ჩემი თეატრი მე თვითონ შევქმენი
17 ნოემბერი, 2013
178
print

“თუ გულით არ იცეკვებ, არაფერი გამოგივა, მაყურებელს ვერაფერს აგრძნობინებ და ისიც შენთან ერთად გაჩერდება!..“

- სპექტაკლის წინ ეს რჩევა ლეგენდარული ბორის ეიფმანისგან თითქმის ყველა მოცეკვავისთვის საერთოა. მომავლის ბალეტმაისტერთან, ან როგორც უწოდებენ ქორეოგრაფ-ფილოსოფოსთან მუშაობა ბევრი ბალერინისთვის უბრალოდ ოცნებაა, ცალკე ამბიცია, რომელსაც მოაქვს რენომე...

„ადამიანი, რომელმაც გაბედა,“ - ასე წერდა The New-York Times ბორის ეიფმანზე, რომელმაც აკადემიური კლიშეებისგან განთავისუფლებული „უპუანტო“ თეატრალური ბალეტის შექმნისთვის „ქორეოგრაფიული დისიდენტის“ რეპუტაცია შეიძინა. ეიფმანისეული მოდერნ-ბალეტის თეატრალურობაშია მოქცეული მისეული გააზრების მთავარი ხაზი - პოლიფონიურობა და დრამატიზმი, რაც თითქმის ყველა პერფორმანსის კულმინაციაა - როცა კორდებალეტი ძალიან აქტიურად მოძრაობს პლასტიკის ჩართულ „მექანიზმში“ და ამას აზრობრივად სიმბოლური ახსნა აქვს. ამიტომაც ფოლადის სიმივით ჩამოსხმული ბალერინებისთვის მაინც რთულია ეიფმანის ესთეტიკაში მის ექსტრემალურ სტილთან ერთად მოძრაობის „სტრესულ“ ფორმებს გაუძლონ, ბალეტის თეატრალურობაში შექმნან სცენური ფსიქოანალიზის ისეთი სახე, რომ ბალეტმაისტერმა უთხრას: Super! შენ სცენაზე აზროვნებ, ეს იყო ის შესრულება, რაც მე ჩავიფიქრე!..

ეიფმანმა თავის კარიერაში შექმნა 40-ზე მეტი ბალეტი, ქორეოგრაფიული ნახაზის სიმკვეთრით გამორჩეული ფსიქოდრამები, რომლებიც გადმოსცემენ გმირების ვნებათა უკიდურეს ღელვას. თავისი ხედვით ააწყო საავტორო რეპერტუარი, რომელიც ფართოა ჟანრობრივად და შინაარსით: კამერული ბალეტების პროგრამები - „ავტოგრაფები“, „მეტამორფოზები“, ბალეტი-ბუფები - „შეშლილი დღე, ანუ ფიგაროს ქორწინება“, „მეთორმეტე ღამე“, „ოსტატი და მარგარიტა“, „სასიყვარულო ინტრიგები“, ბალეტი-იგავები - „ლეგენდა“, ბალეტი-ზღაპრები - „ფასკუნჯი“, „პინოქიო“...

მსოფლიოს დიდ სცენებზე გახმაურებულ ბალეტ-ოპუსებს შორისაა სპექტაკლები, როლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: „რექვიემი“, „ჩაიკოვსკი“, „დონ-კიხოტი, ანუ გიჟის ფანტაზიები“, „კარამაზოვები“, „წითელი ჟიზელი“, „ჩემი იერუსალიმი“, „რუსი ჰამლეტი“, „დონ ჟუანი და მოლიერი“, „მუსაგეტი“, „იდიოტი“, „ანა კარენინა“, „ჩაიკა“, „ონეგინი“...

