„კარგა ხანია, განათლება ქვეყნისთვის პრიორიტეტული არ არის“
17 ნოემბერი, 2013
1698
print

ინტერვიუ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კოორდინატორ, ასტროფიზიკოს, პროფესორ  ზაზა ოსმანოვთან

- კონკრეტულ სამეცნიერო საკითხებზე საუბარს ალბათ აზრი არ აქვს - გაუცნობიერებელი ადამიანისთვის მაშინვე რთული, არასწორი და აბსტრაქტული ცნებების გროვად იქცევა, რომელიც მხოლოდ სპეციალისტისთვის თუ იქნება გასაგები. ამიტომ პირველი შეკითხვა განათლების სფეროში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხს შეეხება: 90-იანი წლების დასაწყისიდან ყველაზე ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტები, სრულიად ობიექტური მიზეზების გამო, იძულებულები გახდნენ, დასავლეთში წასულიყვნენ. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. როგორია ამ დანაკარგის მასშტაბები და მეცნიერთა ფაქტობრივად მთელი თაობის წასვლა როგორ აისახა ჩვენი მეცნიერების მდგომარეობაზე? მეორე მხრივ, მსოფლიო მეცნიერებაში როგორია იმ მეცნიერთა წვლილი? მაგალითად, არის პერიოდი, CERN-ის ექსპერიმენტებზე სხვადასხვა წამყვანი ინსტიტუტის სახელით 40-მდე ქართველი ფიზიკოსი ერთდროულად მუშაობს.

- მეცნიერთა მასობრივი გადინების პროცესის შეჩერება ჩვენთან შედარებით საკმარისად დიდი რესურსების მქონე რუსეთმაც ვერ შეძლო. თუ მხოლოდ ერთი მხრიდან შევხედავთ, ეს ნამდვილად რეგრესი იყო, მაგრამ ხომ უდავოა, რომ აქ დარჩენის შემთხვევაში ისინი, სავარაუდოდ, ასევე მასობრივად ჩამოშორდებოდნენ მეცნიერებას. ჩვენი მეცნიერების წარმატებაა, რომ ქართველებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საუკუნის პროექტის განხორციელებაში, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რასაც ქართულ მეცნიერებას ვუწოდებთ, ფაქტობრივად საბჭოთა მეცნიერება იყო. იმ თაობის წარმატება, ცხადია, მაშინდელი საგანმანათლებლო სისტემის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ მეც იმ დროს მომიწია სწავლა, მაინც მგონია, რომ ახალი საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც მეტ-ნაკლებად უნიფიცირებულია მსოფლიოში (ბოლონიის პროცესს ვგულისხმობ) უკეთესია, რადგან სტუდენტს არჩევანის საშუალებას უტოვებს და მეტ თავისუფლებას აძლევს, პროფესიული კარიერა სწორად დაგეგმოს. მახსოვს, ერთ ინგლისელ მეგობართან საუბრისას “სპეციალობით მუშაობა“ ვახსენე, გაეღიმა და მითხრა, რომ ეს წმინდა საბჭოური მოვლენა იყო, რადგან შეიძლება ადამიანმა ერთი მიმართულებით დაამთავროს და მუშაობა სრულიად სხვა დარგში განაგრძოს. ამიტომ უნივერსიტეტი ადამიანს, ვიწრო სპეციალობის გარდა, რაც შეიძლება უნივერსალურ განათლებას უნდა აძლევდეს.

- იმ წლების შემდეგ თითქოს გაუბედავი ნაბიჯები იდგმება სტაბილიზაციისაკენ - განათლების სისტემის რეფორმირების მცდელობები არის. ათ წელზე მეტია, ალბათ. ამ ბიუროკრატიულ „თამაშებში“ დრო იკარგება. რეალურად რა ცვლილებზე შეიძლება საუბარი? მეცნიერების ორგანიზაციასთან დაკავშირებით ჩნდება თუ არა პოლიტიკური შეკითხვები, ისევე როგორც ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან სფეროებთან (სასამართლოსთან, მედიცინასთან...)

