DE PICTURA
10 ნოემბერი, 2013
1515
print

უი, არ იცი?

იკა წუხელ ისე დათვრა და ისე

არწყია... მოკლედ, წითელი, ყვითელი, მწვანე... სუფთა

პიკასო იყო!

1970-იანი წლების თბილისური ფოლკლორი.

ჩვენი ცოდვა მიეწია იმ გენიალურ გიჟს, რომელმაც მე-19 საუკუნის მიწურულის ერთ მშვენიერ დღეს ხის ტაბურეტზე დააწყო გაცვეთილი ფეხსაცმელები და ნატიურმორტად აქცია! - შეიძლება ითქვას, რომ იმ დროიდან სამოცი თუ სამოცდაათი წლის შემდეგ საქართველოში სწორედ ამ “ბათინკებიდან" წარმოიშვა გაბატონებული სოცრეალიზმის მიმართ მარგინალურ პოზიციაზე მდგომი ხელოვნება... ისევ გაცვეთილი და ტალახიანი “ბათინკები", ნამწვებით სავსე საფერფლე, გაზეთში გახვეული ან გაშლილ გაზეთზე დალაგებული “მისაყოლებელი" და ლუდის ბოთლები - ერთი სიტყვით, ურბანული ჭუჭყი. ფეხსაცმელს ალპინიადებისა და ლაშქრობების ტალახი ეტყობოდა, დანარჩენს - დილანდელი “პახმელიის" მძიმე სუნთქვა. ვიღაც კეთილგანწყობილი კრიტიკოსები მოგვიანებით კატაკომბური ქრისტიანობის სიმბოლოებს ეძებდნენ სურათებზე გამოსახულ შებოლილ ან ხმელ თევზებში, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ ჩვეულებრივი, მაგრამ არცთუ ადვილად საშოვნელი “ვობლა" თუ “ტარანი" იყო - უკიდეგანო საბჭოეთის უნივერსალური დელიკატესი.

დუხჭირი ყოფიერების ბინადარი საგნებიდან არავითარი კოსმოსი არ იცქირებოდა: მათ უკან ოდესღაც პასტორობისთვის გამზადებული და ჰუმანიტარული კულტურით აღჭურვილი ავტორი კი არა, ბანალური მონიჭიერო ლოთი იდგა ხოლმე. ეს არ იყო ვან გოგი - უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ “ნუ, ძაან ვან გოგი". ტილოზე გადასახლებული ნივთები მარადისობას არ გვაზიარებდნენ და არც მის არსებობას ადასტურებდნენ, ისინი მხოლოდ ჯიუტობდნენ საკუთარი უბადრუკობით და ამგვარად ეწინააღმდეგებოდნენ იმ სტანდარტული ნატურის ნუსხას, რომლითაც შეიძლებოდა მეტროსადგურის ან თუნდაც სოფლის კლუბის შემკობა. თითოეული სიგარეტის ნამწვი, ან დაჭმუჭნული გაზეთი პროტესტი იყო: სუსტი, საკუთარი თავის ტოლფასი, გაუბედავი, მაგრამ ერთადერთი. უსაფრთხო და დაშვებული, ბოჰემურად ხრინწიანი ამბოხი, მთვრალი ისტერიკა, რომლისგანაც მოგვიანებით ამოიზარდა ყოფითი პოლიტიკური ფარისევლობა: როცა “ნაცობა" სძაგთ, “ქოცობა" კი უტყდებათ...

