პრეზიდენტი, გეგმა, მომავალი
16 დეკემბერი, 2013
1177
print

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი გახდა მიხეილ გაბრიჩიძე.

ახალი გუნდი, ცხადია, რაღაცებს შეცვლის, სიტუაციას თავისი სცენარით წაიყვანს და ძველ მიღწევებს გაუფრთხილდება. ეს აუცილებელია. გაბრიჩიძე, რომელიც კალათბურთიდან არც წასულა, კალათბურთში იყო და ბევრს ასწრებდა. ახალი პრეზიდენტი სანაკრებო თემებსაც მიხედავს. ჩასატარებელი იქნება რეფორმები და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მიხეილ გაბრიჩიძემ დამაჯერებლად მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და არანაკლებ დამაჯერებლად უნდა წაიყვანოს მთელი პროცესი.

წინა ფედერაციის მმართველობის დროს ბევრი ხარვეზი გამოსწორდა და ამ ფედერაციამ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. საქართველოს ნაკრები ზედიზედ ორჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. გამოსწორდა საქართველოს ჩემპიონატი, სუპერლიგა და ესეც გასათვალისწინებელია. მიხეილ გაბრიჩიძემ ეს ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს. ახალი პრეზიდენტისგან ძველი შედეგების გაუარესებას ბევრი ვერ გაიგებს და ვერ მიიღებს. ეს არ არის დამოკიდებული პრეზიდენტზე, ჩასაგდები სხვამ უნდა ჩააგდოს, მაგრამ ეს საქართველოა და აქ ბევრს ბევრი რამ არ ესმის.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის

პრეზიდენტობის კანდიდატის

მიხეილ გაბრიჩიძის

სამოქმედო გეგმა

ქართული კალათბურთი პროგრესირებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ ორჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობის პერიოდში მიაღწია მაქსიმალურ შედეგს და გავიდა ფინალური ტურნირის შემდგომ ეტაპზე.

ორი ქართველი კალათბურთელი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში (NBA), ხოლო რამდენიმე ევროპის წამყვან კლუბში ირიცხება.

აშკარაა საკალათბურთო ბუმი და, შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან მის მიმართ ინტერესისა და მოთხოვნების ზრდა.

ნათლად ჩანს, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის არსებულმა ხელმძღვანელობამ შეძლო დაღმავალი პერიოდის შეჩერება და ვითარების სასიკეთოდ შემოტრიალება.

დგება დრო, როდესაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩატარებული დიდი სამუშაოსთვის და საკალათბურთო საზოგადოებას ავუხსნათ: იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი განვითარების ახალ, კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე ავიდეს, საჭიროა მმართველობაში ახალი გუნდის მოსვლა, ახალი ხედვით და განვითარების თანამედროვე კონცეფციით, კალათბურთისა და თანამედროვე ბიზნესის მართვის დიდი გამოცდილებით, სამოქმედო გეგმით, რომელიც შეძლებს მოკლევადიან პერსპექტივაში მიღწეულის შენარჩუნებას და დახვეწას, ხოლო უფრო შორეული მომავლისთვის - მყარი სისტემის საფუძვლის ჩაყრას ქართული კლუბების ევროპერსპექტივისთვის.

ჩვენი გუნდის მიზანია დაინერგოს სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, 10-15-წლიან პერსპექტივაში, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კალათბურთი აქციოს ეკონომიკის ერთ-ერთ დარგად თავისი ინფრასტრუქტურით, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული სახელმწიფო დოტაციასა თუ მეცენატების აქტივობაზე. ყველა ბიზნესმენი იყოს ამაყი, სპონსორობა გაუწიოს ამა თუ იმ საკალათბურთო სკოლას, კლუბს თუ ნაკრებს.

