აი, გუნდი
29 დეკემბერი, 2013
1153
print

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებით გაწბილებულებს, არაერთხელ გვითქვამს, გუნდური სახეობები ჩვენი არ არისო, მაგრამ ამას მხოლოდ სიბრაზით თუ ვამბობთ.

რაგბიც გუნდურია და კალათბურთიც, მაგრამ ვთამაშობთ და მსოფლიო თასსა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე გავდივართ. გუნდურობის თვალსაჩინო მაგალითი კი ძიუდოისტთა ნაკრებია, რომელიც ევროპისა თუ მსოფლიოს გუნდურ პირველობებში ყველას შიშის ზარს სცემს. ამ მხრივ გამორჩეული გამოდგა 2013 წელი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების მოგებით დუბლი შეასრულა. ძიუდოისტებს გუნდურში ასპარეზობისას ერთი ტრადიცია აქვთ - მთელი გუნდი სამჯერ ამბობს: „დიდება უფალს!“ ეს ტრადიცია წინა თაობებისგან გადმოეცათ და ახლაც ასე გრძელდება.

2013 წელი ქართული ძიუდოსთვის მნიშვნელოვანი ცვლილებით დაიწყო. ფედერაციის ხელმძღვანელობამ ნაკრები ირაკლი უზნაძეს ჩააბარა. კაცს, რომელსაც ნაკრების მთავარ მწვრთნელად მანამდე არსად ემუშავა, სერიოზული გამოცდა ელოდა - ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატი. მაგრამ მოხდა ისე, რომ სადებიუტო ევროპირველობაზე ნაკრების ახალბედა დამრიგებელმა ნებისმიერი გამოცდილი მწვრთნელისთვის შესაშურ წარმატებას მიაღწია - შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსის ფინალში მისი შეგირდი გავიდა. აქედან სამი - ამირან პაპინაშვილი (60 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ.) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ.) ჩემპიონი გახდა, სამმა - ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ.) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ.) ვერცხლი დაისაკუთრა, ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ.) კი - ბრინჯაო. შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური პირველობის საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟებში ყველა კონკურენტი დაჯაბნა. ამასთან, ქალებისა და ვაჟების ერთობლივი შედეგების მიხედვითაც პირველი ადგილი დაიკავა.

უნგრულ ევროპირველობაზე ინდივიდუალურში ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდური ჩემპიონატის ტრიუმფატორადაც იქცა (ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, ვარლამ ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი, ნოდარ მეტრეველი).

ირაკლი უზნაძის გუნდი 15 ქვეყნის ნაკრებს შორის თავიდანვე მთავარი ფავორიტი იყო - ბუდაპეშტს ევროპის ჩემპიონის რანგში ეწვია და ტიტული შეინარჩუნა. ამასთან, ჩელიაბინსკის 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ფინალში კვლავ საქართველოსა და რუსეთის გზები გადაიკვეთა.

მთავარ ტიტულამდე ქართველთა ხუთეულმა მასპინძელი უნგრეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს ერთნაირი ანგარიშით - 4:1 მოუგო. მეტოქეებზე აშკარა უპირატესობის მერე საქართველოს ნაკრებმა რუსებთან გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენთვის არცთუ სასიამოვნოდ დაიწყო - შავდათუაშვილმა (66 კგ.) მიხაილ პულიაევთან წააგო. მუსა მოგუშკოვის დამარცხებით სტატუს კვო ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ.) აღადგინა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ.) კი სირაჟუდინ მაგომედოვის ძლევით საქართველო დააწინაურა, ხოლო ჩემპიონობა გუნდს ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ.) გრიგორი სულემინის დამარცხებით გაუნაღდა. ფორმალობად ქცეულ მეხუთე შეხვედრაში ადამ ოქრუაშვილმა (მძიმე წონა) უპირატესობა უფრო შთამბეჭდავი გახადა - რენატ საიდოვს მოუგო და ისევ 4:1.

