ერთჯერადი პოპულარობა
29 დეკემბერი, 2013
1493
print

პოპულარობისთვის ხალხი ათასგვარ სისულელეს იგონებს და აკეთებს.

პოპულარობა დიდი ცდუნებაა და ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს.ბევრს გარისკვად უღირს და მხოლოდ კარგ შედეგზე ორიენტირებული ცდილობს მოიპოვოს, ზოგსაც უბრალოდ სიტყვის არსი ხიბლავს და არ აღელვებს, ამ სტატუსს როგორ მოიპოვებს. შეიძლება ცუდ სახელს იმკვიდრებენ, თუმცა ხალხი ამ სახელს იმახსოვრებს. ბევრს არცთუ ისე ეფექტური გზა აურჩევია ისტორიაში სახელის დასამკვიდრებლად და მალევე დაივიწყეს. ზოგმა ისეთი დიდი სისულელე ჩაიდინა, რომ სამუდამოდ დაამახსოვრდა ხალხს. ჯერ კიდევ ძველ ბერძნებში გამოვლინდა პოპულარობის გამო გაჩენილი ავადმყოფური აზრები. ჰეროსტრატემ (ჰეროსტრატოსმა) მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთს, არტემიდას ტაძარს წაუკიდა ცეცხლი, რათა მისი განადგურებით დაემკვიდრებინა სახელი ისტორიაში. ასეც მოხდა, მისი სახელი ყველამ ვიცით (თითქმის ყველამ).

ჰეროსტრატეს გამოუვიდა. ნებისმიერი გზით პოპულარობის მიღწევამ გაამართლა. ნეგატიურად, მაგრამ სახელი მაინც დარჩა. ტაქტიკა შედეგიანია.

დღევანდელ რეალობაში გაპოპულარულების ბევრად მეტი საშუალება არსებობს, ვიდრე იმ ძველ დროში, როდესაც ხალხს დიდი გმირობის გამოჩენა, ან აბსურდული სისულელის ჩადენა უწევდა ამისთვის. თუმცა, სისულელეების კეთება მაინც ტრადიციად დარჩა. დღეს აღარ არის აუცილებელი, იყო ორიგინალურად ცუდი, თუმცა ეს მაინც მოდაშია. პოპულარობას არ ჭირდება კამერები, არც ფართო აუდიტორია, არც ჟიური, არც ჟამთააღმწერი. მსოფლიოს პოპულარული მუსიკალური ბენდების უმრავლესობამ პაბებსა და ბარებში სიმღერით, ან თავიანთი შემოქმედების ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებით მოიპოვა სახელი. იყო შემთხვევები, Youtube-ზე ნახვების ლიდერები უბრალო ადამიანები გამხდარან და მხოლოდ ერთი სულელური ვიდეოთი მოუხვეჭავთ სახელი. ზოგს ბევრი შრომა დაჭირდა პოპულარობისთვის, ზოგსაც სრულიად შემთხვევით გამოუვიდა. ზოგი ხარობს და ირგებს სტატუსს, ზოგიც ნანობს და ემალება პაპარაცებს.

საქართველო პატარა ქვეყანაა, აქ ყველაზე მარტივია გახდე ცნობილი, მაგრამ ასევე მარტივია დაგივიწყონ, თუ ხშირად არ შეახსენებ საზოგადოებას თავს. საქართველოში იყო ცნობილი, ნიშნავს იყო კრიტიკის ობიექტი. საქართველოში ჯერ კიდევ უკვირთ გახდილი შორენა ბეგაშვილი და მაკა ჩიჩუა. საქართველოში კიდევ არსებობენ ბავშვები, ვინც ქალიშვილობის ინსტიტუტში ჩააბარებდა და მამრები, რომლებსაც სექსი უყვართ, მაგრამ “არაქალიშვილს“ ცოლად ვერ მოიყვანენ. საქართველოში არიან “ჯიპიანი მამაოებიც“ და ერს ეს უკვირს, თუმცა არ უკვირთ მოძალადე მღვდლები. ქართველ ერს აღარ აკვირვებს ლალი მოროშკინას მკერდი, მაგრამ ახალი სამიზნეც ვერ იპოვეს, ვისზეც აქცენტს გადაიტანდნენ.

