რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა პერსპექტივაში
14 თებერვალი, 2014
1365
print

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვედებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, თანხმობა განაცხადა.

აღნიშნულ მესიჯს საქართველოს ხელისუფლებაში გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს პრეზიდენტმა გ. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე იფიქრებდა გუნდთან ერთად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი. ღარიბაშვილმა კი მიუპატიჟებლად განაცხადა, რომ ის უკვე მზად არის შეხვდეს პუტინს. თუ არ მივაქცევთ ყურადღებას იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილია, სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლებაში შეთანხმდებიან, თუ ვინ უნდა შეხვდეს ვლ. პუტინს.

რატომ გახდა პუტინისთვის საინტერესო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა? რა იმპულსის მატარებელია მისგან გამომდინარე მესიჯი და რატომ მომწიფდა მსგავსი შეხვედრის აუცილებლობა? ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და შესაბამისმა ინსტიტუტებმა ძალიან კარგად შეისწავლეს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ხედვა, მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. შესაბამისად ჩათვალეს, რომ საკითხი დამუშავებულია, შესწავლილია და უკვე არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ გახადოს აშკარა თავისი ბურუსით მოცული პოლიტიკური ხედვა. საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს რამდენიმე პოსტულატს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებში. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი.

1. საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის;

2. 2008 წლის ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და ის წამოეგო რუსეთის პროვოკაციებს;

3. საქართველო უნდა გაწევრიანდეს ნატო-სა და ევროკავშირში და პარალელურად დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან;

4. საქართველომ უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ მისი ევროინტეგრაციის პროცესი საშიში არ არის მისთვის.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის აღარ იყო პრიორიტეტი “არაღიარების პოლიტიკა“, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების შეცდომად მონათლა და საგარეო პოლიტიკური მიმართულებების პრიორიტეტთა ნუსხიდან ამოიღო. ეს არის ის პოლიტიკური გზავნილები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააჟღერა თავისი საგარეო პოლიტიკური მიმართულებებით. სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლებამაც სწორედ ამ მიმართულებებით იმუშავა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გაამახვილა ყურადღება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ. მას საერთოდ არ უსაუბრია ოკუპაციის სიმძიმეზე. ასევე მის მიერ არასწორი აქცენტები იქნა დასმული უკრაინის საკითხთან მიმართებაში, რომ ამაზე უნდა მოილაპარაკონ ევროკავშირმა და რუსეთმა. მისი გამოსვლა უნდა შეფასდეს, როგორც სუსტი გამოსვლა.

მიუნჰენის კონფერენციაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული პოლიტიკა შერბილდა რუსეთის მიმართ. ეს შერბილებული პოლიტიკა სცდება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული აგრესიული რიტორიკის შერბილების ფარგლებს და ერთგვარი ინფანტილიზმის და ასევე გამოუცდელობის ნიშანს ატარებს, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

სავარაუდოდ, რუსეთმა ეს იგრძნო და ამიტომ სწორედ მისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ ვლ. პუტინი მზადაა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს. რუსეთის მხრიდან ეს იქნება უშუალოდ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების შესაძლებლობების და უნარების შესწავლა, შემოწმება. ეს ასევე იქნება ნიადაგის მოსინჯვა, თუ რაზეა საქართველო წამსვლელი ევრაზიული კავშირის ფარგლებში. ვფიქრობთ, რუსეთის ინტერესი ამჯერად სწორედ ეს არის.

უნდა ვაღიაროთ, საქართველოს ხელისუფლებას ჯიუტად არ სჯერა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ მისი იმპერიული გამოვლინება და გეოპოლიტიკური მიზნები კი არ არის, არამედ უბრალოდ მას პოლიტიკა გამოსდის ასე.

უნდა ითქვას, რომ შოკისმოგვრელია საქართველოს სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები ამ საკითხებზე, რომელიც საერთოდ ამოვარდნილია იმ კონტექსტიდან, რასაც რუსულ-ქართული გეოპოლიტიკური მიმართულებების დაპირისპირება ჰქვია. მაგალითად, ზაქარეიშვილის განცხადებით:

1. 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზი სამინისტროსთვის “რეინტეგრაციის” დარქმევაც იყო.

2. რუსეთი პრაგმატული ქვეყანაა და ალბათ მიხვდება, რომ მისთვის მომგებიანია მისი მეზობელი საქართველო იყოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

3. თურმე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთს არ უნდოდა და ის მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომები.

4. და ამ ყველაფრის შემდეგ პარადოქსული განცხადება: აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით რუსეთმა ბოლო კარტი გაითამაშა და ამით სრულიად დაკარგა კონტროლი კავკასიაზე.

