სტატისტიკა
24 ნოემბერი, 2013
1172
print

ეისებით ადრე უფრო იგებდნენ.

საჩოგბურთო სტატისტიკას დღეს უფრო ითვლიან. და ადრე უფრო იგებდნენ. იგებდნენ მოსაგებს და იგებდნენ გასაგებს. და ამ გენერაციის დიდი ბიჭები ეისებით ნაკლებს იღებენ. ძველი ბიჭები, ძველი კარგი დამრტყმელები უფრო მეტი ეისით უფრო მეტს იღებდნენ და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. სიმაღლე დღეს უფრო ჩანს, ჩოგბურთი მეტ დროს ატარებს ტრენაჟორებზე და ჩოგბურთი არ ისვენებს. და თუ რაფაელ ნადალი ჩოგბურთით იგებს და როჯერ ფედერერი უკვე ინერციით შენარჩუნებული კლასიკაა, დიდი ბიჭები უკან სხედან. დიდი ბიჭები მეორე ეშელონის ტიპები გახდნენ და დიდი ბიჭების დიდი ნაწილი სტაბილურობასთან ვერ მეგობრობს. იგებ და ისვენებ. იგებ და სტატისტიკას ყურადღებას არ აქცევ. იგებ და იცი, რომ აუცილებელი რაოდენობის სარეიტინგო ბონუსი აღებული გაქვს. რაფაელის გამოფენები, როჯერის ჩანახატები, ნოვაკ ჯოკოვიჩის ელემენტარული დომინაცია, ენდი მარის უღიმღამო სტაბილურობა და ხუან მარტინ დელ პოტროს კეთილშობილი აგრესია გვახსოვს. ადრე ყველას ყველაფერი გვახსოვდა. ჯონ იზნერი და ივო კარლოვიჩი სიმაღლის გამო გვახსოვს და წინა გენერაციის სიმაღლე არ გახსოვდა. წინა გენერაცია სიმაღლეს დომინაციისთვის იყენებდა. და იგებდა.

შარშანდელი სეზონის ეისმენებში კარგი ბიჭები სხედან. ჯონ იზნერი პირველ ოცეულთან ბალანსირებს და ამერიკელმა ნორმალური 11 თვე დაფარა. ჯონი იგებს ორ ტურნირს, საპრიზოებით მილიონზე მეტს ხსნის და იზნერმა მარათონი მეთოთხმეტეზე დახურა. ნორმალური შედეგი ნორმალური ამერიკელისთვის, რომელიც დღეს საუკეთესო ამერიკელია. და ეს არ არის ჯონის მიღწევა. ეს ამერიკის რეგრესია. ადრე იზნერებს ბურთები მოჰქონდათ. დღეს იზნერები კონორსების სავარძლებში სხედან და დიდ კონტრაქტებს ითხოვენ. იზნერი და სემ ქუერი ამერიკული ჩოგბურთის წარსულში ჩარჩენილი მომავალია.

მილოშ რაონიჩი უფრო სტაბილურია. კანადელმა რამდენიმე კარგი, რეალურად დასამახსოვრებელი სეზონი ჩაატარა და დიდი ბიჭი გაიცნეს. უეინ გრეცკის და ბენ ჯონსონის უბანში რაონიჩი უკვე ავტორიტეტია. რაონიჩს სოლიდურ კონტრაქტებს უფორმებენ და ბიჭი იზნერზე კარგია. ბევრად კარგი და სპონსორებისთვის სანდო. ჩადის სან ხოსეში და იგებს. ჩადის სხვა კარგ ტურნირებზე და მეოთხედფინალებამდე თითქმის არ აგებს. ეს უკვე კარგია და სტაბილურობას მეტი ბონუსი მოაქვს. მილოში რეიტინგში მეთერთმეტეა. და ბიჭი მოუმატებს. რაონიჩს კანადის მასტერსზე ფინალისტის ქულები აქვს დასაცავი. ძნელია.