- მაგალითად, ერთიანი ეროვნული გამოცდების პრაქტიკამ გაამართლა კორუფციის გაქრობის თვალსაზრისით. თუმცა მარტო კორუფციის აღმოფხვრა არ ნიშნავს სრულყოფილად განხორციელებულ რეფორმას. განა შეიძლება ერთიანი ეროვნული გამოცდების პრაქტიკაში დანერგვა სკოლისგან მოწყვეტილად დაიწყო? მხოლოდ უფასო სახელმძღვანელოები (რასაც მივესალმები) არ არის სკოლისთვის ზრუნვა. საერთოდ, მგონია, რომ სკოლას უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ სულს ღაფავს. იმის მაგივრად, რომ განათლების სამინისტრომ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე იზრუნოს, რამდენიმე დღის წინ გააუქმა რესპუბლიკური ოლიმპიადები რიგ დისციპლინებში გარკვეულ კლასებში, მაგალითად, ინფორმატიკაში კი - ყველა კლასში.

ანალოგიური სიტუაციაა მეცნიერებაშიც. დაახლოებით 9-10 წლის წინ მეცნიერთა ნაწილი ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის შეიქმნა და წარმატებით აგრძელებდა მუშაობას, ბევრი ადამიანი ამ ფონდიდან მოპოვებული საგრანტო დაფინანსების წყალობით დარჩა მეცნიერებაში. დღეს კი ამბობენ, ფუნდამენტური კვლევების დაფინასება შეიძლება 10 მილიონი ლარით შემცირდესო. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ განათლება და მეცნიერება ქვეყნისთვის პრიორიტეტული არ არის? სხვა რითი უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია განათლების სამინისტრომ არათუ არ განახორციელა, არამედ ერთგვარი ფარული საბოტაჟი მოაწყო. კონცეფცია ძალიან კვალიფიციურ მეცნიერებს ეკუთვნის, რომელთაგან ერთ-ერთმა ცოტა ხნის წინ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ გადაიტანა დმანისის აღმოჩენაზე.

განათლების სამინისტროს შემდეგი ნაბიჯი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება იყო. ხშირად მესმის - კი მაგრამ, ბოლოს ხომ ყველაფერი კარგად დამთავრდაო. ამას მხოლოდ ის იტყვის, ვისაც სასწავლო პროცესთან არასოდეს ჰქონია შეხება და ვერ ხვდება, ყოველი უმნიშვნელო რყევაც კი რამხელა ზიანს აყენებს მას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ, სავარაუდოდ, ყოველივე ამის უკან ისევ პოლიტიკური კონიუნქტურაა. თუ რეფორმა არ განხორციელდება, მხოლოდ ეს სფერო კი არ დაზარალდება, არა, მთელი ქვეყანა სულ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორ განავითარებს ეკონომიკას ან სხვა რომელიმე სფეროს, სადაც განათლება არაა პრიორიტეტული? შეუძლებელია, საგანმანათლებლო სისტემაში რაიმე პოზიტიური აკადემიურ სფეროსთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე განახორციელო. განათლების სამინისტრომ ფაქტობრივად თითქმის დეკლარირებულად განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ ზემოხსენებულმა კონცეფციამ რეალურად შეცვალოს სკოლა და უნივერსიტეტი.

- მეცნიერებისადმი დამოკიდებულება საზოგადოების განვითარების დონის ინდიკატორია. ქვეყანას, რომელშიც ფუნდამენტური კვლევების სფერო განვითარებული არ არის, ალბათ სრულფასოვანი, დამოუკიდებელი მეცნიერება არ აქვს. ჩვენთან კი არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ფუნდამენტური მეცნიერება საჭირო არ არის (რადგან იმ წუთის დივიდენდებს არ ჰპირდება საზოგადოებას).

- ცხადია, თუ პრეტენზია გვაქვს, ცივილიზებული მსოფლიოს თანასწორუფლებიანი წევრი ვიყოთ, საჭიროა ფუნდამენტური მეცნიერების განვითარება. ზოგს ესეც არასწორად ესმის, ფიქრობს, რომ მეცნიერება დასავლეთის თვალში იმიჯის შესაქმნელად არის საჭირო. ეს უარესი პოზიციაა, ვიდრე “ხედვა“, რომ ფუნდამენტური კვლევები საერთოდ არაა საჭირო. რაც შეეხება დივიდენდებს, მგონია, რომ მეცნიერების რეფორმის განხორციელებას სწორედ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის შეუძლია დღევანდელი დივიდენდიც კი მოგვიტანოს, მაგრამ არათუ კონცეფცია არ განახორციელდა, ისედაც მილევად რეჟიმში მომუშავე რუსთაველის ფონდი, შესაძლოა, მომავალი წლიდან საგრძნობლად შემცირებული ბიუჯეტით მოგვევლინოს. ეს, პრინციპში, მეცნიერების დასამარებას ნიშნავს. სამწუხაროდ, საზოგადოებასაც არ ესმის რეფორმის მნიშვნელობა, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ჩაკეტილი წრესავითაა, არ ესმის, იმიტომ, რომ კარგა ხანია, განათლება პრიორიტეტული არ არის, ხოლო იმისათვის, რომ საზოგადოებამ ეს გაიგოს, რეფორმაა საჭირო.

