კაკოფონია
01 დეკემბერი, 2013
1546
print

რა საკვირველიც არ უნდა იყოს, ოპერის მოყვარულები ჩვენშიც არსებობენ.

თანაც სიყვარულს ბევრნაირად ავლენენ. არიან, მაგალითად, ისეთები, რომლებიც ბუნებამ მუსიკალობით დააჯილდოვა, თუმც კი საოპერო ხმა არ მიუცია. ჰოდა, ერთხელაც, განმარტოების ჟამს, შედარებით ხელსაყრელ აკუსტიკურ გარემოში, თუნდაც საკუთარ სააბაზანოში, ერთი ასეთი მოყვარული საყვარელი არიის ღიღინისას ხმასაც მოუმატებს და მოულოდნელად საკმაოდ მაღალ ნოტსაც “ასწევს". თვითონაც მოეწონება და ოჯახის წევრებიც გაიგონებენ საბჭოთა დროიდან შემორჩენილი სიფრიფანა კარის მიღმიდან.

პირველი წარმატება მომნუსხველად მოქმედებს და შხაპურ-ვოკალური ვარჯიშები უკვე წესად იქცევა. თვით მომღერალი ნელ-ნელა ერთვება თამაშში და გული სულ უფრო ხშირად მიუწევს სააბაზანოსკენ. ოჯახის წევრები ეჩვევიან და მსუბუქად ირონიული განწყობა უჩნდებათ... იშვიათად წარმოიქმნება და თანდათან მყარდება, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული თვალსაზრისი, ხან მარტივად გამოთქმული (“მურთაზი მღერის") ხანაც პიეტეტის ნაციონალური ფორმით მოსილი (“ეჰ, შენ რომ თავის დროზე პატრონი გყოლოდა!").

ასეა საქართველოც. “სეკონდ ჰენდ" მოევროპულო გარემოში მოხვედრილი ქართველი თავად-აზნაურობა მხრებზე ეპოლეტებს იკერებს და დანა-ჩანგლის ხმარებასავით სწავლობს გაიშვიათებული ელიტური ჰაერით სუნთქვას. ასე წარმოიქმნება ის, რაც სკოლის მერხიდან “რომანტიზმად" შემოგვასაღეს. მერე, გერცენისა და ჩერნიშევსკის კითხვისგან მიღებული შთაბეჭდილებით, დაუმთავრებელი უმაღლესი განათლებით შემოვიდა ჩვენში პუბლიცისტიკის ბალღამი, ბათუმში ღობეზე გაკრული პროკლამაციით — მარქსი, ტარტუს უნივერსიტეტში გაგონილი ლექციით — ნიცშე. სია შეიძლება განვაგრძოთ...

კრემლის კაბინეტებამდე მიღწეული ორიოდე ახვარი და ქართულად დაწერილი ორიოდე რომანის ფურცლებზე მცხოვრები “იუბერმენში" შეიძლება ოდნავ მეტიც იყო, ვიდრე საკუთარ აბაზანაში აღებული მაღალი ნოტი, მაგრამ მაინც გამონაკლისი. თანაც ისეთი გამონაკლისი, რომელსაც უსაფუძვლო ქედმაღლობის გარდა არაფერი მოუტანია.

წესი გამონაკლისზე ბევრად უფრო უბადრუკია. აი ერთი მაგალითიც:

ძე ღვთისა განკაცდა, ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარს ეცვა, მოკვდა და მკვდრეთით აღდგა... და ეს ყველაფერი იმისთვის ქმნა, რომ ჩვენ, უქრისტიანესმა ერმა, რომლის ენით, როგორც გვპირდებიან, საბოლოოდ უნდა განიკითხოს ყველა სხვა ერი, დავრგოთ ხეები, შაბათობით ვიკითხოთ წიგნები, დავბანოთ ფეხები ქმრებს, ცოლთაგან ფეხდაბანილებმა დავიძინოთ საღამოს თერთმეტ საათზე და ავდგეთ დილის ექვსზე. არა, ეს უკვე არ არის აბაზანაში აღებული მაღალი ნოტი, ეს გაუგებარი იტალიური ტექსტის ჩამნაცვლებელი ბგერათა ნაკრებია, შინნაზარდი ტენორის მიერ სახელდახელოდ მოგონილი, ერთგვარი უაზრო “ლამპრედუზო-მედუზო!", რომელსაც ჩვენი ღვთივდაცული ტერიტორიის გარდა ვერსად იპოვი.

ესეც ქართული სულიერი ნოუ-ჰაუ: ქრისტიანობა განახლებული ჰიპოსტასებით — ღმერთი, სამშობლო, ადამიანი — სადაც პირველი ერთგვარი ყოვლისმხილველი მაყურებელი და საქმის გამრჩევია, მეორე “კეთილი და ბრძენი" გადამთიელის პასუხისმგებლობასაა გადაბარებული, ხოლო მესამეს ქუჩებში ავეჯით ხელში დასდევენ. საკუთარ აბაზანაში მომღერალს აშკარად ეტყობა ხრინწი, მაგრამ ამას არავინ ანიჭებს მნიშვნელობას.