ამგვარად შეიქმნა თხელი მაგრამ შესამჩნევი კულტურული ფენა. მას არავითარი პრეტენზია არ ჰქონია და ვერც ექნებოდა - ყბადაღებული “რკინის ფარდა" არა მარტო ზღუდავდა ნიჭიერთ, არამედ ფართო სუნთქვის ილუზიას უქმნიდა საშუალო შესაძლებლობის მქონეთ. ასეა თუ ისე, “ჩრდილოვანი ეკონომიკის" ჩუმი ფაფხური რაღაცნაირად მაინც უზრუნველყოფდა მოთხოვნისა და მიწოდების შესაბამისობას, ამიტომ ამ კულტურულმა ფენამაც ჰპოვა შესაფერი ადგილი წარჩინებულ თბილისელთა ბინებში, იქ მაინც, სადაც გემოვნება ოდნავ მაღლდებოდა ჩეხურ ბროლსა და “მადონას" სერვიზზე. ამ თვალსაზრისით ხსენებული არტეფაქტები მაშინაც გულწრფელი და ადეკვატური იყო, როცა საბჭოთა კეთილდღეობის მთავარ საბუთზე, ჭრელ ხალიჩაზე ეკიდა.

დღეს ეს ყველაფერი წარსულშია. დღეს ვხედავთ მკრთალ სალათისფერ ფონზე გამოსახულ მოყვითალო ჯვარს. ჯვარზე გაკრულია ეგვიპტური მუმიის მსგავსად თეთრ მარმაშში გახვეული ქალური ფიგურა ფაშფაშა თეძოებითა და დალილავებული თვალებით. ირგვლივ რაღაც მილები თუ კათეტერები ახვევია, რაც ლიპოსაქციის ან სილამაზის აღსადგენ სხვა რამ მაღალტექნოლოგიურ ხრიკზე მიგვანიშნებს. ყველაფერი ბრტყელია, თითქოს ფერადი ქაღალდისგან ამოჭრილი და მერე დაწებებული, ზემოთ კი ვარდისფერი ასოებით, მესამეკლასელი ბავშვის კალიგრაფიით ალმაცერად აწერია: “ჩემი ცელულიტი ჩემი ჯვარია".

არტეფაქტი ხალიჩაზე არ ჰკიდია, ის სოციალური ქსელის პროფილზეა განთავსებული და ქვემოთ მეგობრების აღფრთოვანებული კომენტარებიც ახლავს: “სალი (ან მანჩო, ან ლიკა), რა მაგარიააა!". საკითხი - თუ მართლა მაგარია, რატომ აწერია ქართულად? - განხილვის მიღმა რჩება. ორმოცი წლის წინანდელ ხელოვნებას ეტყობოდა კონტექსტის კვალი: გარემოსთან დუნე კონფლიქტის გამო, საღებავით დაფარული ტილოს მართკუთხედი აერთიანებდა სნოს ხეობაში გატარებულ ღამესა და ვუდსტოკზე აუხდენელ ოცნებას. დღეს კი გაუგებარია, სად არის კონფლიქტი, რომელი სოციალური გარემოს რომელი ჯგუფის პროტესტს ან ინტერესებს გამოხატავს ან შეესაბამება ეს ქმნილება? ჟანრისა და მიმართულების მიხედვით თითქოს წრეგადასული კონსუმიზმის ნაყოფი უნდა იყოს, მაგრამ რა ესაქმება კონსუმიზმს იქ, სადაც მომხმარებელთა მისწრაფება ლამის მშვიდობიანადაა განაწილებული “ლილო-მოლსა" და “თბილისი-მოლს" შორის?

არა, კეთილი “ფრენდების" გარდა, შეიძლება ვინმე დაჩამიჩებულმა უცხოელმაც გაიმეტა ენის ქვეშ საგანგებოდ შემონახული “amazing!" ან “marvelous!", შეიძლება აბერდინში დამკვიდრებულმა დაქალმაც შეატენა ორიოდე ნამუშევარი თავის მდიდარ საყვარელს, მაგრამ რა? რას გამოხატავს ამგვარი ხელოვნება? რას ეუბნება სამყაროს?

ალბათ ერთადერთ რამეს: კონტექსტის შეგრძნება, სინამდვილის გამოწვევებზე უშუალო პასუხის უნარი მთლიანად ჩანაცვლებულია სწორხაზოვანი და ხისტი იმიტაციით. გემოვნებას რაღაც იშვიათი ავადმყოფობა დაემართა, რაღაც ფიბროზული დისპლაზიის მაგვარი, როცა ყველა რბილი ქსოვილი თანდათანობით გარდაიქმნება ძვლად...

