ზოგადი უნარები
24 ნოემბერი, 2013
1723
print

არის ამაში რაღაც ანტიკური...

ოჰ, მაპატიეთ, ასე შეუმზადებლად დაწყება არ ივარგებს: აკი ჯერ არაფერი მითქვამს ელევსინის მისტერიებზე. ჰქონდათ ძველ ბერძნებს ასეთი გასართობი, თანაც უბრალო კი არა - ელიტური. ათენის მახლობლად, ქალაქ ელევსინში იკრიბებოდნენ რჩეული ათენელები და კაცმა არ იცის, რას სჩადიოდნენ. აბა, ყველას რომ სცოდნოდა, რაღა ელიტური გამოვიდოდა მაშინ? - საიდუმლოს შესაცნობად მეტად რთული პროცედურის გავლა იყო საჭირო და ამის უფლებას ყველას არ აძლევდნენ. ამბობენ, მთელი ეს იდუმალი ქმედება ნაყოფიერების ქალღმერთს, დემეტრას ეძღვნებოდა, მაგრამ ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ბევრად უფრო საინტერესოა ის გარემოება, რომ, მიუხედავად ელიტურობისა, განდობილის ხარისხს მონებსაც ანიჭებდნენ - სამუშაო ხელი ყოველთვის საჭიროა, აბა, შავ სამუშაოს თვით ნაღები საზოგადოება ხომ არ შეასრულებდა!..

ასე იყო თუ ისე, აკრძალული ხილი ყველგან ტკბილია. ჰოდა, ელევსინის მისტერიებზე დაშვებასაც ბევრი ელტვოდა. მსურველთა შორის იყო მაკედონიის მეფე, დემეტრიოს პოლიორკეტე. ეს ყმაწვილი საკმაოდ გავლენიანი იყო და ათენსაც სჭირდებოდა მისი მხარდაჭერა. აპრილის ერთ მშვენიერ დღეს ანტიგონე ცალთვალას ვაჟი დემეტრიოსი ათენში ჩაბრძანდა და გამოაცხადა, მეც მინდა ელიტურ სასტავში მოხვედრაო. კანონის თანახმად, ელევსინის მისტერიებზე დასწრების უფლება ორ საფეხურად გაიცემოდა: ჯერ თებერვალში, მერე კი სექტემბერში. რა უნდა ექნათ ათენელებს?

შეიკრიბნენ ავტორიტეტული და კომპეტენტური ექსპერტები. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, დაადგინეს: ერქვას აპრილს თებერვალი. წაიყვანეს დემეტრიოსი ელევსინში და განდობის პირველ საფეხურზე აიყვანეს. დაბრუნებულებს კვლავ შეექმნათ საფიქრალი: გაზაფხულის შემდეგი დღე, დე ფაქტო აპრილი თუ დე იურე თებერვალი, არანაირად არ ეკუთვნოდა სექტემბერს. რა პრობლემაა? - დასვა რიტორიკული შეკითხვა ექსპერტთაგან ყველაზე გამჭრიახმა და სხვებიც უსიტყვოდ მიუხვდნენ ჩანაფიქრს: ხვალინდელი დღე საერთო გადაწყვეტილებით გამოცხადდა სექტემბრად და დემეტრიოსმა ამაყად დაადგა ფეხი განდობის მეორე, უმაღლეს საფეხურს.

გასაკვირი და უჩვეულო არაფერია: განა ასე სამ დღეში არ აიყვანეს საიმპერატორო კანცელარიის ერთი უბრალო მოხელე, ფოტიოსი, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხარისხში? - დემოკრატია ვერა, მაგრამ პოლიტიკური მარიფათი მაინც გადმოიღო ბიზანტიამ ათენისაგან.

მკითხველი უკვე მიხვდებოდა, რომ, რაც აქამდე წაიკითხა, მხოლოდ უვერტიურა იყო და უკვე სადაცაა უნდა დაიწყოს ოპერა. გამოცდილი მკითხველი წინასწარ ცდილობს სიუჟეტის გამოცნობას: ალბათ საქმე შეეხება იმ ინსტიტუციას, რომელიც მარცხენა ხელით ქოქოლას აყრის უპოვართათვის მზრუნველ ადამიანებს, მარჯვენა ხელით კი ძვირფას საათებსა და სამკაულებს ჩუქნის მილიარდერებს. ან თუნდაც მის ამომავალ ვარსკვლავს, ქორეპისკოპოს იაკობს, რომელსაც მებრძოლი ეკლესია მოჩხუბართა კლუბი ჰგონია, და აზრადაც არ მოსდის, რომ ეს მებრძოლები “გულაგისა და საკონცენტრაციო ბანაკების" ამშენებელი ხელისუფლებისაგან წარბშეუხრელად იღებდნენ ყოველწლიურ 25 მილიონს.

მაგრამ არა, მკითხველის ვარაუდი არ გამართლდება და ამჯერად სხვა თემას შევეხებით.

