უსათაურო
29 დეკემბერი, 2013
1553
print

ვინმე იტყვის, იმპერიალისტი იყოო და გარკვეული აზრით მართალიც იქნება. მაგრამ მაინც გავიხსენოთ რუსეთის ეკლესიის წმინდანი, მიტროპოლიტი ინოკენტი ალეუტელი.

მნათის შვილი, ერისკაცობაში ივანე ვენიამინოვი 1797 წელს დაიბადა ირკუტსკის გუბერნიის მივარდნილ სოფელში და ეკლესიის წიაღში გაიზარდა. შვიდი წლისა უკვე სამოციქულოს კითხულობდა, ასაკმა რომ მოუწია, ცოლიც შეირთო და დიაკონად აკურთხეს. მერე კი მღვდლად. კარიერული წინსვლის გულისთვის ცოლი არ მიუტოვებია, არც მონასტერში გაუგზავნია - 1840 წელს დაქვრივდა, მეუღლე გამოიტირა და ბერად აღიკვეცა, სახელად კი ინოკენტი მიიღო. იმავე წელს, მოსკოვის მიტროპოლიტმა, ფილარეტ დროზდოვმა ეპისკოპოსად აკურთხა...

ისტორია, რომელიც გვაინტერესებს, უფრო ადრე განვითარდა. 1824 წელს ჯერ კიდევ დეკანოზის ხარისხში მყოფი იოანე ვენიამინოვი დაინიშნა მისიონერად ციმბირსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. თხუთმეტი წლის განმავლობაში ანათლებდა “ინოროდცებს“ - ესკიმოსებს, ალეუტებს, ჩუქჩებს... მართლები იქნებიან ისინიც, ვინც იტყვის, კოლონიალიზმის სამსახურში იდგაო, მაგრამ ერთი წამით კონკრეტულ საქმეებზე გავამახვილოთ ყურადღება და ამ პატიოსანი მღვდლის პირადი მოტივაციებით შემოვიფარგლოთ. 1826 წელს დეკანოზმა იოანემ შექმნა ალეუტური ენის ანბანი, მოაწყო ათობით სკოლა და ზოგიერთ მათგანში თვითონ ასწავლიდა, წარმართავდა ყვავილის მასობრივ აცრებს, რის წყალობითაც შეჩერდა ჩრდილოეთის ეთნოსებს შორის ეპიდემიის გავრცელება. შეეძლო, რა თქმა უნდა, რომელიმე პოპულარული სალოსის შარდით გაპოხილი ქვიშა გამოეწერა მოსკოვიდან და იმით ემკურნალა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია; შეეძლო მარტოოდენ ლოცვის გაძლიერებით შემოფარგლულიყო, მაგრამ ეს არ იკმარა.

მამა იოანეს ხელმძღვანელობით შეიქმნა ჩრდილოეთის ენებზე პირველი ბეჭდური ტექსტები - საღვთო წერილის თარგმანი. ჰოდა, როგორ უნდა ეთარგმნა, მაგალითად, ესკიმოსთა ენაზე ყოველი ქრისტიანისთვის ნაცნობი და აუცილებელი ფრაზა: “პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს...“? - განა ესკიმოსები პურს ჭამდნენ? აკი მათ ენაზე თვით სიტყვა “პური“ არ არსებობდა. გამოსავალი მარტივი იყო. მისიონერის თარგმანი ასე ჟღერდა: “თევზი ჩვენი არსობისა...“. და ეს სწორი თარგმანი იყო - ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ გლობალიზაცია ტუნდრაშიც შეაღწევდა.

ყოველი ნამდვილი მისიონერისთვის ცნობილია ეს პრობლემა. “ავიდა პეტრე სახურავზე“ - როგორ უნდა თარგმნო ეს მარტივი წინადადება იმ ტომის ენაზე, რომელიც მთელი თავისი დღე და მოსწრება კონუსური ფორმის კარვებში ცხოვრობს? როგორ უნდა მოიქცე იმ დროს, როცა ჯერ არ არსებობს თარგმანის თეორია, არც სემიოტიკა - არაფერი, რაც (რელიგიურზე არ ვჩივით) თუნდაც ინტელექტუალურ ლეგიტიმაციას მიანიჭებდა მთარგმნელის არჩევანს.