სნეულება ავტოიმუნურია და მხოლოდ მხატვრულ გემოვნებას არ აზიანებს. ასეა ყველა სფეროში: უშუალო კონტექსტისადმი სრული სიყრუე და გახევებული, გაჭედილი უნარები. აი, მაგალითად, ჩვენი სამამულო მედიის უკვე ძნელად ასატანი პარაზიტობა ინტერნეტის სოციალურ ქსელზე. მიზეზი: როცა არ შეგიძლია სინამდვილის გონებრივი სტრუქტურირება, მოვლენათა ნაკადიდან არსებითის ამორჩევა და გასაგებად მოწოდება, სხვის გამონათქვამებზე პარაზიტობა ყველაზე ადვილი გამოსავალია. უფრო მეტიც - ერთადერთი. ჰოდა, ოფიციალური განცხადების მნიშვნელობა ენიჭება უძლიერესი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გაბაშვილის ნაწილობრივ კერძო გამონათქვამს, სადაც პოლიტიკოსი გაურკვეველი მისამართით მორალისტობს და ამტკიცებს, რომ გიორგი მარგველაშვილის პირად ცხოვრებაზე ჭორაობა უღირსი საქციელია!

ვინმე ეჭვობს? ასეთი რამის თქმა ყველა ჩვენგანს შეუძლია და ეს არც რომელიმე პოლიტიკოსისთვისაა აკრძალული. მაგრამ როცა თითქმის კერძო ვითარებაში, საკუთარ პროფილზე დაწერილი სიტყვები საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით ვრცელდება და ოფიციალური განცხადების ელფერი ენიჭება, ეს მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს: საქართველოში პოლიტიკური დისკურსის დონე განუხრელად უახლოვდება ყოფითს.

რატომ? - იმიტომ რომ საყოველთაო საინფორმაციო არხებს (ტელეარხებში არ აგვერიოს) არ გააჩნიათ რაიმე განსხვავების შეგრძნების უნარი. მედიამ საქმე ისე წარმოგვიდგინა, თითქოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი არაფორმალური ჭორების წინააღმდეგ ილაშქრებს. ეს კი, ერთი მხრივ, შეუძლებელია (როგორც კრაზანების გუნდის წინააღმდეგ კომბლის ქნევა), მეორე მხრივ კი ეწინააღმდეგება თითოეული ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას. მართალია, პოლიტიკოსმაც უკეთესი საშუალება უნდა გამონახოს იმისათვის, რომ თითი დაუქნიოს საკუთარი პარტიის ოციოდე თავზეხელაღებულ მხარდამჭერს, მაგრამ მედიის უგუნურება ამ ხდომილების ყველაზე შესამჩნევი კომპონენტია.

ჩვენი სამამულო მედია ამბობს და განიხილავს ყველაფერს, გარდა იმისა, რაც მართლა მნიშვნელოვანია. გვაქვს “სვეტური" ქრონიკები და ყოველგვარ ლოგიკას, გადმოცემის კულტურასა და სინამდვილესთან თუნდაც გარეგნულ მიმსგავსებას მოკლებული ტექსტები და გადაცემები. მათ საზოგადოების საუკეთესო ნაწილი “ყვითელს" უწოდებს, რაც შეცდომაა. თუ დავაკვირდებით, რა სოციალურ ფუნქციას ასრულებს მსოფლიოში პრესისა და ტელევიზიის “სიყვითლე", აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს მედიაპროდუქციას სულ სხვა ფერი უხდება. მაგალითად, ეს ყბადაღებული “ასავალ-დასავალი", ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, არ არის ყვითელი გაზეთი — უფრო ყავისფერი ეთქმის.

