ის, პირველი კომბინაცია
10 ნოემბერი, 2013
1079
print

ბარსელონაში ჩასვლამდე ლარი ბერდი, მაიკლ ჯორდანი, მეჯიქი, დევიდ რობინსონი და ჩარლზ ბარკლი პორტლენდში წრეს კრავენ.

იმ წრეში დგას მორიდებული ჩაკ დეილი, რომელმაც ხუთ ლეგენდას რაღაც უნდა უთხრას და არ იცის, საიდან დაიწყოს, ვის გაესაუბროს, სხვებს რა უთხრას. გამოსავალს პოულობს ბერდი. ლარი ყოველთვის იოლად პოულობდა გამოსავალს. ბერდმა ჩაკს ურჩია, მიდი, ქოუჩ, დაისვენე, ჩვენ საქმეს მივხედავთ და თუ წუთშესვენების აღება მოგინდება, უბრალოდ, შემოგვხედე და ყველაფერი კარგად იქნებაო. აი, ქოუჩ, შენ საკითხავი. ლარიმ ჩაკ დეილის ტომ სოიერის თავგადასავალი ათხოვა. და ნამდვილი თავგადასავალი, ზღაპარი იქ, პორტლენდში იწყებოდა. ბარსელონაში ჩასვლამდე ამერიკის კალათბურთელთა ნაკრები, პირველი და ერთადერთი Dream Team პირველი სადავო გდებისთვის, პირველი კომბინაციისთვის, პირველი ზუსტი სროლისთვის ემზადებოდა. მოწინააღმდეგე - კუბა. ამერიკული ოცნების ისტორიაში პირველი, ლეგენდარული ხუთეული შეკრეს ლარიმ, მეჯიქმა (ორივე კაპიტანი იყო), მაიკლმა, ადმირალმა და ჩარლზმა. სათადარიგოებში იყვნენ ლოკალური ფავორიტი კლაიდ დრექსლერი, სკოტი პიპენი, ჯონ სტოქტონი (მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო ისვენებდა), კარლ მელოუნი, პატრიკ იუინგი, კრის მულინი და კრისტიან ლეიტნერი.

დარბაზი ამერიკულად პულსირებს. უფასო ჰამბურგერები ყველასთვის, უფასო კოკა-კოლა, დრიმ თიმის თითო და ავტოგრაფიანი ფოტო. ამერიკის ნაკრების პიარმა მშვენივრად იმუშავა და თუ ჩაკ დეილი პირველ ხუთეულში დრექსლერსაც დააყენებს, პორტლენდი კლაიდისგან სუპერფინალის მოგებასაც არ მოითხოვს, ყველაფერს აპატიებს. დეილიმ პორტლენდის გრძნობები არ გაითვალისწინა და პირველ ხუთეულში ჯორდანი დააყენა. რატომღაც.

მოედნის ცენტრში კუბის ნაკრების წარმომადგენელი მორცხვად დგას და ნაკრების მთავარ მწვრთნელს რაღაცას ანიშნებს. მწვრთნელებმა გამოიტანეს ორი ფოტოაპარატი, ერთი ვიდეოკამერა და მისტერ კუბელი-მამაცი გული უახლოვდება ამერიკის ნაკრების წარმომადგენელს, კიმ ბოჰუნის, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების მოგვარება და წასაგებად განწირული მოწინააღმდეგის დამშვიდება ევალებოდა. კუბელი უახლოვდება ამერიკელებს. ეტყობა, რომ აკლია გამბედაობა და ფეხიდან ფეხზე გადადის, მორცხვად ეღიმება და მთავარ მწვრთნელს უყურებს. არა ჩაკ დეილის, კუბის ნაკრების მთავარ მწვრთნელს. ბოჰუნიმ ეს შენიშნა და კუბელს მიუახლოვდა.

- ხომ არ შემიძლია დაგეხმაროთ, სერ?

- დრიმ თიმთან ფოტოების გადაღება გვინდა და შეიძლება?

- დარწმუნებული ვარ, თამაშის დასრულების შემდეგ ეს არ იქნება პრობლემა.

- არა, ჩვენ თამაშამდე გვინდოდა... და თამაშის მერეც, თუ შეიძლება.

