ბესიკ ლიპარტელიანი: გამართლება, ჯორდანი და... მიყვარხარ
29 დეკემბერი, 2013
1113
print

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს.

მიხეილ გაბრიჩიძე ჯერ სიტუაციას აკვირდება. სიტუაცია ახალ პრეზიდენტს აკვირდება. ჩვეულებრივი პროცესია და გაბრიჩიძე საქმეს მიხედავს. ფედერაციის ძველი პრეზიდენტი ახალი წლისთვის და ახალი მოტივაციისთვის ემზადება. ბესიკ ლიპარტელიანი მდიდარ გამოცდილებას გადახედავს, რაღაცაზე გაეღიმება, რაღაცაზე თავს გააქნევს და საბოლოოდ, ალბათ, ნამუშევრით, მიღწეულით კმაყოფილი დარჩება. ძველმა პრეზიდენტმა ეს დაიმსახურა და ძველი პრეზიდენტი ყველაფერს კალათბურთისთვის აკეთებდა. ლიპარტელიანი ისვენებს. ახალი წლის წინ ბატონ ბესიკს დავუსვით თითქმის ის კითხვები, რაც მანამდე - მიხეილ გაბრიჩიძეს. არ შეგვიდარებია. უბრალოდ, საინტერესოა ორი საკალათბურთო კადრის აზრი მარტივ, საინტერესო და ჩვეულებრივ თემებზე. ძველი პრეზიდენტიც ჩვეულებრივი და საინტერესო პერსონაა. ჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი გარეგნობით, დინჯი ხასიათით და ბევრი კარგი თვისებით.

1. ოჯახური მდგომარეობა.

ბესიკ ლიპარტელიანი: მეუღლე, მანანა ზაგაიძე, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი. შვილები - ნინო, 20 წლის, სწავლობს ლონდონში, ვესტმისტერის უნივერსიტეტში, მეორე კურსზე. ლუკა, 16 წლის, „მერმისის“ მოსწავლე.

2. ძნელია, იყო ბესიკ ლიპარტელიანი?

ბ.ლ: არა, არ არის ძნელი. ვარ მშვიდი, მაგრამ შინაგანად ალბათ მაინც ემოციური. კალათბურთს უემოციოდ ხომ ვერ ითამაშებ... ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვდცდილობდი, საქმის მიმართ სიყვარული შემენარჩუნებინა. ყოველთვის ვიყავი მშრომელი და ვთვლი, რომ ადამიანი მაქსიმალურად უნდა იყენებდეს თავის ნიჭს, პოტენციალს.

3. ის, რასაც არასოდეს გააკეთებდით.

ბ.ლ: პირველ რიგში, ვეცდებოდი, არავისთვის იმედი არ გამეცრუებინა. არავის არ დავტოვებდი და ალბათ არც ვტოვებდი უყურადღებოდ. ყურადღებას ყველა იმსახურებს.

4. არ მინდა, რომ... დაასრულეთ წინადადება.

ბ.ლ: არ მინდა, რომ ჩემი განვლილი საქმიანობა, შრომა არ დაფასდეს.

5. ერთ წინადადებაში ჩატეული თქვენი ბავშვობა.

ბ.ლ: ცოტა მძიმე, მაგრამ თან ლაღი. ჩემი მშობლები ჩემთვის ყველაფერს აკეთებდნენ.

6. თქვენი მშობლები თქვენთვის...

ბ.ლ: ყველა მშობელი შვილისთვის სამაგალითოა. ჩემმა მშობლებმა ჩამინერგეს სიყვარული ადამიანის მიმართ და უფროსების პატივისცემა. ეს არასოდეს არ დამავიწყდება.

7. რისი გწამთ და რას ვერ იზიარებთ?

ბ.ლ: მწამს ღმერთის და ვერასოდეს ვერ გავიზიარებ მის უარყოფას.

8. ის, რაც არ გქონდათ და გინდათ, რომ თქვენს შვილებს ჰქონდეთ.

ბ.ლ: მეტი სულიერი სიძლიერე და ის, რასაც განათლების მხრივ ვერ მივაღწიე. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა სწავლას დიდი ყურადღება დაუთმონ. ეს აუცილებელია.

9. გრძელ თმას ატარებდით?

ბ.ლ: კი.

10. კალათბურთზე საუბარი...

ბ.ლ: ჩემთვის სიამოვნებაა. ეს ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. როდესაც რაღაც განსაკუთრებით გიყვარს, იმ რაღაცით ვერასოდეს ვერ დაიღლები.

11. გრძნობთ თუ არა, როდესაც გათვალიერებენ?

ბ.ლ: ვგრძნობ.

12. რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

ბ.ლ: ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს. მნიშვნელოვანს ალბათ არაფერს.

13. რა გავიწყდებათ და რა უნდა გახსოვდეთ?

ბ.ლ: დავიწყების რა გითხრათ, ასე უცბად არაფერი არ მახსენდება, მაგრამ დროის სიმცირის გამო ახლობლებს ხანდახან არასაკმარის ყურადღებას ვაქცევ. უნდა გახსოვდეს შენი ოჯახი, შენი საქმე და სარწმუნოება.

14. რა არ იცით და გინდათ, რომ იცოდეთ?

ბ.ლ: ცხოვრების დიდი ნაწილი კალათბურთს დავუთმე. კარგი იქნებოდა, რომ უკეთესი განათლება მიმეღო. სწავლა სიკვდილამდეა.