კევინ ანდერსონმა სეზონი საინტერესოდ დაიწყო და მერე გაჩერდა. ანდერსონის სტარტი - სიდნეის ფინალი (აგებს ბერნი ტომიჩთან), ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე წრე (უგებს ფერნანდო ვერდასკოს და ვერ იგებს ტომაშ ბერდიხთან), დელრეი ბიჩის მეოთხედფინალი (lost to ისნერთან), ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალი (l ბერდიხთან, მანამდე არ მოაგებინა ჟილ სიმონს და დავიდ ფერერს), კასაბლანკას ფინალი (l ტომი რობრედოსთან), როლან გაროს მეოთხე წრე (l ფერერთან და მანამდე 3 სეტში გააჩერა რაონიჩი). ანდერსონი სეზონის მეორე ნახევარში დაიღალა და სეზონი რესპექტაბელურ - მეოცე ადგილზე დახურა.

ფელიციანო ლოპესი ყველაზე თავისუფალი მოთამაშეა. თუ ნორმალურად გამოძინებულია, კორტზე შედევრი მოაქვს, ჩოგბურთის სლეშია. თუ ესპანელი გამოუძინებელია, გირჩევთ, ლოპესს არ უყუროთ, დაიღლებით. ფელიციანო ბადესთან გადის, ედბერგივით გეთამაშება და ედბერგივით ვერ იგებს. ედბერგივით მხოლოდ პატრიკ რაფტერი იგებდა და ეს ძველი დრო იყო. ლოპესი ბევრს მოსწონს. ლოპესი გოგონების და ენდი მარის დედიკოს ფავორიტია და ლოპესს ესპანეთის ნაკრების ბოსებიც ენდობიან. ფელიციანო დევისის თასზე თითქმის სულ იქ, ნაკრებთან ერთად არის და ყველაზე ელეგანტური გულშემატკივარია. ლოპესი ბოლო რეიტინგში ოცდამერვეა და თუ მოინდომებს, პირველ ოცეულში დაბრუნდება.

ივო კარლოვიჩი ნოსტალგიით, ტკივილით, ლტოლვით, სიმაღლით, აწყობილი მუხლებით თამაშობს. ხორვატი ხანდახან ძველ დონეზე გადის და იგებს. ამ სეზონში კარლოვიჩმა გაძლო ბოგოტაში და მოიგო. ფინალი მოიგო. ივო ზოგიერთ ტურნირზე ძირითადში ვერ ხვდებოდა და კვალიფიკაციაში თამაშობდა. კარლოვიჩის სეზონი (15:13) კარგი ოთხიანია. ფრიადზე ვერ ქაჩავს, ივოს თამაშების არასაკმარისი რაოდენობა აქვს. კარლოვიჩი წამსვლელია და ალბათ წავა. თუ დარჩება, სადღაც მოუმატებს და შეიძლება რომელიმე ტურნირის ფინალამდე მივიდეს. ივო ხუთი წლის წინ პირველ ოცეულში იყო. კარგი კარიერა აქვს. ნამდვილად კარგი.

პოლონელი გიგანტი, მისტერ იერჟი იანოვიჩი. პოლონელი გიგანტი შარშან კარგად გავიცანით. მოგვეწონა. იანოვიჩმა პარიზის მასტერსამდე იარა, მოსაგები მოიგო, მაგრამ ეს შარშან იყო. ეს სეზონი ცუდად წავიდა. იერჟიმ ტრავმა მიიღო და ყველა ტურნირზე კარგ ფორმაში ვერ ჩავიდა. იანოვიჩი სადღაც კარგია, მაგრამ არასაკმარისად თავისუფალი. იანოვიჩი აგრესიულია, მაგრამ არასაკმარისად სტაბილური. იანოვიჩი მოიგებს ერთ მასტერსს და კარიერას რამდენიმე მილიონი დოლარით დაასრულებს. კარგი კუშია. იანოვიჩიც კარგია, მაგრამ არასაკმარისად კარგი. დიდი ბიჭი რეიტინგში ოცდამეერთეა.

