ასიმილაცია
28 თებერვალი, 2014
1745
print

გასულ კვირას ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, უეჭველია, უკრაინაში წარიმართა.

ამ მოვლენების მნიშვნელობა ჯერ არ არის სათანადოდ გააზრებული. ჯერ ერთი, იმიტომ რომ პროცესები არ დასრულებულა და, შეიძლება ითქვას, ახლახან შევიდა გადამწყვეტ და ძალზე საფრთხილო ფაზაში. მაგრამ არის კიდევ ერთი, ჩვენთვის ბევრად უფრო ნიშანდობლივი მიზეზი: საქართველოში იმდენად უცნაურ და ემოციურად განპირობებულ რეაქციას იწვევს უკრაინაში დაწყებული გარდატეხა, რომ სერიოზული დასკვნების გამოტანა და პოლიტიკური ქმედებების განსაზღვრა შეუძლებელი ხდება. ემოცია არ ნიშნავს მაინცდამაინც ეიფორიასა და ეგზალტაციას: ემოცია შეიძლება დაფარული და შენიღბული იყოს, ან სულაც დათრგუნული. ეგრეთ წოდებული “აწონილი" ან “ფრთხილი" განცხადებების წნეხქვეშ ასეთივე ძლიერი ემოცია იმალება: შიში ან ზიზღი.

ამ თვალსაზრისით კი ნამდვილად ძნელია ვიპოვოთ განსხვავება ვიცეპრემიერ კალაძის ოფიციალურ ტყუილსა (“უკრაინის პოლიტიკური კრიზისი გრუშევსკის ქუჩას ვერ გასცდება") და მოდულის შენობის წინ გამოჩენილი ალმოდებულ თუ ჯერაც ცეცხლწაუკიდებელ საბურავს შორის. ერთნი ამცირებენ, სხვები აჭარბებენ. პირველთ ეშინიათ ან ეზიზღებათ, მეორენი კი მცდარად აფასებენ საკუთარ ძალებსა და ხალხის განწყობას. დიდი ჭკუა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ ადვოკატ ონიანის დაკავებას აშკარა პოლიტიკური საფუძველი აქვს, მაგრამ სულაც ბრიყვი უნდა იყო, თუ იფიქრებ, რომ საქართველოში ამან შეიძლება სერიოზული შედეგების მისაღებად საკმარისი რეზონანსი გამოიწვიოს. ასეთი ვარაუდი ისეთივე ხარისხისაა, როგორც თვალსაზრისი, თითქოს ნაციონალები “ელიტურმა კორუფციამ" დაღუპა, ან პატიმრების წამებამ. ასე სჯერა პატარძალს, რომ ამ დღეს მასზე ბედნიერი არავინაა, ასე სჯერა თვითმკვლელს, რომ განსაკუთრებული და განუმეორებელი მიზეზი აქვს სიცოცხლის დასამთავრებლად. სინამდვილეში კი მათი ემოციური განწყობა და ქცევა სრულიად სტანდარტულია და შესაბამისი კატეგორიების ინდივიდებიც წლების განმავლობაში მოსაწყენად აკმაყოფილებენ ულმობელი სტატისტიკით ნაპოვნ მყარ რაოდენობით ფარგლებს.

დააკვირდით, როგორ ლაპარაკობენ უკრაინის ამბებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელი პირები? - აშკარად ეტყობა, რომ განწყობა ნაძალადევია, სიტყვები კი ხელოვნური. არა, ისეთებიც არიან, ვინც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იმეორებს რუსეთის ხელისუფლებისა და რუსული მედიის ცინიზმს, მაგრამ ქუჩაში ალიკაპის გარეშე გამოშვებულ “პოლიტპატიმრებზე" ახლა არ ვსაუბრობთ. ჩვენ პასუხისმგებლობასთან უფრო ახლო მყოფნი გვაინტერესებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი, ვისაც მეამბოხე უკრაინელი ხალხი ეზიზღება, რუსეთი კი უყვარს, წარმოთქვამენ ბრტყელ ფრაზებს ძალადობის შეწყვეტაზე, ხოლო ისინი, ვინც უკრაინელებს ჩუმად უთანაგრძნობს, მაგრამ შიშით ხმამაღლა ვერ გამოთქვამს, ისინი თვითონ იგონებენ რაღაცას. არა, შეიძლება პირიქითაც იყოს - რა მნიშვნელობა აქვს - უბრალოდ, საინტერესო ის არის, რომ უკრაინელთა ბრძოლაზე ორიგინალური ქართული პასუხი უბადრუკობის ნიმუშია. მაგალითად, ახალგაზრდობისა და იურისტობის დასალიერს მიმდგარი თინათინ ხიდაშელი აცხადებს, რომ კიევის მაიდანზე ადამიანები ისევე იცავენ თავისუფლებას, როგორც ქართველები 2012 წლის 26 მაისს. საინფორმაციო ტექნოლოგიების სწორუპოვარმა მცოდნემ, ირაკლი სესიაშვილმა კი ასეთი მარგალიტი გვაჩუქა: “ის, რაც უკრაინელმა ხალხმა სისხლისღვრით მოახერხა, ჩვენ 2012 წლის ოქტომბერში მშვიდობიანი გზით მოვახერხეთ."