- დასავლეთში ფუნდამენტური მეცნიერება უნივერსიტეტებში ვითარდება. ალბათ ეს უფრო ეფექტური საშუალებაა, იმიტომ რომ, მეცნიერების ძირითადი “პროდუქტი“ ახალი ცოდნაა, მაგრამ რეალურად მთავარი “პროდუქტი“ ამ ახალი ცოდნით “გაჯერებული“ ხალხია. ამზადებენ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ეს ცოდნა კი არ აქვს, ასევე იცის საშუალებები, ის როგორ „აწარმოოს“. თქვენი უნივერსიტეტი ამ პირობებში რა გასაქანს აძლევს სტუდენტს და პედაგოგსაც?

- დასავლეთში ორი მიდგომა არსებობს უნივერსიტეტებში და უნივერსიტეტების გარეთ კვლევის წარმოებისა, თუმცა იქ, სადაც უნივერსიტეტის გარეთაა კვლევა, ამისი მაგალითი გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტებია, ცდილობენ, კვლევის პროცესში ძალიან აქტიურად ჩართონ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. სამწუხაროდ, საბჭოთა რეალობის კონტექსტში სიტუაცია ოდნავ სხვანაირი იყო: ისე აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტებში კვლევები ნაკლებად წარმოებდა და ცენტრი კვლევით ინსტიტუტებში იყო გადანაცვლებული. თუმცა ამ პრაქტიკის განზოგადება ნამდვილად არ შეიძლება, რადგან საბჭოთა მეცნიერების უმთავრესი თავისებურება სამხედრო ტექნოლოგიებზე ორიენტირება იყო. გადაჭრით ძნელია თქმა, რომელი სისტემაა უკეთესი, ჩემი აზრით, სწორი მართვის შემთხვევაში ორივე მიდგომა საკმაოდ წარმატებულად იმუშავებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში მიდგომა მარტივია: კარგი ლექტორი ვერ იქნები, თუ მეცნიერი არ ხარ, არ ვიცი, სხვა სფეროებში როგორაა, მაგრამ ფუნდამენტურ მეცნიერებებში ნამდვილად ასეა. ფიზიკის სწავლება, თუნდაც ბაკალავრიატის დონეზე, მხოლოდ სწავლების კომპონენტს არ უნდა მოიცავდეს და სტუდენტებისთვის კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიცემაზეც უნდა იზრუნოს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, წავახალისოთ სტუდენტების ყოველი ინიციატივა კვლევაზე. ჩვენი მეორეკურსელები (ამჟამინდელი მესამეკურსელები) კვლევაში ჩაერთვნენ და მიღებული შედეგები მოგვიანებით ჯერ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე, ხოლო შემდეგ შოტლანდიაში, ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს. საკუთარი კვლევის შედეგებს, როგორც წესი, მაგისტრატურისა და განსაკუთრებით დოქტორანტურის სტუდენტები წარადგენენ ხოლმე, ამ

შემთხვევაში კი მეორე კურსის ბაკალავრებზეა საუბარი. ეს უკვე დიდი წარმატებაა, ყოველ შემთხვევაში, სტუდენტებმა გაიგეს, რა არის ნამდვილი მეცნიერება და თუ მომავალში არჩევანს გააკეთებენ, ამ გამოცდილების გათვალისწინება ნამდვილად მოუწევთ. მონდომებული სტუდენტები ჩანან, კვლევებში ჩართვის სურვილიც აქვთ. ვნახოთ, ყველაფერი წინაა.

