სვეტური პოეზია
29 დეკემბერი, 2013
912
print

თუმც მოვიდა უკვე შობა

გაიღვიძა ხალხში შიშმა

რომ არ ვიცით ვინ რას შობა

ან რა ზიზღი წარმოიშვა.

*

მტკიცეფულებები.

*

დილით მიიღოთ უნდა საკვები

ერთ პორციაზე ცოტა ნაკლები

რომ როგორც ლექსით ჩემი ფურცელი

არ ამოივსოს თქვენი მუცელი.

*

პატიოსნება განათელია

და სიბოროტე სიკეთეს ებრძვის

ბედიც ეტყობა კამათელია

ჯდება ან ბრუნავს გარშემო ღერძის

 

ფულს ინარჩუნებს შეკრებითობა

ვალიც წინ არის წამოწეული

ქვეყნად ბატონობს შემთხვევითობა

სულის სიმწიფით გამოწვეული.

ნიტიკო ტაბიძეს,

ჩემ უსაყვარლეს მამიდას

(ეძღვნება თემო ყუბანეიშვილის ხსოვნას)

სანამ საწერად შემრჩა ქაღალდი

ზედ ბეჭედივით დაღად დასმული

აღარ მასვენებს ქვათა ღაღადი

და გავაცოცხლო მინდა წარსული

 

მესიზმრებიან ძველი მითები

არქეტიპები ყოფიერების

საუკეთესო მაგალითები

აზროვნების და ცნობიერების

 

გავიხსენებდი ალბათ ტიციანს

საქართველოში სიტყვის დამწყები

ვინც იყვნენ ვამბობ იმ ტრადიციას

ერქვათ ცისფერი ვისაც ყანწები

 

ვერ დაგიხატავთ ზუსტად ვიცი მას

ამისთვის გთხოვთ არ გამაკრიტიკოთ

ის მოევლინა შვილად ტიციანს

და საქართველოს წმინდა ნიტიკოდ

 

გახლდათ ტრიუმფი ალბათ ეს ენის

რადგან პოეტის იყო შვილი და

იქ შეხვდებოდით სერგი ესენინს

ანრეი ბელიც შემოივლიდა

 

ბალმონტს იცნობდა კიდევ

პასტერნაკს

ბოლოს ვინც შერჩა იყო სტასიკა

გადარჩენილი ამდენ ფათერაკს

თითონ აღმოჩნდა ბოლოს კლასიკა

 

არც მოუხდება ალბათ სხვა ლექსი

და ავარიდო თავი რომ ჯახირს

ის იყო ჩემთვის უსაყვარლესი

და უნაზესი წევრი ოჯახის

 

გასახსენებლად ისიც ეყოფა

რომ არაფერი არ აშინებდა

ლიტერატურის შექმნა ეპოქა

და უამრავ ხალხს აკავშირებდა

 

ჩვენც ვნახულობდით რადგან მას ხშირად

რომ გადაგვეღო მისგან რაღაცა

მე და ლაშაც მან დაგვაკავშირა

და ბავშვობიდან დაგვაძმაკაცა

 

მამა თუ დედა რეზო - მედეა

ჯაბა - ჩამოთვლით თვალი

სველდება...

ვიღაც გამომრჩა და იმედია

აუცილებლად გამახსენდება.

*

სამყარო პრინციპზე დგას

რომ სიბრძნე სიგიჟეს გავს

რადგან თუ ჩავხედავთ ღრმად

ერთი ბუნება აქვთ მათ.

*

ყველაფერის გამართლება

არის კარგი განათება

და უეცრად აღმოჩნდება

ცუდიც კარგად გამოჩნდება.

*

რასაც ვერაფრით იყიდი ფულით

და რაც გაღელვებს

ამ ქვეყნად ერთი

რადგანაც სულით გიყვარს

და გულით

და არის შენი ხატი და ღმერთი

სანამ სიტყვებში ჯერ ვერ იტევა

მოდით დავარქვათ ჭეშმარიტება.

*

წელში დღეები ბევრია

ბევრი კვირა და ბევრი თვე

დღეს ოცი დეკემბერია

და დაბადების ჩემი დღე

დღეს ალბათ დავლევ ბევრ ყავას

რომ გავაგრძელო შაირი

მე დღეს ვესტუმრე ქვეყანას

და შევისუნთქე ჰაერი

ნურვინ მოაბავს სარჩულს ბევრს

დღეს თუ რესტორანს ვეწვევი

მე დღეს ვღებულობ საჩუქრებს

და რაც მაქვს იმას ვეწევი

მე დღეს თავს ვაძლევ უფლებას

ვაკეთო ის რაც მწადია

ვანიჭებ თავისუფლებას

ხინკალია თუ მწვადია

თუ ერთი დოქი ღვინოა

აზრებიც თუ არ მერევა

რაც ხდება ჩემი კინოა

გმირიც მთავარი მევე ვარ.

შობას გილოცაავთ  

გრუზინებო

ოცდაოთხია მოდის ხვალ შობა

გაჩეხილია ტყეში წიწვნარი

მოდის ლამაზი როგორც ბავშვობა

და მშობელივით დაუვიწყარი

 

მოდის დროსავით დაუნდობელი

მხედრიონული და გვარდიული

მოდის თოვლივით დაუდნობელი

და ყინულივით მარადიული

 

მეც ენით მიწევს საზანდარობა

და რითმის პოვნით ფიქრი ერთობა

ხდება სტროფებით ლაზღანდარობა

და კუპლეტებით ურთიერთობა.

*

აზრის არ იყოს ლექსში პავტორი

ამით ფასდება ხშირად ავტორი.

 

კოტე ყუბანეიშვილი