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ბორის ეიფმანის ბალეტის თეატრი სანკტ-პეტერბურგში 1977 წელს შეიქმნა. თავდაპირველად „ახალი ბალეტი“ საავტორო თეატრის სახით ჩამოყალიბდა, რაც იმ დროისათვის უნიკალური მოვლენა იყო. ერთი რეჟისორის ლაბორატორიაში, მიუხედავად იმისა, რომ დასს არ ჰქონდა არც სცენა, არც მუდმივი სარეპეტიციო დარბაზი, თუმცა ჰქონდა ოპტიმიზმი, ფანატიზმი და ამბიცია იმ თამამი ექსპერიმენტული ბალეტი-დრამების მიმართ, რომლებმაც დიდი ფურორი მოახდინა მაყურებელზე, კრიტიკა კი ალაპარაკდა მოდერნ-ბალეტში ნოვატორულ ტენდენციებზე. თუმცა იყვნენ რეტროგრადებიც, რომლებმაც ახალი თაობის ბალეტმაისტერის ფენომენი არ დაიჯერეს, მერე ძლივს აღიარეს, ოღონდ ძალიან გვიან... ასეა თუ ისე, პრემიერის მერე „დუხოგოლოსიესა“ და „ბუმერანგის“ ახალგაზრდა ბალეტმაისტერზე The New York Times წერდა: „ბორის ეიფმანი - ადამიანი, რომელმაც გაბედა.“ ის ფაქტი, რომ მან მიმართა თანამდროვე მუსიკალურ მოტივებს და ამით დრამატიზმი შემოიტანა პლასტიკაში, აფეთქების თანაფარდი იყო, მეტიც Pink Floyd-ის, მაკლაფლინისა და უეიკმანის „Yes“ კომპოზიციების შეერთებამ გამაოგნებელ, ემოციურ, აკადემიური კლიშეებისგან თავისუფალ „უპუანტო“ ქორეოგრაფიასთან ეიფმანს „ქორეოგრაფიული დისიდენტის“ რეპუტაცია შესძინა.

1970-იანი წლების ბოლოს, 1980-იანი წლების დასაწყისში ეიფმანს აქვს თავისი მიდგომა რეპერტუარის მიმართ, მან ზუსტად იცის, საით მიმართოს ენერგია რომ ფორმაში ვიზუალური შინაარსი გახსნას... სანამ „ახალი ბალეტის“ თეატრი ბორის ეიფმანის სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდება, აფიშებზე ჩნდება ბალეტები, რომლის დრამატურგიას საფუძვლად ედება ლიტერატურა მსოფლიო კლასიკიდან. საკუთარი ქორეოგრაფიული ხელწერის ძიებაში მისტერ ეიფმანი განსაზღვრავს ჟანრს - „ფსიქოლოგიური ბალეტი“, რაზეც ფიქრობს, სხვადასხვა პლასტიკურ სისტემას ამუშავებს, მოძრაობას მისად აქცევს, აყალიბებს ეიფმანისეული ტექნიკის სტილს, საავტორო ქორეოგრაფიას, სადაც ერთნაირად თანაარსებობს სხეულის ენის დინამიკა და “მკვდარი“ სტატიკური პაუზა. ამიტომაც „ბალეტის ფილოსოფოსის“ კონცეფციასა და კრეატიულ ხელწერაში შემოვიდა ეკლექტიკა, სადაც საბალეტო სპექტაკლთან ერთად მთავარია თეატრალურობა, პლასტიკური აზროვნება, მოდერნ-ბალეტის ახალი ფორმები და პრინციპები.

„ჩემთვის ცეკვა არა ფიზიკური, არამედ სულიერი პროცესია. მთელი ჩემი მოღვაწეობის მანძილზე საბალეტო თეატრის შესაძლებლობების საზღვრების გაფართოებას ვემსახურები და პირველ რიგში სხეულის ენას ვეძებ, რომელსაც სულის ცხოვრების გამოხატვა შეუძლია,“ - აცხადებს ეიფმანი, ქორეოგრაფ-ფილოსოფოსი. ამის გარდა, თავის სპექტაკლებში ბორის ეიფმანი მიმართავს ადამიანური ყოფიერების უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მას აწუხებს როგორც თანამედროვეობის პრობლემები, ასევე აინტერესებს გახსნას აბსოლუტური გენიოსების შემოქმედებითი მაგია, რასაც აჩვენებს კიდეც ჩაიკოვსკის, მოლიერის, ბალანჩინის ცხოვრებისეული ბედის სცენურ ინტერპრეტაციაში. აქ ეიფმანი ერთგვარად „დეტექტივია“, როდესაც ქმნის სცენური ფსიქოანალიზის ოპუსებს „ჩაიკოვსკი“, „დონ-კიხოტი“, „წითელი ჟიზელი“, „ანა კარენინა“...

„იმ ქორეოგრაფებიდან, რომლებიც სიუჟეტურ სპექტაკლებს დგამენ წამყვანი თეატრებისთვის, რუსი რომანტიკოსი ბორის ეიფმანი ერთადერთია, რომელიც XXI საუკუნეს სრულიად შეესაბამება... ეიფმანი ეპოქას უსწრებს.“ - Lewis Segal, Los Angeles Times.

