ატიპიური ფაქტების ტიპიური კვირა
28 თებერვალი, 2014
1384
print

უმეტესად ისე ხდება, რომ მთელი კვირა რომელიმე ერთი ისეთი კონკრეტული ფაქტით, მოვლენით გამოირჩევა, რომლის გვერდის ავლა, იგნორირება და მასზე უფრო დეტალური არსაუბარი შეუძლებელი ხდება.

ამ კვირაში კი, თითქოს, განსაკუთრებული ყურადღების ღირსი, გამორჩეული არაფერი მომხდარა და მაინც…

მთელი მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო და მათ შორის, რა თქმა უნდა ჩვენც, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ვადევნებთ თვალს. უკრაინელმა ხალხმა, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა! საკუთარი ევროპული არჩევანი მკაფიოდ, ხმამაღლა, სისხლისა და მსხვერპლის ფასად დააფიქსირა. საკუთარი თავისუფლება, აღფრთოვანებისა და პატივისცემის ღირსმა უკრაინელმა ხალხმა ბარიკადებით, ჯოხებით, საბურავებით და შესაშური სიმტკიცით მოიპოვა. იანუკოვიჩი და მისი მაღალჩინოსნები გაიქცნენ, სოციალური ქსელი კი მათი უგემოვნო, ნუვორიშული, მაგრამ დაუჯერებლად მდიდრული სახლებისა და რეზიდენციების, მანქანებით სავსე ავტოფარეხების, ბაღებისა და პარკების, საცურაო აუზებისა და ჩოგბურთის, თუ გოლფის მოედნების ფოტოებით აჭრელდა. იულია ტიმოშენკო თავისუფალია და მისი პატიმრობიდან განთავისუფლების პირველ დღეს თუ სენტიმენტები, ცრემლები, გულისამაჩუყებელი სიტყვები ჭარბობდა, სულ მოკლე დროში, უკრაინელმა ხალხმა მისი, არცთუ იდეალური, არცთუ უშეცდომო პოლიტიკური წარსული გაიხსენა, ასეთ დროს უადგილო სენტიმენტები დაივიწყა და ჩემი დილეტანტური აზრით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პატიმარი ქალბატონი, ცოტა არ იყოს და გვერდით გაწია. დღეს უკრაინაში პოსტრევოლუციური და არანაკლებად სანერვიულო პროცესები მიმდინარეობს, რომელთა დარეგულირებაში, ჩვეულ რითმში, სახელმწიფოებრივ კალაპოტში დაბრუნებაში, უკრაინელებს მთელი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები, წამყვანი პოლიტიკოსები, პოლიტექსპერტები…ეხმარებიან. მღელვარების, მსჯელობის, პოლიტპროგნოზების მთავარ და ყველაზე მტკივნეულ თემად რუსეთის და პუტინის შემდგომი ნაბიჯები, თავისუფლებისთვის უკრაინის სწრაფვაზე რეაგირება, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი აგრესია, სადამსჯელო ოპერაცია, უკრაინის გაყოფა-არგაყოფა, რუსულენოვანი, რუსი ეროვნების მოსახლეობის “დაცვა”, რუსული პასპორტების დარიგება…- რჩება. უკრაინა კი ამ დროს დღევანდელობის წამყვან პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს გადის, რჩევებს ისმენს, მრავალმილიარდიან ეკონომიურ დახმარებას ელოდება და ევროკავშირში დაჩქარებული წესით შესასვლელად ემზადება. უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მაედანზე გამოდის, ტრიბუნიდან მამაც ხალხს მიმართავს, არჩევნებამდე დროებით მოვალეობის შემსრულებელ უკრაინულ ხელისუფლებას ხვდება, საკუთარ წარმატებებზე და შეცდომებზე დამყარებულ პოლიტიკურ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს. ყველაზე დიდ, წამყვან ტელეკომპანიებს, გამოცემებს ინტერვიუს ინტერვიუზე აძლევს…და ამით მხოლოდ რუსეთის, პუტინ-ლავროვისა და დღევანდელი ქართული ხელისუფლების დაუფარავ, ვერშენიღბულ გაღიზიანებასა და აღშფოთებას იწვევს. თუმცა, რა გასაკვირია, სულ ცოტა ხნის წინ, მაშინ როდესაც კიევი თავისუფლების მოსაპოვებლად ალში იწვოდა და უკრაინელი გმირები კი სნაიპერების ტყვიებს ეწირებოდნენ, ქართული დეპუტატების უმრავლესობა ევრომაიდანის, უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანის მხარდამჭერ რეზოლუციას პრინციპულად (გაუმართლებელ-აუხსნელად) ხელს არ აწერდა - 1. მანანა კობახიძე; 2. გიორგი ვოლსკი; 3. ირაკლი ტრიპოლსკი; 4. გუბაზ სანიკიძე; 5. ელისო ჩაფიძე; 6. ლერი ხაბელოვი; 7. ვალერი გელაშვილი; 8. დავით ლორთქიფანიძე; 9.დავით ონოფრიშვილი; 10. ზვიად ძიძიგური; 11. პაატა ბარათაშვილი და კიდევ ბევრი სხვა…ზოგიერთისგან ძალიან მიკვირს, არ მესმის, ზოგიერთისგან კი პირიქით, სრულიად არ გამკვირვებია, ამასაც ველოდი…და მაინც, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ მათ, განურჩევლად ყველას, ამაზე საკუთარი ხალხის, ამომრჩევლის წინაშე პასუხი მოეთხოვებათ, მანამდე კი ეს მათ სინდისზე, მათ მორალზე, მათ ღირებულებებსა და ვაჟკაცობაზე დამიტოვებია, მიმინდია!

