გადარჩენის ინსტრუქცია
16 დეკემბერი, 2013
853
print

საღამოს რვა საათი იქნებოდა, როდესაც მეგობართან ერთად კაფედან გამოვედი.

მაშინვე ინსტინქტურად უკან შებრუნება დავაპირე - იმდენად ციოდა, ვიფიქრე, რომ პალტოს ჩაცმა დამავიწყდა. თუმცა, მაშინვე მივხვდი, რომ შევცდი - პალტო მეცვა, შარფიც თავის ადგილზე იყო, მობილურ ტელეფონში ამინდის აპლიკაცია კი სამ გრადუსს მიჩვენებდა. კარგად რომ დავაკვირდი, სამიანის გვერდით, ადამიანის მიერ აღქმადობის კრიტერიუმთან, მინუს შვიდი გრადუსი დავინახე.

როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, “კიევურად“ ცივა და რთულია, მას არ დაეთანხმო. სამწუხაროდ, ასეთ ცივ დეკემბერში თბილი პალტოს ტარება საკმარისი აღარ არის. ახლა უკვე მახსენდება ყველა პრესტიჟული მოდის ჟურნალის შემოდგომის გამოცემები - თითოეულ ნომერში უზარმაზარი სტატიები ბეწვის სამოსზე და ასევე დაუსრულებელი ფოტო-სიუჟეტები ამ თემაზე. როდესაც თბილ ზამთარს ხარ შეჩვეული, იოლია ამ ტრენდს გვერდი აუარო, მითუმეტეს, თუ PETA-საც თანაუგრძნობ. აი, როდესაც “კიევურად“ ცივა, მაშინ აღნიშნული ფოტოების თვალიერებაც კი სიამოვნებას განიჭებს და ფიქრობ, რომ ხელოვნური ბეწვი ყველაზე ლამაზი ტრენდია ამ სეზონზე.

თუმცა, ალბათ მოდის ინდუსტრიას არ ახსოვს ნატურალური ბეწვისგან შექმნილი იმდენი სამოსი, რამდენიც წლევანდელი ზამთრის კოლექციებში მოხვდა. შესაძლოა, სინოპტიკოსებმა უკვე გასულ წელს ივარაუდეს, რომ ახლანდელი ზამთარი განსაკუთრებით ცივი შეიძლებოდა ყოფილიყო, ან ეს დიზაინერების ინტუიციის შედეგია, მაგრამ ბეწვისგან შექმნილი ტანსაცმელი უდავოდ სეზონის ყველაზე მოდური ტენდენციაა. აქტუალური გახდა არა მხოლოდ ტრადიციული ფერთა (შავი, თეთრი, ყავისფერი, ნაცრისფერი) გამა - დიდი ხანია, დიზაინერებს არ ჩაუტარებიათ ამდენი თამამი ექსპერიმენტი ბეწვზე. პოდიუმებზე ვნახეთ ყვითელი, ღვინისფერი, ზურმუხტისფერი, ბროწეულისფერი, ცისფერი და ნეონისფერი ბეწვის პალტოები. Roberto Cavalli-მ, Tom Ford-მა, Lanvin-მა, Versace-მ, Prabal Gurung-მა მონოქრომატულობაზე უარი თქვეს და ჭრელი პალტოები წარმოადგინეს. ბეწვით გატაცება იმ ზომამდეც კი მივიდა, რომ ზამთრის კოლექციებში ის გვხვდებოდა კაბებზე, ჟაკეტებზე, ქუდებსა და ღია ფეხსაცმელზეც კი... უფრო მეტიც, Valentino-სთან, 3.1 Phillip Lim-თან, Jimmy Choo-სა და Louis Vuitton-თან ბეწვის ჩანთებიც ვნახეთ, Zenith კი უფრო შორს წავიდა და მისგან მაჯის საათი დაამზადა.

სეზონის კიდევ ერთი თბილი, მინი-ტენდენცია ანგორის ბეწვისგან მოქსოვილი ჯემპრებია. Balmain-ისა და Alexander Wang-ის დიზაინერებმა ამ შემთხვევაში უპირატესობა oversize-ის კონცეფციას მიანიჭეს. ჯემპრების ალტერნატივის სახით Emporio Armani-მ და Sonia Rykiel-მა ანგორის ბეწვის კაბებიც წარმოადგინეს. სწორედ დროა, ამ ტენდენციასაც სერიოზული თვალით შევხედოთ.