პედაგოგისთვის ასეთი ინიციატივები ორმაგად საჭიროა, რადგან, როგორც აღვნიშნე, კარგი ლექტორი ვერ იქნები, თუ მკვლევარი არ ხარ, ამიტომ აუცილებელია სამეცნიერო ატმოსფეროს შექმნა საუნივერსიტეტო გარემოში, რომელიც უპირველესად სტუდენტებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ადამიანი შემეცნების სურვილით იბადება, დროთა განმავლობაში ეს სურვილი ბევრს უქრება, ზოგიერთებს კი - არა, სწორედ ეს ადამიანები არიან პოტენციური მეცნიერები. ჩემი აზრით, მკვლევრის მუშაობაში ყოველთვის ორი ფაქტორი მონაწილეობს: ერთი უშუალოდ კვლევის პროცესია, როგორც წესი, სასიამოვნო, მაგრამ, ამავე დროს, მუდმივად არსებობს რისკი, რომ შესაძლოა კვლევამ თვეები წაიღოს და შედეგი უარყოფითი აღმოჩნდეს. ამიტომაცაა, რომ მეცნიერებაში რჩება ის, ვისაც მართლა უყვარს ეს საქმე. ამ მხრივ ფიზიკოსში ნამდვილად არის სამყაროს შემეცნების სურვილი. გნებავთ, ამ შემოქმედებითი სტიმულის წინაპირობას ოცნება დაუძახეთ.

- თქვენი პროფესიული ინტერესი როგორ ჩამოყალიბდა? რას გაიხსენებთ უნივერსიტეტზე, პედაგოგებზე და მათზეც, ვინც, თავისდა უნებურად, მასწავლებლის როლი ითამაშა, ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, მიდრეკილებების განვითარებაზე იმოქმედა.

- ბუნებაში მიმდინარე უცნაური მოვლენებით რომ დავინტერესდი, 10-11 წლის ვიქნებოდი. მშობლები შორეული ვარსკვლავების, ძველი მეცნიერებისა და სხვადასხვა იდუმალი მოვლენის შესახებ მიყვებოდნენ, ეს ყველაფერი ძალიან მიზიდავდა. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში “ფორმა მიეცა“ ჩემს გატაცებებს. მათემატიკას თამაზ აქუბარდია გვასწავლიდა, სულ რაღაც ერთი წლით იყო ჩვენთან მოსული, მაგრამ დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ მეცნიერებას გავყევი. მან ეს არც იცის.

მეშვიდე ან მერვე კლასში ვიქნებოდი, ბიძამ ცნობილი ავტორის (პერელმანის) წიგნი “სახალისო ფიზიკა“ რომ მაჩუქა, ფიზიკის შესახებ ასეთი ენით დაწერილი არაფერი წამეკითხა. ბევრი სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი გვქონდა გამოწერილი, საკმაოდ ბევრს ვკითხულობდი, უყურადღებოდ არც ბუნებისმეტყველების შესახებ შემეცნებით გადაცემებს ვტოვებდი, ბიოლოგია და ქიმიაც მაინტერესებდა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დღეს არც სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა გამოდის, არც ტელევიზია გვანებივრებს შემეცნებითი გადაცემებით. თან, ჩემი აზრით, საკმაოდ უსუსური არგუმენტით იმართლებენ თავს, თითქოს “ბაზარზე“ მოთხოვნილება არ იყოს.

- რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თქვენთვის უცხოეთში სწავლა? დასავლელი მეცნიერები მენტალიტეტით განსხვავდებიან ჩვენებისგან, თუ არა მენტალიტეტით, არამედ მეცნიერების სისტემის ორგანიზაციით?

- 90-იან წლებში რესპუბლიკურ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის კარგა ხანს კურირებდა და აფინანსებდა სოროსის ფონდი. ამ პროცესში მეც ვიყავი ჩართული - რესპუბლიკის მასშტაბით ფიზიკის ოლიმპიადებისთვის ამოცანებს ვადგენდით. მაშინ გავიცანი შესანიშნავი ასტროფიზიკოსი, ბატონი გია მაჩაბელი - ასტროფიზიკის ერთ-ერთ მიმართულების, ე. წ., ქართული მოდელის ავტორი. მან რამდენიმე საინტერესო სამეცნიერო პრობლემის შესახებ მიამბო, ერთი იმდენად მომეწონა, გადავწყვიტე ძალები მომესინჯა. პირველ სამეცნიერო სტატიაზე მუშაობა დავიწყე ბატონ გიასთან და ფიზიკოს ანდრია როგავასთან ერთად, რომელიც შემდეგ ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელი გახდა საქართველოს მხრიდან. ანდრია მჭიდროდ თანამშრომლობდა ტურინის უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფთან და რამდენიმე ერთობლივ სამეცნიერო ნაშრომში ჩავერთე. ასე დაიწყო ჩემს მომავალ იტალიელ ხელმძღვანელთან თანამშრომლობა. ცოტა ხანში ამ უნივერსიტეტის დოქტორანტურაში წავედი. ჩემი სადოქტორო თემა იყო: “ასტროფიზიკურ დინებებში აჩქარებისა და მდგრადობის ზოგიერთი ასპექტის შესახებ“.