ბოჰუნი მიდის დეილისთან. ჩაკის ადგილზე პატ რაილი, ლარი ბრაუნი ან გრეგ პოპოვიჩი რომ ყოფილიყო, კუბელი მიიღებდა უარს და ეს უარი საბოლოო იქნებოდა. დეილის რეაქცია ჩვეულებრივი იყო. „მიდი, ბიჭებს დაელაპარაკე“. ბიჭებმა ფოტოსესიაზე კი, მოსულა, დავიწყოთო.

კუბელებმა მოიმარჯვეს კამერები, აპარატები და დაიწყეს პოზიორობა. კუბელები პოზიორობდნენ თავიანთ კერპებთან და ცდილობდნენ, არცერთი წამი არ დაეკარგათ. ვინ იცის, კიდევ როდის შეხვდებოდა კუბელი მოყვარული მეჯიქ ჯონსონს ან კიდევ როდის გადახვევდა ხელს კუბელ (პროფესიით მზარეულს) გიგანტს დევიდ რობინსონი. კუბელები იღებდნენ ფოტოებს ისე, თითქოს ეს მათი ბოლო ღიმილი უნდა ყოფილიყო. ფოტოები კერპებთან და დამსჯელებთან. და ის დამსჯელები იღიმებოდნენ. ისე, როგორც მეჯიქი. მეჯიქმა თავისი ღიმილი მთელ დრიმ თიმს ათხოვა და კუბა ბედნიერი იყო.

იწყება თამაში და კუბას ეს აღარ აინტერესებს. ამერიკელებისგან განსხვავებით. ჩაკ დეილის პირველი ხუთეული მიდის კომისართან, ესალმება მას და ყველაფერი მზად არის სადავო გდებისთვის. იწყება.

და მთავრდება. 136:57. ამერიკამ პატივი სცა კუბას და მეტით არ მოუგო. ერთ-ერთ ეპიზოდში რობინსონი აიწია სამწამიანში და კუბელი გაატარა, ჩააგდებინა. ჯორდანმა მოუწონა ადმირალს დიდსულოვნება. იმ ერთი დაფარებით დევიდი დააშინებდა კუბელებს და კუბელი ბედნიერი იყო, რომ მისმა კერპმა, პლანეტის ერთ-ერთმა უძლიერესმა (იყო კიდევ ერთი ნიგერიელი მასტი) ცენტრმა მას ხელი არ შეუშალა ორი ქულის აღებაში. მთელი დრიმ თიმი დიდსულოვნება, სიმამაცე, დიდი გული და სიბრძნე იყო.

მიგელ კალდერონ გომესი (კუბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ჩვენთვის, ეს იყო ელეგანტური, ისტორიული თამაში. კუბაში ვბრუნდებით უამრავი ფოტოთი და მოგონებებით, რომლებიც ჩვენი მეხსიერებიდან, ჩვენი გულებიდან არასოდეს არ ამოიშლება. ამერიკელებმა დღეს მეგობრულად მოგვიგეს.“

მსაჯიც ნერვიულობს. ბერდი უახლოვდება რეფერის. ლარიმ მას ხელი გადახვია, დაამშვიდა. რეფერი აგდებს ბურთს და ბურთთან ერთად ადგილიდან იწევა ასამდე ფოტოგრაფი. დარბაზი არ სუნთქავს.

და დევიდ რობინსონმა ბურთი მეჯიქს ჩამოუგდო.

ჯონსონი სწრაფად, ელეგანტურად გადადის კუბელების ნახევარზე და ეძებს. მეჯიქი მას ეძებს. მეჯიქი საუკეთესო მეგობარს, ლარი ბერდს ეძებს.

მეჯიქი მხოლოდ ერთი მიმართულებით იყურება და დევიდ რობინსონის ბლოკიდან, მარჯვენა ფრთაზე ამოდის ბერდი.

მეჯიქმა ბურთი ლარისკენ გაუშვა...

„ბოსტონ სელტიქსის“ შემადგენლობაში ადრე იყო მსროლელი რიკ კარლაილი. რომელიც ორი წლის წინ „დალასთან“ ერთად ჩემპიონი გახდა. მანამდე რიკი ბერდის თანაგუნდელი იყო. იმ დიდ „ბოსტონში“. და ბარსელონაში ჩასვლამდე, ლარიმ გადაურეკა რიკს, თუ გცალია, ჩამო რა და დამეხმარე. ორი კვირა უნდა მავარჯიშო. სხვას ვერ ვენდობი და მე მთელი ამერიკა მენდობა. რიკმა ლარის გადაურეკა და მეგობრები შეხვედრის ადგილზე შეთანხმდნენ.