ერი ბედნიერია, რადგან გამოცდას გადაურჩა. ერთი პირობა კომისიის წინ დააყენეს, მოსმენა მოუწყვეს: “რას იმღერებთ, ახალგაზრდავ?" — ჰკითხეს სერიოზულმა ძიებმა, რომელთა ასაკი არ აღემატებოდა ბედნიერი ერის ეზოში მდგომ “კარალიოკს". ბედნიერ ერს კი მაინც შეეშინდა და, “კეთილი და ბრძენი კაცის" ენაზე რომ ვთქვათ, “პეტუხი" გაუშვა. ამიტომაც კვლავ ჩვეულ აბაზანაში დაბრუნება არჩია, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრები განსჯიან და შეაფასებენ. დიახ, ამ მოლიპულ გზაზე ბევრი რამ გვინახავს და ბევრიც მოგვინელებია — კალაშნიკოვიანი პრეფექტები და თაღლითი პროფესორები, ორდიპლომიანი ტაქსისტები და საზოგადოდ მოღვაწე მედოლეები — მაგრამ ასეთი ტექსტი ჩვენს ეროვნულ საშხაპეშიც ყალბად ჟღერს. ასეთი რამ ჩვენთვისაც მეტისმეტია...

ბიძინა ივანიშვილის “ღია წერილი" თურმე კონკრეტულ პასუხს წარმოგვიდგენს: “ქართული, ევროპული და ამერიკული საზოგადოების ერთ ნაწილს გაუჩნდა კითხვა — ხომ არ ვაპირებ კულუარულად ვმართო ქვეყანა". რას ერჩით კაცს? — არათუ ევროკავშირის წევრი გაგვხადა, მგონი აშშ-ს ერთი შტატი ვართ უკვე. ყოველ შემთხვევაში მათ “საზოგადოებასთან" საზიარო ნაწილიც გვყავს. მაგრამ წვრილმანებს თავი დავანებოთ.

ავტორი განაგრძობს: “ბევრი აბსურდული ბრალდება ისმოდა ჩემ მიმართ მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი. რას არ მაბრალებდნენ — კრემლის აგენტობით დაწყებული, საარჩევნოდ მაცივრების დარიგებით დამთავრებული". რიტორიკაში სწერია, რომ გადმოცემის ამგვარი ფიგურა მცირეთი უნდა იწყებოდეს და დიდით მთავრდებოდეს. ვერანაირად ვერ ვიფიქრებთ, რომ “მენცარის" აღზრდილი და მარგველაშვილის ნავარჯიშევი ეს უდიდესი გონება ამ მარტივ წესს არ იცნობდეს. იძულებულნი ვართ დავასკვნათ, რომ ჩვენი ქველმოქმედისთვის მაცივრების დარიგება რუსეთის აგენტობაზე უარესია. თუმცა დიდი ბიზნესმენისთვის ეს გასაგებიცაა: პირველი ზარალია, მეორე — ხეირი.

როცა ამბობ, რომ მცოცავი ოკუპაციის გამო, დვანელებთან ერთად ცრემლის ღვრა უცნაურ და მიუღებელ საქციელად მიგაჩნია, ეს ბუნებრივად გამომდინარეობს კახელებისთვის გადარიცხული 80 მილიონის უკან დაბრუნებიდან. ასე რომ მართალია ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი: მისი სიტყვა ყოველთვის საქმითაა დამტკიცებული. ამიტომ წერილის ვრცელ ნაწილს, რომელშიც ამ იდეას ამტკიცებს, არ შევეხებით.

გაცილებით უფრო საინტერესოა ერთი ადგილი... მართალია ჯერ ისიც აღვნიშნოთ, რომ ამდენი თავის ქება და იმის ძახილი, ჩემზე პატიოსანი და გამჭვირვალე მთელს რუსეთში არავინ იყოო, იმას გაფიქრებინებს, რომ წერილის დასაწერად ან ვინმე ყრუ პლებეები დაიქირავა, ან მართლაც თვითონ დაწერა. ყველაზე გულისამაჩუყებელი მაინც ის არის, რომ საკუთარი პატიოსნების დასტურად “გავლენიან" გამოცემას, “ვედომოსტს" იმოწმებს — აბა, ესეც ხომ “ნიუ-იორკ ტაიმსი" ან “ვაშინგტონ პოსტი" არ არის, რომელთა მოსასყიდად გიგა ბოკერიას ჯიბეც კმარა! — “ვედომოსტი", უნდა ვივარაუდოთ, სულ ერთიანად კრისტალურად უანგარო თანამშრომლებისგან არის შედგენილი...