ფიბა, სხვა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მსგავსად, ისწრაფის სახეობის კომერციალიზაციისკენ. თანამედროვე საკალათბურთო მოთხოვნებს დიდი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება. აუცილებელი პირობაა ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია, მისი ყველა რეკომენდაციისა თუ იდეის გულმოდგინე ანალიზი და დანერგვისთვის სწრაფვა-მზადყოფნა. აუცილებელია ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება ნებისმიერ დონეზე.

ჩვენი პარამეტრებისა და ეკონომიკური განვითარების დონის ქვეყნისთვის დიდი აუცილებლობაა ანალოგიური ქვეყნების წარმატებული გამოცდილების შესწავლა-ანალიზი და ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგება.

საქართველოში კალათბურთი სპორტის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული სახეობაა. მისი დღევანდელი პოპულარობა პირდაპირ არის დაკავშირებული თაობების უმაგალითო თავდადებასთან, ბრძოლისუნარიანობასთან. ქართულ ხასიათში, აღზრდაში, ურთიერთობაში ყოველთვის დომინირებდა უფროსებისადმი, წინა თაობებისადმი პატივისცემის პრინციპი და, შესაბამისად, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის საპატიო მოვალეობა იქნება ვეტერანი ქალბატონებისა და ბატონების პატივისცემა, მათ გვერდში დგომა. აუცილებელია ქართული კალათბურთის მუზეუმის შექმნა. მუზეუმის სავარაუდო დისლოკაცია -ყოფილი კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე ლეგენდარული დარბაზი. წარსულის პატივისცემის გარეშე ვერ შევძლებთ მომავლის შენებას.

პრობლემებია ქალთა კალათბურთშიც. ბოლო 20 წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა გოგონათა რაოდენობა ბავშვთა საკალათბურთო სკოლებში. რამდენიმე გუნდი გაუქმდა. გენდერული დისბალანსი შეინიშნება სხვა სათამაშო სახეობებშიც. მიზანშეწონილია, გვქონდეს მჭიდრო კოორდინაცია სხვა სახეობების ფედერაციებთან, რომ ჩატარდეს ფართომასშტაბიანი სოციოლოგიური კვლევა ამ სამწუხარო ფენომენის შესასწავლად. საჭიროა გენდერულ პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიური მუშაობა. კალათბურთი სპორტის ულამაზესი და ელეგანტური სახეობაა და ქართველი გოგონების ჩართულობის გარეშე ის თავის ეშხსა და მიზიდულობას კარგავს. ქალთა კალათბურთის განვითარება იქნება ძალიან რთული, მაგრამ საპატიო და საამაყო მოვალეობა. ჩანს ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონის პოსტის შემოღების აუცილებლობა, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავებული, რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ მოგვარდეს. სამწუხაროა, რომ მიმდინარე არჩევნებში არც ერთი ჩვენი ქალბატონი კალათბურთელი არ იღებს მონაწილეობას.

ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვთა კალათბურთთან ურთიერთობა. ეს არ ეხება მათ ფიზიკურად დატვირთვას და სპეციალურ ვარჯიშებს. ბავშვში კალათბურთის სიყვარული უნდა განვითარდეს ძალიან ფრთხილად, ქვეცნობიერ დონეზე. ამ საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთონ ფსიქოლოგები, ბაგა-ბაღების პედაგოგები და მეთოდისტები, საბავშვო მწერლები, მხატვრები. საჭირო იქნება სპეციალური სათამაშოების მოძიება. ბავშვს საკალათბურთო სკოლაში მოსვლამდე უნდა ჩამოუყალიბდეს სპორტისადმი ლოიალობისა და ნდობის ფაქიზი მექანიზმი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს 3X3 კალათბურთს. ეს სახეობა სწრაფად ვითარდება მთელ მსოფლიოში და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მზად იყოს ახალი გამოწვევებისთვის, აქედანვე საჭიროა მუშაობა, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და მეთოდური აღსრულება, ფიბას რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინება, ამ სახეობაში სხვა, წარმატებული ფედერაციების გამოცდილების შესწავლა, სპეციალისტების სასწრაფოდ მომზადება, მუნიციპალიტეტებთან მუშაობა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ინვესტიციების მოზიდვა კერძო ბიზნესიდან. სწორი დაგეგმვის პირობებში ამ სახეობას შეუძლია გახდეს ძალზე მიმზიდველი და მასობრივი ყველა ასაკობრივ ჯგუფში როგორც პროფესიულ, ისე სამოყვარულო და სტუდენტურ დონეზე, ასევე იქცეს დროის საინტერესოდ გატარების საშუალებად.

