მექალთანე სანტა კლაუსი და მისი პირველსახე ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი
29 დეკემბერი, 2013
984
print

საშობაო და საახალწლო დღეებში სანტა კლაუსთან შეხვედრა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ შუაგულ ზაფხულში და პაპანაქება სიცხეში მისი გამოჩენა, ალბათ დაგვეთანხმებით, მეტად უცნაური უნდა იყოს.

სწორედ ასეთი უცნაური იყო იმ ზაფხულს, გახურებული ოლიმპიური თამაშების დღეებში სანტა კლაუსთან შეხვედრა. ის სანტა კლაუსი, მართალია, ათენში მოსეირნე უამრავი იქაური თუ უცხოელი ტურისტივით შორტებით დადიოდა და გამვლელ-გამომვლელთა ყურადღების ცენტრში ექცეოდა, მაგრამ მაინც ღუნღულა თეთრი ბეწვით გაწყობილ მოკლე შარვალში და დათბილულ წითელ ქურთუკში გამოწყობილიყო. წვერი თოვლივით თეთრი ჰქონდა და თმაც, თუმცა არც ისეთი ბერიკაცი ჩანდა, მისი ხონჩის მოვალეობას კი ოლიმპიური სიმბოლიკით დამშვენებული ზურგჩანთა ასრულებდა.

ჰოდა, დადიოდა იმ პაპანაქებაში ის სანტა კლაუსი და გამვლელთ მეტად ახალისებდა. ყველანი მასთან სამახსოვრო სურათის გადაღებას ცდილობდნენ, ქალებიცა და კაცებიც, ბავშვებიცა და ასაკოვანნიც, თავად სანტა კლაუსი კი უფრო მეტი სიამოვნებითა და ხალისით ახალგაზრდა ქალბატონებთან პოზიორობდა, საუბრობდა და, ის შეჩვენებული... ფლირტაობდა კიდეც.

ვერ გეტყვით, იმ გაგანია სიცხეში საიდან გამოჩნდა ის სანტა კლაუსი, მაგრამ ახლა ამ საშობაო-საახალწლო დღეებში ზოგადად მისი ამქვეყნად მოვლენის გახსენება, ალბათ, უპრიანი უნდა იყოს.

მართალია, სანტა კლაუსზე საშობაოდ ბევრი იწერება, მას არაერთი სატელევიზიო გადაცემაც ეძღვნება, მაგრამ მაინც ცოტამ თუ იცის, თუ სად და როგორ დაიბადა სანტა კლაუსი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ და მით უმეტეს ბავშვებმა.

და ახლა, მანამ ის ჩვენი ათენელი სანტა კლაუსი საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩებში ქალებთან ფლირტაობითაც თავს იქცევს, ხოლო თქვენი მონა მორჩილი მის ფირზე აღსაბეჭდად რაკურსის მოძებნას ცდილობს, მოთმინებით აღვივსოთ და ვნახოთ, რა გამოუვა სეზონის გიჟივით საიდანღაც გამომტყვრალ იმ საშობაო პაპას, რომელიც პირდაპირ ვთქვათ, გოგოების შებმას დაუფარავად ცდილობს.

ერთი სიტყვით, სანკა კლაუსი არც ჭახჭახა ყინვიან ლაპლანდიაში დაბადებულა, როგორც ეს ითვლება და არც სადღაც უფრო ყინვიანი პოლარული წრის მიღმა, როგორც ამერიკელთა უმრავლესობას ჰგონია. სანტა კლაუსი აგერ ლამის ჩვენი ყურის ძირში თბილ და სიცხიან მცირე აზიაში დაიბადა, თანაც საუკუნეებით ადრე და იგი მითიური თუ ზღაპრული პერსონაჟი კი არა, რეალურად არსებული პიროვნება იყო. ამასთან, მას სანტა კლაუსი კი არა, წმინდა ნიკოლოზი ერქვა, რომელსაც ნიკოლოზ სასწაულმოქმედსაც უწოდებენ.

ახლა, მანამ წმინდა ნიკოლოზის ამბავს გავიხსენებდეთ, გადავავლოთ თვალი მისი სანტა კლაუსად გარდაქმნის ისტორიას, რაზეც მნიშვნელოვანი როლი ჩრდილოეთ ამერიკამ ითამაშა.

მისი სახელი და პერსონაჟი უპირატესად სწორედ აქედან გავრცელდა მთელს მსოფლიოში, იქ კი იგი ჰოლანდიიდან მოხვდა. მაშინ, 1626 წელს ნიდერლანდელთა რამდენიმე ხომალდი, რომელსაც ფრეგატი Goede Vrove მეთაურობდა, ახალ სამყაროში ჩავიდა. იმ ფრეგატის ცხვირს წმინდა ნიკოლოზის ფიგურა ამშვენებდა. ამ ნიდერლანდელმა ბედის მაძიებლებმა ინდიელთაგან იქ ნაყიდ მიწას თუ მათ სოფელს ახალი ამსტერდამი უწოდეს, რომელსაც ახლა ნიუ იორკი ჰქვია. იმ ახალი მიწის თუ ახალი ამსტერდამის მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ინგლისურად არ საუბრობდა. ამიტომაც ფრეგატიდან სოფლის ცენტრში გადატანილი წმინდა ნიკოლოზის ძეგლის სახელწოდება ჟღერდა როგორც “სინტერ კლასი“, მერე დროთა განმავლობაში მისი სახელი გარდაიქმნა და გახდა “სანტა კლასი“, ცოტა მოგვიანებით კი - “სანტა კლაუსი“, თუმცა წმინდა ნიკოლოზისა თუ სანტა კლაუსის გარდაქმნა ამით არ დამთავრებულა. მის გარდასახვაში უმთავრესი როლი შეასრულა კლემენტ კლარკ მურის პოემამ “შობის წინა ღამე ან წმინდა ნიკოლოზის მოსვლამ“, რომელიც 1822 წელს საშობაოდ გამოქვეყნდა. იქ საუბარი იყო იმაზეც, თუ საშობაო კვირაძალზე როგორ შეხვდა ერთი ყრმა წმინდანს, რომელმაც მას საჩუქრები მოუტანა. მურმა თავის თხზულებაში წმინდანი სერიოზული, მკაცრი შარავანდედით კი არ დაგვიხატა, არამედ მხიარულ, ხალისიან და ღიპიან კეთილ მოხუცად, რომელიც ჩიბუხს აბოლებდა.