შორენა ბეგაშვილს “Playboy“-ის ერთი ნომერი ეყო პოპულარობისთვის, ზოგს ათასი არ ეყოფა. თიკო სადუნიშვილმა შორტებით გაირბინა სცენაზე და სრულიად საზოგადოებამ როსკიპად შერაცხა. შორენა - მსახიობია, თიკო - ტელეწამყვანი, გვანცა ბაგრატიონი კი, უბრალო გოგონაა, რომელმაც თავისი ვიდეოები ინტერნეტში გაავრცელა, ბევრმა დასცინა, ბევრმა შეიბრალა, მაგრამ შედეგად გვანცა პოპულარული გახდა. მის ვიდეოებზე, სადაც გვანცა გახდილია, ძალიან ლოიალური კომენტარები კეთდება. საზოგადოება მხოლოდ “სულელი გოგოს“ იმიჯს ამყოფინებს, ანჩო დოლიძეც უბრალო გოგოა, “ახალ ხმაში“ მღერის და სცენაზე ისიც შორტით გამოვიდა, თუმცა სადუნიშვილის შორტებმონელებულ საზოგადოებას ახალი მსხვერპლი ჭირდებოდა და ანჩომაც საბაბი მისცა. მის “სიშიშვლეს“, ანუ შორტებს, ვინმე, ცნობილად მოხსენებული, თამუნა მუსერიძე გამოეხმაურა, მაგან შოუ-ბიზნესში ახლა აიდგა ფეხი და სიშიშვლით იქცევს ყურადღებასო. ათასი ნომერი მინახავს, ვითომდა ველურთა ტომებს რომ ასახიერებენ ნახევრადშიშვლები, ან თუნდაც, წყალში მხტომელთა, ან მოცურავეთა კონკურსები ავიღოთ, სადაც პროფესია “გაიძულებს“ გაშიშვლდე. თუმცა, თიკოს შორტი უფრო ეპატაჟურია, შორენას მკერდი უფრო დასამახსოვრებელი, ვიდრე ალასანიას ცოლის ნერწყვით გაწმენდილი ფეხსაცმელი. ერთიმეორეს ლანძღავენ, სიშიშვლით ცდილობს პოპულარობის მოპოვებასო, ამასობაში კი თავად გვევლინებიან “ოდნავ ჩაცმულები“, ან ჩაცმულები, მაგრამ უსაქციელოები. ამასობაში, სხვებიც იხდიან, მაგრამ დღის ჩარტი უკვე სხვას უკავია.

მომღერალმა უცნობმა ირინა სარიშვილს გაუკეთა პრომო, შემდეგ კი პოლიტიკურ აქტივისტ “გრეჩიხად“ იქცა (მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა უკვე დიდი ხანი დომინირებდა პოლიტიკაში). ლელა კილაძე - გიგი უგულავას ცოლი გახდა და მას მერე მთელი საქართველო ალაპარაკდა, მის ადრინდელ სამსახურებზე. მანამდე ლელა ერთი უბრალო გოგო იყო, არავის აღელვებდა. ლალი მოროშკინას ძუძუების პოპულარობა დღით-იდღე მატულობს, რაც უფრო აქტიურად ჩანს, ხათუნა გოგორიშვილისაზე კი, არავინ საუბრობს. ხათუნა იშვიათად იცვამს დეკოლტეს და ბევრად დიდი ხანია ჩანს. მაკა ჩიჩუა ლამაზი ქალი იყო, სანამ “პორნო-ვარსკვლავისა“ და “პირველი ლედის“ იმიჯი არ “აირტყა“ ერთდროულად. მოროშკინამ ქალური სოლიდარობა გამოუცხადა მაკას და სოციალური ქსელის მთავარი განხილვის თემად იქცა, მაკასთან ერთად. თამარ ჩერგოლეიშვილს აცვია დეკოლტე ხშირად, თუმცა ძირითადად მისი გამონათქვამები ხდება განხილვის საგანი. ისევე როგორც, ჩიორა თაქთაქიშვილის ქალური ღირსებები რჩება კადრს მიღმა, მისი განცხადებების აქტუალურობის ხარჯზე.

