ალავერდი, გასპოძ ს ტაბოიუ!
14 თებერვალი, 2014
1503
print

არა, “ჟემჩუჟინაში“ საგრიალოდ ჩამოსული არგონავტების გამო ვაი-ვიშს არ მოვყვები.

უმისამართო შეძახილები ისედაც ბევრია, ახლა კიდევ “მითოლოგიას გვართმევენ!“ არ დავუმატოთ. თანაც თავის დროზე ქართული საბჭოთა ნომენკლატურა დედაწულიანად, მკვდარ და ცოცხალ სეზონებზე ისეთი სიხშირითა და ინტენსიურობით სარგებლობდა იმ “ძირძველი ქართული მიწის“ სიკეთეებით, რომ ახლა, როცა ამისთვის პირველ განყოფილებაში არ დაგიბარებენ, ხმის ჩახლეჩა, ცოტა არ იყოს, კომიკურია.

მეორეც, ძველბერძნულზე უფრო მნიშვნელოვანი ახლა სხვა მითოლოგიაა - უკვე თითქოს შეუმჩნეველი, კარგა ხნის დავიწყებული, მაგრამ დღემდე ცოცხალი. მითოლოგიაც არ ეთქმის, შეიძლება ითქვას, ხატია, რეალისტური მხატვრული სახე...

ყველაზე სასაცილო მაინც ის იყო, რომ ამ მითოლოგიაზე არავინ აღშფოთებულა, მის სცენურ განსახიერებას არავითარი კათარზისი არ მოჰყოლია. “გულთბილი თბილისელი მაყურებელი“ ტაშისკვრით ხელისგულებს იტყავებდა და სიცილით იფხრიწებოდა, როცა საგასტროლოდ ჩამოსულმა მოსკოვის სატირის თეატრმა 1980-იანი წლების ერთ საღამოს წარმოადგინა არკადი არკანოვისა და გრიგორი გორინის პიესა “დიდი სახლის პატარა კომედიები“, უფრო ზუსტად კი მისი ეპიზოდი “მოსკოვური სერენადა“. ამ ეპიზოდში არის ერთი როლი, რომელსაც ზინოვი ვისოკოვსკი ასახიერებდა: ქართველი, სახელად თენგიზი, აივანზე ზის და სივრცეს გასცქერის; მან მოსკოველი ცოლი და, შესაბამისად, “პრაპისკა“ იშოვა - ამ საგმირო საქმის შემდეგ კი მიაჩნია, რომ სრული სიმშვიდე დაიმსახურა. თენგიზის ცოლი, დუსია სამზარეულოში ფუსფუსებს და, ბუნებრივია, რომელიღაც მომენტში წამოსცდება რუტინული ქალური საყვედური - “მე შენთვის არაფერი ვარ“, ან სხვა რამ ამგვარი. ამაზე თენგიზი ომახიანად პასუხობს: “დუსია, დუსია, მე შენი გულისთვის ტანკს შევუვარდები!“.

აი ამ ფრაზაზე ლამის ზეცამდე აღწევდა იმათი ოვაცია, ვინც კვირაში ერთხელ მაინც წარმოთქვამდა სადღეგრძელოში სახმარ არანაკლებ რუტინულ სიტყვებს - “ის ისეთი ერთგულია, მოკვდება შენთვის“ - მაგრამ, იქნებ არც არასოდეს დაფიქრებულა - რას იღებს ამ ურთიერთობისგან, ან რას წარმოადგენს მის მიერ ეგზომ დაფასებული პიროვნება თავისთავად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიდრე არ დამდგარა თავგანწირვისთვის შესაფერი პათოსური მომენტი.

ყველაზე მწარე კი ის არის... არა, ყველაზე მწარე ერთი კი არა, ორია! - რა ადვილად გაგვშიფრეს და ვერ შევნიშნეთ. ნასიამოვნებიც კი დავრჩით. G-წერტილი მოგვიძებნა და ზედ გველის ენა დაგვადო ვერაგმა მტერმა...

ეს მოსკოველი თენგიზი ყველაზე ზუსტად და ამომწურავად ასახავს ჩვენს დღევანდელ ყოფას - პოლიტიკურს, სოციალურს, კულტურულს. ამ ყოფის მთავარი ნიშანი გარემოებასა და გამოხატვას, ობიექტსა და აღწერას შორის აცდენაა.

