მარგინალია
21 თებერვალი, 2014
1534
print

ეს სტატია სამმაგად აკმაყოფილებს სათაურს.

ჯერ ერთი, განზე დგას ყველა სხვა წერილისგან და, ასე ვთქვათ, მარგინალური ადგილი უჭირავს; მეორე, კაცთა მოდგმის თავგადასავალში მარგინალურ, განზე მდგომ ამბებს შეეხება; მესამეც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ერთი წიგნის მარგინალიებს, ანუ ველებზე ჩანაწერებს წარმოადგენს.

წიგნი კი რუსეთის ისტორიის ცნობილ მკვლევარს, ორლანდო ფაიჯესს ეკუთვნის და სათაურიც ერთობ მიმზიდველი აქვს: “ნატაშას ცეკვა". წიგნი, რომელიც ახლახან ილიას უნივერსიტეტმა გამოსცა, ცდილობს უპასუხოს შეკითხვას, რა არის რუსულ კულტურაში საკუთრივ რუსული. მართალია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ავტორს თავისივე ცოდნა აბრკოლებს - ისეთი სიამოვნებით შესცურავს ხოლმე მშრალი ფაქტებისა და ვრცელი ციტატების ზღვაში, რომ თვითონაც უჭირს გამოსვლა და მკითხველსაც აბნევს. უფრო ადვილადაც შეიძლებოდა...

აღარ მახსოვს, ყურით გავიგონე, თუ სადღაც დაწერილს წავაწყდი, მაგრამ წელს, 7 იანვარს ერთმა უბრალო ფრაზამ შემაფიქრიანა: “2014 წლის შობა...". თითქოს არაფერი, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, აღმოვაჩენთ: 2014 წლის 7 იანვარი, სინამდვილეში, არის არა 2014, არამედ 2013 წლის შობა. მერე და რა? - ვთქვათ და გავიაზრეთ, რომ ცნობიერების გაორება, რომლის შესახებ ზოგჯერ ლაპარაკობენ ახალ სტილზე გადასვლის მომხრენი, არის ილუზია, მივხვდით, რომ რეალურად არავითარი “ძველი სტილი" არ არსებობს, არამედ არის მხოლოდ ცამეტდღიანი ჩამორჩენა და მეტი არაფერი, რადგან ცხოვრების, მათ შორის რელიგიური ცხოვრების რიტმიც გრეგორიანული კალენდრით აითვლება და სწორედ ამ “საერო" ათვლას დაემორჩილა ლიტურგიაც, რადგან მის თარიღებსაც ახალი სახელები ჰქვია და ფრჩხილებში მორცხვად ჩასმულ რიცხვებს შეგვიძლია არც მივაქციოთ ყურადღება... რა ბედენაა ეს აღმოჩენა? - მაგრამ სწორედ აქ იმალება პასუხი ორლანდო ფაიჯესის შეკითხვაზე.

მაგრამ ჯერ ერთი მაგალითი, ხილული სახე... პარკის ხეივანს ორნი მიუყვებიან: ხნიერი ქალი და სამი წლის გოგონა, როგორც ეტყობა, შვილიშვილი. “არ მინდა სეირნობა!" - ჭყივის ბავშვი. “გავჩერდეთ", - მოთმინებით მიუგებს ბებია და ჩერდება. “არ მინდა გაჩერება!" - გოგონა ფეხებს აბაკუნებს. “მაშ, წავიდეთ", - ამბობს ბებია. “არ მინდა სიარული!" - თავისას არ იშლის გოგონა. “გავჩერდეთ", - კვლავ ამბობს ბებია და არ ჩერდება. ინციდენტი ამოწურულია - ბავშვი თითქოს ჰიპნოზური ძილით მოცული მიჰყვება მოზრდილს...

რა არის რუსული რუსულ კულტურაში?

პირველი ნაბეჭდი წიგნი, “სამოციქულო", რუსეთში 1563 წელს გამოსცა კრაკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ივანე ფიოდოროვმა. პეტერბურგის დაარსების შესახებ პეტრე პირველმა 1703 წელს გამოაცხადა. 140 წელი აშორებს ამ ორ მოვლენას... თითქოს არც ისე ბევრია, მაგრამ მე-19 საუკუნის დიდი რუსი მწერლები ლამის ერთხმად შერაცხავდნენ სანქტ-პეტერბურგს, ევროპაში გაჭრილ ფანჯარას, ხან “წინასწარგანზრახულ ქალაქად", მის დამაარსებელს კი ერთგვარ დემონად, რომელმაც ძირძველი რუსეთი დაანგრია. არავის გახსენებია ერთი ტრაგიკულად მწარე გარემოება: იმ 240 წლის განმავლობაში რუსულ ენაზე საერო შინაარსის მხოლოდ სამი წიგნი გამოიცა, ხოლო ადამიანის პიროვნება, მისი განუმეორებელი სახე იმდენად მცირედ ფასობდა, რომ პირველი ტლანქი პორტრეტები მხოლოდ მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა და მათაც “პარსუნა" შეარქვეს - ლათინური “პერსონის" დამახინჯებული ვარიანტი - რადგან ვერ წარმოედგინათ, რომ სიტყვა “ლიკ" (სახე) ყველა ადამიანს ერთნაირად მიესადაგება.

