ახალი ხედვის მოლოდინი
28 თებერვალი, 2014
1448
print

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი:

ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ რეფორმებზე და მინდა

განვაცხადო, რომ ამერიკის მთავრობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იმუშაოს ამ თემაზე ამერიკასთან ერთად.

კანონის უზენაესობის პრინციპები იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტორებს, დააბანდონ დამატებითი თანხები საქართველოში და დაეხმარონ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, გაერთიანდნენ, გაიხედონ წინ

და დატოვონ წარსული წარსულში. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ რეგიონული ჰაბი და დარჩეთ ლიდერები

რეგიონული ურთიერთობის საკითხებში.

 

ირაკლი მარგველაშვილი

ბევრი მოვლენა, რომელიც არ ხდება შენს ქვეყანაში, შესაძლოა ისე წარმოადგენდეს შენს კონტექსტს და აძლევდეს ბიძგს მოვლენების სხვაგვარ განვითარებას, რომ გადამწყვეტად იქცეს ქვეყნის განვითარების რომელიმე ეტაპზე. სწორედ ასე უნდა განვიხილოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული ვიზიტი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ იქნა ორგანიზებული. რატომ გახდა ამ ვიზიტის ასე სასწრაფოდ დანიშვნა აუცილებელი? უკრაინაში განვითარებული მოვლენები, პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადადგომა და რუსების ერთგვარი მანევრები უკრაინის საზღვრებთან და სევასტოპოლში, ქმნის იმ გამოწვევას, რომელსაც აუცილებლად უნდა დაეთმოს ყურადღება. იანუკოვიჩის გადაყენებამ და პუტინის პოლიტიკის ერთგვარმა მარცხმა უკრაინაში შექმნა ის ატმოსფერო, რომ შესაძლოა სიტუაციები გართულდეს მთელი შავი ზღვის რეგიონში. ამ შემთხვევაში აუცილებელია საქართველომ მაქსიმალურად დააახლოვოს გეგმები თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან. აღარაა დაფარული და ფაქტიც სახეზეა, რომ რუსეთის მიერ საქართველოზე ზეწოლა განხორციელდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მოახლოებისთანავე. ასეც მოხდა, - სოჭის ოლიმპიადის დასრულებისთანავე რუსეთმა დაიწყო მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ზოლზე, რითიც გვაგრძნობინეს, რომ მარტივად არაფერი არ ჩაივლის. საქართველოს ხელისუფლებაც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ამ ვითარებაში.

ჯო ბაიდენის მიერ საქართველოს პრემიერის ვაშინგტონში მიწვევა თავისთავად ნიშნავდა ერთგვარი პრევენციული ზომების განხორციელებას. ერთის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა ევროატლანტიკური არჩევანის უალტერნატივობა და მეორე მხრივ, ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შესვლა იყო ძალიან კარგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ამერიკის სახით ჰყავს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. ეს ერთგვარი ნიშანი იყო რუსეთისთვის, რომ თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან, რაც ოლიმპიადის შემდეგ განაახლა. გარდა ამისა, ამ შეხვედრის მთავარი დატვირთვა ისიც იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინის მოვლენების გამო, ელოდება მთლიანად რეგიონში დაძაბულობებს, ვინაიდან, შეიძლება ითქვას, რომ პუტინი ერთგვარ ცუნგცვანგის მდგომარეობაში იმყოფება.

იმისათვის, რომ უფრო გასაგები გახდეს შექმნილი სიტუაცია, აუცილებლად უნდა შევეხოთ უკრაინის მოვლენებსაც, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი ხელისუფლების აშშ-ში ვიზიტის კონტექსტი. პუტინს უკრაინის მიმართ აქვს იგივე გეგმა, რაც საქართველოში განახორციელა და შეუდგა კიდეც პასპორტების დარიგებას სევასტოპოლსა და ყირიმში. მას უკრაინის სახით ჰყავს ძალიან დიდი მოწინააღმდეგე, როგორც სახელმწიფოებრივი რესურსით, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერით.