მომავალი მეცნიერისთვის ჰაერივით აუცილებელია სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, ცოდნის გაცვლისა და ერთობლივ პროექტებში ჩართვის მიზნით და ა.შ. სამეცნიერო საზოგადოებაში გეოგრაფიული საზღვრები არ არსებობს, შედეგად კი ფაქტობრივად ინტერკულტურული გაცვლაც გამოდის.

ტურინის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში, სადაც რამდენიმე წელი გავატარე, მუდმივად იმართება სამეცნიერო სემინარები, რომლებზეც ადგილობრივი პროფესურა და თანამშრომლები პერიოდულად თავიანთი კვლევის შედეგებს წარმოადგენდნენ. ასეთი სისტემა გაიძულებს, ყოველთვის ფორმაში იყო. ამავე დროს, უნივერსიტეტის მიერ წარმოებული კვლევა რომ წარმატებული იყოს, ზემოთ ვახსენე ორი ტიპის მოდელი კვლევისა - უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში, ჰოდა, ტურინში ყოფნისას ფაქტობრივად ორ ჯგუფთან მომიწია მუშაობა - ფიზიკის დეპარტამენტში და ტურინის ასტრონომიულ ობსერვატორიაში. ორივე ჯგუფი მსოფლიოში წამყვანია ასტროფიზიკური დინებების კვლევაში.

აქტიურად ვთანამშრომლობ ჰაიდელბერგის მაქს პლანკის ბირთვული კვლევების ასტროფიზიკურ ჯგუფთან. ეს ცენტრი ხშირად იწვევს მეცნიერებს და აუცილებელ პირობად ითვლება, რომ უნდა წაიკითხონ მოხსენებები თავიანთი უახლესი კვლევების შესახებ. ასევე ვთანამშრომლობ ლუვენის (ბელგია) კათოლიკური უნივერსიტეტის პლაზმური ასტროფიზიკის განყოფილებასთან. ეს ჯგუფიც მეტად წარმატებულია და ამ წარმატების საიდუმლო მარტივია: კვლევის წარმოებას ყველანაირად უწყობს ხელს სახელმწიფო სხვადასხვა ნაციონალური გრანტით. როდესაც პარალელს ვავლებ, ჩვენთან რა ხდება, ცა და დედამიწასავითაა...

გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა, დასავლურ პრაქტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. ალუმნის სისტემა, ანუ წარმატებული კურსდამთავრებულები, როგორც წესი, თავიანთ ყოფილ სასწავლებელს ყოველწლიურად სწირავენ შემოსავლის გარკვეულ ნაწილს.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, უცხოეთში ყოფნისას უფრო აქტიურად ვარ ჩართული არა მარტო მეცნიერებაში, სპორტშიც, რადგან ყველანაირი საშუალებაა ამისთვის. მეტიც, უნივერსიტეტებში იმდენად სერიოზულად დგას სპორტის საკითხი, რომ იმავე ლუვენის უნივერსიტეტს ოლიმპიური ჩემპიონებიც ჰყავს. იმის თქმა მინდა, რომ საუნივერსიტეტო სისტემა მართლა უნივერსალურობაზეა ორიენტირებული, არა მარტო ვიწრო სპეციალიზაციაზე. საქმესაც ასწრებ და გართობასაც.

რაც შეეხება განსხვავებას, ეს ძირითადად მეცნიერების სწორ ორგანიზებას ეხება, რაც ფაქტობრივად აგებულია აკადემიური თავისუფლების პრინციპზე, რომელიც ჩვენთან აქილევსის ქუსლივით აღმოჩნდა.