ჰოდა, საინტერესო ადგილზე მოგახსენებდით. აი ისიც, სულ რამდენიმე სიტყვა: “ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი რუსეთში მომიწია ყოფნა და საქმიანობა. ეს მართლაც ურთულესი პერიოდი იყო, ბიზნესი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა". საინტერესოა, რა წარმოდგენის უნდა იყოს ადამიანი ბიზნესზე, როცა რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ამ სახელით მოიხსენიებს. არა, სიმართლისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამასაც წერს: “ძალიან მოკლე დროში უამრავი საკუთრება გაიცა და ხშირად ეს უხეშ ფორმებსაც იღებდა. რთული იყო ასეთ ვითარებაში გამჭვირვალე და კანონიერი ბიზნესის კეთება". აქ ორი მომენტია გასარკვევი. რას ნიშნავს “მოკლე დროში უამრავი საკუთრება გაიცა"? — ეს აშკარა წამოცდენაა. ნუთუ “მენცარის" სისტემაში სუსტ წერტილს მივაკვლიეთ? ყოველ შემთხვევაში, აშკარა მინიშნებაა იმაზე, გონებამახვილმა და ჯიბეგამოფხეკილმა რუსებმა “პრიხვატიზაცია" დაარქვეს. და ეს კაცი გვიმტკიცებს, კონტრაქტი არ დამირღვევია და სიტყვაც არ გამიტეხიაო... ისე კი კონტრაქტსა და სიტყვას შორის განსხვავების აღნიშვნა აშკარად გვიდასტურებს ავტორის სრულ გულწრფელობას! მეორე მომენტი კი არის ზედსართავი “კანონიერი". მე საერთოდ არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ეპითეტი რუსეთის პირობებში. სხვა სიტყვებით, თუ “კანონები" არ მუშაობს, რასაც ავტორი ფრაზის პირველ ნაწილში აღიარებს, როგორ შეიძლება იყოს მათი დაცვა ან წარმატების ან უსაფრთხოების გარანტი? — რაო, იმიტომ არ დაიჭირეს ან არ მოკლეს, რომ კანონებს იცავდა?

ჰოდა, რას ფიქრობს ავტორი ბიზნესზე? როგორი წარმოდგენა აქვს? ამას ცოტა ხანში ვიგებთ... ციტატა:

“მე სხვა ინტერესი, გარდა ჩემი ქვეყნის წინსვლის და ევროპული განვითარებისა, არასოდეს მქონია. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ბიზნესი არა მაქვს და ამას არც მომავალში ვაპირებ, და როგორ შეიძლება რამე სხვა მოტივი მამოძრავებდეს, გარდა ჩემი ქვეყნის სამსახურისა".

კირიე ელეისონ! — ჭეშმარიტი მხსნელი მოგვივლინა უფალმა, თორემ ფორდმა და როკფელერმა ხომ დაანგრიეს და დააქციეს შეერთებული შტატები. ასეთი უნამუსობა გაგონილა? — ადამიანს საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეს ბიზნესი! ახლა ნამდვილად გასაგებია, რატომ უყვართ ივანიშვილი ჩვენს ნეო თუ ფსევდო მარქსისტებს: ისიც მათსავით მიიჩნევს, რომ ბიზნესი საზიზღარი წურბელების საქმიანობაა და იმით იკვეხნის, რომ სხვის სისხლს წოვს და არა ქართულს.

არა, ეს უკვე შემთხვევითობა ან ხელოვნური პოპულიზმი არაა — ეს ტენდენციაა, უფრო სწორად, ჩვეული ნიღაბი, რომლითაც ეს ახალი სანტა კლაუსი გვევლინება. აჰა, თუ არ გჯერათ: კაცი ამბობს, რომ ჯარის აღჭურვაში ვმონაწილეობდი, მაგრამ იარაღს არ ვყიდულობდი პრინციპულადო. გამოდის, რომ მისი ქველმოქმედების შედეგად გამოთავისუფლებული სახსრებით სახელმწიფო იარაღს არ ყიდულობდა, ან, უფრო ზოგადად, შეიარაღებული ჯარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ეთიკური თვალსაზრისით მიუღებელი რამ ჰგონია. მართალია, ამ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ უყვარს “ასავალ-დასავალი" და არა, მაგალითად, ჟურნალი “ლიბერალი", მაგრამ კაცის გული ღრმაა და გამოუკვლეველი. მით უმეტეს, როცა “მენცარის" ცხოველმყოფელი სუნთქვა შეეხება...

არ არის საჭირო ყველაფრის ბოლომდე განხილვა. Sapienti sat — გონიერისთვის საკმარისია, როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ. ჰოდა, გონიერთათვის მეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას.

იქნებ ვინმეს გულიც ატკინა შესავალმა. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი, არსებითი გარემოება: აბაზანაში მომღერალს ოპერა უყვარს და ეს უკვე ბევრია. არ ვიცი, რატომ მოხდა, რომ უპირატესობა უნიჭო და უგანაჩენო ადამიანებს ერგო. ალბათ შიშის ბრალია. მაინც მგონია, თუმც აბაზანიდან, მაგრამ მაინც საოპერო არიას გავიგონებთ და არა კატების კონცერტს.