დავიწყებთ თანამშრომლობას სტუდენტური სპორტის ფედერაციასთან. სტუდენტები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან საზოგადოების ყველაზე აქტიური წევრები. ერთობლივად მოსაფიქრებელია გარკვეული პრივილეგიების, სპეციალური სტეპენტიების დაწესების საკითხი სტუდენტი კალათბურთელებისთვის, მათთვის სპეციალური სასწავლო გრაფიკის შემუშავება. საკალათბურთო ცხოვრებაში გოგონათა ჩართვისთვის პირველ ეტაპზე საჭირო იქნება მათი და მათი მშობლების დაინტერესება, რაც მდგომარეობს კალათბურთელ გოგონათათვის სტუდენტურ გუნდებში თამაშის სანაცვლოდ უფასო სწავლებისა და სწავლის პერიოდში მისაღები პირობების დაწესებაში. მაგრამ ამ ღონისძიებებმა არ უნდა დასცეს სწავლის ხარისხი, რადგან ერუდირების გარეშე დარჩენილი ახალგაზდა ვერც კალათბურთის საზოგადოებას, ვერც საქართველოს მომავალს და ვერც მის პირად მომავალს ვერაფერს არგებს.

ახალი სეგმენტი, სამოყვარულო ლიგა ვითარდება და ჩვენც მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროექტის განვითარებას. აუცილებელია რეგიონების აქტიური ჩართვა არა მარტო ურბანული ცენტრების, არამედ მცირე ადმინისტრაციულ ერთეულამდე, სადაც ელემენტარული საკალათბურთო ინფრასტრუქტურა არსებობს. ამ ასპექტში საჭიროა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. სამოყვარულო თუ ქუჩის კალათბურთიდან პროფესიონალურ სპორტში სპორტსმენთა გადასვლისა და შემდგომი წარმატებული კარიერის უამრავი მაგალითი არსებობს. ჩვენი ვალია ეს პროცესები წავახალისოთ.

კალათბურთის განვითარებაში უდიდესი როლი ეკისრება მის სწორ პროპაგანდას მედიის საშუალებებით. სამწუხაროა, რომ თითქმის არ მიმდინარეობს სუპერლიგის მატჩების რეპორტაჟები, როდესაც მის მიმართ ჩვენი საზოგადოების ინტერესი საკმაოდ დიდია. კომერციულ ტელევიზიებს ვერავინ დაავალდებულებს განახორციელონ ასეთი რეპორტაჟები - ეს მხოლოდ მათი კეთილი ნებაა. ამ საქმეში თავისი როლი უნდა შეასრულოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ფარავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდ არეალს, აქვს შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და ჰყავს გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული სპორტული რედაქცია. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ქალთა კალათბურთის გაშუქებას.

შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში შექმნილი ეკოლოგიური გარემო. არავისთვის ახალი არ არის ის ფაქტი, რომ მტვრისა და მავნე ნივთიერებების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება ნორმის ზედა ზღვარს. ეს ვითარება განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს სპორტსმენის, მოზარდი სპორტსმენის ჯანმრთელობას, მის უსაფრთხო მომავალს, რადგან სპორტსმენს გაცილებით მეტი აირის მოხმარება სჭირდება დატვირთული ორგანიზმისთვის ჟანგბადის მისაღებად. საჭირო იქნება შესაბამის უწყებებთან აქტიური მუშაობა, სხვა ფედერაციებთან კოორდინაცია ვითარების გამოსასწორებლად.