- მეცნიერება შემეცნების ერთი ფორმაა. ცხადია, არა ერთადერთი: საუბარი შეიძლება ცხოვრებისეულ შემეცნებაზე, ჰუმანიტარულზე, ფილოსოფიურზე, მხატვრულზე, რელიგიურზე. მთელი ამ მრავალფეროვნებიდან მეცნიერება ალბათ ყველაზე მკაფიო, გარკვეულ, ობიექტურ ფორმად ითვლება და ის „საზომი“, რომელიც მეცნიერებას აქვს, ვერ უახლოვდება შემეცნების ვერც ერთ სხვა სახეობას. მეცნიერება და რელიგია, როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, სხვადასხვა კითხვებზე გვპასუხობს, მეცნიერება კითხვაზე- “როგორ“, ხოლო რელიგია გვიხსნის - “რატომ“. კითხვებზე, რომელიც ადამიანს ცნობიერად თუ ქვეცნობიერად აწუხებს და რომლებსაც მეცნიერება სვამს, მეცნიერული პასუხის გაცემა დღესაც შეუძლებელია და სხვაგან იწყებენ პასუხის ძიებას, მაგალითად, რელიგიაში. მეცნიერებისა და რწმენის ურთიერთმიმართება მარტივი არ არის. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ფუნდამენტური წინააღმდეგობა არსებობს...

- მე სრულიად ვიზიარებ ცნობილი ამერიკელი ფიზიკოსის (ნობელის პრემიის ლაურეატის) ტაუნსის აზრს, რომ მეცნიერება და რელიგია ორივე უნივერსალურია და რაიმე წინააღმდეგობაზე ლაპარაკი ზედმეტია. საერთოდ, მეცნიერული აბსოლუტიზმის თეზა (მე-19 საუკუნეში ასე მოდური) - ვინაიდან ჩვენ იმდენად კარგად შევიმეცნეთ სამყარო, რომ ღმერთის არარსებობა დავამტკიცეთ, არათუ მოძველდა, პრინციპულად მცდარია. საქმე ის გახლავთ, რომ მეცნიერული პარადიგმა რელიგიურისგან ძირეულად განსხვავდება, ასე ვთქვათ, არ თანაიკვეთება. პრობლემა კი მხოლოდ მაშინ გვაქვს, თუ ჩნდება საერთო არეალი, სადაც ორი კონცეფცია ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას, ვიტყოდი, რომ ამის შედეგად, რელიგიისთვის უფრო მცირე ადგილი კი არა, შეიძლება ითქვას, ობიექტურად მისთვის ყველაზე უფრო სწორი ადგილი ჩანს. მორწმუნეთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიბლია ყველაფერს უნდა ხსნიდეს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა, არ შეიძლება ამ წიგნის რომელიმე საბუნებისმეტყველო დისციპლინის სახელმძღვანელოს დონემდე დაყვანა. მე-20 საუკუნის შესანიშნავი ფიზიკოსი და კვანტური მექანიკის ერთერთი ფუძემდებელი, ვერნერ ჰეიზენბერგი შესანიშნავად ხსნის, რომ მეცნიერება ცდილობს, რაც შეიძლება ობიექტურად დაინახოს ესა თუ ის მოვლენა, ხოლო რელიგიური ენა მოწოდებულია, როგორმე თავიდან აიცილოს სამყაროს გახლეჩა ობიექტურ და სუბიექტურ რეალობებად. ჰეიზენბერგი ამბობს, რომ არავის შეუძლია ერთმნიშვნელოვნად დაამტკიცოს, რომ ობიექტური უფრო რეალურია, ვიდრე სუბიექტური.

რაც შეეხება ეინშტეინის ცნობილ მოსაზრებას, რომ “მეცნიერება რელიგიის გარეშე ხეიბარია, ხოლო რელიგია მეცნიერების გარეშე - ბრმა“, მე მაინც მგონია, რომ თუ სამყარო მოწყობილია ისე, რომ მისი შეცნობა პრინციპში შესაძლებელია, მაშინ მეცნიერულ კვლევაში ღმერთის კონცეფციის შემოტანა საჭირო არ არის, მკვლევარი ამ კონცეფციის გარეშეც მიიღებს შედეგს და ეს სრულიად არ აკნინებს ღმერთის იდეას, როგორც ასეთს. მეორე საკითხია, ე.წ., “ქრისტიანული მეცნიერების“ სახელით ცნობილი კრეაციული მოძრაობა, რომელიც სახელს უტეხს როგორც მეცნიერებას, ისე ქრისტიანობას. ამ ორ კონცეფციას შორის წინააღმდეგობა ნამდვილად არის, მაგრამ კრეაციონიზმს მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს.

