პარალელური სამყაროდან
17 ნოემბერი, 2013
1517
print

ვუძღვნი ლაშა ბუღაძეს, მრავალი წლის  მეგობარსა და კოლეგას

არის ერთი ფრაზა, რომელიც ყველას გაგვიგონია, თუმც კი არც ისე ხშირად. შინაარსით რომელიმე სიტკომიდან ამოღებულს ჰგავს - ეგრეთ წოდებულ სიტუაციურ კომედიას ვგულისხმობ, ანუ იმ, ძირითადად, სულელურ და, შესაბამისად, რეიტინგულ ტელესერიალებს, სადაც კადრს მიღმა უწყვეტად ისმის მექანიკური სიცილი. და მაინც, ჩემ მიერ ნაგულისხმევ ფრაზას ზოგჯერ ღირსეული ადამიანები, მეტწილად ქალები სავსებით სერიოზულად ამბობენ. ოღონდ მხოლოდ ქართველები და მხოლოდ ქართულად. სხვა ენაზე და უცხო მხარეში არასოდეს შემხვედრია - არც დაწერილი და არც წარმოთქმული.

ფრაზა შემდეგია: “რომ მოინდომოს, ყველა ქალი მისი იქნება". ასე, რა თქმა უნდა, მამაკაცს ახასიათებენ. ზოგჯერ ზმნის ფორმა იცვლება და წინადადება დანანების ან საყვედურის მსუბუქად სევდიან ელფერს იძენს: “რომ მოენდომებინა, ყველა ქალი მისი იქნებოდა".

მაინც რატომ ისმის ეს ფრაზა მხოლოდ საქართველოში? თუ მაინც გავცდებით ჩვენს კურთხეულ საზღვრებს, იქ, ევროსტანდარტების ან პროტესტანტული ეთიკის საუფლოში ვინ შეიძლება იყოს ამგვარი მამაკაცი?

მახსენდება ესპანური ფილმი, სადაც ერთი სანდომიანი და ყოჩაღი გოგონა ჯონ ლენონის საძინებელში შეიპარება, მაგრამ ღვთაებრივი მუსიკოსის მაგიერ სასტუმროში მომსახურე ბიჭთან ფრაგმენტული სექსი შერჩება ხელში. წლების განმავლობაში ამ უცნაური წყვილის იშვიათი და ვნებიანი შეხვედრები ბოლო ესპანელი მონარქის ბიოგრაფიულ მოვლენებთანაა გადაჯაჭვული და ირონიის განცდას იწვევს. მიუხედავად თაყვანისმცემელი ქალების სიმრავლისა, კერპი-მამაკაცის პირველ ტიპს, ანუ “ვარსკვლავს", როგორც მას შეეფერება კიდეც, არც ამ და არც ბევრ სხვა ქალთან დაახლოების არანაირი სურვილი არ გააჩნია. თუმც “ბითლზების" ფანები უარესზედაც ოცნებობდნენ და ალბათ ცდილობდნენ კიდეც, ფილმში შექმნილი სიტუაცია ნამდვილი გამონაკლისია და სწორედ ეს ქმნის კომიკურ ეფექტს.

მეორე ფილმი არ არის კომედია. აქ რობერტ რედფორდი და, თუ არ ვცდები, დემი მური უძღვებიან კონფლიქტს. აქ კერპ-მამაკაცს უნდა და არა მარტო უნდა, არამედ მილიონ დოლარსაც სთავაზობს პატიოსან მეოჯახე ქალს, ოღონდაც ერთი, მხოლოდ ერთი ღამე გაატაროს მასთან. ეს ყველაფერი ობმოკიდებული პროტესტანტული მორალიზმი იქნებოდა - და არის კიდეც მათთვის, ვინც ამბობს, რომ ასეთი “პატიოსანი" და მილიონ დოლარზე გადამბიჯებელი ქალები არ არსებობენ. დავეთანხმოთ - ჩვენი რა მიდის? - მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ არც ასეთი მილიარდერია უფრო ადვილი საპოვნელი. ამიტომაც ამ ფილმს შეიძლება უწოდო, მაგალითად, პარაზიტირება ფილემონისა და ბავკიდეს მითზე, ან დოსტოევსკის “იდიოტის" პირველ ნაწილზე, ან კიდევ რაღაც დოზანაზე, რასაც იოლად მოიფიქრებს ინტელექტუალი კრიტიკოსი, მაგრამ სწორხაზოვანი მორალიზმის საფუძველს ის ნამდვილად არ იძლევა: ზედმეტად ზღაპრულია.

ერთი სიტყვით, ვიკმაროთ ზემოთქმული იმის საბუთად, რომ სერიოზული სახით ნახსენები ფრაზა მხოლოდ ქართულად ითქმის. ჰოდა, ქართული რეალიებიც ვეძებოთ.