კალათბურთში მიღწეულის შენარჩუნება-დახვეწისა და მომავალ განვითარებაზე ზრუნვისთვის ჩასატარებელია რამდენიმე კომპლექსური და პარალელური სამუშაო დროის ძალიან მოკლე პერიოდში:

1) მოთამაშეთა პრაქტიკის ზრდა და უგუნდოდ დარჩენილ მოთამაშეთა რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება (მეორე ლიგა, 22 წლამდე ასაკის ჩემპიონატი, სამოყვარულო ლიგა, სტუდენტური ლიგა);

2) ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებისთვის ხელშეწყობა და სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებთან მუშაობა ინვესტიციების მოსაზიდად;

3) მუშაობა რეგიონების გუნდების რაოდენობის გაზრდისთვის სხვადასხვა ჩემპიონატში, განსაკუთრებით, სუპერლიგასა და მეორე ლიგაში. ფედერაცია დაეხმარება კლუბებს სპონსორების მოძიებაში;

4) შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოძიება, საერთაშორისო სტანდარტებამდე მიყვანა ევროპის ერთ-ერთი ან რამდენიმე ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალის ჩასატარებლად;

5) კომპლექსური მუშაობა ევროპის ჩემპიონატების ფინალური ეტაპის მასპინძლობის პერსპექტივისთვის როგორც ქალთა, ისევე ვაჟთა შორის;

6) საკალათბურთო ჩინოვნიკთა მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა და მათი სასწრაფო მომზადება (სპეციალური სასწავლებლის არარსებობის პირობებში, საზღვარგარეთ გაგზავნა სასწავლებლად და პრაქტიკის მისაღებად);

7) მსაჯებისა და მსაჯ-ინფორმატორების მინიმალური რაოდენობით სასწრაფო მომზადება მეორე ლიგისა და 22 წლამდე ასაკის ჩემპიონატის დამატების გთვალისწინებით. მსაჯთა სკოლების შექმნა;

8) ინფრასტრუქტურის მოძიება და მოდერნიზაცია დამატებითი ტურნირების ჩასატარებლად, მოთამაშეთათვის საკმარისი სავარჯიშო დროის მისაცემად;

9) შესაბამისი სამედიცინო კვალიფიკაციის პერსონალის მოზიდვა და ჩართვა ასაკობრივ თუ უფროსთა ლიგებში ტრავმა-დაზიანებების მაქსიმალურად გამოსარიცხად;

10) სეზონში, სულ მცირე, ორჯერ რეგიონულ ფედერაციებთან მუშაობა ბავშვთა ყველა ასაკის რეგიონული პირველობების ჩასატარებლად;

11) ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა შტაბში შესაბამის ასაკში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდების მწვრთნელების შეყვანა მათი სურვილისამებრ. შესაბამისად, შტაბებში ვიდეოანალიტიკოსების შეყვანა. ფედერაციასთან არსებული მწვრთნელთა საბჭოს (სათათბიროს) შექმნა;

12) ლობირება სპორტის აკადემიის აღსადგენად და, შესაბამისად, კალათბურთის ძლიერი კათედრით;

13) კლუბებში ფინანსური სიტუაციის გამოსწორების პარალელურად ან შემდეგ საჭიროა ზრუნვა კალათბურთელისა და მწვრთნელის კეთილდღეობაზე. კლუბებთან შეთანხმებით საჭირო იქნება გარკვეული რეგულაციების შემოღება მინიმალურ ხელფასთან, კონტრაქტის პირობებთან, სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ძალზე ფაქიზად, სრული პარიტეტისა და კონსენსუსის დაცვით, რათა არ შეილახოს არც კლუბის და არც მოთამაშის ან მწვრთნელის ინტრესი;

14) სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, არასამთავრობო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების ჩართვა და ჯგუფის შექმნა მასშტაბური კვლევის ჩასატარებლად. რაც მდგომარეობს შემდეგში და თანაბრად ეხება როგორც ქალთა, ისე ვაჟთა კალათბურთს:

1. განვლილი პერიოდის შესწავლა და დეტალური ანალიზი კალათბურთის განვითარების ეტაპების მიხედვით საქართველოში

1920 - 1940

1941 - 1960

1961 - 1980

1981 - 1991

1992 - 2001

2002 - 2013

მიღწევები - მისი გამომწვევი მიზეზები და ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორები.