- სტატისტიკის მიხედვით, მეცნიერები საშუალოდ ნაკლებად რელიგიურები არიან, ვიდრე საზოგადოების სხვა ფენები. თქვენი რწმენა მოზრდილი ადამიანის შეგნებული არჩევანი იყო თუ ოჯახიდან მოდის? რა მიზანს ისახავს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი, რომლის წევრიც ხართ?

- ჩემი ოჯახი არც განსაკუთრებული რელიგიურობით გამოირჩეოდა და არც იმ დროისთვის დამახასიათებელი მებრძოლი ათეიზმით. პირველად ინტერესი გამიჩნდა არა იმდენად წმინდა რელიგიური, არამედ იმდროინდელი სისტემის მიმართ შინაგანი პროტესტის გამო, შემდეგ ეს ინტერესი გაღრმავდა ქრისტიანობის ფილოსოფიის გაცნობასთან ერთად, ხოლო ცოტა ხანში ძალიან ბუნებრივად აღმოვჩნდი ეკლესიაში. მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა პერიოდში ხალხი მასობრივად მიაწყდა ეკლესიას და ზოგ შემთხვევაში ამ პროცესმა იმდენად ზედაპირული ხასიათი მიიღო, დღეს მორწმუნე ადამიანთა საგრძნობი ნაწილი არც იცნობს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდეს ინტელექტუალურ საუნჯეს. დაახლოებით ორი წლის წინ სამმა თანამოაზრემ გადავწყვიტეთ, საიტი შეგვექმნა, სადაც განვათავსებდით სტატიებს (მათ შორის, ცნობილ ღვთისმეტყველთა ნაშრომებს) იმ საკითხების შესახებ, რომლებიც, ერთი მხრივ, უცნობია ქართულენოვანი მორწმუნე საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ, აქტუალურია მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში. დროთა განმავლობაში შემოგვიერთდნენ პროფესიონალი ღვთისმეტყველები, საეკლესიო სამართლის სპეციალისტები, მეცნიერები და ბუნებრივად გაჩნდა ასეთი ცენტრის შექმნის იდეა.

ჯერჯერობით ჩვენი საქმიანობა ინტერნეტპუბლიკაციებით შემოიფარგლება, თუმცა მომავალი წლიდან ვაპირებთ საჯარო ლექციებსაც, მოგვიანებით ვგეგმავთ წიგნის გამოცემასაც საიტზე განთავსებული სტატიებით და მცირეკონფერენციის მოწყობასაც, ვნახოთ რა გამოვა.

ამავე დროს, ცენტრის ინტერნეტპუბლიკაციების შინაარსიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვენი საქმიანობა იმ ადამიანებზეა ორიენტირებული, ვინც შესაძლოა არცაა ეკლესიის წევრი, თუმცა აინტერესებს ქრისტიანული ღვთისმეტყველება და მასთან დაკავშირებული საკითხები არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად. მაგალითად, არაერთხელ გამიგონია მეცნიერებისგან გულისტკივილი იმის თაობაზე, რომ ეკლესიაში თითქოს არაა ადგილი მეცნიერებისთვის, რომ ხშირად მორწმუნეები ძალიან ზედაპირულად წერენ ზოგადად მეცნიერების შესახებ და ზოგჯერ სრულ იგნორირებას ახდენენ, როგორც, მაგალითად, კრეაციონიზმის შემთხვევაში. ამიტომ ჩვენი ცენტრის პუბლიკაციებში ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა ეს სფერო.

- რატომ არის საშიში მებრძოლი ათეიზმიდან ეკლესიის გაბატონებულ როლზე ნაჩქარევი გადასვლა? ადრე ამ საკითხებზე განსაკუთრებით არავინ ფიქრობდა - რელიგია ხალხისთვის ოპიუმად ითვლებოდა. დღეს ეს დამოკიდებულება შეიცვალა. საყოველთაო გატაცება რელიგიით ჩვენი ერთგვარი სულიერი კრიზისის სიმპტომი ხომ არ არის? დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი კრძალავს ეკლესიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარს...

- ზუსტად ასეა, სავარაუდოდ ასეთი ფსევდოქრისტიანობა ისეთივე საშიშია, როგორც მებრძოლი ათეიზმი.