კერპი მამაკაცების კლასიფიკაცია ბევრს არაფერს მოგვცემს. ჩვენშიც იგივე კრიტერიუმებია: სახელი და ჯიბე. მართალია, 1980-იანი და 90-იანი წლების მიჯნაზე იყო ერთი საკუთრივ ქართული გამონაკლისი: ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში დონჟუანობის მწვერვალზე რაღაც უცნაური შარლატან-ექსტრასენსები ავარდნენ: “აურის გაპრიალება და ექსკურსიები ასტრალში, ბრუციანები და კუზიანები ნუ გამომეხმაურებიან". მაგრამ ლარის შემოსვლამ და შემდგომმა გამყარებამ ფაქიზი სულიერი ორგანიზაციის მქონე გოგონები და ბანოვანებიც დაარწმუნა, რომ ეზოტერიული მოძღვრებები მცდარია.

ამიტომ ყველაზე ნაყოფიერი გზა მაინც თვით წინადადების ანალიზია.

ფრაზის დვრიტა არის სიტყვა “ყველა". დავაზუსტოთ: “ყველა ქალი". თუ დავაკვირდებით, აქ სიტყვა “ნებისმიერი" უფრო უხდება, რადგან ძნელი წარმოსადგენია ეს “ყველა", ასე ვთქვათ, პირდაპირი მნიშვნელობით განხორციელდეს, ანუ ყველა ერთბაშად. სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი: წინადადებაში არასოდეს იგულისხმება “ნებისმიერი" ქალი. თუნდაც იმიტომ, რომ ყველაზე გავრცელებულ სიტუაციურ კონტექსტში ამ ფრაზის პირველ, მტკიცებით ვარიანტს მოსდევს: “ასე რომ, ეგ ტყუილი იქნება". მეორე, საყვედურით სავსე ვარიანტს კი: “და რაღა მაინცდამაინც ამას ეცა". ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სინტაგმა “ყველა ქალი" მხოლოდ ევფემიზმია და მის ადგილას უნდა იყოს უბრალოდ “მე".

ო, რა თქმა უნდა, არც ასე რადიკალურადაა საქმე. უფრო ხშირად “ყველა" ქალში “ზოგიერთი" ქალი იგულისხმება, ანუ იმ წრის თუ სოციალური ფენის წარმომადგენლები, რომელსაც თვით მთქმელი ეკუთვნის, ვისაც გალავინსკზე სასეირნოდ გამოსული ესალმები და მოიკითხავ. დანარჩენები არ არსებობენ.

ამიტომაც ვამბობ, რომ “კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა" (ასე უწოდებენ ყველანი, მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობენ, არ ვიცი) არის ყველაზე ძლიერი და ქმედითი საშუალება ორი რამის მისაღწევად: 1) სექსუალური რევოლუცია; 2) საზოგადოების დემოკრატიზაცია.

მექანიზმი მარტივია. ამ ქვეყანაში, სადაც ეკლესიის საჭეთმპყრობელმაც კი თქვა, რომ მეფე უნდა მეფობდეს, მაგრამ არ მართავდეს, მონარქს ბევრი საქმე არ ექნება. არა მგონია, გადაგვარებული არისტოკრატიის გაპარპაშება დიდი მასშტაბით მოხერხდეს: სადაც ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს ხაინდრავა და ვასაძე დაასხდნენ, იქ მარიფათიანი ბარდიგლეჯიაშვილების მთელი ჯგროც იქნება სადმე ჩასაფრებული.

თანაც კარის ცერემონიალი და მონარქიის მთელი ფორმალური მხარე სათანადო დონეზე ვერასოდეს დადგება. ერთი მხრივ, ეს ცერემონიალი და ეტიკეტი, სირთულისა და რეალობისგან დაშორების გამო, თავისთავად სრულიად უსარგებლო და მეურნეობაში გამოუსადეგარი რამეა. მეორე მხრივ, აბა, რას უნდა მოველოდეთ “სამეფო ოჯახის" ოფიციალური წარმომადგენლისგან, რომელმაც ტელეარხ “კავკასიის" ეთერში არა მარტო საკუთარი წინდების, არამედ შიშველი წვივის კარგა გვარიანი ნაწილის დემონსტრაცია მოგვიწყო. ლმობიერებით ავუვლი გვერდს მეტყველების კულტურისა და ყელზე შემოხვეული ჭრელი ნაჭრის ხარისხსზე ლაპარაკს.