რუსეთს ხელები შეკრული აქვს უკრაინის წინააღმდეგ ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმდა ურაინას, დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის მიერ საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებული ატომური იარაღის გაუვნებელყოფის შედეგად. ამ ხელშეკრულებით სრულად დაცულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში ეს სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დაიცვან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, პუტინი მოკლებულია როგორც ფიზიკურ, ასევე სამართლებრივ საფუძველს, უკრაინის მიმართ განახორციელოს ის გეგმა, რაც საქართველოში განახორციელა - ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. ამის არც შესაძლებლობა და არც გეოპოლიტიკური დისკურსი არ არსებობს. ამ კონტექსტში საქართველოს მიმართულებით რუსეთის გააქტიურება ნამდვილად არის მოსალოდნელი, ვინაიდან რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში იძულებული გახდება, სამართლებრივი და ეკონომიკური პრაგმატიზმით იხელმძღვანელოს, ხოლო საქართველო არის ის კვანძი, რომელიც იმპერიის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. კავკასიის კონტროლით რუსეთი შეძლებს იმპერიის შენარჩუნებას. საქართველოს საბოლოო გასვლით პოსტსაბჭოთა სივრციდან, რუსეთის იმპერიას, პრაქტიკულად, არსებობის შანსი აღარ აქვს.

კავკასიის კონტროლით რუსეთი შეძლებს აკონტროლოს მთელი აღმოსავლეთ ევროპა შავი ზღვის მეშვეობით. საქართველოს და უკრაინის გასვლით პოსტსაბჭოთა სივრციდან რუსეთი ისე იზღუდება შავ ზღვაზე, რომ მისი გავლენა ძალიან მცირდება, ხოლო მოწინააღმდეგე იმხელა შესაძლებლობებს ფლობს (აშშ-ს ვგულისხმობთ), რომ რუსეთს აღარ აქვს შანსი, დარჩეს დერჟავად. ამ პროცესებს კი აუცილებლად მოჰყვება შუა აზიის რესპუბლიკებში ანტირუსული მოძრაობების გაძლიერება, რაც პუტინის ევრაზიის კავშირის იდეას საბოლოო დაუსვამს წერტილს.

აი, ეს არის ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც დღეს რუსეთის და შესაბამისად საქართველოს და უკრაინის წინაშეა. ეს არის ის კონტექსტიც, თუ რატომ მიიწვიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება ვიზიტს, ვფიქრობ, ეს ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო. მითუმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გზის გაკვლევა არ უხდება ამერიკასთან პარტნიორულ ურთიერთობებში. ის დიდი ხნის გაკვალულია და ამ ხელისუფლებამ ძალიან კარგი მემკვიდრეობა მიიღო ამ თვალსაზრისით. ახლა ის თუ რამეს გააფუჭებს, თორემ სხვა შემთხვევაში, საქართველოს წარმატება გარანტირებული იქნება, თუ საქართველო არ შეეცდება ისევ მარტო დარჩეს რუსეთის პირისპირ, რაც ვფიქრობ არამარტო დანაშაული, არამედ კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. უკრაინის მოვლენებმა, პრაქტიკულად, დაძრა რუსეთის იმპერიის დასასრული. საქართველოს მარტო ამის რესურსი არ გააჩნდა. დღეს უკრაინა არის ის სახელმწიფო, რომელთან ერთადაც დასავლეთისადმი მტკიცე პოზიციით, პუტინის ევრაზიული კავშირის იდეა, პრაქტიკულად, განუხორციელებელი რჩება. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებდა, ამერიკაში ვიზიტის შემდეგ, ვფიქრობთ, გადახედავს მის საკმაოდ მცდარ პოზიციებს და უფრო გააქტიურდება რუსეთის მიმართულებით. იმაშიც დარწმუნდებიან, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები უცილობლად გასათვალისწინებელია, არამარტო საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, არამედ საშინაო პოლიტიკაში, სადაც სახარბიელო სიტუაცია ვერ არის.