15. ლიპარტელიანი-მოთამაშის ბოლო სიტყვები გასახდელში, თამაშის დაწყებამდე.

ბ.ლ: განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, უნდა შეგვესრულებინა მთავარი მწვრთნელის ყველა დავალება და ერთმანეთი დაგვეზღვია.

16. ლიპარტელიანი-მწვრთნელის ბოლო სიტყვები გასახდელში, თამაშის დაწყებამდე.

ბ.ლ: საერთოდ, უმძიმეს პერიოდში მომიხდა მწვრთნელობა და გულშემატკივარი რომ გაგვეხარებინა, ბიჭებისგან მაქსიმალურ თავდადებას, ყურადღებას ვითხოვდი.

17. რა არის გამართლება?

ბ.ლ: გამართლება არის ყველაფერი და გამართლება ყველაფერში გჭირდება.

18. ჟურნალისტის ყველაზე უცნაური კითხვა.

ბ.ლ: ასე უცებ ვერ ვიხსენებ, თუმცა ნამდვილად ყოფილა.

19. რა არის თქვენი საქმე, ფედერაციაში მუშაობა თქვენთვის - საქმე თუ განტვირთვის საშუალება?

ბ.ლ: უფრო საქმე.

20. როგორ გინდათ, რომ დაგიმახსოვრონ?

ბ.ლ: როგორც საქმის მოყვარული ადამიანი, იმიტომ რომ უზომოდ შეყვარებული ვიყავი ჩემს საქმეზე.

21. როგორ არ გინდათ, რომ დაგიმახსოვრონ?

ბ.ლ: როგორც არაფრის გამკეთებელი ადამიანი.

22. ყველაზე დასამახსოვრებელი კინოროლი.

ბ.ლ: კონკრეტულად ვერ გამოვყოფ, მაგრამ ორი ფილმი განსაკუთრებით მომწონს. აი ის, ენტონი ჰოპკინსის და ბრედ პიტის მონაწილეობით (Meet Joe Black) და ერთხელ ამერიკაში, სადაც რობერტ დე ნირო შეუდარებელია.

23. იმახსოვრებთ თუ არა წვრილმანებს?

ბ.ლ: ალბათ, უფრო არ ვიმახსოვრებ.

24. ის, რაც გინდათ, რომ ყველას უსურვოთ.

ბ.ლ: პირველ რიგში, გილოცავთ ყველას ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ერთმანეთის პატივისცემას და სიყვარულს.

25. თქვენი საყვარელი კალათბურთელები.

ბ.ლ: მაიკლ ჯორდანი, მეჯიქ ჯონსონი, კობი ბრაიანტი.

26. თქვენი საყვარელი სპორტსმენები.

ბ.ლ: ლევან თედიაშვილი, დენ სპიცი და მაიკლ ჯორდანი.

27. პინქ ფლოიდი თუ ზეპელინები?

ბ.ლ: პინქ ფლოიდი.

28. კალათბურთში ბესიკ ლიპარტელიანის დარჩენის პერსპექტივაზე.

ბ.ლ: ვფიქრობ, რომ ჯერ აქ ვარ. ამირჩიეს კალათბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად და ცოტა მეტზე მოგვიანებით, ახალი წელს ვისაუბროთ.

29. თქვენი საყვარელი ფრაზა.

ბ.ლ: მიყვარხარ.

30. მეჯიქ ჯონსონი თუ ლარი ბერდი?

ბ.ლ: ძნელია რომელიმეს გამორჩევა. ალბათ, ბერდი მაინც უფრო მაგარი იყო, მაგრამ მე მეჯიქი მირჩევნია.

31. საყვარელი ფერი.

ბ.ლ: მუქი ლურჯი.

32. იდეალური კაპიტანი.

ბ.ლ: კალათბურთში ალბათ, მიხეილ ქორქია. მთლიანად სპორტში... ალექსანდრე ჩივაძე.

33. ადრე იღვიძებთ?

ბ.ლ: ცხრის ნახევარი თუ ადრეა, ასე გამოდის.

34. კერძებს თუ ამზადებთ?

ბ.ლ: კი, როცა საჭიროა, ვამზადებ. ძირითადად, ოჯახში.

35. თქვენი მთავარი მოტივაცია.

ბ.ლ: ჩემი მთავარი მოტივაცია ოჯახი, მეგობრები და ჩემი საქმეა... დავიბადე და გავიზარდე სვანეთში, სადაც უფრო განვითარებულია სპორტის ძალისმიერი სახეობები. მე კალათბურთს გავყევი და ბედნერი ვარ, რომ დღესაც კალათბურთში ვარ, რომ დღესაც კალათბურთთან ვმეგობრობ და კალათბურთმა უამრავი კარგი ადამიანი გამაცნო. მშობლებს უნდოდათ, რომ ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ ისე მოხდა, რომ კალათბურთი გახდა ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი. მახსოვს, როდესაც ვუყურებდი თბილისის „დინამოს“ თამაშს, სულ უფრო ვუახლოვდებოდი კალათბურთს და მიჩნდებოდა ამ სპორტში გადასვლის და იქ დარჩენის სურვილი. როგორც გითხარით, ვერ მივიღე საკმარისი განათლება და ძალიან მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ამ მხრივ მაქსიმუმი გააკეთონ.