მიხეილ გაბრიჩიძე: პრეზიდენტობა, ჯორჯ ჰარისონი და ჰიპის იდეები
10 ნოემბერი, 2013
1115
print

“ჰიუნდაის“ ოფისში დილის ათი საათიდან იწყება ფუსფუსი. პროფესიული ფუსფუსი და მალე კლიენტებიც გამოჩნდებიან.

მყიდველები, რომლებიც არ გღლიან და კითხვებს დროის მოკვლის მიზნით არ გესვრიან. “ჰიუნდაიში“, იქვე, ცოტა სიღრმეში, კალათბურთის ორი ფარია. და იქვე, სალონში, მორცხვად დგანან ავტომოდელები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, პოდიუმისკენ დაიძრან და მყიდველს თავი მოაწონონ, დაამახსოვრონ, შეაყვარონ. ეს მოდელები ჯერ ისვენებენ და არ ერევიან ფუსფუსში. მოდელები ერთმანეთში გადაილაპარაკებენ და ეს საუბარი სხვებს არ ესმით.

“ჰიუნდაის“ პირველი პირი, დავით გიორგობიანი, ყოფილი კალათბურთელია. უყვარს კალათბურთი, ახსოვს, რომ კალათბურთმა ბევრი რამ მისცა და კალათბურთს მეგობრულ ვალს უბრუნებს, ყველანაირად ეხმარება. “ჰიუნდაიმ“ გაშალა საკუთარი სკოლა და შარშან ასაკობრივი ტურნირების ნახევარზე მეტი ამ სკოლის გუნდებმა მოიგეს. “ჰიუნდაი“ მშვენივრად მუშაობს და ეს სასიამოვნოა.

“ჰიუნდაის“ ოჯახის კიდევ ერთი წევრია კალათბურთის მეგობარი მიხეილ გაბრიჩიძე, რომელიც თვლის, რომ კალათბურთში რაღაცები შესაცვლელია და რომელიც ამ ცვლილებებზე უკვე საუბრობს. ატარებს ბრიფინგებს. ცდილობს, მეტი ჩაატაროს და მეტი ისაუბროს.

მიხეილ გაბრიჩიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია.

სალონის ტერიტორიაზე უკვე იყო მიხეილ გაბრიჩიძის პრეზენტაცია და კიდევ რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. გაბრიჩიძე მზად არის ახალი გამომწვევებისთვის, სიმშვიდისთვის. კალათბურთის ოჯახი სიმშვიდე და პატივისცემაა და დიდი თანამდებობიდან მოსული კაცუნები იქ აურზაურს ვერ შეიტანენ. ვერც ძმაკაცობით და ვერც ოჯახური რეგალიებით. ასე არ ხდება და არც მოხდება.

დღეს მიხეილ გაბრიჩიძეს განსხვავებული, უშუალო, მეგობრული კუთხით წარმოგიდგენთ.

კიდევ ერთხელ აუცილებელი დეტალები პრეზიდენტობის კანდიდატზე და გადავდივართ ბლიცზე.

მიხეილ გაბრიჩიძე

დაიბადა: 25.02.1966

საკალათბურთო კარიერა: 1973-1981 ”ნორჩი დინამოელი“, 1981-1987 თბილისის “დინამო“, 1981-1983 საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები, 1987-1991 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 1991-1993, თბილისის “შევარდენი“, 1993-1994 თბილისის “მერანი“, 1994-1995 სდასუ.

მიხეილ გაბრიჩიძე თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისი ვიცე-პრეზიდენტი და “ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ ტოპ მენეჯერია.

ოჯახური მდგომარეობა - მყავს მეუღლე, ნინო სოხაძე, მხატვარი... ერთი შვილი, ვახტანგი, 19 წლის, სწავლობს პრაღაში, ანგლოამერიკულ უნივერსიტეტში, მეორე კურსზეა.

იყო მიხეილ გაბრიჩიძე - ნიშნავს, რომ უნდა გიყვარდეს შრომა, გიყვარდეს ყველაფრის გაანალიზება, იცოდე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, გიყვარდეს ოჯახი, მეგობრები და მათ ყოველთვის მხარში ედგე.

ის, რასაც არასოდეს გავაკეთებდი - არავის არ ვუღალატებდი.

არ მინდა, რომ - ადამიანებს შორის იყოს დაპირისპირება, ორპირობა.

ერთ წინადადებაში ჩატეული ჩემი ბავშვობა - ბედნიერება, სითბო, სიყვარული.

ჩემი მშობლები ჩემთვის - იყვნენ, არიან და ყოველთვის იქნებიან წესიერების, შრომისმოყვარეობის განსახიერება. მათგან ავიღე მაგალითი, როგორ უნდა გავზარდო შვილი, როგორ ვცე პატივი წინაპრებს და შევეცადო, ყოველთვის გავცე სიყვარული.

რისი მწამს და რას ვერ ვიზიარებ - მწამს ადამიანის ბუნების, სიკეთის. მწამს, რომ ყველაფრის გადაწყვეტა შეიძლება მოლაპარაკებით და ურთიერთობის გამოსწორებით, ამ ურთიერთობებში მეტი დადებითი ემოციის შეტანით. ვერ ვიზიარებ, რომ არ შეიძლება ადამიანის პატიება და შენდობა.

ის, რაც არ მქონდა და მინდა, რომ ჩემს შვილს ჰქონდეს - მშვიდობიანი ცხოვრება, დაწყნარებული ქვეყანა, სადაც ადამიანი თავისი სამუშაოთი კმაყოფილი იქნება როგორც მატერიალურად, ისე მორალურად.