ალოგიკურობასა და უკიდეგანო სიბრიყვესთან ერთად თითქოს უკრაინელთა მიმართ მხარდაჭერა და სიმპათიაც იგრძნობა, მაგრამ ტყუილია. აშკარაა, რომ ამ ადამიანებს საკუთარი სიტყვებისა თვითონაც არ სჯერათ. აბა, რომ სჯეროდეთ, ხომ დახვდებოდა მაიდანზე დაღუპული ქართველის, დავით ყიფიანის ნეშტს სამთავრობო დელეგაცია, რამდენიმე სიტყვით მაინც ხომ მოიხსენიებდნენ მის გმირობას ან წერილობით, ან ზეპირად. არა, თავდადებულის საფლავს ახლაც მხოლოდ მდუმარე ვარსკვლავიღა დაჰნათის თავზე, მისი სახელი კი უკრაინის შესახებ გამოქვეყნებულ საპატრიარქოს განცხადებაშიც კი არ ჩანს...

ამათ ახლა სულ სხვა საფლავი აინტერესებთ. ამათაც და ქართველების დიდ ნაწილსაც.

ვიღას ახსოვს იესო ქრისტეს კვართი, ნინოს თმით შეკრული ჯვარი, ილია წინასწარმეტყველის ხალენი, სასწაულთმოქმედი ანჩისხატი? საბინინის კომპოზიციიდან ნაღვლიანი თვალებით იცქირებიან საქართველოს დიდი წმინდანები - რომელი მათგანისთვის გადაივსებოდა ისტორიული დედაქალაქის სასტუმროები? ვინმეს იქნებ კადნიერადაც მოეჩვენოს ეს შენიშვნა, მაგრამ რა შეედრება იმ მოზეიმე უკულტურობასა და უპატივცემლობას, რომლის თანხლებითა და მეშვეობით გაიხსნა წმინდანად შერაცხული გაბრიელ ურგებაძის საფლავი.

ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვის ღონისძიება წინასწარ განაცხადა და შემდეგ განახორციელა, სახელმწიფომ გამოყო ჯარის ლეგიონი თუ არა, ბატალიონი მაინც. და თუ ამისთვის ეყო გავლენა საპატრიარქოს, რა გახდა რამდენიმე პროფესიონალი არქეოლოგი ან სასამართლო მედიცინის ექსპერტი, რომლებსაც ის მაინც შეუძლიათ, რომ პროფესიულად ჩაატარონ საკუთრივ პროცედურა და არ აყურებინონ მორწმუნე საზოგადოებას, როგორ ჩორკნიან გათხრილ საფლავს გაუგებარი იარაღებით და ერთჯერად პარკებში ყრიან მიწას.

მაგრამ ამასაც გადააჭარბა შემდგომმა ინტერპრეტაციებმა. ჯერ ერთი, აშკარად იგრძნობოდა ერთგვარი დაბნეულობა: “ვერ ვიტყვით, რომ უხრწნელია, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ გახრწნილია". ეს დაბნეულობა კომიკურობის ზღვარს აღწევდა შემდეგ აღწერებში: “გამოჩნდა მისი უხრწნელი მანტია, მერე გამოჩნდა მისი უხრწნელი ფეხსაცმელი". ბოლოს და ბოლოს, გვითხრეს, რომ მთელი ამ ღონისძიების აზრი ის იყო, რომ წმინდანების დასაფლავება ტაძრის გარეთ არ შეიძლება... ასეთი აღმოჩენა მართლაც გვაიძულებს მცირე ისტორიულ ექსკურსს მივმართოთ:

საზოგადოდ, სასაფლაო (ბერძნულად, “კიმიტერია") საგანგებოდ ნაკურთხი ტერიტორიაა და ამგვარი საკრალური დატვირთვა ჰქონდა მთელი საეკლესიო ისტორიის განმავლობაში. უფრო მეტიც, ადრექრისტიანულ ეკლესიაში აკრძალული იყო გარდაცვლილების დასაფლავება საკუთრივ ტაძრებში, რადგან იქ წმინდა მოწამეთა ნაწილები ინახებოდა - დავაზუსტებთ, ნაწილები და არა საფლავები, რელიკვარიუმებში და არა კუბოებში ან სუდარებში. ამის შესახებ ვკითხულობთ ბალსამონის 41-ე კანონში (ზოგჯერ მოიხსენიება როგორც იოანე კვიპროსელის მე-6 კანონიკური პასუხი). შუა საუკუნეებში მაინც გაჩნდა ტაძრებში დიდგვაროვანთა დასაფლავების ტრადიცია, მაგრამ მოგვიანებით სჯულის კანონის საწინააღმდეგო ეს ადათიც გაუქმდა. გამონაკლისი დაიშვებოდა მხოლოდ ეპისკოპოსებისა და სამეფო დინასტიის წევრებისათვის, როგორც ამას გვამცნობს სიმეონ თესალონიკელის თხზულება “წმინდა მღვდელმსახურებისათვის".

ერთი სიტყვით, ალბათ იმის თქმა ვერ მოახერხეს, რომ ტაძრის შიგნით წმინდანის დასაფლავება კი არ უნდა მოხდეს, არამედ მისი ნაწილების დაბრძანება საგანგებო ლუსკუმაში. თუმცა ჩვენ ჯერაც არ ვიცით, რა უნდა მოხდეს...

ამის გარდა იყო ახსნა, თითქოს გაბრიელ სალოსის ნეშტი იმიტომ გაიხრწნა, რომ არსებობს “საღვთო მცნება": მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც. მცნება არის ზნეობრივი მოთხოვნა, რომლის შესრულება არის ადამიანის არჩევანი, რათა არჩევანის თანახმად განისაჯოს მისი ქმედება. სახარებაში წერია, განა შეგიძლიათ მიიმატოთ სიმაღლე, ან განა შეგიძლიათ გაიშავოთ ან გაითეთროს თმის ერთი ღერი მაინც? - ჰოდა, ვერც მცნება იქნება ის, რასაც ვერ ვირჩევ და ვერ ვაკონტროლებ. გახრწნა არ არის მცნება და საღვთო მცნებებიც განსაკუთრებული გამოცხადებით იქნა მოცემული - ჰიმნოგრაფიაში მათ ვერ ამოიკითხავ. ზემოთ მოყვანილ ფრაზას კი დაკრძალვის წესის იკოსში ვკითხულობთ: “ვითარცა-იგი ჰსთქუ შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც, სადა-იგი მივიქცევით ყოველნი მოკუდავნი". აქვე უნდა დავსძინოთ, რომ ძველ ქართულში სიტყვა “მიიქეც", არ ნიშნავს “გადაქცევას", “ტრანსფორმაციას" - ეს მნიშვნელობა წმინდა სინოდის წევრს ალბათ ბავშვობიდან ახსოვს, როცა ზღაპრებს უკითხავდნენ. ძველ ქართულში ეს უბრალოდ მისვლას ნიშნავდა და ეპისკოპოსისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, სლავურ ვარიანტს მოვიყვანთ: “земля еси и в землю паки пойдеши". როგორც ვხედავთ აქ გახრწნა კი არ იგულისხმება, არამედ უბრალოდ დაფლვა, ამიტომ საფლავში უხრწნელად მყოფებიც “მიწად მიქცეულნი" არიან.

ეს უმეცრება, ვითარების შეფასებისა და მართვის უუნარობა, თავკერძობისა და გაუბედავობის კურიოზული ნაზავი აერთიანებს საქართველოს მთავრობასა და ეკლესიას. და როგორც მთავრობას მხოლოდ საბჭოთა დროის აზრსმოკლებულ და ცარიელ ენაზე შეუძლია ლაპარაკი (“გონივრული პოლიტიკით რუსეთს ბორდერიზაციის მეტი არაფერი დავუტოვეთ" - ანუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არაფერია), ასევე ეკლესიაც ყველაზე კარგად მხოლოდ ასეთივე საბჭოთა ნომენკლატურული გადმონაშთების ატმოსფეროში გრძნობს თავს. ამიტომაც იყო საშვების გულისამაჩუყებელი ისტორია... აქ საკვირველი არაფერია. საკვირველი სხვა რამეა: ამ საგანგებო პრივილეგიას იყენებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. აქ კი უკვე ნამდვილად გვაქვს არათუ საბაბი ან საფუძველი, არამედ ვალდებულებაც კი, წავიკითხოთ სახარება: “ნუ ჴელ-ეწიფებისა ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცჳენ?".