მთლიანობაში, კარგი, ძლიერი ჩამწოდებლების ენერგია სტაბილური უნივერსალების სიმშვიდემ გადახსნა. ხუან მარტინ დელ პოტრო მაღალია და არგენტინელი თავის 198 სანტიმეტრს ეისებისთვის, ძალისმიერი თამაშისთვის არ იყენებს. დელ პოტროს სიმაღლე უკანა ხაზზე ისვენებს და არგენტინელი არ ჩამოყალიბდა ეისმენად. უბრალოდ, არ დასჭირდა. დელ პოტროს სხვა ღირსებები აქვს და დელ პოტრო იგებს. უკვე მეხუთეა და მოუმატებს. საერთო ეისებში, ექვსი თვის განმავლობაში, პირველზე იყო ნიკი ალმაგრო. ბოლო ოთხ თვეში ალმაგრო საშუალოდ მხოლოდ 5.5 ეისს აწვდიდა. სეზონი 622 ეისით დაამთავრა. თუ ტომაშ ბერდიხი უკანა ხაზზე ოფისებს არ გახსნის და ბადესთან მეტ რეიდს გააკეთებს, ჩეხი დიდი სლემის ტურნირებზე უკეთესი, უფრო სტაბილური იქნება. ბენუა პერი კინომანების მეგობარია. მიიღო რამდენიმე შეთავაზება ეპიზოდურ როლებში მონაწილეობაზე. კიდევ არაერთ შეთავაზებას მიიღებს. ფრანგი კარგი მოთამაშეა. თუ მოინდომებს, მოუმატებს. პერის 8.6 ეისი ჩანს. მოუმატა კარლოვიჩის სპარინგმა, ივან დოდიგმა, რომელიც იგებს 33 თამაშს, ნაკლებს (27) აგებს და დოდიგი დევისის თასზე იქნება.

დელ პოტრო: „დარბაზში უფრო მეტ ეისს ვაწვდი და გარეთ, გრუნტზე, ნებისმიერ საფარზე ნაკლები ეისი მაქვს. ბევრს უკვირს, რომ ბალახზე ადრე ცოტას ვიგებდი. ნახეთ, დელ პოტროს 198 სანტიმეტრი აქვს და ვერ იგებს. ენდი როდიკი უიმბლდონზე ერთ მატჩში საშუალოდ 30-მდე ეისს აწვდიდა და დელ პოტრო ათსაც ვერ აწვდის... ენდის არ ვედრები. ის ჩემზე გაცილებით მაღალი დონის მოთამაშე იყო, რომელსაც, ეისების გარდა, ჰქონდა ერთ-ერთი საუკეთესო ფორჰენდი და მან იცოდა მოგება. მან იცოდა, როგორ უნდა მოეგო ნებისმიერ საფარზე იმ დროს, როდესაც ჩაწოდებაც არ მისდიოდა. ყველაფერი შედარებითია, მაგრამ თუ შენ უკანა ხაზზე უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, ვიდრე ბადესთან, ვერავინ დაგაძალებს, შეცვალო ყველაფერი და უფრო აგრესიული გახდე. ჩემთვის იდეალური სპორტსმენი როჯერ ფედერერია. სადაც საჭიროა, როჯერი ნებისმიერ ეისმენზე მეტ ეისს ჩააწვდის. სადაც საჭიროა, ფედერერი ტემპს დაგიგდებს და გაგაჩერებს, აგრესიას წაგართმევს. ეისებით ადრე უფრო მეტს იგებდნენ. დღეს სხვა კომპონენტებს აქცევენ ყურადღებას და ეს ნორმალურია. ჩოგბურთი ვითარდება. ესეც ნორმალურია.“

ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთ მატჩში საშუალოდ 6.2 ეისს აწვდის. 3 ეისს სერბი უშვებს იმ მომენტში, როდესაც თავის ჩაწოდებაზე ბრეიკ პოინტი აქვს გადასარჩენი. ნოვაკი ამ კომპონენტში მეორეა. ბრეიკ პოინტებზე სერბზე მეტი ეისი აქვს მხოლოდ იზნერს (3.5). ჯოკოვიჩი იდეალური მოთამაშეა. ამ სეზონში ნოვაკზე მეტი მოიგო ნადალმა, მაგრამ ესპანელს ინდიან უელსიდან ბევრი ქულა აქვს დასაცავი და სერბს რთული სტარტი (უნდა დაიცვას Australian Open) და ფინიში (US Open-ის შემდეგ არსად არ წაუგია) ჰქონდა. ჯოკოვიჩმა ვერ მოაგებინა სერბეთს დევისის თასი და ახალ სეზონში საკუთარ თავს და იანკო ტიპსარევიჩს შეუნარჩუნებს ფორმას. და დაელოდება ვიქტორ ტროიცკის დისკვალიფიკაციის ვადის დასრულებას, რომ სერბეთს ფინალისთვის შემადგენლობის პრობლემები არ ჰქონდეს. ჯოკოვიჩი თავის ორ ქულას თითქმის ყველასთან აიღებს და იქ, დევისზე, თამაში სამამდეა. კიდევ ერთი ქულის აღებას კიდევ ერთი კარგი მოთამაშე უნდა. თუნდაც, ტიპსარევიჩი. ლაოვიჩით სერბეთი კანადასაც ვერ გაივლის. იქ მეორე ნომერი მისტერ პოსპიშილია. კარგი ბიჭი, რომელიც კანადის მასტერსის ნახევარფინალში გავიდა და პოსპიშილიც მოუმატებს.

და მოდის ნოსტალგია. ეპიზოდები ბორის ბეკერის, მიხაელ შტიხის მონაწილეობით. ჩოგბურთში გერმანელების დიდი გულშემატკივარი ვიყავი და გერმანელებმა იცოდნენ ეისების ჩაწოდება. ბეკერი საშუალოდ უფრო მეტ (10.2) ეისს აგროვებდა და შტიხის ეისები მოწინააღმდეგის და კონკრეტული თამაშის მნიშვნელობაზე იყო დამოკიდებული. შტიხი იყო ელეგანტური მკვლელი ელეგანტური ჩაწოდებით და ბორისის დაკლაკნილ, დაგრეხილ მომზადებაში იყო ის ქარიზმა, რომელიც გახსოვდა და რომელსაც ელოდი. ბეკერმა მოიგო უიმბლდონი. და გახდა რეიტინგის პირველი ნომერი. და დიდი სლემის კიდევ 5 ტურნირი მოიგო. სამჯერ უიმბლდონი, ორჯერ კოალების სლემი და ერთხელ - ამერიკული შტატების ამბებში გადაჯოკრა. შტიხმა მოიგო უიმბლდონი, გახდა მეორე და წააგო კიდევ ორი დიდი ფინალი - 1994, ამერიკაში ანდრე აგასისთან, სამ სეტში. 1996 - როლან გაროზე, ევგენი კაფელნიკოვთან, სამ სეტში. გერმანია ეისებით და გენიოსებით მდიდარი იყო.

