უნებლიე სქიზმა
08 დეკემბერი, 2013
1690
print


- მამაო, როგორ უნდა გახდე  ინტელიგენციის მოძღვარი?

- ეგ ადვილია, სახარების გარდა  ზეპირად უნდა ისწავლო  “თორმეტი სკამი“ და “ოქროს კერპი“.

დეკანოზი გენადი, სანკტ-პეტერბურგის  სასულიერო აკადემიის სწავლული მდივანი,  1994 წელი, რომი.

რამდენიმე დღის წინ ეპისკოპოსმა ქრისტეფორე წამალაიძემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ამხილა. უფრო სწორად, განაცხადა, რომ მხილება შეუძლია. კიდევ უფრო რომ დავუახლოვდეთ განცხადების ტექსტს, დაიქადნა, პირი რომ დავაღო, სინოდი კი არა, “ვირის ტაჩკაც“ არ დარჩებაო. რამდენადაც მახსოვს, ქრისტეფორე წამალაიძე ამჟამად პენსიაზეა, თუ მღვდელმსახურება აეკრძალა, თუ კიდევ სხვა მიზეზით ჩამოშორდა საღვთო მოღვაწეობას - ამას მნიშვნელობა არა აქვს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამგვარად მეტყველი პიროვნება მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი.

მეორე უცნაურობა, პირველის მსგავსად სრულიად მოსალოდნელი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, იყო დიალოგი ევროპულ მედიასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის:

ევრონიუსი: თქვენ გსურთ, რომ თქვენი ქვეყანა შეუერთდეს ორივეს: ევროკავშირსა და ნატოს, და ასევე გსურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. რამდენად თავსებადია ეს ორი რამ?

მარგველაშვილი: ვინმემ შეიძლება მითხრას, რატომ არაა თავსებადი?

ამ გზაჯვარედინიდან სვლის გაგრძელება მრავალი მიმართულებით შეგვიძლია. ყველაზე ადვილი მიმართულება შეუსაბამობაა. მართლაც, ბევრი ჭკუა არაა საჭირო იმის დასანახად, რომ ქრისტეფორეც და მარგველაშვილიც თავიანთ ადგილებს არ შეესაბამებიან. უფრო ზუსტად, ამგვარ სამეტყველო და სააზროვნო დონეზე არც სინოდის მხილება დაიჯერება, არც ქვეყნის პრეზიდენტობა ვარგა, როგორიც არ უნდა იყოს სინოდიცა და ქვეყანაც. მაგრამ შეუსაბამობას თუ გავყევით, ვერაფერს მოვიგებთ: მხოლოდ მკითხველი გაღიზიანდება თავისთავად ცხადი მაგალითების მოუნელებელი სიმრავლით.

შეიძლება, ჩვეულებისამებრ, შორიდან მოვუარო და გავიხსენო, რომ 1997 წელს ერთი რუსული კომპანია აფინანსებდა მრავალენოვან ვებპორტალს www.or.ru, სადაც რუსეთის საეკლესიო ისტორიასა და მიმდინარე ამბებს ათავსებდნენ. მე ისტორიული ნაწილის იტალიური თარგმანი შემიკვეთეს, ხელშეკრულებაც გამიფორმეს, მაგრამ ვერ მოხერხდა: კომპანია გაკოტრდა, პორტალიც გაუქმდა. მახსოვს, იმ ერთი თვის განმავლობაში პორტალის საინფორმაციო გვერდზე ყოველ დღე ჩნდებოდა კიევის მიტროპოლიტის, ფილარეტის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვაგვარი მასალები. მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ამ მასირებული შეტევის მიზეზი იყო უკრაინელი მღვდელმთავრისა და მას დაქვემდებარებული იერარქიის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ. ექვსი წლით ადრე კი, მოსკოვში, დონის მონასტრის ბერები მისვამდნენ რიტორიკულ კითხვას: საით მიიწევს უკრაინა, ნუთუ ვერ ატყობს, რომ სულ მალე გერმანიის კოლონიად იქცევაო?

ასე ეჩხირებოდათ ყელში “მალოროსიის“ ბუნებრივი სურვილი. ჯერ კერძო საუბრებში იღრინებოდნენ, მერე მედიაში გადავიდნენ. იგივე განწყობის ხალხი იყო, დღეს ევრორემონტიან სენაკებში განაწილებულნი “ევროსოდომზე“ რომ გაჰკივიან. ჰოდა, ჩვენც შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ საქართველოშიც ამავე დამღუპველმა განწყობამ მოიცვა ერი და ბერი. ჩვენს ღვთივდაცულ მამულში არავინ ჩანს, უკრაინელ ქრისტიანთა მწემსთმთავარს, ფილარეტს ხმა შეუწყოს, სამაგიეროდ კანონიერ ადგილზე დაბრუნებულ მინარეთს მივარდნენ და სალიტურგიო სიტყვები, პირველადვე ღვთის წინაშე მოწიწებითა და სიყვარულით შერჩეული და შეწყობილი, ახლა კაცთა შორის შუღლისა და ბოღმის დასამკვიდრებლად ააჟღერეს.

მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს მეთაური ჟურნალისტებს ელაზღანდარება და ვერ გაარკვევ, ალალად ამჟღავნებს პოლიტიკურ მოუმზადებლობას, თუ თავი ჯერ კიდევ “სვეცკი ტუსოვკაზე“ ჰგონია და ორიგინალობს. აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ორი ახსნა ერთმანეთს არ გამორიცხავს, რადგან ერთნაირად არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ გონებამახვილობასა და ინტელექტუალურ დისციპლინას ადამიანისგან, რომელსაც ერთნაირად ეთაკილება ძველ რეზიდენციაში შესვლაც და ძველი ხელფასის ფარგლებში დატევაც.

განხილვის ასეთი დონე წინაზე ოდნავ უფრო მაღალია, მაგრამ არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, გააზრების კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც იშვიათად იპყრობს ჩვენს ყურადღებას.

ოდესღაც, ერთ საგაზეთო მასალაზე მუშაობისას, წავაწყდი რიტორიკულ კითხვას: რატომ დაუშვა კამბოჯელმა ხალხმა ის გაუგონარი სისასტიკე, რომელმაც მეოცე საუკუნეში მთელს მსოფლიოს თავზარი დასცა? პასუხიც იქვე იყო: რეალობის წინაშე უსიტყვო მორჩილება აშკარად ბუდისტური იდეაა. ჰოდა, ვიფიქრე, იქნებ არსებობს ცნობიერების მიღმა ღრმად ჩამალული მიზეზი, რომელიც ქართველებში, განსაკუთრებით კი ინტელექტუალებში, ერთგვარ მორალურ შიზოფრენიას იწვევს.

აი ჩვენმა პრეზიდენტმაც ხსენებული დიალოგიდან ორი თუ სამი დღის შემდეგ ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით რუსეთმა წააგო. ვერავინ იფიქრებს, რომ ეს ორი გამონათქვამი ერთსა და იმავე პიროვნებას ეკუთვნის. მეორე განცხადებამ ე. წ. “დასაბმელი მიშისტების“ რიგებშიც გამოიწვია გაოცება და ესეც თავისთავად საკვირველი იყო, რადგან არ ველოდი, თუ უკიდურესი პოლიტიკური “გაჭედილობის“ მდგომარეობაში მყოფნიც კი შეძლებდნენ ნათქვამის გააზრებას და მათ მთქმელის ვინაობა იმთავითვე არ დააბრმავებდა.

მაგრამ, მენტალური შიზოფრენია მხოლოდ პრეზიდენტის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით არ შემოიფარგლება. როგორ ავხსნათ ეს “კრავთა დუმილი“? - უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც რაციონალურად ჩამოაყალიბებს, რატომ იყო წინა ხელისუფლების წინააღმდეგი, მაგრამ ვერ ამჩნევს, რა მასშტაბი მიიღო დღეს იმავე რიგის მოვლენებმა. კამათი და დისკუსია წარსულისა და აწმყოს გარშემო ერთნაირად შეიძლება, ამაზე არ ვამბობ: გონების გაჭედვა კამათის სტადიას ვერ აღწევს, ადამიანები უბრალოდ სდუმან, ან ისეთივე წინააღმდეგობრივად აზროვნებენ და მეტყველებენ, როგორც მარგველაშვილი.

ამას ემატება გემოვნების ძალადობრივი დათრგუნვა, როცა - როგორც ერთხელ უკვე ვწერდი - “ნაცობა“ სძაგთ, “ქოცობა“ კი უტყდებათ. ტვინი თითქოს სდევნის და არ იკარებს ბუნებრივად გაჩენილ კითხვებსა და ამ კითხვების ლოგიკურ პასუხებს. საიდან ასეთი ადვილი დამოკიდებულება საკუთარი გონების ნაკლულობასთან? სინდისთან კომპრომისის ასეთი უნარი?

რას ნიშნავს იყო კათოლიკე ინტელექტუალი? - კითხულობდე მარიტენს, ჟილსონს, დე ლიუბაკს... რას ნიშნავს იყო პროტესტანტი ინტელექტუალი? - კითხულობდე ბონჰოფერს, მოლტმანს, ჰარნაკს... მაგრამ, ეს იმდენად ვიწრო და გულუბრყვილო განცხადებაა, რომ ღიმილს იწვევს. ამის გარდა ბევრ სხვა რამესაც ნიშნავს და, უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ ინტელექტუალური ტრადიციის მიერ გამომუშავებული კრიტიკული მეთოდები სრულ ჰარმონიაშია შენს პირად სულიერ მოთხოვნილებებთან. კანტის სიტყვებით რომ ვთქვათ, გონების “კერძო“ და “საჯარო“ გამოყენება ხელს არ უშლის ერთმანეთს. შინაგანი სამყარო და სოციალური რეალობა მწყობრად და მკვიდრად არის სტრუქტურირებული.