ევროპის საუკეთესო გუნდი რიო დე ჟანეიროს მსოფლიოს ჩემპიონატსაც თითქმის იგივე შემადგენლობით ეწვია. თუმცა, ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, რიოში შედარებით მოკრძალებული შედეგები ჰქონდა. ორი ფინალი და ორჯერვე დაკარგული ოქრო. ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედლები მოუტანეს, გუნდურში კი...

გუნდურში საქართველოს ნაკრებმა (ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი) თავისი რეალური ძალა რიო დე ჟანეიროშიც დაამტკიცა. საქართველო აქაც უძლიერესი აღმოჩნდა, ამასთან, მესამედ (2006 წელს პარიზში, 2008 წელს ტოკიოში და ახლა რიოში). ამ მაჩვენებლით კი მხოლოდ ძიუდოს ფუძემდებლებს - იაპონიას ჩამოვრჩებით, რომლებსაც ერთით მეტი ოქრო აქვთ.

რაკი სტატისტიკა ვახსენეთ, შეგახსენებთ, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ორჯერ ავიდნენ ფრანგები, ერთხელ - რუსები. რუსეთის ნაკრები რიო დე ჟანეიროს მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე ჩემპიონის რანგში წარდგა. 2012 წელს სალვადორ დე ბაიას ტატამზე რუსებმა იაპონელებს მოუგეს. საქართველომ მაშინ მესამე ადგილი დაიკავა. წლეულს კი 2006 წლის ფინალი გამეორდა: საქართველო VS რუსეთი. შედეგიც იგივეა - საქართველო ჩემპიონია!

ერთი სიტყვით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დუბლი შეასრულა. ჯერ ევროპაზე, მერე მსოფლიოზე და ორჯერვე ფინალში რუსების ძლევით.

გუნდური პირველობა რანგით პირადს ჩამორჩება, მაგრამ ეშხით, აზარტულობით, ემოციურობით განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამიტომაც იყო, რომ საქართველოს ნაკრების ჩემპიონობა საინფორმაციო საშუალებათა ჰედლაინად იქცა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჰედლაინერობას რუსეთის დამარცხებამაც შეუწყო ხელი. ეს კი პატარა ქვეყნის სინდრომია - ოკუპანტზე გამარჯვებას ორმაგი ფასი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პრინციპულ მეტოქეთა შეხვედრა დრამატულობითაც გამოირჩევა.

პირველ ორ შეხვედრაში წაგების შემდეგ, როდესაც ოპტიმიზმი თითქმის გაქრა, ირაკლი უზნაძის ნაკრებმა მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა და ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო!

ყველაფერი კი ასე დაიწყო.

მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატში თექვსმეტი ნაკრები ასპარეზობდა. გასული წლებისგან განსხვავებით, გუნდების სამწვრთნელო შტაბებმა შემადგენლობები ძირითადად პირველი ნომრებით დააკომპლექტეს. მანამდე კი იყო კენჭისყრა, რომელშიც საქართველოს ნაკრებს არ გაუმართლა - მერვედფინალშივე ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთს გადაეყარა...

საქართველოს ნაკრებმა წინასწარ შეხვედრებში საფრანგეთსა და მონღოლეთს მოუგო, ნახევარფინალში უზბეკეთი დაამარცხა, ფინალში კი რუსებმაც მათი ბედი გაიზიარეს.

საინტერესოა, რომ შეხვედრების დასაწყისი ტყუპებივით ჰგავდა ერთმანეთს - 66 კგ წონით კატეგორიაში მეტოქეები აღწევდნენ წარმატებას. ყველაზე უჩვეული კი ის არის, რომ ოთხიდან სამი შეხვედრა დათმო ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (ტრავმამოშუშებული ჩემპიონისთვის ნაადრევი გამოდგა ასეთი რანგის ტურნირზე გამოსვლა - ფორმაში არ იყო და ფიზიკურადაც უჭირდა). იმ ერთ შეხვედრაში კი უზნაძემ ამირან პაპინაშვილს მისცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ასეთმა გადაადგილებამ არ გაამართლა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობისკენ მიმავალ გზას ჩამორჩენით იწყებდნენ, უზნაძის შეგირდები ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ და სასურველ შედეგამდე მიდიოდნენ. ასე იყო საფრანგეთთან, რომელიც 3:2 მოიგეს. შედარებით უკეთესად იბრძოლეს მონღოლეთთან და უზბეკეთთან - 4:1, 4;1 მერე კი დრამატული ფინალის ჯერიც დადგა რუსეთთან.