მაგრამ ეს კონსტიტუციური მონარქი, მარტივად რომ ვთქვათ, მეფე მუქთად ხომ არ შეჭამს გადასახადთა გადამხდელების ფულს! - ჰოდა, კეთილ ინებოს და მიხედოს საქმეს. მამაკაცები ალბათ ცოცხალ რიგში დადგებიან სამეფო ნადირობაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ჩვენს სამამულო ბიოექსტრემისტებს დროებით დაავიწყებს ხუდონჰესის პრობლემას. სხვები “კარის გარიგების" საიდუმლოებებს ჩაუსხდებიან და სანამ ლამპრობის დღესასწაულის მოდერნიზაციაზე იფიქრებენ, დავით აღმაშენებლის პროსპექტზე განლაგებულ თურქულ და არაბულ რესტორნებს სული მოთქმის საშუალება მიეცემათ.

მაგრამ მთავარი... და საქართველოში სწორედ ეს არის მთავარი - მთავარი ქალების წინაშე გადაშლილი ახალი პერსპექტივა და არნახული გაქანებაა. აქ კი მოუწევს კონსტიტუციურ მონარქს შრომა და გარჯა, მის უახლოეს გარემოცვას კი ნახევრად ფორმალური საზოგადოებრივი ინსტიტუტების შემუშავება. ეს საშვილიშვილო საქმე ერთი გოჯითაც არ უნდა გასცდეს ტრადიციული სიდარბაისლის წმიდათაწმიდა ფარგლებს. არა, თითო-ოროლა განსაკუთრებით მოშურნე არქიმანდრიტი კი ნამდვილად გამოჩნდება, ვისაც გრიგოლ ხანძთელის მაგალითი მისცემს საზრდოს: ამხელენ კიდეც ჩვენს კონსტიტუციურ მონარქს, ვითარცა ნათანმა ამხილა ისრაელის მეფე, დავითი ბერსაბესთან დაშვებული გადაცდომის გამო. მაგრამ ასეც უნდა მოხდეს: ამქვეყნად ყველაფერს სჭირდება პრომოუშენი და თუ ცხრასაათიანი “კურიერის" ეთერიდან სრულიად საქართველო ერთხელ მაინც გაიგონებს - “ნეტარ მას კაცსა, რომელი ცოცხალ არღა არს!" - ეს მხოლოდ გააძლიერებს უავგუსტესი სარეცლისკენ საყოველთაო ლტოლვას: ქართვლისა გულმან როგორ გაუძლოს, ოდეს ნუგეშის თხოვნა მოესმას?! წარმოდგენაც კი შთამბეჭდავია, რამდენი მგზნებარე და სიყვარულით გამთბარი გული გამოეხმაურება “მისი უდიდებულესობის მორიგ სკანდალურ განცხადებას".

ჰოდა, დაიძრება გაზეპურების მსურველთა ნაკადი - ტერმინსაც თვალსა და ხელს შუა შექმნიან - “სამოსელი პირველში" ეროვნულად შეფუთული და “ისი პარიში" გლობალისტურად არომატიზირებული პროცესია. განა ვინ დაიწუნებს პატრიარქის მონათლულსა და მონარქის გაზეპურებულ ქალიშვილს? - ეს ბოლო მოყირჭებული სიტყვაც შეიცვლის მნიშვნელობას, დატოვებს რესპუბლიკური წყობის დროს შეძენილ ანატომიურ სიტლანქეს და ახალი სულიერებით აღვსილი შეერევა გაბრწყინებული ივერიის განთიადს!

მთავარი მონაპოვარი კი სხვა იქნება... მეფე მაღლაა, უბრალო მოკვდავთა ამოებით აღსავსე ცხოვრებას თვალუწვდენელი სიმაღლიდან გასცქერის და მისი დიდების ნათელი ერთნაირად ეფინება ვარდთაც და ნეხვთაც. ამ სიმაღლისა და სიდიადის გამო ადამიანებს შორის განსხვავებები ისეთი მცირე ჩანს, რომ ეს ორი სოციალური კომპონენტი ერთმანეთში ხშირად ერევა კიდეც. ვინა თქვა, რომ ის მხიარული და მიმზიდველი არსება ნეხვთა კლასს ეკუთვნის? ვინა, ვინა? აჰ, იმ აყლაყუდა ვარდმა? - არა, ბატონებო, ასეთი ვიწროქალაქური უმსჯელობებისგან ნამდვილად თავისუფალი უნდა იყოს ჩვენი მონარქი, თორემ მართლა ჩალით ყოფილა ქვეყანა დახურული.

ჰოდა, გაზეპურების მადლპკურებულნი უკვე სრულიად მოკლებულნი იქნებიან ბნელი წარსულის გადმონაშთებს: ვაკელნი და სოლოლაკელნი, ვერელნი და ნახალოვკელნი ერთ იქმნებიან და სწორსა სიტყვასა იტყვიან. სხვა კი რა უნდა იყოს ივერია - ხატი ზეცისა ქვეყანასა ზედა.