გრძელ თმას ატარებდით? - არა, არ ვატარებდი. ჰიპი არ ვყოფილვარ, მაგრამ როკს ვუსმენ და ჰიპების იდეებს ვიზიარებ. მომწონს Dire Straits, სხვა ძველი ჯგუფები.

კალათბურთზე საუბარი - ჩემთვის ეს არის საუბარი ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე.

ვგრძნობ თუ არა, როდესაც მათვალიერებენ - ვგრძნობ და ვცდილობ არ შევიმჩნიო.

რას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში - ბედნიერი ვარ, რომ მყავს ულამაზესი ცოლი, შვილი, რომელიც მისმენს და იზრდება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გარშემო ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანია. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი ან, უბრალოდ, ამოვაგდებდი ჩემი ცხოვრების წინა ეტაპიდან, არის ტრავმები.

რა მავიწყდება და რა უნდა მახსოვდეს - მავიწყდება წარსულის რაღაც მომენტები, უმნიშვნელო ეპიზოდები, მაგრამ ვცდილობ, მეხსიერებაში ყველაფერი დალაგებული, მოწესრიგებული იყოს. ყოველთვის უნდა მახსოვდეს, რომ ვარ ჩემი ოჯახის შვილი და ანგარიშვალდებული ვარ ჩემი სამეგობროს და წინაპრების წინაშე.

რა არ ვიცი და მინდა, რომ ვიცოდე - ბევრი რამ არ ვიცი და, ბუნებრივია, მინდა ვიცოდე. რასაც მოვასწრებ, ყველაფერს მივიღებ, შევისწავლი, სხვას გავუზიარებ. მთელი ამ პროცესით ადამიანი უფრო ბედნიერი ხდები.

მოთამაშის კარიერის დროინდელი ბოლო სიტყვები გასახდელში, თამაშამდე - ვიომოთ.

გამართლება - ალბათ, კმაყოფილება ცხოვრების განვლილი ეტაპებით. არასწორია, თუ შენს ბედს, სხვის ბედნიერებას და ჯანმრთელობას მხოლოდ გამართლებას მიანდობ. ბევრი უნდა იშრომო და თუ სადღაც გაგიმართლებს, ესე იგი, იმ მომენტში ღმერთმა ხელი გამოგიწოდა. ყველაფერს დამსახურება უნდა.

ჟურნალისტის ყველაზე უცნაური კითხვა - უკაცრავად, თქვენ ფეხბურთელი ხართ? ან, უკაცრავად, თქვენ მოჭიდავე ხართ? იმ მომენტში კალათბურთი არააქტუალური იყო. ეტყობა, კალათბურთელისთვის სიმაღლეც შეუფერებელი მაქვს.

რა არის საქმე ჩემთვის - საქმე თუ განტვირთვის საშუალება? - პირველ რიგში, საქმე, მაგრამ თავს ვგრძნობ მშვენივრად, თუ გნებავთ, დასვენებულადაც, თუ იმ დღემ მშვიდად და ნაყოფიერად ჩაიარა.

როგორ მინდა, რომ დამიმახსოვრონ - როგორც მეგობარი.

როგორ არ მინდა, რომ დამიმახსოვრონ - როგორც ორპირი ადამიანი.

რომელ კინოროლში შევიდოდი - ასეთი ბევრია... არ ვიცი, ავირჩევდი რომელიმე პერსონაჟს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმიდან Unforgiven.

ვიმახსოვრებ თუ არა წვრილმანებს - კი. წვრილმანებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ის, რაც მინდა ყველას ვუთხრა - ილუზიებში ნუ გაატარებთ ცხოვრებას. პატივი ეცით სხვებს და რაც შეიძლება მეტი გაეცით.

ჩემი საყვარელი კალათბურთელები -

1. ლარი ბერდი, 2. მეჯიქ ჯონსონი, 3. ქარიმ აბდულ-ჯაბარი.

ჩემი საყვარელი სპორტსმენები - 1. ლარი ბერდი, 2. იოჰან კრუიფი, 3. სერგეი ბუბკა.

“როლინგ სთოუნზი“ თუ “ბითლზი“ - “როლინგები“ უფრო მომწონს. ამავე დროს, ჯორჯ ჰარისონის შემოქმედება ძალიან მიყვარს.

“ჰიუნდაის“ ბავშვთა სკოლის პერსპექტივაზე - ამჟამად სკოლაში ვარჯიშობს 270 ბავშვი. სამწუხაროდ, არ გვაქვს ჩვენი დარბაზი. დარბაზის არსებობის შემთხვევაში, ეს რაოდენობა 60-70 პროცენტით გაიზრდებოდა. სკოლა კარგად მუშაობს, თუმცა რაღაც ნიუანსები გამოსასწორებელია. ყველაფერს მივხედავთ.

საყვარელი ფრაზა - ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი.

რაფაელ ნადალი თუ როჯერ ფედერერი? - ფედერერი, მაგრამ მე უფრო ძველი სკოლა მომწონს. ივან ლენდლი, ჯონ მაკინროუ, ბორის ბეკერი.

საყვარელი ფერი - ლურჯი.

იდეალური კაპიტანი - ფრანც ბეკენბაუერი.

ადრე იღვიძებთ? - კი. და გვიან ვიძინებ.

კერძებს თუ ამზადებთ? - გააჩნია, როგორ გუნებაზე ვარ.

თქვენი მთავარი მოტივაცია - ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ჩემი საქმე.