არ გჯერათ? - სცადეთ თარგმნოთ რომელიმე ენაზე ალექსანდრ ბლოკის “აზიატსკაია როჟა". არ გამოგდით, არა? რუსულად მაინც შეუდარებელი გემო აქვს. ქართულადაც “აზიური სიფათი" რაღაც უფრო ღიმილის მომგვრელია და არც შიშს არ იწვევს, არც ზიზღს, “აზიური დრუნჩი" კი კონტექსტის მიუხედავად, ერთგვარ ირონიულ ალერსად აღიქმება. მხოლოდ რუსულ ენაში არსებობს აზრობრივი უფსკრული, რომლის ერთ ნაპირზე არის “ლიკ", “ლიცო", მეორეზე კი მდაბიოთა უბადრუკი ბრბო: “როჟა", “ხარია", “რილო", “ხაილო" და ა. შ. მაინც არ გჯერათ? - მაშ, შეეცადეთ ქართულად გაიმეოროთ ის მამობრივ-მართლმადიდებლური სიყვარული, რომლითაც, თუ ნიკოლაი გოგოლს დავუჯერებთ, ყველა პატიოსანმა მემამულემ უნდა მიმართოს თავის ყმას: “პიანოე რილო". ეს როგორღა ვთარგმნოთ? “მთვრალი დინგი"? - ო, არა, ასეთი მთარგმნელობითი მარცხი ლამის ერთმორწმუნეობასაც ეჭვის ქვეშ დააყენებს! ადამიანის სახის, მისი პიროვნული ღირსების გამთელავი ასეთი გემრიელი და მსუყე სემანტიკა არც ერთ სხვა ენას არ გააჩნია.

მაგრამ რადიშჩევიდან ბუგაევამდე ყველა მეტ-ნაკლებლად განათლებული რუსი უბედურებას ევროპულ დედაქალაქში ხედავს და რაღაც ბურახისა და ტყაპუჭის სუნით აყროლებულ ქიმერას მისტირის. შეძლებდნენ კი ეს ადამიანურად და ცივილურად აღზრდილი მწერლები იმ “ბუნებრივ" და “ძირძველ" რუსეთში ცხოვრებას? აიტანდნენ ჭრაქის ბჟუტვასა და მეფსალმუნის დუდღუნს იმ სამყაროში, სადაც არ არსებობდა მეჯლისები, ეკიპაჟები, სუნამოპკურებული ბანოვანები, ფრანგული მოდა, იტალიური ოპერა, ინგლისური რომანები, გერმანული ფილოსოფია და სამკურნალო წყლები? განა “დიადი, ძლიერი და თავისუფალი" რუსული ენის მეხოტბე ტურგენევმა არ იცოდა, რომ ეს ენა, ვიდრე სიდიადესა და ძლიერებას მიაღწევდა, ათასჯერ გერმანულ ყაიდაზე გადააკეთეს პეტრეს მოხელეებმა, მერე ევროპის მიბაძვით ლექსთაწყობის ბორკილები დაადეს ტრედიაკოვსკიმ და ლომონოსოვმა, ბოლოს გალიციზმებით დატენეს ცარსკოე სელოს ლიცეისტებმა? - იცოდა, მაგრამ მაინც წერდა - “დიადო, ძლიერო, თავისუფალო და მართალო რუსულო ენავ" - ზუსტად ისე, წერდა, როგორც დღეს ამბობენ, “2014 წლის შობა", თუმცა იციან, რომ ამ კალენდრით 2014 წელი მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ დგება.

და რა იქნებოდა რუსული ენა ევროპის გარეშე? - ამის წარმოდგენა არ არის ძნელი. სერგეი ეიზენშტეინის ფილმში “ივანე მრისხანე" არის ისტორიულად რეალისტური ეპიზოდი, როცა ტაძარში სათეატრო სანახაობას წარმოადგენენ - შუა საუკუნეში ძალიან პოპულარულ პიესას “სახმილის საქმე", რომელიც უჩვენებდა წინასწარმეტყველ დანიელისა და მისი ორი თანამოძმის გადარჩენას ნაბუქოდონოსორის სასტიკი სასჯელისგან. პიესა ორენოვანი იყო. წმინდანი ყრმები და ღვთის ანგელოზი საეკლესიო სლავურით მეტყველებდნენ (ძველბულგარულის საფუძველზე შექმნილი ხელოვნური სალიტურგიო ენა), ხოლო ცეცხლში ჩაბუდებული ეშმაკები - რუსულად. ასე უყურებდა საკუთარი სამწყსოს მშობლიურ ენას ეკლესია, რომელიც აღწერილ მოვლენებამდე ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში მონღოლმა დამპყრობლებმა ხარკისგან გაათავისუფლეს, რადგან მორჩილ ფარად ქცეული ხალხის ერთადერთი მაორგანიზებელი და ამით მტრის ხელშემწყობი ძალა იყო.