თუ ბეწვზე უარის თქმას მაინც გადავწყვეტთ, გამოსავალი ერთი რჩება - რამდენიმე ზომით დიდი პალტოს ტარება, რაც განსაკუთრებით პრაქტიკულია, როდესაც შიგნით ძალიან თბილად ჩაცმა გვაქვს გადაწყვეტილი. ბოიფრენდის სტილის, oversized პალტოების აქტუალურობაზე სულ ცოტა ხნის წინათაც ვწერდი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტენდენცია უკვე ზედმეტად მეინსტრიმული ხდება. ვფიქრობ, ბოჰემური სტილი ყინვის წინააღმდეგ ნაკლებად მოსაწყენი საშუალება იქნება, ამიტომ მინიმალიზმის კარგ ალტერნატივად შეიძლება იქცეს ბეწვით ან ფერადი ნაქარგებით გაფორმებული დიდი ზომის პალტოები, როგორებიცაა, მაგალითად, Piter Pilotto-სთან, Tom Ford-სა და Dries Van Noten-თან.

ყინვებს კარგ წინააღმდეგობას გაუწევს კიდევ ერთი მოდური ტენდენცია - ბოტფორტი. მაღალყელიანი ჩექმა წელს ვნახეთ ძალიან ბევრი პრესტიჟული ბრენდის კოლექციაში, მათ შორის Chanel-თან, Reed Krakoff-თან, Prabal Gurung-თან, Balmain-თან, Ralph Lauren-თან, Pucci-სთან, Barbara Bui-სთან... ბევრ შემთხვევაში ჩექმის ყელი იმდენად მაღალია, რომ ის მოკლე ქვედაკაბაშიც კი არ ჩანს, მაგალითად Celine-თან, სადაც ის თითქმის შარვლის მაგივრობას სწევს. Chanel-თან ტყავის მაღალყელიანი ჩექმა პანკური ტრენდის დანამატად იქცა, Prabal Gurung-თან კი იმის დასტურად, რომ ფეხსაცმელში ფეტიშისა და სამხედრო სტილის სინთეზი იმდენად საინტერესო და ორიგინალურია, რომ ის შეიძლება საღამოს კაბასთანაც კი ჩაიცვა.

რაც შეეხება არომატს, რომელიც ყინვის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოგვადგება, ასეთი შეიძლება Dolce&Gabbana-ს ახალი Pour Femme Intense იყოს, რომელიც 2012 წელს შექმნილი Dolce&Gabbana Pour Femme-ის ახალი ვერსიაა და როგორც სახელიც გვეუბნება, პირველზე უფრო ინტენსიური ჟღერადობით გამოირჩევა. ვფიქრობ, ეს მაინც ინდივიდუალურ აღქმაზე იქნება დამოკიდებული. ზოგიერთს, შესაძლოა, მოეჩვენოს, რომ ახალმა პარფიუმმა არა სიღრმე, არამედ უფრო მეტი სიტკბო შეიძინა. მთავარი მასში კვლავაც მარშმელოუს სურნელია, რომელიც არომატს წარმოუდგენელ სითბოს ანიჭებს. სწორედ ამ ინგრედიენტის წყალობით, Pour Femme Intense ნამდვილად ტკბილი სურნელია, რომელსაც ყველაზე მეტად Dior-ის Dolce Vita-სა და Yves Saint Laurent-ის Manifesto-ს თაყვანისმცემლები დააფასებენ.

ახალმა ვერსიამ ჟოლოსა და ჰელიოტროპის ნოტები დაკარგა. აღარ არის ვანილიც, თუმცა უფრო ინტენსიურად იგრძნობა სანდლის ხის არომატი. ის, რომ მარშმელოუ ზედმეტად გურმანულ ხასიათს არ ქმნის, ნეროლის, ტუბეროზის, ფორთოხლის ყვავილის და მანდარინების დამსახურებაა. Dolce&Gabbana Pour Femme Intense პოზიტიური სურნელია, რომელიც დესერტის მოყვარულებს მოეწონებათ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიტკბოს მიუხედავად, ბევრი არაფერი აქვს საერთო თინეიჯერი გოგონებისთვის განკუთვნილ, დაშაქრულ არომატებთან, როგორსაც თითქმის ყველა ცნობილი ადამიანის სახელით უშვებენ. ეს ელეგანტური სურნელია, რომელსაც შეუძლია ბეწვის სამოსის ფუნქცია ნაწილობრივ შეითავსოს, რადგან სითბოსა და კომფორტის განცდას ქმნის, ეს კი დიდი უპირატესობაა, როდესაც მზიან საქართველოში ასე კიევურად აცივდა.