საბალეტო დასი თავისი ვირტუოზულობით, ცეკვის თავისუფლებით, უფრო მეტი დინამიზმით, პლასტიკური აზროვნებით იმარჯვებს დასავლეთზე, მსოფლიოს დიდ და პრესტიჟულ სცენებზე ეიფმანის ქორეოგრაფია მაგნიტივით იზიდავს მაყურებელს, - ცნობილი ბალეტის კრიტიკოსი ანა კისელგოფი/Anna Kisselgoff ნოვატორ ეიფმანს თანამედროვე ბალეტმაისტერებს შორის ლიდერად დაასახელებს: „საბალეტო სამყაროში მთავარი ქორეოგრაფის ძებნა უნდა შეჩერდეს, რადგან ის ნაპოვნია, და ეს - ბორის ეიფმანია.“ - The New York Times

და მაინც, სუპერ ექსპერიმენტატორი ბორის ეიფმანი - ახალი სამსახიობო სკოლის დამაარსებელი, ბალეტის არსს განსაზღვრავს როგორც სულიერ პროცესს. მოცარტისა და ბალანჩინისადმი მიძღვნილ მოდერნ-ბალეტებზე ის ამბობს: „მუსაგეტი“ ეს სპექტაკლი დიდ ქორეოგრაფს, ჯორჯ ბალანჩინს ეძღვნება. ეს ჩემი აღტაცებაა მისით, ერთგვარად ვალის გადახდა საბალეტო რუსეთისგან იმის მიმართ, ვინც ასე გენიალურად განავითარა და სრულყო რუსული ბალეტის თეატრის ტრადიციები და მართლაც შესაძლებელი გახადა XIX-დან XXI საუკუნისკენ ცეკვის განვითარება. ეს არ არის ბიოგრაფიული ბალეტი, მაგრამ მასში არის ქორეოგრაფის პიროვნება, რომლის ცხოვრებამაც საბალეტო დარბაზში განვლო, იქ, სადაც ყველაფერი შემოქმედებას ემორჩილებოდა, შემოქმედებისთვის კი სული მისმა ბედმა გაიღო. მე ჩავიძირე ბალანჩინის ბალეტებში, გაოგნებული ვიყავი თვით ბალანჩინის პიროვნებით და უკვე აღარ შემეძლო ამ ხიბლისგან გათავისუფლება. ბალეტ „მუსაგეტს“ მუსიკალურ საფუძვლად ბახის მუსიკა დაედო. იდეალური ემოციები, პოლიფონიური აზროვნება, ზეციურისა და მიწიერის ურთიერთკავშირი - ეს არის ის, რაც ერთმანეთთან აახლოებს ბახისა და ბალანჩინის შემოქმედებას... როცა მოცარტის „რექვიემს“ ისმენ, გრძნობ მარადიულ სუნთქვას... არც ერთ ჩემს სპექტაკლში არ ვყოფილვარ ასე გულწრფელი, ასე შინაგანად გაშიშვლებული, როგორც მოცარტის „რექციემში“. ის შეიძლება მიიღო, ან უკუაგდო, მაგრამ ეს ჩემი წარსული, აწმყო დ მომავლის წინათგრძნობაა. რამდენი გაბოტორება, ცილისწამება, შური და ძალადობაა ჩემს ხსოვნაში, ბედნიერებისა და სიყვარულის რამდენი უჭკნობი შეხება... მხატვრული შემოქმედება იყო მოცარტის ბუნების ნამდვილი აზრი და შინაარსი, არა სამგლოვიარო საგალობელი, არამედ ტანჯვის, იმედისა და კაცობრიობის მიმართ სიყვარულის უდაზღვრო განცდა.“

სცენაზეა 46 მოცეკვავე, დასი ბორის ეიფმანის ლაბორატორიიდან... რუსთაველის თეატრში მიდის სპექტაკლი „ცოდვის მიღმა“, რომლის წარმდგენი საქართველოში ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდია, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ბალეტი „ცოდვის მიღმა“ ნოვატორი ქორეოგრაფისთვის გახდა დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ ახლებური პლასტიკური გადაკითხვა. ამ ბალეტის პრემიერა შედგა 2013 წლის 29 აპრილს... ეიფმანმა კარდინალურად გადაამუშავა თავისი 1995 წლის სპექტაკლი „კარამაზოვები“ რუსული ლიტერატურის მოტოვებზე და შექმნა ემოციურად და ინტელექტუალურად მდიდარი საბალეტო ფსიქოდრამა მარადიული ღირებულებების ტოტალურ კრიზისსა და ადამიანის სულის გადარჩენაზე, რასაც ასე აშკარად გრძნობს და განიცდის XXI საუკუნის დასაწყისში. როგორც ამბობენ, დოსტოევსკი მხოლოდ ლეგენდარული ეიფმანის „ზომაა“.