დავაკვირდეთ ანატომიას:

საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს სტრატეგიულ მიზნად რუსეთთან “ურთიერთობის დალაგება“ გამოცხადდა. თანაც “ურთიერთობის გაფუჭების“ მიზეზი საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი არსებითი “აგრესიული რიტორიკა“ ყოფილა. აქ უკვე ცხადად ჩანს, რომ გამოხატვა და აღწერა რეალობისგან აცდენილია. დავსვათ მარტივი შეკითხვა: ვის შეიძლება ავუხსნათ პოლიტიკური ამოცანა ასეთი სიტყვებით? არა, ეს შეკითხვა, თავისთავად, საკმარისი არ იქნება საქმის გასარკვევად. პოლიტიკაში ხშირად გამოიყენება სიტყვიერი სიმბოლოები, მაგალითად, “განმუხტვა“, “დარეგულირება“ და ა.შ. მაგრამ, აუცილებლად თან სდევს კონკრეტული განმარტება, რომელიც ცხადყოფს, რომ პირველის მიზანი იყო ბირთვული იარაღის დაგროვების შენელება და გარკვეული ბალანსის შენარჩუნება, მეორისა კი, მაგალითად, საომარ მოქმედებათა შეწყვეტა და საზღვრების ან სადემარკაციო ხაზების შესახებ შეთანხმების მიღწევა. და რას ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობის “დალაგება“? - ერთისთვის ეს არის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, მეორისთვის - “რუსული ბაზრის“ ათვისება, მესამისთვის - “საკავშირო მშენებლობიდან“ ცემენტისა და აგურის “ლევად“ გამოტანა, მეოთხისთვის - ევრაზიულ თუ საბაჟო კავშირში შესვლა. შეფასებებისგან თავს თუ შევიკავებთ, მაინც ვერ გავექცევით იმას, რომ ასეთი მრავალფეროვანი ინტერესების ერთდროული დაკმაყოფილება შეუძლებელია და პოლიტიკაში ასეთ მიზნებს არ ისახავენ.

ერთი სიტყვით, “ურთიერთობის დალაგება“ ფორმულირების გარეშე დარჩენილი პოლიტიკური ამოცანაა და ამგვარად მისი ერთადერთი ადრესატი შეიძლება იყოს კოლექტიური იდიოტი, როგორადაც წარმოჩნდება ხელისუფლების თვალში მისივე ამომრჩეველი. მაგრამ აქ ესეც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი...

რა ნიადაგზე აფრენს ეს კოლექტიური იდიოტი? - “ურთიერთობის დალაგება“ აშკარად პირადი სფეროდან მოვიდა. ურთიერთობას “ალაგებენ“ შვილებთან, სექსუალურ პარტნიორებთან, ნათესავებთან და ა.შ. ეს არის ერთადერთი მასშტაბი, რომელშიც ჩვენი საზოგადოება თავს არხეინად გრძნობს. გახსოვთ, რა გნიასი იყო ატეხილი ერთ დროს, ჩვენს შვილებს “ჩამშვებებად“ ზრდიანო - მხოლოდ არსებითად შუასაუკუნეობრივ და, ვთქვათ პირდაპირ, “ჩაშვებულ“ ქვეყანაში ხდება, რომ არსებობს არა დროის შესაფერისი დაპირისპირება (პირადი - საჯარო), არამედ ველური და დრომოჭმული (შენიანი - ჩამშვები). ასეთ გარემოში ვერ ჩამოყალიბდება საჯარო სფერო და ფეხს ვერ მოიკიდებს საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობა. აქვე იჩენს თავს რაოდენობრივ სოციალურ გამოკვლევათა არსებითი ნაკლოვანება.

ოდესღაც ყველა კვლევის შედეგი იყო პოლიციისადმი მაღალი ნდობა. მაგრამ პასუხს თვით შეკითხვა შეიცავდა: “რომელ სოციალურ ინსტიტუტს ენდობით?“ - რახან არსებობს შეკითხვა, არსებობს პასუხის გაცემის იმპერატივიც. მართალია, ზოგს “უჭირს“, მაგრამ უმრავლესობა იმპერატივს ემორჩილება და შემოხაზავს ან ჯვარს დაუსვამს სიტყვას “პოლიცია“. მაგრამ როგორ გავარკვიოთ, ეს რეალური ნდობაა (საჭიროების გააზრება და ქმედების შეფასების უნარი) თუ ზედაპირული შედარების შედეგი?

მე-19 საუკუნის დასაწყისში ჟერმენა დე სტალი წერდა, რომ თვალსაჩინო მაგალითი მას სჭირდება, ვინც აზროვნებაში ცნებების გამოყენებას არაა ჩვეული. ქართველებმა კიდევ უფრო შორს წაიწიეს: ცნება და არგუმენტი იმდენად უცხოა ჩვენი გონებისთვის, რომ სიტყვებიც კი თვალსაჩინო სიმბოლოებად ვაქციეთ, წერა-კითხვა და ანგარიში დაგვავიწყდა და მოხატულწახნაგებიან კუბებს დავუბრუნდით: “სიცრუის მანქანა“, “პირსისხლიანი რეჟიმი“, “ივერიის გაბრწყინება“. ამიტომაც ყლაპავს სრულიად საქართველოს ოთხმილიონიანი მოსახლეობა ზღაპრულ ცნობას ყოველწლიური მილიონი აბორტის შესახებ.