კახი კალაძის ცოლი ლამაზია, ოღონდ საუბარი უჭირს, განსაკუთრებით რუსულად. თუმცა კახის ცოლს ქვეყნის ბედი არ აბარია. ბევრად სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერსაც უჭირს საუბარი, განსაკუთრებით ქართულად. საუბარი ვანოსაც უჭირდა, მერაბიშვილს, თუმცა მის ნათქვამს გაიგებდი, ან ნახავდი. საუბარი არც ივანიშვილს გამოსდის, მაგრამ ბევრი ფული აქვს და ხალხს უყვარს. სამაგიეროდ, გასაგებია ლევან ვასაძის საუბარი, ოღონდ აზრია ძნელად გამოსატანი. ჩემს ოჯახში ჭადრაკი უყვართ, შესაბამისად ბავშვობიდან ვიცოდი, ვინ იყო ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა დღეს აღარ ვიცი. არსებობს პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები“ და მე ბევრჯერ მიკითხავს, ამ ორს შორის რომელი იყო ვარსკვლავი. ნოე სულაბერიძე ცნობილი კაცია, თუმცა მის პირად ცხოვრებაში არავინ იქექება, ან უბრალოდ კარგად მალავს. ნანა ნებიერიძე წარმატებული სპორტსმენი იყო, მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ბევრს საუბრობენ, თუმცა ჯერ ვერავინ გამოარკვია - ვინაა ნანას რჩეული.

მელორ ვაჩნაძეს ერთი ჟურნალისტის ცემა ეყო პოპულარობისთვის, ბესო სარჯველაძეს ერთი უკრაინელი გოგო, “ჯეოსტარს“ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სტუმრობდა, მაგრამ საზოგადოებას ცოტა მათგანი თუ ახსოვს. სამაგიეროდ, ხალხი არ ივიწყებს “ჯეოსტარის“ დასაცინ ნომრებს, სადაც “უნიჭო მომღერლებმა“ სასაცილოდ წარმოაჩინეს თავი.

ნანიკო ხაზარაძემ მაესტროს დილის გადაცემა “ტოროლას“ წამყვანობით დაიწყო, მაგრამ განვითარდა. ნიკა ლომიძემაც მაესტროს დილით დაიწყო, მაგრამ ორსულ ქალებზე ფულის კეთებით დაამთავრა ცოლთან ერთად, თუმცა ოჯახის კრიმინალური წარსული ბევრს არ აღელვებს და ისინი დღემდე ჩანან საზოგადოებაში საკმაოდ კარგი რეპუტაციით. მათზე პოპულარული ახალგაზრდებში დღეს გიორგი ქისტაურია, პატარა ბიჭი, რომელსაც უყვარს ვიდეოების გადაღება და ინტერნეტ-სივრცეში გავრცელება. პატარა ბიჭი, რომლის სექსუალურ ორიენტაციაზე დავა ისეთივე პოპულარულია, როგორც, ერთ დროს სააკაშვილის სექსუალურ ცხოვრებაზე. ეკო ფანგანი ცნობილ წამყვანად მოიხსენიება პრესაში, თუმცა მე მხოლოდ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ მახსოვს. ასევეა გიორგი ნაზღაიძეც, ბევრს საუბრობენ ინტერნეტ-მედიაში, თუმცა, “მზის სახლში“ გავიგე პირველად მისი სახელი და დიდი სიამოვნებით დავივიწყებდი, რომ არა ეს გამუდმებული მითქმა-მოთქმა მისი სახელის გარშემო. ვის ეცოდინებოდა კესარია აბრამიძე, თავის დროზე ბესო რომ არ ყოფილიყო?! გიორგი არველაძე “სტრიპტიზ-ბარში“ ერთობა, მაგრამ მასზე საინტერესო სტუმრებიც უნახავთ აქ, მაგალითად, გიგი უგულავა. გიგი და თავისი ცოლი უფრო მეტ ყურადღებას იქცევენ ერთად “სტრიპტიზ-ბარში“, ვიდრე გიორგი არველაძე და თიკო სადუნიშვილი. თიკოს ჰობივით აქვს, სკანდალურ სიტუაციებში გახვევა და რატომღაც, მისი და შორენა ბეგაშვილის დაპირისპირება საზოგადოებისთვის ფრიად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, ვიდრე შორენა ბეგაშვილის იდუმალებით მოცული საქმროს ვინაობის გახმაურება. ხატია ბუნიათიშვილი ყველამ იცის, მის მკერდზეც მთელი საქართველო საუბრობს, თუმცა ამ ჭორიკნებიდან მხოლოდ ერთეულები იცნობენ მის შემოქმედებას. ვახო სანაიას გაგებაზე, პირველი ასოციაცია, ძირითადად გარდაცვლილი ძმის, გიორგი სანაიას სახელს უკავშირდება, თუმცა ვახო თავადაც ჟურნალისტია. მარგველაშვილი პრეზიდენტია, მაგრამ ინაუგურაციის შემდეგ სულ ორჯერ მომხვდა მისი სახელი ყურში. სამაგიეროდ ისევ მესმის “ბიჭოლა“ და ათასი უაზრო კომენტარი მისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ. ჯონი დეპი ჰოლივუდის ლეგენდაა, თუმცა ბერას ფანები წერენ: “არ ვიცი ეს კაცი ვინაა, მაგრამ უბედნიერესია ბერასთან რომ აქვს ფოტო გადაღებული“-ო. ბერა ივანიშვილი მუსიკოსია, მამამისი მილიარდერი, სოფელიც აშენებულია, ჭორვილაში ხალხი კარგად ცხოვრობს. თბილისში უკიდურესი გაჭირვებაა და ხალხს ბიძინას იმედი აქვს, ჭორვილასავით ააშენებს საქართველოსო. ბურჯანაძეები მართვის მოწმობას ადვილად იღებენ და ეჯახებიან და ეჯახებიან ხალხს ქუჩაში. საქართველოს მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე თავად ნასამართლევია.