ამგვარად, წმინდა ნიკილოზმა ეპისკოპოსის ატრიბუტიკა დაკარგა და ირმებშებმულ მარხილში თავისი თეთრ-წითელი სამოსით გადაბრძანდა.

ამ სამოსის შექმნის ამბავიც საინტერესოა, მაგრამ მასზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ეს სამომავლოდ გადავდოთ, მანამდე კი ისიც ვთქვათ, რომ სანტა კლაუსმა თავისი თეთრ-წითელი სამოსით და ირმებშებმული მარხილით მთელ მსოფლიოში აღმა-დაღმა მოუღლელი მოგზაურობებით იმდენი ქნა, რომ მან თანდათან შეავიწროვა ინგლისელთა საშობაო მამაც, ფრანგების საშობაო პაპაც, თვით ფინელთა იოლოუპუკიც და მგონი ჩვენც გვავიწყებს ჩვენს საყვარელ საახალწლო თოვლის პაპას, ამაში კი უმთავრესი როლი ეტყობა, მაინც “კოკა კოლას“ რეკლამამ ითამაშა, რომელშიც მთავარ როლს სანტა კლაუსი ასრულებდა და ახლაც ასრულებს.

და რაკი ასეთი გავლენიანი აღმოჩნდა სანტა კლაუსი, გავიხსენოთ ის ისტორიული რეალური პიროვნება, ვინც მისი წინაპარი თუ პირველსახეა.

სანტა კლაუსის პირველსახე წმინდა ნიკოლოზი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსია, იგივე ნიკოლოზ სასწაულმოქმედი, რომელიც უამრავ საკვირველებას ახდენდა და ყველას აოცებდა.

როგორც ვთქვით, იგი მცირე აზიის ნახევარკუნძულზე დაიბადა, უფრო ზუსტად ლუკიის ოლქის ბიზანტიურ ქალაქ პათარში, რომელიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. იგი ქრისტესშობიდან 257 წელს მოევლინა ქვეყანას და პირველი სასწაულიც მაშინვე მოახდინა, როცა მშობიარობის დასრულებისთანავე დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განკურნა, თანაც ახალშობილი ნათლისღებისგან ემბაზში სხვათა დაუხმარებლად ფეხზე იდგა. წმინდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობიდანვე დაიწყო, მერე და მერე კი სულ მეტ სასწაულს ახდენდა, ყველა გლახაკსა და უპოვარს ეხმარებოდა. წმინდა ნიკოლოზი მფარველობდა უსამართლოდ დატუსაღებულებსაც. წმინდა ნიკოლოზმა მშობლების მემკვიდრეობით დარჩენილი ქონება მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარა. იგი ეხმარებოდა სხვადასხვა გასაჭირსა და განსაცდელში ჩავარდნილებს, მათ შორის მეზღვაურებსაც. ერთხელ საზღვაო მოგზაურობისას მან შტორმში ხომალდის ანძიდან ჩამოვარდნის შედეგად დამტვრეულ და დაღუპულ მეზღვაურს სიცოცხლე დაუბრუნა. თავისი ლოცვებით სხვა მეზღვაურებიც არაერთხელ გადაურჩენია განსაცდელისგან და ამიტომაც იგი ზღვაოსნებმა და საერთოდ მოგზაურებმა თავიანთ მფარველად მიიჩნიეს. ამიტომაც იყო, რომ მაშინ, ნიდერლანდელთა იმ ფრეგატის ცხვირს წმინდა ნიკოლოზის ფიგურა ამშვენებდა.

წმინდა ნიკოლოზის კეთილ საქმეებზე სხვა ისტორიებსაც მრავლად ჰყვებიან. მათ შორის იხსენებენ ერთი მეტად შეძლებული კაცის ამბავსაც, რომელმაც მთელი ქონების დაკარგვის მერე გაჭირვებისთვის თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა თავისი სამი ასული საროსკიპოში გაემწესებინა. ეს რომ ნიკოლოზ საკვირველმოქმედმა შეიტყო, ადგა და იმ კაცს ღამით ფარულად სახლში ფანჯრიდან სამი ქისა ოქროს შეუგდო, რითაც მისი ოჯახი იხსნა...

და ახლა, მანამ ამ ყოველივეს ვიხსენებდით, იმ ჩვენს მექალთანე ათენელ სანტა კლაუსსაც სასწაული მოუხდენია, ერთბაშად ორი უმშვენიერესი ქალბატონისთვის ეჟვანი შეუბამს, სადღაც გზას მათთან ერთად გასდგომია და თვალს მიფარებია, ჩვენ კი, მეტი რაღა დაგვრჩენია, მომავალი სანტა კლაუსის გამოჩენის მოლოდინით აღვივსოთ, რომელიც გაისად კვლავ გვეწვევა, ოღონდ ზაფხულის პაპანაქებაში კი არა, საშობაო დღეებში და, იმედია, გვეწვევა სავსე ხურჯინით.