სალამი, სევდავ!
22 დეკემბერი, 2013
1568
print

სტალინმა გაიმარჯვა, სტალინი გამარჯვებულია და სტალინი გაიმარჯვებს მართლმადიდებლობასთან ერთად!

ემზარ კვიციანი

წლის მიწურულს ყოველთვის მოაქვს ოდნავ შესამჩნევი ფსიქოლოგიური დაძაბულობა. არა, შამპანიურისა და საცივის თადარიგს არ ვგულისხმობ. რაღაც ნაკლებ კონკრეტული და ძნელად გამოსათქმელი განწყობაა, რომელიც არც კი გეუფლება - თითქოს ფონად გასდევს ისედაც ათასგვარი პირობითობით აღსავსე დღეებს და მხოლოდ ზოგჯერ, შესვენების ხანმოკლე წუთებში შეგახსენებს თავს, თანაც ისე მორიდებულად, რომ ვერც კი ასწრებ გააზრებას. არც მე გავირჯებოდი მის გასააზრებლად, რომ არა ვალდებულება და მასთან დაკავშირებული ამჯერად უფრო მწვავე და დაჟინებული შეკითხვა: რაზე დავწერო?

არა, თემების სიმრავლე თითქოს არ შეთხელებულა: ჯერ მარტო დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანისა და აჭარის სამთავრობო მაჰარაჯის, ავთანდილ ბერიძის ნარნარი ვალსი რად ღირს კიევური მაიდანის ყინულზე. ყოველ შემთხვევაში, თუ ქართველი საზოგადოებრიობის თავში მდუღარე დომხალს დავაკვირდებით, სწორედ ამგვარ სიურეალისტურ სურათს დავინახავთ.

არც კოლექტიური მეხსიერების რეჟიმი შეცვლილა: ისევ იმავე სისწრაფით ტრიალებს ყურადღების ცენტრში მოქცეულ მოვლენათა კალეიდოსკოპი. საზოგადოების ზარმაცი მზერა ორი, უკიდურეს შემთხვევაში, სამი დღით შეჩერდება ერთ რომელიმე სურათზე და მერე დაუნაaნებლად ტოვებს მას მხედველობის არეში შემოსული სიახლის გამო.

არც პრობლემების სიმძიმეს ეტყობა რაღაც განსაკუთრებული შემსუბუქება: ბათუმის თოვლი, სტალინის ძეგლი, ლარის კურსი. ადმინისტრაციული სიბრიყვისა და კულტურული სიჩლუნგის მაჩვენებლებიც ისევ იმავე პათოლოგიური ნორმის ფარგლებში მერყეობს, აი, სტაჟიან ჰიპერტონიკს რომ ჰკითხავს ხოლმე სასწრაფოს ექიმი, სანამ მკლავზე შავ ლახტს შემოახვევდეს: „თქვენი წნევა რა არის ხოლმე?".

იქნებ ოდნავ, სულ ოდნავ ასწია უკრაინის ამბებმა ქართველთა თვითგვემის გრადუსი... მეტი არაფერი. თითქოს არაფერი.

და მაინც, არ მშორდებოდა შეგრძნება, რომ რაღაც შეიცვალა, ცვლილება კი რაღაც შორეულის გახსენებას ჰგავდა. გახსენებას. ჰოდა, ამ სიტყვამ მიმახვედრა, რაც შეიცვალა.

დიახ, ერთი შეხედვით, ყველაფერი იგივეა - მსგავსი თანაბარი და ზომიერად ამაღელვებელი ფორიაქისგან არც ის ყბადაღებული ცხრა წელი იყო თავისუფალი, მაგრამ განსხვავება უკვე საგრძნობია. ეს განსხვავება ჯერ არ ძევს, ასე ვთქვათ, რაოდენობრივ სიბრტყეზე, ანუ, ჯერ-ჯერობით რაღაც საბოლოოდ შეუქცევადი და კატასტროფული არ ხდება. უბრალოდ, რაღაც დაგროვდა, რაღაც ახალი დამოკიდებულება შეიქმნა მოვლენებსა და მოვლენებზე რეაქციებს შორის. ახალი თუ ძველი?