გადამწყვეტი შეხვედრისთვის ირაკლი უზნაძემ პირველ წონაში ისევ შავდათუაშვილს უხმო, რომელსაც ალიმ გადანოვთან უნდა გაერკვია ურთიერთობა. ქართველმა ვერც ამჯერად იჭიდავა მისთვის ჩვეული მანერით და იუკო და ვაზარი მეტოქეს დაუთმო. რუსეთი 1:0 დაწინაურდა. რუსები მადაზე მოვიდნენ და ვირტუალურად ოქროს მედალიც შეიფერეს. საქართველოს ნაკრების მდგომარეობა მეორე შეხვედრაში უფრო დამძიმდა, როდესაც ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ.) მურად კოძოკოვთან დამარცხდა. არადა, შეხვედრის დასრულებამდე წუთ-ნახევრით ადრე ქართველმა რუსს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი - ორჯერ იუკო და როდესაც გვეგონა, რომ სტატუს კვო აღდგა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა - დიდი უპირატესობა მეტოქის მიერ შესრულებული იპონით უმალ გაანიავა.

რუსები წელში გაიმართნენ - საქართველოს პირველი ორი შეხვედრა მოუგეს, ჩემპიონობამდე კი ერთი მოგებაღა აშორებდათ.

ასეთ მდგომარეობაში, საფეხბურთო ენით რომ ვთქვათ, შეხვედრის ბედის შემობრუნება ძალიან ძნელი იყო, ბევრისთვის წარმოუდგენელიც კი, მაგრამ...

დარჩენილმა ტრიომ - ჭრიკიშვილმა, ლიპარტელიანმა და ოქრუაშვილმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს. მართალია, სამივემ გაფრთხილებით მოიგო, მაგრამ არც ეს იყო იოლი საქმე.

ჭრიკიშვილმა (81 კგ.) სირაზუდინ მაგომედოვს გასაქანი არ მისცა. საქართველომ პირველი მოგება მიითვალა. საქმეში ჩაერთო ლიპარტელიანი (90 კგ.). ენერგიულად შეუტია კირილ დენისოვს, მაგრამ საქმე ილეთამდე მაინც არ მისულა. ეს უფრო ნერვების თამაში იყო, ბრძოლა ქანცის გაწყვეტამდე, რომელიც, ჩვენდა გასახარად, ქართველის მოგებით დასრულდა - 2:2. ახლა ჩვენები მოვიდნენ მადაზე, რუსები კი უფრო დაიბნენ. საქართველომ ფინალი ამოქაჩა, ანგარიში გაათანაბრა და საქმე მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრამდე მიიყვანა.

ტატამზე ორი მძიმეწონოსანი დადგა - ადამ ოქრუაშვილი და ტიტულოვანი ალექსანდრ მიხაილინი, რომელსაც პირად პირველობაში ერთი დღით ადრე ქართველმა მოუგო, მაგრამ ახლა საინტერესო იყო, ოქრუაშვილი კიდევ თუ შეძლებდა იგივეს.

ქართველი გაფრთხილებებით დაწინაურდა, მერე კი პარტერში გაიყვანა მეტოქე და შებოჭა. რუსი გოლიათი დანებდა. საქართველო მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი გუნდი, დღეს კი - საქართველოს წლის საუკეთესო გუნდი, რომელსაც სათავეში უდგას ასევე წლის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ირაკლი უზნაძე.