სხვათა შორის, იტალიაში პირველი, რაც თვალში მომხვდა, იყო აკადემიურ სფეროში მომუშავე ადამიანთა ანტიკლერიკალური დამოკიდებულება, არადა ვატიკანში პაპის რეზიდენციაა. ამას იტალიელები მარტივი მიზეზით ხსნიან, რომ ვატიკანი კარგა ხნის განმავლობაში იმავე როლს ასრულებდა მათთვის, რასაც კომუნიზმი - ჩვენთან. იმის თქმა მინდა, რომ თუ ჩვენთან ეკლესია ისეთივე ხისტი იქნება, როგორც ოდესღაც იტალიაში, სამრევლოები ძალიან მალე დაცარიელდება და შესაძლოა, ამან შეუქცევადი ხასიათიც მიიღოს. მეორე მხრივ, ეკლესიას უდიდესი მისიონერული პოტენციალი აქვს, რომელსაც, სავარაუდოდ, სრულფასოვნად არ იყენებს.

რა თქმა უნდა, ეკლესია ამ შემთხვევაში იმ ავბედითი პერიოდის მსხვერპლიცაა, თუმცა მაინც მგონია, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება, თუნდაც სამეცნიერო-აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. პრობლემებს და მათზე საუბარს რაც შეეხება, სამწუხაროდ ეს ზოგადად საზოგადოების პრობლემად მიმაჩნია. კრიტიკა მტრის კრიტიკასთან არ უნდა ასოცირდებოდეს, არსებობს ჯანსაღი კრიტიკაც. მაგალითად, მახსოვს დისერტაციაზე მუშაობისას ერთი გერმანელი მეცნიერის სტატიაში საკმაოდ უხეში შეცდომა ვიპოვე (რომლისგან დაზღვეულიც არავინაა). ამის შესახებ ჩვენს სტატიაში აღვნიშნეთ კიდეც. ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ავტორმა შეცდომის პოვნისთვის თავის მომდევნო პუბლიკაციაში მადლობა გადაგვიხადა. მოგვიანებით ერთობლივი შრომაც დავწერეთ და საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა დავიწყეთ. ასე რომ, კრიტიკაც არის და კრიტიკაც...

- მეცნიერთაგან ფიზიკოსები ალბათ უფრო ფილოსოფიურად უყურებენ ცხოვრებას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ფიზიკა ფუნდამენტური ცნებებით აზროვნებს, რასაც იგი მიჰყავს სამყაროს საფუძვლიანი გაგების მცდელობამდე. ასტრონომიასაც ალბათ იმავე მიმართულებით მივყავართ. რა ადგილი უკავია ასტროფიზიკას თანამედროვე მეცნიერების კონტექსტში? რა კავშირშია ეს ორი სფერო ერთმანეთთან?

- ფიზიკა უდავოდ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) შორის, ვინაიდან ყველა იმ მოვლენას, რასაც ქიმიასა და ბიოლოგიაში ვხვდებით, ფიზიკური კანონები უდევს საფუძვლად. ასტროფიზიკა-ასტრონომია ნამდვილად საინტერესო დარგია. თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი მიმართულება, როგორიც კოსმოლოგიაა, სამყაროს წარმოშობას შეისწავლის, კაცობრიობას კი ეს საკითხები ყოველთვის აინტერესებდა.

წმინდა პროფესიული თვალსაზრისით კი, გალაქტიკებსა და მათ ცენტრში მიმდინარე მოვლენები, რაც ჩემი ბოლო რამდენიმე წლის სამეცნიერო კვლევით ინტერესს წარმოადგენს, მეცნიერების ამ დარგის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გალაქტიკების ცენტრში, სავარაუდოდ, ძალიან დიდი მასის შავი ხვრელია, რაც ალბათ იმდენად დიდი ენერგიის წყაროა, რომ შეუძლია ახსნას პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. კოსმოსური სხივების ფიზიკასთან.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ასტრონომია დღეს ძირეულად ახალ ეტაპზე გადავიდა პლანეტარული სისტემების ძიების თვალსაზრისით. ეს ისეთი ვარსკვლავების ძიებაა, რომელთა გარშემო მზის მსგავსად პლანეტები მოძრაობენ. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აძლევს სტიმულირებას: მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა სიცოცხლის შესაძლო არსებობა კოსმოსში. შედეგად, თუ აღმოვაჩინეთ ისეთი პლანეტები, სადაც პირობები მეტ-ნაკლებად ახლოსაა დედამიწის პირობებთან, ჩნდება შანსი იქ სიცოცხლის დაბადებისა, ეს კი, თავის მხრივ, ბუნებისმეტყველების ყველა დარგისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.