აი ეს არის საქმე... გარე სამყაროსადმი საკუთარმა მიმართებამ მიმახვედრა... ასეთი მიმართება უკვე მქონდა ოდესღაც: გადახედავ კვირის ამბებს, გამოთქვამ აზრს, დაისვენებ კმაყოფილებით აღვსილი. სულ ეს არის. ეს აზრიც იზოლირებულია, თითქოს არაფერს ემსახურება. იშვიათად რომელიმე მკითხველის მადლიერება მოაღწევს ხოლმე შენამდე - ბენგალიური ცეცხლივით იელვებს, არც დაწვავს არაფერს, არც გაათბობს, უბრალოდ გაგახარებს წამიერად.

დიახ, ნეტარი დრო იყო, როცა ელექტროდენის ამბებს ვინმე სკოული გვამცნობდა, გაზისას კი ვინმე რუშაილო. ერს აზრი ვერც ცუდად თარგმნილი ინგლისურიდან გამოჰქონდა, ვერც უთარგმნელი რუსულიდან, მაგრამ მშვიდდებოდა, როგორც დისციპლინით გაბეზრებული იაპონელი მოხელე, როცა სასტიკი უფროსის დერეფანში დადგმულ ქანდაკებას ხის ჯოხს უთავაზებს რეზინის სიფათში. ვინ იცის, იქნებ ტყუილია იაპონელების ამბავი, მაგრამ ქართველებისა კი ტყუილი არ იყო: ასე ყოველ საღამოს ისმოდა სკოული-რუშაილოს დუეტი და ვერავინ ხვდებოდა, რომ შესაბამისი ოპერა, საიდანაც ეს დუეტი უნდა ყოფილიყო ამოჭრილი, უბრალოდ, არ არსებობს.

ცხოვრება საზიზღარი და ბუნებრივი იყო. უფრო სწორად, ბუნებრივი გვეჩვენებოდა მისი ერთადერთობის გამო, მყარი, თითქმის ურყევი და ლამის მარადიული ასოციაციების გამო: თსუ - მეტრეველი, კახეთი - მეზვრიშვილი, საქართველო - შევარდნაძე... მასშტაბის გაზრდა საქმეს არ შველოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ პირობებში ცხოვრება არ იყო მაინცდამაინც ძნელი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ვერაფერს შევადარებდით, ვერც კი წარმოგვედგინა რაღაც სხვანაირი, ვერც კი ვეჭვობდით რაიმე შესაძლებლობის არსებობას...

ახლა თითქოს არის შედარების საშუალება, თითქოს შესადარებელიც აქვეა, ჯერ არ აღგვილა პირისაგან მიწისა და არც დავიწყების ბალახით დაფარულა. მაგრამ გახსენება და შედარება თავისთავად ქცეულა არათუ მარტოოდენ პოლიტიკურ, არამედ ზნეობრივ სტიგმად.

ამას ვინ ჩივის: როგორც ეტყობა, გარემოსთან შესაბამისი ურთიერთობა ყოფილა ჩვენთვის გადაულახავი სიძნელე. ყველაზე ჩვეული მდგომარეობა კი სიბრმავე, სწორედ ის სიბრმავე, რომელსაც გვსაყვედურობდა ზემოთ უკვე ნახსენები პრეზიდენტი: „განა ამის არდანახვა შეიძლება?" - ლამის ყოველ ორშაბათს ისმოდა რადიოეთერში განაწყენებული გურულის ხმით ნათქვამი ეს სიტყვები. იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე: მათთან, ვინც ადრე აშენებას ვერ ხედავდა, ახლა კი არაშენებას ვერ ხედავს. სიბრმავის უძლეველი და ურყევი მდგომარეობა, გარემოსთან კონტაქტის შეზღუდული უნარი...