პაატა ზაქარეიშვილის ეს განცხადებები მაგალითად იმიტომ მოვიყვანეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებებიც, პრაქტიკულად, ანალოგიურია და თუ საქართველოს ხელისუფლება ამ სტრატეგიით ფიქრობს წარდგომას რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წინაშე, ვფიქრობ, ისინი ძალიან გაწბილებულები დარჩებიან.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადება 2011 წლის ნოემბერში, რომელიც მან 58-ე არმიასთან შეხვედრისას გააკეთა.

“რუსეთის უარი, დაეცვა სამხრეთ ოსეთი, ნატო-ს გაფართოებამდე მიგვიყვანდა... 2008 წელს ჩვენ რომ შევყოვნებულიყავით, ახლა უკვე სულ სხვა გეოპოლიტიკური განლაგება იქნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთაც ხელოვნურად უპირებდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეთრევას, ახლა უკვე იქ იქნებოდნენ,” - ხაზგასმით აღნიშნა მედვედევმა და დასძინა, რომ რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან სამხედრო ბლოკის გამოჩენა “გარკვეულ დისკომფორტს` შექმნიდა”.

მედვედევი: “რომ არა ომი საქართველოსთან, რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად, ნატო-ში რამდენიმე ქვეყანას მიიღებდნენ.“ როდესაც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ აგვისტოს ომი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, სრულიად გაუგებარია, რა ლოგიკას ეყრდნობა საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ამ ყველაფერს ამ კონტექსტში არ განიხილავს.

მედვედევის განცხადება იმის დასტურია, თუ რა გეოპოლიტიკური მიზნები აქვს რუსეთის ფედერაციას. ამის შემდეგ გაუგებარია, რას ეფუძნება საქართველოს ხელისუფლების ოპტიმისტური განცხადებები, რომლებსაც ისინი რუსეთის მისამართით აკეთებენ. გაუგებარია, რა კონტექსტს ეფუძნება მოსაზრება, რომ რუსეთი დათანხმდება საქართველოს ევროინტეგრაციას მაშინ, როდესაც უკრაინაში მისი პოზიცია ძალზე ნათელია - უკრაინის სახელმწიფო პრაქტიკულად დააყენეს ფართო სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე. ასევე ცნობილია, რომ რუსეთი სამხედრო ძალას აძლიერებს ევროკავშირის საზღვრებთან კალინინგრადსა და ბელარუსში. ხოლო რუსეთის უსაფრთხოების მთავარ კონცეფციაში ნატო მის საზღვრებთან აღიქმება, როგორც არასასურველი სამხედრო ბლოკი.

გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოს გეოპოლიტიკის მიმართ. მათი აღქმით, რუსეთის სახელმწიფოს გეოპოლიტიკური კონცეფცია ეფუძნება პიროვნულ სიმპათია-ანტიპათიებს. ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის პერსონა არ მოსწონდა პუტინს, მაგრამ მას მოეწონება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნატო-ში შეყვანილი საქართველო. საკითხისადმი ამგვარი ინფანტილური მიდგომა ძალიან არადამაჯერებელს ხდის საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს. ამიტომ ვფიქრობთ, ცუდი არ იქნება გამოცდილების მიღება.

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ქართული საზოგადოებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. ხელისუფლებაც და შესაბამისად საზოგადოებაც გაერკვევა საბოლოოდ იმ თეზისების მართებულობაში, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ და რასაც ხელისუფლება ერთგვარი რიხით გვეუბნება - რომ შესაძლებელია საქართველოს ევროინტეგრაცია მოეწონოს რუსეთის ხელისუფლებას, - თუმცა, ვერასოდეს მოიყვანეს ის არგუმენტი, რაც ამ თეზისს დამაჯერებელს გახდის.

ამ შეხვედრას ექნება ძალიან დიდ მნიშვნელობა და ხელისუფლებაც საბოლოდ ჩამოყალიბდება და დაიხვეწება საკუთარ პოლიტიკურ მიმართულებებში. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას სჯერა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. ვფიქრობთ, ასეთი მოლოდინის გაჩენა სახიფათოა და საკითხში გარკვეული პოლიტიკოსებისთვის ნათელია, რომ ხელისუფლება რუსეთის მიმართ ერთგვარი ინფანტილური მიდგომით გამოირჩევა. ეს სჩანს ხელისუფლების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებებში, ასევე იმაში, თუ რას ნიშნავს რუსეთისთვის პოსტსაბჭოთა სივრცე და ამ გადასახედიდან საქართველოს ნატო-ში და ევროროკავშირში ინტეგრაცია.

ვფიქრობთ, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება უფრო ნათლად დაინახავს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რაც დგას საქართველოს წინაშე. იმ გამოწვევებსაც, თუ რა შეიძლება მოხდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე. ასევე უფრო რეალურად შეხედავენ რუსეთის რეაქციას ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებას შეძენს გამოცდილებას და ისინი, სავარაუდოდ, უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდებიან რუსეთთან დაკავშირებით და ვფიქრობ, საკუთარ მიდგომებსაც გადახედავენ.

ირაკლი მარგველაშვილი