რუსული ოქროს ხანიდან რუსი რომანისტის ეს ყველაზე დიდი ლიტერატურული ნამუშევარი - Magnum opus, რომელიც 12 ტომშია გაერთიანებული 800 გვერდად, აღწერს სამი მთავარი გმირის ისტორიას: ახალგაზრდა ალიოშა კარამაზოვის, ურწმუნო ივან კარამაზოვის და ჯარისკაც დიმიტრის ოჯახური ცხოვრების ტრაგედიას. „კარამაზოვები“ ბორის ეიფმანის თეატრში ფსიქოდრამაა თავისი სიუჟეტური ხაზით თუ ფსიქოანალიზით... მოცეკვავეები მუსორგსკის, რახმანინოვისა და ვაგნერის მუსიკის პარტიტურაზე „სტრესულ“ რიტმში მოძრაობენ. ეს არის სპექტაკლი დღევანდელ დღეზე, პრობლემებზე, - „ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს.“ ბორის ეიფმანი ამბობს: „ორი ათეული წლის განმავლობაში მე თვალს ვადევნებდი ჩვენი ქვეყნის ისტორიას და სულ უფრო ვრწმუნდებოდი ამ ნაწარმოების აქტუალურობაში, რომელიც მწერლის სულიერ ანდერძად იქცა... სპექტაკლი არამარტო ავითარებს ფსიქოლოგიური ბალეტის ტრადიციას, არამედ ცდილობს შეასრულოს კიდევ ერთი, არანაკლებ რთული დავალება, - შექმნას პლასტიკური ექვივალენტი დოსტოევსკის მიერ გენიალურად გამხელილი თემები დამანგრეველი ვნებების მტანჯველ ტვირთსა და მანკიერ მემკვიდრეობაზე. სპექტაკლში „ცოდვის მიღმა“ სხეულის ენის შესაძლებლობების გაზრდით, როგორც ადამიანის შინაგანი სამყაროს შეცნობის საშუალება, ჩვენ წარმოვადგენთ რომანის ძირითადი იდეების ჩვენებურ ხედვას: თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ „ყველაფერი ნებადართულია“. თანამედროვე ეპოქა შეიძლება დავახასიათოთ ავხსნათ სხვა სიტყვებით: „ღმერთიც არსებობს და ყველაფერიც ნებადართულია“. ზუსტად ამიტომ დადგა დრო თავიდან მივუბრუნდეთ იმ კითხვებს, რომლებიც ტანჯავდნენ დოსტოევსკისა და მის პერსონაჟებს. საყოველთაო ბედნიერებისაკენ გზის პოვნა და ასეთი ჰარმონიის ფასი, უკეთურების ძალა ადამიანზე, ჭეშმარიტი რწმენის არსი - ამ თემებზე მსჯელობისას არავის არ შეუძლია ჰქონდეს იმედი აბსოლუტური ჭეშმარიტების გაგებისა მაგრამ, ამაზე ფიქრი ნაბიჯ-ნაბიჯ გვაახლოებს არასრულყოფილ ცვალებად სამყაროში საკუთარი თავის დამკვიდრებასთან.“

- 18 წლის შემდეგ რატომ მიუბრუნდით ამ თემას, - შექმენით ბალეტი ღმერთის უარყოფასა და ღმერთის ძიებაზე, ურწმუნოებასა და რწმენაზე, ადამიანის ცოდვის წარმოშობასა და სულის ხსნაზე? რა შეიცვალა ამ ახალ ქორეოგრაფიულ რედაქციაში?

- კიდევ ერთხელ მივუბრუდი იმიტომ, რომ მინდოდა ამ სპექტაკლით შევხებოდი ახალგაზრდებს, ისინი მიმეყვანა დიდ ლიტერატურასთან, კლასიკურ მუსიკასთან, რადგან მათ უნდა იცოდნენ თუ რას ნიშნავს ადამიანის მაღალზნეობრივ კულტურასთან და სულიერ შრეებთან შეხება. ახალი თაობა ნაკლებად კითხულობს წიგნებს, დოსტოევსკის სიბრძნით დატენილ რომანებს, რომელიც ეკუთვნის მსოფლიო კაცობრიობას. ახალ რედაქციაში ყველაფერი შეიცვალა, ქორეოგრაფია 97 პროცენტით გადავაკეთე, გაჩნდა ახალი კონცეფცია იმიტომ, რომ ეს იყო მაინც 1995 წლის სპექტაკლი, „პერესტროიკის“ სპექტაკლი იმ თავისუფლებაზე, რომელიც ჩვენთვის მაშინ ასეთი აუცილებელი გახდა. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია გავიაზროთ რას ნიშნავს თავისუფლება? რაშია ამ თავისუფლების ხიბლი და ღირსება? რა არის თავისუფლება და რა არის ანარქია? მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა დოსტოევსკის ეს რომანი, ახლა ვაჩვენებ იმას, რაც ჩემს თანამედროვეებთან ერთად მაწუხებს, - რელიგიურ თემას არ ვეხები, მე მაინტერესებს ის, რომ ადამიანმა თავის თავში უფალი იპოვოს. სპექტაკლი აგებულია ძალიან ძლიერ, თანამედროვე ქორეოგრაფიაზე, თეატრალურ ეფექტებზე, განათებაზე, კოსტიუმები არაჩვეულებრივია, შინაარსობრივად კი აქ ვკუთხულობთ იმ პრობლემებს, რაზეც ადამიანები ყოველდღიურად არ ფიქრობენ, არადა აუცილებელია, მათთვისაც და ჩემთვისაც.