ამიტომაც იყო ადვილი ცხოვრება: გადახედავდი წინა კვირის გაზეთებს, ამოიღებდი მიზანში რომელიმე ტექსტს (უვიცებს რა დალევს ჩვენს ნაყოფიერ მიწაზე) და სტატიაც მზად იყო. ისევ იგივე დროებამ მოგვიკაკუნა, პირობითი რეფლექსების ხანამ. ცხოვრება სხვადასხვა მხრიდან გვიტევს და ჩვენც ვრეაგირებთ, ან ვერ ვრეაგირებთ, მაგრამ თავს კი ყოველთვის ვიმართლებთ. თანაც ეს ჩვენი მყისიერი რეაქციები ყოველთვის ერთნაირია, როგორიც არ უნდა იყოს მათი გამომწვევი გამაღიზიანებელი - ასე რეაგირებს გულწასულის თვალის გუგა შუქზე: ფერსა და ინტენსივობას ვერ აცნობიერებს ტვინი, სამაგიეროდ თვალის გუგას ყველაფერზე ერთი პასუხი აქვს: მორჩილი მზადყოფნით ფართოვდება. ეს ჯერ კიდევ შეუძლია.

აი, თუნდაც ეს პირსისხლიანი ნაციონალური მოძრაობა, ინფრასტრუქტურის გამმართველი და ოპოზიციის გამფარჩაკებელი მრისხანე პოლიტიკური გუნდი ავიღოთ. ესეც გამღიზიანებლებზე მარტივი და ყოველთვის ერთნაირი რეაქციის დონეზე დაეცა: ახლა სოსო ჯაჭვლიანს გაებუტნენ და პარლამენტის სხდომებს არ ესწრებიან. ნახეს ამათაც „რეაგირების" საბაბი!.. სინამდვილეში კი მხოლოდ იმას მოიმკიან, რომ სიტყვები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უკვე აღარ მიგვითითებს ნამდვილად არსებულ რაიმე ფენომენზე, არამედ სავსებით მოთავსდება ენობრივ სფეროში და იმავე სოციოლინგვისტურ ფუნქციას დაიჭერს, რასაც ოდესღაც იჭერდა „მეცხრე ბლოკი" ან „პანკისის ხეობა" - არავინ იცოდა, რას წარმოადგენდა სინამდვილეში ამგვარად მოხსენიებული ობიექტები, სამაგიეროდ თვით სიტყვებს ჰქონდა მაგიური ძალა, ერთნაირად გამოდგებოდა აღმგზნებ და დამამშვიდებელ საშუალებად. იქმნებოდა სამოქალაქო მონაწილეობის ილუზია - ხანგრძლივი და მდგრადი.

ახლაც იგივეა: აღგზნებით დამშვიდებული ქართველობა ქილიკობს ბაგრატიონების წყვილის უთავბოლო კინკლაობაზე, თანაგრძნობის ცრემლებს ღვრის ევრომაიდანის უდრეკობაზე, ჩუმად და მოზომილად იღრინება გორში სტალინის ძეგლის ხელახალ აღმართვაზე და, რაც მთავარია, მქუხარე ტაშით ხვდება მოსკოვის საპატრიარქოს კულტურის საბჭოსა და პარტია „ედინაია როსიას" წევრს, სერგეი ბეზრუკოვს. სად არიან ჩვენი უშიშარი ქრისტიანები, სუეტნი და ნათელნი სარწმუნოებისანი, რომლებიც ებრაელთა თემის მიერ ხანუკას აღნიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთ-თურქეთის ომში სარდალ ივანე პასკევიჩის გამარჯვებათა აღსანიშნავად აშენებულ მოედანზე, ამ წმინდა ადგილას, სადაც დღეს მამალო კამფეტივით ლაპლაპა ქანდაკება აღმართულა. რატომ არ განარისხებთ ის, რომ ვიღაც საშუალო ხარისხის კომედიანტი რუსთაველის თეატრის სცენიდან მიგვითითებს, რომ „ხელქვეითი უნდა იყოს მორჩილი" და უნდა „დაემორჩილოს იმპერიას". და მაპატიოს მკითხველმა ეს პათოსი, მხოლოდ პათოსი და არა შინაარსი, მაგრამ იმ საღამოს, რუსთაველის თეატრში შეკრებილი ქართველი ნაძირლების ტაშმა ჩაახშო სწორედ ამ იმპერიის მიერ დახვრეტილი სანდრო ახმეტელის სისხლის ღაღადი.