კარგად მახსოვს 2003 წლის უიმბლდონი. არა მხოლოდ ფედერერის გამო. როჯერმა იმ ტურნირზე პირველად მოიგო რაღაც განსაკუთრებული, ფედერერული. უბრალოდ, მაგრად ვგულშემატკივრობდი ერთ დიდ, ზარმაც და საოცრად ნიჭიერ ადამიანს. რომელიც იყო ბერძენი და რომელიც იგებდა ავსტრალიის სახელით. რომელიც ათენის ოლიმპიადაზე ვნახე და რომელიც უფრო სერფინგით იღლებოდა, ვიდრე - ჩოგბურთით. ამერიკელი ჟურნალისტი დაინტერესედა, დღეში რამდენ საათს უთმობთ ვარჯიშსო. ავსტრალიელმა უპასუხა, რომელ ვარჯიშს გულისხმობთ - ჩოგბურთს თუ როდესაც ტალღებზე ვისვენებო... ის ავსტრალიელი მარკ ფილიპუსისია და იმ ავსტრალიელმა იმ უიმბლდონზე ბევრი ეისი ჩააწოდა. 21 ეისი პირველ წრეში, ოთხ სეტში მარიანო საბალეტასთან. მარკმა დაიწყო. 19 ეისი სირილ სოლნიესთან, მეორე წრეში, სამ სეტში. რადეკ შტეპანეკთან ბიჭმა ერთი სეტი წააგო, სამი მოიგო და ამასობაში 33 ეისი ჩააწოდა. მარკმა მოუმატა. მეოთხე წრე. კლასიკა ანდრე აგასისთან, რომელიც იმ მომენტში რეიტინგის პირველი ნომერი იყო. 6:3, 2:6, 6:7 (4), 6:3, 6:4. და აგასიმ მარკისგან 46 ეისი მიიღო. მტკივნეული იყო. შემდეგ წრეში წამოვიდა დიდი გერმანელი ალექსანდერ პოპი, რომელმაც მარკს პირველი ორი სეტი წაართვა - 6:4, 6:4. ფილიპუსისმა დაქოქა პილორამა. მარკმა ის ტესტი 34 ეისით დაასრულა. პოპიც დაასრულა. უპრობლემოდ გავიდა ფინალში. ნახევარფინალში ფლეიბოი უგებს ჭკვიან ფრანგს, სებასტიან გროჟანს, სამ სეტში, მხოლოდ 11 ეისით. ფინალში, ბოლო დონეზე, ფედერერმა სამივე სეტი წამოიღო. და მარკის აგრესია არ ჩანდა. ფედერერმა სამ სეტში 21 ეისი ჩააწოდა, ფილიპუსისმა - 14. გახსოვთ, რაზე საუბრობდა დელ პოტრო?

ფედერერმა იცოდა, სად, როდის და ვისთან უნდა მოემატებინა. და უიმბლდონზე როჯერი თავისი გენერაციის მიქელანჯელო იყო.

1999. ფედერერის დებიუტი უიმბლდონზე. როჯერმა ირჟი ნოვაკთან 8 ეისი დააგროვა, სლოვაკმა ხუთ სეტში ერთი ეისი დასვა და შვეიცარიელი გავარდა. ხდება ხოლმე. როჯერი პატარა იყო. ასაკით პატარა. და ფედერერი უმატებდა.

2001. მეოთხე წრე. კლასიკა, 5 სეტი პიტ სამპრასთან. ამერიკელს 26 ეისი აქვს, როჯერს - 25. შემდეგ წრეში ყველაფერი ტიმ ჰენმანმა გააფუჭა. ოთხ სეტში ბრიტანელს მხოლოდ 7 ეისი ჰქონდა და როჯერმა ჰენმანისთვის ენერგიის აღდგენა ვერ მოასწრო. ხდება ხოლმე.

ფილიპუსისამდე, იმ წლის უიმბლდონზე, ფედერერმა სამ სეტში გააჩერა როდიკი. ამერიკელი მორცხვად აგროვებს 4 ეისს, როჯერს 17 აქვს. ეს უიმბლდონზე ფედერერ-როდიკის დაპირისპირების უცვლელი ეპიზოდია. როჯერი როდიკს როდიკის იარაღით ცლის სისხლისგან.

2004. ფინალში. როდიკი - 11, ფედერერი - 12. ცხადია, ჩემპიონი ფედერერი გახდა.