რა თქმა უნდა, მისიონერებს რამე მაინც რომ სცოდნოდათ იოანე ზოსიმეს შესახებ, კიდევ უფრო მარტივად მოიქცეოდნენ და ჭეშმარიტების ნათელს ნაზიარებ ხალხებს ქართულს შეასწავლიდნენ, მაგრამ, როგორც ეტყობა, საღვთო განგება სულ სხვა გზებით მიემართება და განმანათლებელთა გამბედაობაც სხვაგვარ ახსნას საჭიროებს. ახსნა კი ერთი სიტყვით შეიძლება: პასუხისმგებლობა.

ცივილიზაციის მიღმა დარჩენილ მხარეებში მცხოვრები ადამიანი, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი (ასე სწამს მისიონერს) მხოლოდ რამდენიმე პირველად შეგრძნებას განიცდის (ასე ხედავს მისიონერი): შიმშილს, სიცივეს, ტკივილს და ა. შ. ამ ადამიანმა უნდა შეიცნოს, რომ პირველადი შეგრძნებების გარდა არსებობს რაღაც, რაც საკუთარი საზღვრებიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს. ეს ძნელია (ასე ფიქრობს მისიონერი), რადგან შიმშილით, სიცივითა და ტკივილით მოცულსაც უყვარს, სძულს, უხარია და ეს ყველაფერი ცოცხალი ძაფებით არის გადანასკვული მის დუხჭირ რეალობასთან. რა უნდა ქნა, რომ ახალი ჰორიზონტი გაუხსნა და ამავე დროს სასიკვდილო ტრავმა არ მიაყენო? - ამიტომაც არ არის არც უზუსუტობა და, მით უმეტეს, არც ცოდვა, როცა ასწავლი: “თევზი ჩვენი არსობისა...“.

ამ თარგმანში ადამიანის მიმართ ნდობა ჩანს. მერე, თუ ცხოვრების მდინარე ახალ ნაპირზე გამორიყავს, იქ, სადაც პურს ჭამენ და პურს ითხოვენ, იგიც თვითონ მიხვდება: “პური“, “თევზი“ და ნებისმიერი სიტყვა მხოლოდ იარაღია მნიშვნელობის მოსანადირებლად. და თუ ეს მიგნება განხორციელდება, ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ მოძღვარს, ვინც ბოლომდე შეიგნო პასუხისმგებლობა და თავის დროზე საჭირო იარაღი იხმარა.

აქ კი დროა ვიკითხოთ: ადამიანის წინაშე რა პასუხისმგებლობაზე და რა ნდობაზე მიუთითებს აზრი, თითქოს ცოდნა არ უნდა მიიღოს მან, ვისაც ღმერთი არ სწამს, რადგან ეს “საშიშია“. იქნებ ანბანის შემქმნელი და სკოლების დამაარსებელი წმინდანები სინამდვილეში ეშმაკს ემსახურებოდნენ? - განა ცხადი არ არის, რომ ისინი ჯერ სწორედ ცოდნას აძლევდნენ, რათა რწმენას წრფელი გზა დახვედროდა? ან რა ფასი აქვს სარწმუნოებას, რომელსაც გონიერებისა და თავისუფლების ეშინია? - ჩვენ თვალწინ, ქვეყნის მთავარი კათედრიდან იქადაგება სექტანტობა - ეს სიტყვა სწორედ დაყოფას, გახლეჩას, დანაწევრებას ნიშნავს - კერძო და გარეგნული კრიტერიუმის თანახმად, ადამიანებს ახარისხებენ მორწმუნეებად და ურწმუნოებად და ამ უკანასკნელთ ადამიანის უმთავრეს და არსებით უფლებაზე, გონების სრულფასოვან გამოყენებაზე ეუბნებიან უარს.