სპექტაკლი “ცოდვის მიღმა“ არა მარტო განაგრძობს ფსიქოლოგიური ბალეტის ოსტატობის ტრადიციებს, კარამაზოვების ზნეობრივი კატასტროფის სათავეების გამოკვლევის მცდელობაა, მიმართვა ადამიანის ბუნების “ფართო“ სიღრმისეული არსისადმი, რომელშიც „ეშმაკი ებრძვის ღმერთს“. პრინციპულად უარი ვთქვი რომანის ზოგიერთი სიუჟეტური ხაზის საბალეტო სცენაზე გადმოტანაზე, ყურადღება გადავიტანე რომანის მთავარი გმირების წინააღმდეგობებით სავსე დაფლეთილ სულებზე. ეს ნაწაროები დოსტოვსკის შემოქმედებითი გზის შეჯამებაა, მშფოთვარე ტიტანური გონების ფილოსოფიური ძიების მწვერვალი.

სპექტაკლში ჟღერს რახმანინოვის, მუსორგსკის მუსიკა რუსული რეპერტუარიდან და ასევე ვაგნერის თემა. რატომ ავირჩიეთ ვაგნერი? ვაგნერის უვერტიურა ოპერიდან „ტანგეიზერი“ ზუსტად ახასიათებს ოპუსის ერთ-ერთ თავს - დიდი ინკვიზიტორი. აქ პასაჟს არანაირი კავშირი არა აქვს რუსულ იდეოლოგიასთან, რადგან დოსტოევსკი გავიდა თავისი ფილოსოფიური იდეებით კოსმოსში.

- მართალია რომ მოცეკვავეები სანტა კლაუსს გეძახიან თქვენი ძალიან თბილი და კეთილი ხასიათის გამო? - თუმცა, რეპეტიციაზე რადიკალურად იცვლებით, - ხართ ზედმეტად მკაცრი, ბევრს ეშინია კიდეც თქვენი... ასეთ მომენტში მოცეკვავეები იმასაც ამბობენ, რომ მომხიბვლელ ტირანს ემსგავებით...

- Woow, რას მეუბნებით? არ ვიცოდი, გენიალურია! სანტა კლაუსში გულისხმობენ, რომ მათ საჩუქრებსაც ვურიგებ?! (იცინის) მომხიბვლელი ტირანი კიდევ შეიძლება მიწოდონ, იმიტომ კი არა, რომ მე ასეთი მინდა ვიყო, უბრალოდ, ასეთია ჩვენი პროფესია. ეს ფიზიკური შრომაა, ახალგაზრდა მოცეკვავეებს დღეში 7-8-9 საათი ვამუშავებ, მეც მათთან ერთად ვცეკვავ, ვხტუნაობ, ვმოძრაობ, ვუხსნი... ეს ყველაფერი ძალიან რთულია! ჩემი თეატრი მე თვითონ შევქმენი, და, რა თქმა უნდა, წლების მანძილზე გაუძღვე თეატრს, ასეთ მაღალ ხარისხზე აიყვანო, ყოველ წელს მისი პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო და უფრო გაიზარდოს, ამისთვის აუცილებელია ნებადართული დიქტატურა. მე არა ვარ სასტიკი ტირანი, უბრალოდ, ასე ვმუშაობ. ვარ მომთხოვნი და მკაცრი, სხვანაირად წარმატებისკენ ვერ ივლი.