2005. კიდევ ერთი გასაუბრება ფინალში. ისევ სამ სეტში. როდიკი - 7, ფედერერი - 12. ფედერერის მესამე ჯეკპოტი უიმბლდონზე.

2009. კიდევ ერთი ფინალი როდიკთან. 5:7, 7:6 (6), 7:6 (5), 3:6, 16:14. როჯერმა პირველი და ერთადერთი ბრეიქი მეხუთე სეტის ბოლოში გააკეთა. როდიკი - 27 ეისი, ფედერერი - 50. როჯერის კარიერის რეკორდი. უიმბლდონმა კიდევ ერთხელ დაუხარა თავი შვეიცარიელს. ეს იყო როჯერის და ამერიკელის ბოლო საუბარი როიალურ ტურნირზე. საუბარი, რომელიც ფედერერის სიმშვიდით, შარმით დაიხურა. საუბარი, რომელიც როდიკმა ზედმეტი რიდით წაიყვანა. ენდი ფედერერთან თითქმის ყოველთვის მორიდებული იყო და როდიკი იკარგებოდა. როჯერმა საქმე ბოლომდე მიიყვანა. როჯერი საქმეს ყოველთვის პროფივით აკეთებდა. ფედერერმა უიმბლდონზე ბოლო თამაში სერგეი სტახოვსკისთან დათმო. ოთხ მძიმე სეტში. სტახოვსკი - 17 ეისი, ფედერერი - 16. ასეც ხდება ხოლმე. როჯერებიც აგებენ.

მაგრად ეისობდა გორან ივანიშევიჩი. ხორვატი ერთადერთია ATP-ს ისტორიაში, რომელმაც 10 000 ეისით დაამთავრა კარიერა. გორანი ეისი იყო.

1992. მეოთხედფინალი. სტეფან ედბერგთან. 6:7 (10), 7:5, 6:1, 3:6, 6:3. 33 ეისი. ნახევარფინალი. პიტ სამპრასთან, 6:7 (4), 7:6 (5), 6:4, 6:2. 36 ეისი. ფინალი. ანდრე აგასისთან. 7:6 (8), 4:6, 4:6, 6:1, 4:6. 37 ეისი. და ივანიშევიჩი აგებს ფინალს.

1994. ფინალი. პიტ სამპრასთან. 6:7 (2), 6:7 (5), 0:6. 25:17 ეისებში. გორანის. და ფინალს იგებს ამერიკელი.

1995. ნახევარფინალი. პიტ სამპრასთან. 6:7 (7), 6:4, 3:6, 6:4, 3:6. ეისებში 36:20, გორანის. ფინალში გადის სამპრასი.

1998. ერთხელ გორანმაც მიუსამპრასა. და ნაკლები ეისით შემდეგი წრეში გავიდა. მეოთხედფინალი რიხარდ კრაიჩეკთან. 6:3, 6:4, 5:7, 6:7 (5), 15:13. ეისებში, 28:42. და იგებს გორანი. შემდეგ წრეში ყველაფერი დალაგდა. ნახევარფინალი. სამპრასთან. 7:6 (2), 6:7 (9), 4:6, 6:3, 2:6. ეისებში 32:11. გორანის. და შემდეგ წრეში პიტია.