ჩვენი თემა ბევრად უფრო ფაქიზია და მისი მოკლედ განსაზღვრაც ძნელია. ამისათვის კიდევ მცირე ხნით უნდა დავუბრუნდეთ დემეტრიოს პოლიორკეტეს. ათენელების ფორმალური რელიგიურობა და ორმაგი სტანდარტი მართლაც თვალშისაცემია. უფრო ძნელად იჩენს თავს სხვა შეკითხვა: ნუთუ მაკედონელი სარდალი იმდენად ჩლუნგი და ზედაპირული იყო, რომ არეოპაგის პირველი გადაწყვეტილების შემდეგ მაინც შეინარჩუნა მისტერიაში შესვლის სურვილი? რატომ ვერ მიხვდა, რომ ათენელთა საკრალური საიდუმლო ისეთივე ფორმალობა და სიცარიელე იყო, როგორიც ეპიტემია, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მის მხარდამჭერთა დაწყევლისათვის დაადეს არქიმანდრიტ ბართლომეს?

მაგრამ თუნდაც მიმხვდარიყო, ეს ვერ უშველიდა. ვისაც შენ წინაშე უპირატესობის გამოვლენა უღირს, საშვილიშვილოდ არის მიბმული შენზე, უშენოდ ცხოვრება გაუჭირდება; აღარაფერია მისთვის შენს სისუსტეებსა და შენს შეცდომებზე უფრო ძვირფასი. ეს მიჯაჭვულობა ხშირად იქამდეც აღწევს, რომ შენი მტარვალი შენივე შეცდომებს იმეორებს და ვერც კი ამჩნევს...

აი აქ კი მივადექით მისტიკური განდობის თანამედროვე ეკვივალენტს, ინაუგურაციას. თვით სიტყვაც რომაელი ქურუმის, ავგურის სახელწოდებიდან მომდინარეობს და სწორედ რომ განდობას, იდუმალ ცოდნას ზიარებულთა წრეში შეყვანას ნიშნავს. თუმც კი ლაპარაკი საკუთრივ ინაუგურაციაზე არ გვექნება - ეს არაა არსებითი. მთავარი, როგორც ყოველთვის კონტექსტია.

კონტექსტმა კი თავის გამოვლენა რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, როცა საპარლამენტო უმცირესობის განცხადება გამოქვეყნდა: არა, ბატონო, ჩვენ არჩევნებში გამარჯვების მილოცვა ვიკმარეთ და პრეზიდენტის ინაუგურაციას კი არ დავესწრებით, რადგან თქვენ ყველანი თქვენი ბიძინიანად სულ ერთიანად დაბოღმილები და გაბოროტებულები ხართო.

არა, არმისვლა, თავისთავად, სულაც არ არის ტრაგედია - აი, მაგალითად, გერმანიიდან არ ჩამოსულა არავინ და ერმა ეს გადაიტანა, ძველებურად ბედნიერია, ზუსტად ისე, როგორც ილიას სიცოცხლეში. მაგრამ ასეთი წვრილმანი და წუწუნა განცხადება ნამდვილად სირცხვილი იყო - ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ფეხსაცმლის ფურთხით გაწმენდაა, რადგან გულისამაჩუყებელ მიამიტობად ვერ შეირაცხება. ხშირია, ძალიან ხშირია ცხოვრებაში, მით უმეტეს, პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთი გარემოებები, როცა ფორმა შინაარსს უტოლდება. რა გინდა, რომ ქნა: ესენიც ხომ იგივე ქართველები არიან, ვინც თავის დროზე, მაგალითად, ზვიად ძიძიგურს წარბშეუხრელად გაუღო პოლიტიკური გაერთიანების კარი, მერე კი ქედმაღლურად აჯავრებდა: “უზარმაზაარი!". ვინძლო ახლა ნაყოფიაზე და სხვებზეც ასევე დაიწყონ ქილიკი და ბასრობა, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენს ყურამდე ეს არ მოაღწევს.

მაინც რა მოხდა? - რატომ მივანიჭეთ უმცირესობის გაჯიუტებას ასეთი მნიშვნელობა?

ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, თვით არმისვლა და, რაც მთავარია, მისი არგუმენტირება ისეთი იყო, როგორადაც ცდილობენ ოპოზიციის წარმოჩენას მმართველი უმრავლესობის წევრები. როგორებად ცდილობენ მათ წარმოჩენას? - უპირველეს ყოვლისა, ხალხის ნების მიმართ ყრუებად. ჰოდა, გამოდის, რომ ახალარჩეული მარგველაშვილისადმი მილოცვა ხალხის ნების აღიარება კი არ ყოფილა, არამედ საკუთარი პოლიტიკური გუნდისათვის მომავალი კეთილგანწყობის გარანტირების ცდა. კეთილგაწყობა არ გამოვლინდა, ესე იგი, კეთილშობილების რესურსიც ამოიწურა.