- თქვენს საავტორო თეატრს 36 წლის ისტორია აქვს, საბჭოთა რუსეთში თქვენი საბალეტო ინტელექტუალური ფსიქოდრამები იყო ნონგრატა. ცენზურა ქორეოგრაფ-დისიდენტს გიწოდებდათ, სულ გითვალთვალებდნენ, გაკონტროლებდნენ თქვენი განსხვავებული ხედვისა თუ ხელწერის გამო. ბიუროკრატებს არ ესმოდათ თქვენი საავტორო ქორეოგრაფია, თუმცა, რატომღაც, მაინც უფლებას გაძლევდნენ დაგედგათ ის, რაც გსურდათ, ბალეტში თქვენი კანონები შემოგეტანათ... ეიფმანის საავტორო თეატრისთვის თქვენ განსაზღვრეთ ბალერინის ახალი ტიპი ისევე, როგორც თავის დროზე ჯორჯ ბალანჩინმა. ცენზურის ეპოქაში ძლიერი დარტყმები თქვენს კარიერაში, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ საინტერესოა, რატომ დარჩით პეტერბურგში და არ წახვედით ემიგრაციაში ისე, როგორც ლეგენდარული ბარიშნიკოვი, ან საბჭოთა ხელოვნებისთვის პერსონა ნონგრატად გამოცხადებული რუდოლფ ნურიევი?

- მე მქონდა ომი საბჭოთა ცენზურასთან პირდაპირი გაგებით იმიტომ, რომ პირველივე სპექტაკლი, რომელიც გავაკეთე Pink Floyd-ის მუსიკაზე, აიკრძალა. Pink Floyd-იც იყო აკრძალული მუსიკა. მე ასეთ სპექტაკლებს იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ მინდოდა სკანდალი და პოპულარობა, როგორც დღეს აკეთებენ ხოლმე, არა, არა, უბრალოდ, მე მიყვარდა ეს მუსიკა, რომელიც ჩემთვის იყო ინსპირაცია. ჩემი მთავარი ამოცანა იყო დავრჩენილიყავი თავისუფალ მხატვრად, თავისუფალ ქორეოგრაფად იმ ტოტალიტარულ ქვეყანაში, დამედგა ჩემთვის მნიშვნელოვანი სპექტაკლები. მე ვერ ვეწერებოდი კლასიკური ბალეტის იმ კანონებში, რომელიც მაშინ არსებობდა, ამის გამო სულ მებრძოდნენ... კლასიკური ხაზით მუშაობდა იური გრიგაროვიჩი, მაგრამ მე ყოველთვის ჩემი ხედვა და სტილი მქონდა ბალეტის მიმართ. ამიტომ ცდილობდნენ მორალურად თუ ფინანსურად დავებლოკე, არ მაძლებდნენ იმის საშუალებას, რომ თავისუფლად მემუშავა, კომპორომისზე არ მივდიოდი... ის, რაც არ ჯდებოდა კლასიკური საბალეტო ხელოვნების ჩარჩოებში, დიდი თეატრისთვის იყო მიუღებელი.

სისტემა მებრძოდა, წარმოიდგინეთ, ჩემს თეატრს, ჩემს დასს საზღვარგარეთ უშვედნენ, მე - არა, და მერე, ჩემს არტისტებს ეუბნებოდნენ: - თუ გკითხავენ ეიფმანზე, უთხარით, ვერ ჩამოვიდა, ავად არისო... და, ეს იყო არაერთხელ! სულ მაინტერესებდა: რატომ არ მიშვებთ ევროპაში ჩემს დასთან ერთად? - კი ბატონო, წადით, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდებითო! ფსიქოლოგიურად და მორალურად რთული მომენტები მქონდა, მაგრამ გაიგეთ ერთი რამ: მე მხატვარი ვარ, ბალეტის ქორეოგრაფი, და, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის ატმოსფერო, სადაც ვქმნიდი ბალეტს. წარმოშობით ებრაელი ვარ, რომელიც აღზრდილია რუსული კულტურით, რუსული ლიტერატურით, რუსული მუსიკით, რუსული ტრადიციით და სულით, და, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის კულტურული გარემო, რასაც ვგრძნობდი და გრძნობ პატერბურგში. ეს ქალაქი მე მაძლევს ენერგიას, ინსპირაციას... ამიტომაც არსად არ წავედი! არაერთხელ მითქვამს და ისევ გავიმეორებ, რომ ღმერთმა გადამარჩინა და მაყურებლის სიყვარულმაც.

„პერესტროიკა“ რომ არ მომხდარიყო, ალბათ, ქალაქს დავტოვებდი, რადგან მე ასეთ რეჟიმს ვეღარ გავუძლებდი. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ასეთი უნიკალური ბალეტის თეატრი შევქმენი, და თუ ქვეყნიდან წავიდოდი, მაშინ თეატრიც გაჩერდებოდა. პირველად საზღვარგარეთ წავედი მაშინ, როდესაც 40 წელს ვიყავი გადაცილებული, პირველი ქვეყანა, სადაც ჩავედი, იყო მონაკო. მე დამპატიჟა პრინცესამ, რომ მონტე კარლოში დამედგა „ფიგაროს ქორწინება“, და, ეს საოცრება იყო! ფანტასტიურ ქალაქში მოვხვდი. მახსოვს, როდესაც „ოსტატი და მარგარიტა“ დავდგი, ის მაყურებელი და კრიტიკოსები, რომლებიც წელიწადნახევრის წინ მაკრიტიკებდნენ, მოვიდნენ და მითხრეს: ეს არის ახალი ხელოვნებაო!