ჩამოთვლილთაგან ყველა ადამიანი, რაღაც დონეზე, საზოგადოების რომელიმე წრეშია პოპულარული. თუმცა, მათი პოპულარობა წარმავალია, თუ მუდმივად არ შეახსენეს თავი საზოგადოებას. ყველაზე არსებობს რაღაც ნეგატიური, რაღაც პოზიტიური, რაც ხალხს ახსოვს და არსებობს რისკი არ დაივიწყონ. როდესაც მიდიხარ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა, ძალაუფლებისა თუ დიდი ფულის შოვნის წყურვილით, ეს მაინც პოლიტიკაა. მაგრამ რამდენად ღირს ერთჯერადი პოპულარობისთვის უბრალო შოუში გამოჩენა?! შოუში, რომელსაც საზოგადოება დღეს-ხვალ დაივიწყებს. დაივიწყებს იმ ერთჯერად პერსონასაც, რომელიც ერთ წამს თითქოს სამყაროს ცენტრი იყო. ყველა მასზე ბჭობდა და მას აკრიტიკებდა. ღირს ამდენი ნეგატიური ჭორის ატანა მოკლევადიანი პოპულარობისთვის?! ღირს სამუდამო ინტერესის მოხვეჭა ბავშვური ოცნების - “პოპულარობის“ გამო?! ან საზოგადოებას რატომ არ ეზარება ამდენი ნეგატივის გამოვლენა და კრიტიკა?! რატომ ანაღვლებთ, ვის ვინ უწევს ლოგინში, ვინ ვისი საყვარელია, ვის რა ბრენდის კაბა აცვია და ვინ ცეკვავდა “ბილაინის“ გათამაშების უკანა ფონზე?!

პოპულარობა თავისით იშვიათად მოდის, თუმცა დიდი წვალებით, თუ სრულიად შემთხვევით მოპოვებულ პოპულარობას ყოველთვის მოსდევს ინტერესი და რთულია იცხოვრო ისე უნაკლოდ, რომ ვიღაცის კრიტიკის საგანი მაინც არ გახდე. საზოგადოების ნეგატიური განწყობა პოპულარობის თანამგზავრია. პოპულარობასთან ერთად ნეგატივი აუცილებლად მოვა. ხალხი აუცილებლად გააპროტესტებს რაიმეს. მთავარია, პოპულარობის შენარჩუნება ინსცენირებული სკანდალების ნაცვლად, რაიმე სასიკეთო საქმიანობით მოხდეს და იქნებ ერთ დღეს ხალხიც დაიღალოს კრიტიკით და რაიმე კარგი წამოცდეს.

ეკა ლოლუა