ეისებით ადრე უფრო იგებდნენ. საჩოგბურთო სტატისტიკას დღეს უფრო ითვლიან. და ადრე უფრო იგებდნენ. იგებდნენ მოსაგებს და იგებდნენ გასაგებს. და ამ გენერაციის დიდი ბიჭები ეისებით ნაკლებს იღებენ. ძველი ბიჭები, ძველი კარგი დამრტყმელები უფრო მეტი ეისით უფრო მეტს იღებდნენ და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. სიმაღლე დღეს უფრო ჩანს, ჩოგბურთი მეტ დროს ატარებს ტრენაჟორებზე და ჩოგბურთი არ ისვენებს. და თუ რაფაელ ნადალი ჩოგბურთით იგებს და როჯერ ფედერერი უკვე ინერციით შენარჩუნებული კლასიკაა, დიდი ბიჭები უკან სხედან. დიდი, მაღალი, დაკუნთული ბიჭები მეორე ეშელონის ტიპები გახდნენ და დიდი ბიჭების დიდი ნაწილი სტაბილურობასთან ვერ მეგობრობს. იგებ და ისვენებ. იგებ და სტატისტიკას ყურადღებას არ აქცევ. იგებ და იცი, რომ აუცილებელი რაოდენობის სარეიტინგო ბონუსი აღებული გაქვს. რაფაელის გამოფენები, როჯერის ჩანახატები, ნოვაკ ჯოკოვიჩის ელემენტარული დომინაცია, ენდი მარის უღიმღამო სტაბილურობა და ხუან მარტინ დელ პოტროს კეთილშობილი აგრესია გვახსოვს. ადრე ყველას ყველაფერი გვახსოვდა. ჯონ იზნერი და ივო კარლოვიჩი სიმაღლის გამო გვახსოვს და წინა გენერაციის სიმაღლე არ გახსოვდა. წინა გენერაცია სიმაღლეს დომინაციისთვის იყენებდა. და იგებდა.

ეისები 2013

ეისი მატჩი საშუალოდ

1. ჯონ იზნერი 979 60 16.3

2. მილოშ რაონიჩი 883 60 14.7

3. კევინ ანდერსონი 651 60 10.8

4. ნიკოლას ალმაგრო 622 65 9.5

5. ტომაშ ბერდიხი 603 74 8.1

6. სემ ქუერი 576 43 13.3

7. ფელიციანო ლოპესი 546 49 11.1

8. ბენუა პერი 537 62 8.6

9. ივან დოდიგი 520 56 9.2

10. სტანისლას ვავრინკა 488 71 6.8

11. ივო კარლოვიჩი 485 28 17.3

12. ნოვაკ ჯოკოვიჩი 476 76 6.2

13. ხუან მარტინ დელ პოტრო 475 67 7.0

14. გრიგორ დიმიტროვი 469 58 8.0

15. იერჟი იანოვიჩი 462 43 10.7

16. რიშარ გასკე 432 71 6.0

17. ჟო-ვილფრედ ცონგა 429 52 8.2

18. გაელ მონფიზი 424 55 7.7

19. ტომი ჰაასი 415 68 6.1

20. როჯერ ფედერერი 399 62 6.4

ეისები All Time

ეისი მატჩი საშუალოდ

1. გორან ივანიშევიჩი 10 183 766 13.2

2. ენდი როდიკი 9 074 780 11.6

3. პიტ სამპრასი 8 858 836 10.5

4. როჯერ ფედერერი 8 268 1 099 7.5

5. ივან ლიუბიჩიჩი 8 138 689 11.8

6. ივო კარლოვიჩი 7 810 418 18.6

7. რიხარდ კრაიჩეკი 7 694 616 12.4

8. გრეგ რუზეცკი 7 605 693 10.9

9. მარკ ფილიპუსისი 6 709 494 13.5

10. ფელიციანო ლოპესი 6 235 624 9.9

11. მარკ როსე 6 212 679 9.1

12. მარატ საფინი 5 754 653 8.8

13. ტომი ჰაასი 5 738 825 6.9

14. ტოდ მარტინი 5 725 620 9.2

15. უეინ ფერეირა 5 610 796 7.0

16. ტომას ენკვისტი 5 490 718 7.6

17. ჯონ იზნერი 5 193 323 16.0

18. ტომას იოჰანსონი 5 123 623 8.2

19. მარდი ფიში 4 897 501 9.7

20. ლეიტონ ჰიუიტი 4 860 774 6.2