თანაც მთელ ამ ვითარებაში დამდგმელ რეჟისორად ბიძინა ივანიშვილი გამოდის. ინაუგურაციის მწირი და გროტესკულთან დაახლოებული ფორმა, ოპოზიციის წინასწარ განსაზღვრული და მისი ნებით დეტერმინირებული უარი... მიბრძანებულიყავით, ბატონებო და დამტკბარიყავით იმ უბადრუკი სანახაობით! - არა, თქვენ მაინცდამაინც ყველაზე ძლიერი საშუალება მონახეთ ამ სანახაობის ასაღიარებლად და არა მარტო მონახეთ, გამოიყენეთ კიდეც.

მეორე მიზეზი, რომლის გამო ოპოზიციის არმისვლის გამართლება გაძნელდება, არის რეალობის განხილვის ფორმა, რომელიც მეორე დღეს კოკა ყანდიაშვილმა შემოგვთავაზა და რომელიც თანდათანობით მკვიდრდება საქართველოში. “პრეზიდენტი სამუშაო ადგილას ფეხით მივიდა" - გვახარა “ყანდოიდურმა" მედიამ და არკი გვითხრა, სახელდობრ რა მანძილი გამოიარა პრეზიდენტმა ისე, რომ არც ქუჩა გადაუკეტია და არც ესკორტი გამოუყენებია. კრიტიკული აზროვნება შენიშნავდა, რომ ფეხით სიარული ნუცუბიძის პლატოდან სიბრიყვე იქნებოდა, ინგოროყვას ქუჩიდან კი ერთადერთი შესაძლებლობა; მაგრამ კრიტიკულ აზროვნებას ასე სახელდახელოდ ვერ ვიპოვით ამ ყველაფრით ღარიბ ქვეყანაში. ჰოდა, ჭამენ ამგვარ “ნიუსებს".

და ჩვენი ოპოზიციის სიჯიუტე რაღა შუაშია?

სწორედ ეს არის სახიფათო: ოპოზიციის ინაუგურაციაზე არმისვლა და წინასწარ წარმოდგენილი არგუმენტაცია ასი პროცენტით შეესაბამება ყანდოინდური მედიის პრინციპებსა და მეთოდებს. რაიმეს დაკლებაზე ან მიმატებაზე შრომაც არ სჭირდებათ: იტყვიან იმას, როგორც იყო და, აჰა, მიზანი მიღწეულია.

და ამ ყველაფრის უკან ერთი ბევრად უფრო მძიმე პრობლემა იკვეთება. აქამდე ქართული ოპოზიციის ყოველი “გაფარჩაკება" სავსებით ლოგიკურად და კანონზომიერად გამოიყურებოდა. არა, იმიტომ არა, რომ ვინმეს განსაკუთრებით სურდა კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ დარწმუნებულიყო კუკავას ან გაჩეჩილაძის შინაგან არსში. უბრალოდ, გარკვეული ქმედებები გარკვეულად და სამართლიანად უბრუნდებოდა ჩამდენებს. ეს ვითარება უჩვეულოა საქართველოსთვის, სადაც ყველაზე სასურველი შეფასება ორნაირად გამოითქმის: “შერჩა" და “გაუვიდა".

ამაზე იყო ორიენტირებული წინა ოპოზიციის ქმედება და ამიტომაც “ფარჩაკდებოდა". მაგრამ გამოდის, რომ ყოველგვარი ქართული ოპოზიციის ამ გარდაუვალი ბედისკენ ნაბიჯი დღევანდელმა საპარლამენტო უმცირესობამაც გადადგა: კანონზომიერ და კონსტიტუციით მოთხოვნილ მოვლენებზე ასეთი ისტერიული რეაქცია სხვას ვერაფერს გვიმტკიცებს. ეს როგორ მოხდა?

პასუხი ერთადერთია: არ ვიცი, როგორ და რანაირად ხდებოდა, მაგრამ საქართველოში დროებით დამყარებულ არამდგრად წონასწორობას, ასე ჩანს, გარედან იცავდნენ. ამ ქვეყნის ბედი მის შიგნით რომ არასოდეს წყდებოდა, ეს არ არის ახალი და ალბათ ღვთის ერთ-ერთი წყალობათაგანია, მაგრამ მაინც საწყენია, როცა ხედავ: ერთ დროს შეკრული და ქმედითი გუნდი ბრმა კნუტების ნაყარად ქცეულა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ აქ საკუთრივ ქართულ ანთროპოლოგიურ ფენომენთან გვაქვს საქმე, სცადოს ერთი ლინგვისტური სავარჯიშო:

თარგმნეთ თქვენთვის ცნობილ ნებისმიერ ენაზე ორი ქართული სიტყვით გამოხატული ზემოხსენებული აზრი: “შერჩა", “გაუვიდა". თუ თარგმანის ენაზე თითოეული ცნების გამოსახატავად ორი ან მეტი სიტყვა დაიხარჯა, ამოცანა არ მიიჩნევა შესრულებულად...

მერწმუნეთ, ეს ის შემთხვევა არაა, როცა მშობლიური ენის სისხარტე და მოხდენილობა საამაყო იყოს.