომთაბარე“, ეს პარადოქსულადაც კი ჟღერს. უფრო მეტიც, კარიერის დასაწყისიდან დღემდე, მისი სამოსი თითქოს იქმნებოდა იმის საწინააღმდეგოდ, რასაც სტატიკურობა ჰქვია. მომავალი ზამთრისთვის შექმნილ კოლექციაში, აკერმანის მომთაბარეობა იმაში გამოიხატა, რომ ის ერთ-ერთ საყვარელ თემას, ქალის სისუსტეს დაუბრუნდა და მისი ამ თვისების დასამალად რამდენიმე ხერხს მიმართა. აქცენტი აქ ძლიერ მხრებზეა, მთავარი ნივთი კი მამაკაცის გარდერობიდან ნათხოვარი სამხედრო სტილი პიჯაკია, რომელსაც მომავალ გაზაფხულზე აუცილებლად უკან დააბრუნებს. იმისთვის, რომ ამჯერად ცოტათი... დენდი გახდეს. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.