აზროვნებასთან ასე მწყრალად მყოფ ხალხს ერთადერთი რამ ძალუძს: პოლარიზება. ანუ ის, რასაც ნიჭიერთა შორის ნიჭიერი “რუსთავი 2“ “დაპირისპირებად“ მოიხსენიებს. სხვა რამ ასეთ საზოგადოებას არ შეუძლია - ყველა მოვლენა მხოლოდ აღრმავებს ან ფერს უცვლის წინააღმდეგობას, მაგრამ არ იქცევა საქმიანი დასკვნისა და თვითჩაღრმავების საფუძვლად.

ვნახოთ ანატომია: ყოფილი პრემიერ-მინისტრი, აწ კი რიგგარეშე მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი პრეს-კონფერენციაზე ამბობს, რომ ეკლესიის კრიტიკა არ უნდა იყოს ტაბუ; რამდენიმე დღის შემდეგ მას პასუხობს მღვდელი დავით ისაკაძე და აცხადებს, რომ ანტიქრისტე სწორედ ტაძრების მშენებლობით დაიწყებს.

როგორ უპასუხა საზოგადოებამ? - არავინ დაფიქრებულა, მაგალითად, პასუხის მნიშვნელობაზე და მასში არსებულ შინაგან წინააღმდეგობებზე (თუ ტაძართა აშენება მოქმედების დასაწყისის ინდიკატორია, საკუთრივ ვინ არის ანტიქრისტე - დამკვეთი თუ სპონსორი? გამოდის, რომ საქართველოს მთავარი საეკლესიო კათედრა ანტიქრისტეს აშენებულია?). რა თქმა უნდა, ეს შეკითხვებიც საკმაოდ ზედაპირულია, მაგრამ შინაარსს ეხება, შინაარსი კი ყურადღების მიღმა დარჩა. საზოგადოებამ ერთადერთ ჩვეულ გზას მიმართა და მაშინვე დაიწყო მიკროგადაჯგუფება ნიშნით “ვინ ვის მხარეზეა“. ხალხი ახალ უშინაარსო სანახაობას ჩაუჯდა. ამ სანახაობას ჩემს ანონიმ ბრძენთაგან ერთმა “მტაცებელი უცხოს წინააღმდეგ“ უწოდა. მაშინვე დაიწყო ფსონების დადება: ვინ ვის მოერევა?

ვერაფერს იტყვი, რინგზე მართლაც საინტერესო სანახაობა გველის. ოღონდ თეოლოგია და ასკეტიკა ვერ იქნება მრჩეველი. საქმეს კვლავაც ურთიერთობების ბუნება გადაწყვეტს. ერთ მხარეს დგანან ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ საუკუნოვანი ინსტიტუციის გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენენ. მეორე მხარეს კი დუღაბი სხვა ბუნებისაა: დაფინანსებული მკურნალობა, შემოთავაზებული თანამდებობა ან, თუნდაც, ორივე ერთად. სხვა სიტყვებით, საქმეს, შესაძლოა, ის გარემოება გადაწყვეტს, რომ ისაკაძე არ არის შიხიაშვილი. მაგრამ დავუტოვოთ მსჯელობის ამგვარი მიმართულება ქართველ ექსპერტთა დამშეულ ფარას.

მე კი ამ ისტორიაში კვლავაც იმავე დაობებულ კუთხურობას ვხედავ. შუა საუკუნეების საზოგადოებაში პრეს-კონფერენციაზე განცხადებულის ლეგიტიმურობა ნაკლულია, უხარისხოა. ამიტომაც სჭირდება მას ახალი ძალა ბევრად უფრო აღიარებული არხიდან: არსებითად იგივე შინაარსის ტექსტი მეორდება “ჭაბუას ორმოცზე“ (აი ასე, თბილად და შინაურულად), რომელსაც “მთელი თბილისი“ ესწრება, ხოლო პროცესს ახლავს ჭეშმარიტი მამულიშვილის გონებით წარმოდგენილ “სკანდალთაგან“ ერთ-ერთი უმძიმესი - თამადასთან შელაპარაკება.

ლაშა თაბუკაშვილმა ილია მეორე ადღეგრძელა, ალავერდს ბიძინა ივანიშვილთან გადავიდა, ამან კი მოულოდნელად მიუგო, ეგ ზედმეტი ხომ არ იქნებაო. რომელი პრეს-კონფერენცია, ოფიციალური ბრიფინგი ან კომიუნიკე აჯობებდა ამისთანა სეირს? - და რა ვუყოთ იმას, რომ საზოგადოებრივი ინსტიტუტების ცხრაწლიანი ჩამოყალიბებისა და განმტკიცების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ეთნოგრაფიული ობიექტის ნაჭუჭი ვერ გაგვიტეხია? - ჰოდა, ამ ვითარებაში არგონავტების მითზე წუხილი ნამდვილად ზედმეტია...