მაგრამ იგივენაირად შეგვიძლია მოვიხსენიოთ ქართული საინფორმაციო სივრცის საგრძნობი ნაწილი, განსაკუთრებით კი ონლაინ გამოცემები და სოკოებივით გამრავლებული საინფორმაციო სააგენტოები. ყველა ის მედიასაშუალება, რომელიც ყოველგვარი ზომიერების გარეშე იყენებს სამამულო მედიაში ეროსი კიწმარიშვილის მიერ დამკვიდრებულ ცნებას “სკანდალი"... და რა შეიძლება აღმოჩნდეს “სკანდალის" საფუძველი? - ყველაფერი. აი თუნდაც “ქართული და საერთაშორისო დინასტიური სამართალი" - ეს რაღა დოზანაა? აბა, რა გითხრათ - ინფორმაციის მომწოდებელსაც არ უშრომია განმარტებისთვის, არც მე შევიწუხებ თავს. ან რატომ უნდა შეიწუხო რამეზე თავი ქვეყანაში, სადაც სამეფო ოჯახში ის აშფოთებთ, ესპანელი დავითის ჩასახული ტახტის მემკვიდრე როგორ იქნებაო, მაგრამ ვერც ამჩნევენ, რომ უფლისწულს ვიღაც ვასაძე ნათლავს და მერე თვითონ ექცევა მოვლენათა ცენტრში.

როგორც უკვე მივანიშნეთ, ქართველი ხელოვანი დღეს ინტერნეტით მიღებული წარმოდგენებით იკვებება, სხვა წარმატებულ ნიმუშებთან ფორმალური მსგავსება სრულიად აკმაყოფილებს, რადგან გარშემო სინამდვილე არ ეხება, გულზე არ ხვდება, არ აშფოთებს. ასეთივე შინაგან ბუნებას ამჟღავნებს უკვე ნახსენები ლევან ვასაძე, როცა ამტკიცებს, ბაგრატიონები ბრენდიაო.

ქართველისთვის მთავარია გარემოს მიმართ ორგანულობა. გარემოში არ იგულისხმება ქვეყანა, სახელმწიფო, მთელი საზოგადოება, რაიმე ღირებულებითი სისტემა, იდეური მიმართულება. მთავარია ახლოს მყოფთა აზრი, იმათი კეთილგანწყობა, ვისთანაც მეტ დროს ატარებ, ვისთანაც საკუთარ თავს აიგივებ, ვინც შენს ნამოქმედარს უშურველად “დაგილაიკებს". სწორედ ამგვარი ზედაპირულობა მაფიქრებს, რომ ტრაგედიის წინაშე ვდგავართ...

რომანში “ცხოვრება და ბედისწერა" რუსმა მწერალმა ვასილი გროსმანმა გვამცნო, რომ სტალინგრადთან საბჭოთა არმიამ დაამხო სამხედრო მეცნიერებაში მანამდე აქსიომად შერაცხული წარმოდგენა, თითქოს შეუძლებელია მტრის მთელი ჯარის ალყაში მოქცევა. როგორც ეტყობა, საქართველოს უახლესმა ისტორიამ დაამხო წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მთელი ერი არ შეიძლება დამორჩილდეს წვრილმანი თაღლითების ჯგუფს. ოდესღაც ვწერდი, რომ რაც არ უნდა პატარა იყოს საქართველო, ის ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე “რასიისკი კრედიტი". დღეს უკვე არა ვარ ძველებურად დარწმუნებული...

დღეს, როცა მეთოჯინემ დაასრულა პროლოგი, თეჯირის მიღმა გადაინაცვლა და ასპარეზი თავის გამოთლილ და მართულ მარიონეტებს დაუთმო, როცა უკვე საკუთრივ სპექტაკლი იწყება, ჩვენი მომავალი ცხოვრების ორაკული ერთობ ავბედითად ჟღერს - ამ მწარე მნიშვნელობას იძენს სიტყვები, რომლებსაც არავინ მიაქცია ყურადღება.

ახლად არჩეული პრეზიდენტისადმი ოფიციალურ მილოცვაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წერს: “...საქართველო ახალ სივრცეში იმკვიდრებს ადგილს...".