ერთის მხრივ პოლიტიკური მოწინააღმდეგის დევნა და მეორე მხრივ, დასავლეთთან მყარი ურთიერთობები ერთმანეთთან შეუთავსებელია. მით უმეტეს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს საკმაოდ სერიოზული სტატუსი აქვს საერთაშორისო პოლიტიკაში. მას იწვევენ და უსმენენ ჯეიმსთაუნის ფონდში, კავკასიის საკითხებზე სასაუბროდ. ასევე მას მინიჭებული აქვს ამერიკის უმაღლესი საჯარო მოხელის სტატუსი, საკმაოდ აქტიური იყო მისი მოქმედებები უკრაინის მოვლენების დროს. ამას რუსი პოლიტოლოგებიც აღიარებენ. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს გადახედოს თავის საშინაო პოლიტიკას და სრულად ჩაჯდეს იმ დისკურსში, ანუ მიიღოს ის მემკვიდრეობა საგარეო პოლიტიკაში, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა. ამის შეცვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, ვინაიდან ეს სრულად მოარღვევს საქართველოს საგარეო უსაფრთხოებას.

საქართველო გახდა დიდი პოლიტიკის მონაწილე და ჩაერთო ამ ბრუნვაში. სწორედ აქ დევს მისი წარმატების გასაღებიც. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს და ანგარიში გაუწიოს იმას, რომ საქართველოს საერთაშორისო ჩართულობა და გეოპოლიტიკურ ანგარიშგასაწევ წერტილად ყოფნა, მისი სუვერენიტეტის განხორციელების მთავარი წყაროა.

ამიტომ ის თეზა, რომ საქართველო არ უნდა იყოს წინააღმდეგობის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის, პრაქტიკულად საქართველოს სუვერენიტეტზე უარის თქმას ნიშნავს და ეს აუცილებლად გადასახედია მით უმეტეს, როდესაც უკრაინის მოვლენებმა საქართველოს უდიდესი დახმარება გაუწია საგარეო პოლიტიკის გააქტიურების თვალსაზრისით. აი, ამის ნათელი გამოხატულება იყო აშშ-ს უმაღლესი ხელისუფლების ინიციატივა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩასულიყო ვაშინგტონში. საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკა არის ჩვენი პარტნიორების მოწოდებაც, ვინაიდან მათ კარგად იციან, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკა აქტიურია. ესაა აშშ-ს გზავნილი რუსეთისათვის, რომ საქართველოს კვლავ აქტიური, ევროინტეგრაციისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკა აქვს, რომელიც მას რეგიონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოდ წარმოაჩენს.

ამიტომ, საქართველოს პრემიერის ვიზიტი ვაშინგტონში აჩენს მოლოდინს, რომ ეს უმძიმესი პერიოდი, რომელიც საქართველომ ასოცირების ხელმოწერამდე უნდა გაიაროს, ამერიკის მყარი მხარდაჭერით უფრო იოლად გადასატანი იქნება.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, „კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტორებს, დააბანდონ დამატებითი თანხები საქართველოში“. ამის შესახებ ქერიმ საქართველო-ამერიკის ქარტიის სხდომის მეოთხე პლენარული სესიის გახსნისას განაცხადა და დასძინა, რომ „ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს რეგიონის ჰაბი“. „ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ რეფორმებზე და მინდა განვაცხადო, რომ ამერიკის მთავრობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იმუშაოს ამ თემაზე ამერიკასთან ერთად. კანონის უზენაესობის პრინციპები იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტორებს, დააბანდონ დამატებითი თანხები საქართველოში და დაეხმარონ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, გაერთიანდნენ, გაიხედონ წინ და დატოვონ წარსული წარსულში. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ რეგიონული ჰაბი და დარჩეთ ლიდერები რეგიონული ურთიერთობის საკითხებში,“ - განაცხადა ქერიმ. - სწორედ ეს განცხადება გამოხატავს ამერიკის თვალსაზრისს საქართველოს მომავლის შესახებ.