არა, არავითარი რუსეთი არ არსებობს დასავლეთ ევროპის გარეშე. აქ იმას კი არ ვამტკიცებთ, თითქოს არსებობს ან არსებობდა ევროპული არჩევანის საწინააღმდეგო ძალები. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს “ძალებიც" არსებითად ევროპულია: როდესაც სავსებით ევროპიზირებულ მმართველ კლასს მე-19 საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონ ბონაპარტმა საჩუქრად დაუტოვა პატრიოტიზმი, დაიწყო ე. წ. სლავოფილობის ჩამოყალიბება. მოგვიანებით გერცენი ამბობდა, ეს ბიჭები “ეროვნულობას" ქირზის ჩექმებსა და წითელ პერანგებში ეძებდნენო. ჩვენ დავამატებდით, რომ ორივე პროდუქტი სწორედ რომ ევროპულია, ისევე როგორც ამ ტიპის მოაზროვნეთა თვითგამოხატვა: სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და დაობებული ბიზანტიური მემკვიდრეობის ნარჩენებს გერმანული იდეალისტური ფილოსოფიის საკმაზით ეძგერნენ. ასე წარმოიშვა ცნობილი რუსული “თეოლოგია", რომელიც ცუდად გაგებულ ბერძნულს ეფუძნებოდა და არსებითად ერეტიკული იყო - უბრალოდ მრევლის სიმრავლე და იერარქიის სიმდიდრეს უნდა უმადლოდეს მოსკოვი, რომ საქრისტიანო არ იმჩნევს მრწამსში გაპარულ შეცდომას. “სობორნაია ცერკოვ" არ არის “კათოლიკე ეკლესია" - “სობორნაია" (ბერძნულად “სინაქსიკი") ეკლესიის კრებითობასა და კოლეგიალობაზე მიანიშნებს და არა საყოველთაობასა და მსოფლიოობაზე, როგორც ნიკეა-კონსტანტინოპოლის ნამდვილ მრწამსში წერია. სწორედ ამ მცდარ თარგმანზე ააგეს საშუალო გაქანების ჰეგელიანელებმა, ხომიაკოვმა და კირეევსკიმ ის, რასაც ასე თუ ისე შეიძლება ეწოდოს თეოლოგია თუ არა, სასულიერო წერილობითი ტრადიცია მაინც და რაც ვერ აშენდებოდა მოსკოველი სალოსების გაუგებარ და ოპტინელი თუ სხვა ბერ-მონაზვნების ფრაგმენტულ გამონათქვამებზე.

რუსეთში არავითარი ევროპული და ანტიევროპული ძალების დაპირისპირება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ კონკურენცია ლეგიტიმურად იმპორტირებულსა და კონტრაბანდულ საქონელს შორის. და ეს “თვითმყოფადი" და “ძირძველი" დედა-რუსეთი ისევე მიჰყვება ბებერ ევროპას, როგორც ზემოთ ნახსენები სამი წლის ჭირვეული გოგონა - ბებიას. თუმცა ეს შედარებაც არ არის გამონაკლისი და ისიც სხვა შედარებების მსგავსად საშინლად მოიკოჭლებს.

საქმე ისაა, რომ ჩვენ არც პირველის სიბერემ უნდა შეგვაშინოს და არც მეორის სიყმაწვილემ მოგვხიბლოს. არ არსებობს არავითარი თვითმყოფადობა, არავითარი ძირძველობა, არავითარი ცალკე აღებული ეროვნულობა - არსებობს მხოლოდ უნარი, მოიხმარო კაცთა მოდგმის მიერ მიღწეული და თვითონაც წვლილი შეიტანო მასში. აქ კი გამოჩნდება, სეკონდ ჰენდის ღირსნი ვართ მხოლოდ, თუ თანასწორად შევდივართ მსოფლიო თანამეგობრობაში. ეს კარგად იცოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ, რომელმაც საკუთარი ხორციელი ნეშტი მძორად მოიხსენია - ურიგო არ იქნება, თუ მის წმინდა სიტყვებს მოიგონებს გახსნილ საფლავთან შეკრებილი ქართველობა...