სად დაიკარგა გახსნილობა და სიმამაცე იმათი, ვინც ღია გულითა და ნათელი გონებით მიდიოდა უცხო და გაუგებარ ადამიანებთან, სწავლობდა მათ ენას, განიცდიდა მათ ტკივილებს, იზიარებდა მათ სიხარულს, ჭამდა და სვამდა მათთან ერთად? ნუთუ საბოლოოდ იქცა ქრისტეს სამწყსო დაშინებული და ჯინიანი სექტანტების უგანაჩენო ფარად, რომელთაგან უმცროსებს მხოლოდ ის აშინებთ, ვინმემ მათი რელიგიური გრძნობები არ შეურაცხყოს, ხოლო უფროსებს მხოლოდ ის ადარდებთ, ვინმემ ქვეყნიერ სიკეთეთა გარედან მომდინარე ნაკადი არ გადაუკეტოს?

როგორც ეტყობა, ჩუქჩები ქართველებზე უფრო გონიერები იყვნენ, თორემ მისიონერ პრესვიტერს ამდენი წვალება არ დასჭირდებოდა: ჩაიდებდა აბგაში რამდენიმე რელიკვიას და თითო ეთნოსს თითო ძვალს დაურიგებდა. განა წმინდა ნაწილთა თაყვანისცემა არ იცოდნენ სინოდალურ რუსეთში? - იცოდნენ, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გრძნობდნენ. დღევანდელ საქართველოში კი ადამიანის წინაშე აქ პასუხისმგებლობას არავინ გრძნობს - ძნელია. ბევრად უფრო ადვილია უბრალოდ გამორიცხვა, თვალის დახუჭვა. ასე იქცევა ეკლესია სექტად, მთელი ქვეყანა კი “რასიისკი კრედიტის“ ფილიალად.

ამგვარ გარემოებებში სიტყვა უკვე ჭეშმარიტების იარაღი კი არა, სასროლი ქვაა, ან ლეღვის ფოთოლი. აი თუნდაც წყვეტილად მბჟუტავი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ერთი განცხადება ავიღოთ მაგალითად: თურმე მავთულხლართების გადმოწევა და მტრის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის გაფართოება მცოცავი ოკუპაცია კი არა, მცოცავი “ბორდერიზაცია“ ყოფილა. ერთობ უპასუხისმგებლო განცხადებაა იმ ენისთვის, რომლის ფონოლოგია ლამის ბუნებრივად ითხოვს დისიმილაციას და მცხოვრებთა დიდი ნაწილი წარბშეუხრელად წარმოთქვამს: “არაფელი“, “ჰონორალი“ და ა. შ.

სწორედ პასუხისმგებლობის დეფიციტზე ვლაპარაკობთ ახლა. ჩვენს კურთხეულ მამულში, რომელიც სტალინის სიკვდილზე აცრემლებული სემინარისტების, ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პროკურორების, ერის მამობას წაპოტინებული პლუტოკრატების, ტაკიმასხარა კანონმდებლებისა და პიტალო ჟურნალისტების ანაბარა დარჩა, მაგრამ თავს მაინც არხეინად გრძნობს, კიდევ ბევრი განსაცდელი გველის. რითი ვხვდებით მომავალს?

წელს პირველად ვნახე ჩვენი სამხედროების საძმო სასაფლაო მუხათგვერდში. მაგრამ ის დღე თითქმის გადაფარა სხვა მოგონებამ, რომელიც დიდხანს გამყვება როგორც უკვე თითქმის მიწურული 2013 წლის თვალსაჩინო სახე, როგორც საყოველთაო უპასუხისმგებლობის მწარე და მწვავე სურათი. “მარშრუტკაში“ სამი ქართველი ჯარისკაცი ტანს რიტმულად აყოლებს რუსული ესტრადის კაკოფონიას. თვალები აგზნებით უელავთ, სახეზე ნეტარება ეტყობათ. თვალსაც ვერ მოარიდებ, რადგან სმენას მაინც მისწვდება აღტაცებული ძახილი: “აუ, მაგარია! ხმას აუწიე, რა, ძმურად!“.