სტალინმა გაიმარჯვა. სტალინი მარტოოდენ მილიონობით მსხვერპლი არ არის, უპირველეს ყოვლისა, ეს არის მორალური სიბეცე და მტარვალის სიახლოვით კი არა და მხოლოდღა დანახვით გამოწვეული ორგაზმი - ის ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ გარშემო ვხედავთ და რასაც უკვე შიშიც ვერ გაამართლებს.

არ გჯერათ? აი ციტატა:

„ეხლა გვყავს დაახლოებით 14 ათასი პატიმარი. აქედან არამძიმე დანაშაულზე არ ვიცი რამდენია, მე ვივარაუდებ, რომ კაცის მკვლელი და მძიმე დანაშაულის ჩამდენი იქ მცირე პროცენტია. ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით, 10 ათასამდე პატიმარზე იმის მაგივრად, რომ ბეტონის გალიაში ლპებოდეს და იქ კარტს თამაშობდეს და გიჟდებოდეს, დავუბრუნდეთ კარგად დავიწყებულ ძველს. ბრიტანეთმა ავსტრალია ასე დაასახლა და რუსეთმა ციმბირი და ჩვენ რა ჯანდაბა დაგვემართა!.. სასაზღვრო ზონებში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. 52 პროცენტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა, თუ ჩვენ ავიღებთ ქართულ მეთოდს მთის განსაზღვრებისა, ათას მეტრს ზევით, ანუ ვაზის გავრცელების ზევით, არის მთა. ევროპულ სტანდარტს თუ ავიღებთ, 800 მეტრს ზევით ჩვენი ტერიტორიის 2/3 არის მთა. გასული საუკუნის დასაწყისში მთაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 24% ცხოვრობდა, ეხლა ცხოვრობს 4 პროცენტი.

ვინც ვთქვათ თაღლითობა ჩაიდინა, იმის მაგივრად რომ იჯდეს ორთაჭალაში და უჯდებოდეს სახელმწიფოს უზარმაზარი ფული, გაკეთდეს ცენტრები ამ ხალხის განსახლებისა და მიეცეს უფლება ოჯახისწევრებს რომ იცხოვროს მასთან ერთად; ყავდეს საქონელი, მუშაობდეს და ჰქონდეს რესოციალიზაციის ბევრად უკეთესი პირობები".

ამას ლევან ვასაძე ამბობს - ეს კურიოზული კომპლექსი, დღევანდელი საქართველოს ქიმერა, რომელშიც ერთმანეთს შეეზარდა პარტიული ნომენკლატურა, კულტურული ელიტა, მართლმადიდებლობა და მონარქიაზე პლებეური წარმოდგენები. ბრიტანეთი და ავსტრალია არა, არც ციმბირში წასვლაა საჭირო: აქ მხოლოდ მოსკოვის ასკილომეტრიანი ზონის მოწყობა სურთ. მეტს ვერ ქაჩავენ.

შენ კი არხეინად იყავი, ქართველო ერო, ნურაფერზე შეიწუხებ თავს, არაფერმა აგიჩქროლოს გული - აკი აგიხსნეს, რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არის დაზღვევა.