წარუმატებლობები - მისი გამომწვევი მიზეზები და ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორები;

2. კალათბურთის, როგორც სპორტის თავსებადობა ქართულ მენტალიტეტთან და ეროვნულ ხასიათთან;

3. რა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს კალათბურთი ადამიანის განვითარებაზე საქართველოში. შესასწავლია დადებითი და უარყოფითი ფაქტორები, რა ღონისძიებებია საჭირო ვითარების დასახვეწად;

4. რა სოციალური ფენისა და როგორი შემოსავლის მქონე ოჯახი არის მზად თავისი ვაჟი ან გოგონა მიიყვანოს კალათბურთზე და ზრდის რა ეტაპამდე შეუძლია მას ნორჩი სპორტსმენის უზრუნველყოფა საჭირო კალორიებით, მედიკამენტებით, სამედიცინო მეთვალყურეობით, ინვენტარით და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით.

რა ღონისძიებებია საჭირო კალათბურთში ჩართული სოციალური ფენების დიაპაზონის გაზრდისთვის;

5. რა მოთხოვნები აქვს სახელმწიფოს და საზოგადოებას კალათბურთისადმი და რისი გაკეთება შეუძლია მას ამ სახეობის განვითარებისთვის.

6. ინფრასტრუქტურული პოტენციალის შესწავლა და მისი მოდერნიზაციისა და გაზრდა-განვითარების პერსპექტივები.

7. ინფრასტრუქტურული დაგეგმვა მოსახლეობის კონცენტრაციის მიხედვით. მოსახლეობის რა რაოდენობაზე არის საჭირო ერთი სავარჯიშო დარბაზი და, შესაბამისად, არენა (სპორტის სასახლე). სად არის საჭირო ახალი სკოლა.

8. მოსახლეობის მზადყოფნა კალათბურთისთვის დამახასიათებელი ფიზიკური დატვირთვებისთვის რეგიონებისა და ურბანული ცენტრების მიხედვით. ეს მოგვცემს საშუალებას დაიგეგმოს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ეტაპების რიგითობა.

9. სამედიცინო სფეროს მუშაკთა ჩართულობა მოზარდის კალათბურთელად ჩამოყალიბების პროცესში.

10. ბავშვთა ფსიქოლოგებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგების ჩართვის შესაძლებლობა ბავშვებში ადრეული ასაკიდან კალათბურთის პოპულარიზაციისთვის;

11. მომავალი მუდმივმოქმედი კალათბურთის კვლევისა და განვითარების ცენტრის ან ინსტიტუტის შექმნის პერსპექტივა;

ეს კვლევა საშუალებას მოგვცემს სწორად განვსაზღვროთ ქალთა თუ ვაჟთა კალათბურთის განვითარების პერსპექტივა, შევიმუშაოთ სწორი კონცეფცია, მეცნიერულად განვამტკიცოთ იგი და შევუდგეთ მის დანერგვას.

ამ პროცესის დასაწყებად და სათანადო დონეზე რეალიზებისთვის აუცილებელი იქნება შემდეგი უწყებების მჭიდრო კოორდინაცია:

1. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია;

2. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

4. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო;

5. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო;

6. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

7. ფინანსთა სამინისტრო;

8. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები;

9. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები;

10. სხვადასხვა პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები.

ერთად ვიზრუნოთ ქართული კალათბურთის კეთილდღეობაზე.