კიდევ ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვით, - 90-იან წლებში, „პერესტროიკის“ მერე, მაკრიტიკებდა პრესა, რომელსაც დასავლეთისგან ჰქონდა მიღებული ინფორმაცია თანამედროვე ცეკვაზე. ეს კრიტიკა ჩემთვის იყო მიუღებელი, საწყენიც, შეურაცხმყოფელიც, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი მუშაობას და როდესაც ამერიკულ პრესაში გაჩნდა დადებითი რეცენზიები, ეს ტალღა ცოტა გაჩერდა.

რაც შეეხება ჩემს მოცეკვავეებს, არიან მაღლები, ლამაზები, ფიზიკურად ძლიერები, მაგარი ტექნიკით, ტემპერამენტით... ჩემს მოცეკვავეებს არა მარტო კარგი ტექნიკა აქვთ, არამედ - აქტიორული გარდასახვის საოცარი უნარი. აი, ნახეთ ხომ?! „ძმები კარამაზოვები“ არ შეიძლება იცეკვო მხოლოდ მოძრაობებით, დოსტოევკის სიუჟეტი უნდა იგრძნო, გაიაზრო, სულთან ახლოს მიიტანო ისევე, როგორც ყველა პერსონაჟის ხასიათი. ისინი მსახიობები არიან, ვერ ლაპარაკობენ, ამიტომ მეტყველებენ სხეულის ენით. მათ თავისი მოძრაობით, ჟესტებით, ემოციით უნდა გაჩვენონ დოსტოევსკის ფილოსოფია. მე მიყვარს, როცა მოცეკვავეები ჩემთან ერთად ფიქრობენ, სათქმელის ინტერპრეტაციას აკეთებენ... ჩემი მუშაობის სტილიც სხვანაირია: აი, მე მინდა შენ იყო გაბრაზებული, მიტოვებული, სასოწარკვეთილი, უბედური... და აქედან გამომდინარე, ბალერინები ამ განცდებს აკეთებენ პლასტიკაში. როდესაც ბალეტს ვდგამ - ეს იქნებოდა „ანა კარენინა“, „როდენი“, „ცოდვის მიღმა,“ - მე ამ ნაწარმოებების ცხოვრებით ვცხოვრობ.

- თეატრის რეპერტუარიდან „წითელი ჟიზელი“ მსოფლიო პრიმა ნინო ანანიაშვილისთვის გინდოდათ დაგედგათ, მაგრამ რატომ ვერ გამოვიდა?

- იაპონიაში გასტროლებზე ნინო ჩვენთან ერთად იყო წამოსული და ცეკვავდა „დონ კიხოტს“. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით, სულ მინდოდა მისთვის რაღაც სპექტაკლი დამედგა. მივიფიქრეთ კიდეც, „წითელ ჟიზელში“ მას უნდა ეცეკვა, რადგან ეს სპექტაკლი არის დიდი რუსი ბალერინის ოლგა სპესივცევას ცხოვრებაზე, ამიტომაც ჟიზელის პარტია მინდოდა შეესრულებინა ისეთ დიდ და ბიოგრაფიით სოლიდურ ბალერინას, როგორიც ნინო ანანიაშვილია. თან გვინდოდა, სპექტაკლი მოსკოვის დიდ თეატრში გაგვეხორციელებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამივიდა. ხომ იცით, დიდი თეატრის ინტრიგები? მერე ნინოსაც აღარ ჰქონდა დრო და...

- მსოფლიო ბალეტიდან ვინ არიან თქვენი ფავორიტი ქორეოგრაფები?

- რა თქმა უნდა, ბალანჩინი და ლეონიდ იაკაბსონი. ორივემ ბევრი რამ მომცა, - „მისტერ ბიმ“ მასწავლა ფორმისა და ხაზების სისუფთავე, სიზუსტე, იაკაბსონმა კი ცეკვაში იმპროვიზაცია, თავისუფლების გრძნობა და ცეკვაში ემოციურობა.

- თქვენ დაიბადეთ თუ გახდით ქორეოგრაფი?