ჩვენი შინნაზარდი ლიბერალების ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, იქაც არის “ბნელი მრევლი“, “ფუნდამენტალისტური ჭირი“, შეუგნებელი, გარყვნილი თუ ფუფუნებაში ჩაქცეული “მამაოები“ და ა. შ. ახლა ეს არ გვაინტერესებს. მთავარი ის არის, რომ არსებობს საშუალება, მიაღწიო ინტელექტუალური განვითარების ნებისმიერ სიმაღლესა თუ სიღრმეს ისე, რომ არ დაკარგო საკუთარი კონფესიის მიმართ ორგანულობა. ან სულაც გამოხვიდე შენი კონფესიის ფარგლებიდან და იმთავითვე არ აიკიდო რაიმე სოციალურად ნიშნადი სტიგმა - “ათეისტი“, “მანქურთი“, “მასონი“ და ა.შ.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ბოლო მოდელის ბმვ და აიფონი, ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და სახელისუფლებო შტოების სტრუქტურა, საბავშვო ბაღი და უნივერსიტეტი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და კონდომინიუმი, საქველმოქმედო ფონდი და იპოთეკური სესხი - ეს ყველაფერი ქრისტიანული ცივილიზაციის პროდუქტებია. სწორედ ამ ვითარებაზე თქვა იტალიელმა ფილოსოფოსმა ბენედეტო კროჩემ: “არ შეგვიძლია, საკუთარ თავს ქრისტიანები არ ვუწოდოთ“.

დიახ, მათ არ შეუძლიათ. და ჩვენ?

ამ კითხვაზე პასუხს, იმის გახსენებაც არ ჭირდება, რომ აღმოსავლეთ საქრისტიანოში ინტელექტუალის ფორმირებისთვის აუცილებელი იყო დასავლეთიდან მზა სააზროვნო სქემებისა და ტრადიციების მიღება და ათვისება. ასეთ სიღრმეებში წვდომა რად გვინდა, როცა ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია, თითქმის შეუძლებელს ვახერხებთ. ევროპული განათლებით ვამაყობთ, მაგრამ “ჩიპიან“ პასპორტებს ვაპროტესტებთ, დღეში შვიდჯერ ვლოცულობთ, მაგრამ თუ ვინმემ გაბრიელ ურგებაძის აფორიზმების კრებული გვაჩუქა, თავზე გადავახევთ, კედელზე ვწერთ - “ქარძნები მუშებს!“, - მაგრამ პლუტოკრატი ბიძინა ივანიშვილი ერის მხსნელად გვესახება, ამაზონიდან ვიწერთ უახლეს გეჯეტებს და იმავე კლავიატურაზე ვკრეფთ და საკუთარ ბლოგზე ან საინფორმაციო სააგენტოს საიტზე ვათავსებთ ტყუილს, თითქოს აშშ-ში პედოფილია ერთ-ერთ სექსუალურ ორიენტაციად მიიჩნიეს და მისი დეკრიმინალიზაცია მოახდინეს... განა ამ მაგალითებით საზოგადოებაში გამოვლენილ შემთხვევებს აღვწერ? - არა, კონკრეტულ, ინდივიდუალურ ადამიანებს, რადგან ასეთი წინააღმდეგობა სწორედ ცალკეულ სულებში იჩენს თავს და იქ მშვიდად ცოცხლობს. სიყრმითგანვე მივეჩვიეთ ფორმისა და შინაარსის შეუთავსებლობას, არ გვაღელვებს, ვერც კი ვამჩნევთ.

დააკვირდით, რა აცვია და რა უდევს ჯიბეში ადამიანს, რომელიც ხმამაღლა გაჰყვირის: “არა, გარყვნილ ევროპას!“. და თუ მისი კუთვნილი ნივთების წარმოშობა და მის შეხედულებათა შინაარსი თქვენში არავითარ შინაგან დისკომფორტს არ გამოიწვევს, ეს მხოლოდ იმის ბრალი იქნება, რომ ჩვენში ერის “სულიერი ერთიანობა“ არა განსხვავებულთა თანამშრომლობით, არამედ მხოლოდ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძისა და ნეტარხსენებული “მამა ბუასილის“ მსგავსებით გამოიხატება. ასე კი “ვირის ტაჩკას“ შეიძლება მოერიოს, მეტს ვერ გაქაჩავს.