რიკ კარლაილი: „არავინ იცოდა, როგორი ტკივილით იღვიძებდა ბერდი ერთ ღამეში ორჯერ. არავინ იცოდა, რა ფასად უჯდებოდა ბერდს თითო გაქცევა, სროლა, აწევა და დაცვაში დაბრუნება. ყოველ დილით დავრბოდით სადღაც, 10 კილომეტრამდე და ლარი იწყებდა სროლას. 500 ჩაგდების შემდეგ კიდევ 10 კილომეტრი და ტრენაჟორები. შუალედში ფორთოხლის წვენი და კიდევ 250 ჩაგდება. ასე გრძელდებოდა 2 კვირის განმავლობაში და დრიმ თიმის პირველი შეკრებისთვის ლარი, მისივე თქმით, უკვე ფორმაში შესული ხეიბარი იყო. პორტლენდში, კუბასთან თამაშამდე ლარის სამი ნემსი გაუკეთეს. ამის შესახებ არ იცოდა ჩაკ დეილიმ. ეს ვიცოდით მხოლოდ მე, მეჯიქმა და ლარის ცოლმა.“

ბურთიც ლარის ეძებდა. მეჯიქის ხელიდან გასროლილმა, ბურთმა ბერდის მშვიდ სახეს შეხედა. იმ სახეს ტკივილის ნიღაბი ფარავდა და ლარი მაინც მშვიდად იყო.

ბერდმა მიიღო ბურთი. დამცველს მიაწვა. ბურთი ერთხელ დაარტყა. მეორედ დაარტყა. და როგორც ახალგაზრდობაში, ლარიმ გაჭრა დამცველთან დისტანცია, აიწია და გაუშვა ბურთი. იმ ეპიზოდში ლარი ბერდი კვლავ ახალგაზრდა იყო. იმ ეპიზოდში ლარიმ ტკივილს ატკინა და იმ ეპიზოდში ბერდმა ამერიკას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ლარი ბერდი: „ვიცოდი, რომ უნდა მესროლა. იცით რატომ? შეიძლება ეს ჩემი ბოლო სროლა ყოფილიყო. იმ მომენტში ჩემზე დაბალი დამცველი ამოვიდა, დევიდმა კარგი ბლოკი დამიყენა და რამდენიმე წამი მოვიგე. ავიწიე, ვისროლე და ფარისთვის არ შემიხედია, დაცვაში დავბრუნდი.“

ბერდმა იცოდა, რომ სროლა ზუსტი იყო. ბერდმა ყოველთვის ყველაფერი იცოდა. 2:0, ამერიკამ წაიყვანა. და ლარი ეგრევე შეცვალეს. ბერდი გასახდელამდე მიიყვანეს. გასახდელში ლარის მეჯიქი და რიკ კარლაილი გაყვნენ.

მეჯიქმაც დაისვენა. მთელი კარიერის განმავლობაში, ჯონსონი ამ მომენტზე ოცნებობდა. რომ მიიღებდა თავისი ცენტრისგან ბურთს. რომ გადავიდოდა მოწინააღმდეგის ნახევარზე. რომ მონახავდა იმას, ერთადერთს, რომელიც ძმასავით უყვარდა. რომელიც ყოველთვის მისი საუკეთესო მრჩეველი იყო. რომელიც მას, მეჯიქს ძალიან უყვარდა.

მეჯიქ ჯონსონი: „მხოლოდ მას ვეძებდი. და როგორც კი ლარიმ ბურთი მიიღო, თვალები დავხუჭე. ღმერთს ვთხოვე, თუ შენ მართლა არსებობ, ლარიმ ეს სროლა არ უნდა გააფუჭოს... მაგრამ ლარიმ უფრო სწრაფად ისროლა. და ჩააგდო. კუბამ აიღო წუთშესვენება და მაიკლი ლარის დაეხმარა, სათადარიგოთა სკამამდე მიაცილა. ლარის გაეცინა და გასახდელისკენ დაიძრა.“

ეს იყო დრიმ თიმის ისტორიაში პირველი ორი ქულა.

ლარი ბერდის ქულები.

მეჯიქ ჯონსონის პასით.

მეგობრებმა ისტორია შექმნეს.

და ისტორიას გაეღიმა. მეჯიქივით.