- მე ბავშვობიდან მიყვარდა ცეკვა და მინდოდა ვყოფილიყავი ქორეოგრაფი. როდესაც საბალეტო სასწავლებელში ვსწავლობდი, 13 წლისამ დავიწყე ქორეოგრაფიული ნახაზების შექმნა, 16 წლისას მე უკვე მქონდა ჩემი პატარა საბალეტო კომპანია. მერე ჩავაბარე კონსერვატორიაში, სწრაფადვე დავიწყე ბალეტების შექმნა. პეტერბურგის კონსერვატორიაში სადიპლომო ნამუშევარი უნდა გამეკეთებინა. 23 წლის ვარ, მივედი არამ ხაჩატურიანთან, დიდ კომპოზიტორთან და ვუთხარი: - მე მინდა დავდგა თქვენი ბალეტი თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ახალი ლიბრეტო მინდა გავაკეთო. გაგიჟდა, ისე დამიყვირა: - ყველა ბალეტმაისტერი ჩემი ბალეტის ახალ რედაქციას აკეთებს, ამიტომაც მუსიკის გადაადგილებაც მიწევს, ქორეოგრაფებს მხოლოდ სასამართლოში შევხვდებიო! მერე ცოტა დაწყნარდა, მოვუყევი ჩემს კონცეფციაზე და ჩვენ ერთობლივად გავაკეთეთ „გაიანეს“ ახალი საბალეტო ვერსია, რომელიც არა მარტო პეტერბურგში, არამედ ვარშავაში, რიგაში დაიდგა. სულ მალე პეტერბურგში ბორის ეიფმანის სახელობის ცეკვის სასახლის გახსნა იგეგმება, რომელიც საცეკვაო ხელოვნების მსოფლიო ცენტრად უნდა იქცეს თავისი დარბაზებით. ასე რომ, მე დავიბადე ქორეოგრაფად, პატარაობიდანვე ჩემთვის ეს გზა იყო გარკვეული. ახლა ვუყურებ ჩემს შვილს, 19 წლის ალექსანდრეს, თუ როგორ ეძებს საკუთარ პროფესიას, პროფესიაში საკუთარ თავსა და ადგილს. ჩემი მეუღლე ვალენტინა მაროზოვა, პრიმა ბალერინა იყო ჩვენს თეატრში 1994 წლამდე, ახლა კი პედაგოგ-რეპეტიტორად მუშაობს. ჩემი შვილი პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისუფალი ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს. არ უნდა ქორეოგრაფობა, არც დამიძალებია... მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ოჯახი მყავს. სახლში ღამის 12 საათზე შევდივარ, დილას 9 საათზე უკვე თეატრში ვარ, - რეპეტიციები, ახალ სპექტაკლზე მუშაობა, მხოლოდ 5 საათი მძინავს, ძალიან ცოტაა... ოჯახში იციან ჩემი ცხოვრების რეჟიმი, ესმით ჩემი, საშუალებას მაძლევენ ვიცხოვრო არანორმალური ცხოვრებით და ამ არანორმალურობით ამიტანონ. ჩემმა მეუღლემ ჩემთან ერთად გაიარა თეატრის ცხოვრება, სულ ჩემს გვერდით იყო, მაძლევდა სტიმულს მეტი გამეკეთებინა. ალბათ, ეს იყო სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთგაგება...

- რა არის სიყვარული?

- მე მინდა ადამიანებმა გაიგონ და ერთმანეთში არ აურიონ სიყვარული და ვნება. ეს სხვადასხვა მცნებებია, გესმით? სიყვარული ბედნიერებაა, რომელიც გამდიდრებს, ცხოვრებას გიხალისებს, გათბობს და გაძლიერებს...

- როგორი დაგხვდათ და როგორ აღიქვით თბილისი?

- ბოლო 7 წლის განმავლობაში მე მეორედ ჩამოვედი ამ ქალაქში, არადა მანამდე ბევრჯერ ვყოფილვარ. პირველად ჩამოვედი 1979 წელს, მაშინ გავიცანი რობერტ სტურუა, გია ყანჩელი, გოგი ალექსი-მესხიშვილი, მურაზ მურვანიძე, კოკა ინგატოვი, ჩვენ ერთმანეთთან სტუმრად დავდიოდით, ვმეგობრობდით, დიდი სიხარულით ვმასპინძლობდით ერთმანეთს... მე ძალიან დაკავებული ვარ, წინასწარ გაწერილი გრაფიკი, პრემიერები... მაგრამ როდესაც საქართველოში ჩამოსვლაზე იყო საუბარი, მაშინვე დავთანხმდი, მინდოდა იმ ქვეყანაში ჩამოვსულიყავი, რომელთანაც ჩემი ახალგაზრდობა მაკავშირებს. ვხედავ ქალაქი შეიცვალა, გახდა უფრო თანამედროვე, მაგრამ მე ის ძველი თბილისიც მიყვარს.

მზეხა მახარაძე

მზეხა მახარაძე