გასული კვირის და არამარტო კვირის, არამედ მთელი გასული წელიწადნახევრის უმნიშვნელოვანეს და ნამდვილად პოზიტიურ, იმედის მომცემ ფაქტად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, სახელისუფლებო დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი რანგის ვიზიტი მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიზიტის, გამართული შეხვედრების რეალურ-დეტალური, მართალი სურათი, საუბრების ნიუანსები ჩვენ არასდროს გვეცოდინება, მაინც მგონია, რომ ამერიკის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერის შეხვედრა ნამდვილად დიდი და პოზიტიური პოლიტიკური ფაქტია, რომელიც ყველასგან ერთნაირად დადებითად აღქმული, სასიკეთო შედეგის მომტანი, ყველასათვის ერთნაირად იმედის მომცემი უნდა იყოს. მგონია, რომ ახლა “ქოცებად”და “ნაცებად”ასეთი უაზრო და საკმაოდ დამღლელი, არამომხიბვლელი, პრიმიტიული გაყოფა-გამიჯვნის ნაცვლად, ყველამ ერთად, ღარიბაშვილის პირველი მნიშვნელოვანი ვიზიტის წარმატებაზე, შედეგიანობაზე უნდა ვიოცნებოთ.

გასულ კვირას მამა გაბრიელის ნეშტი, ხალხმრავალი პროცესიის, ანთებული სანთლების, გალობისა და ლოცვების თანხლებით, სამების საკათედრო ტაძარში გადმოასვენეს. როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ სარწმუნოებაში, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა საუკუნეებში, სხვადასხვა ხალხების მიერ, წმინდანთა გადმოსვენების არაერთი ფაქტია ცნობილი. კაცობრიობის მთელი რელიგიური ისტორიის მანძილზე არაერთი სასწაულის, ცრემლმდენი ხატის, სისხლმდენი ჯვარცმის, ზებუნებრივი ძალის, განკურნების უნარის, ხილვების მქონე ბერებისა თუ წმინდანების, სასწაულმოქმედი ადგილების, წყლის, მიწის…შესახებ გაგვიგია, წაგვიკითხავს, ლეგენდა თუ მართალი ამბავი მოგვისმენია. შესაბამისად, წმინდანად აღიარებული მამა გაბრიელის ნეშტის გადმოსვენებაშიც არაფერი უცნაური და მითუმეტეს მიუღებელი არ იქნებოდა, რომ არა საქართველო და ყველაფრის გაუფასურებისა და გროტესკად გადაქცევის ჩვენი უნიკალური უნარი, შეიძლება ითქვას, ტალანტიც კი. სახლიდან სახლში, ოჯახიდან ოჯახში, სნეულიდან სნეულთან, შინაბერიდან ქვრივთან, მოხსნილიდან დასაწინაურებულთან, ღარიბიდან მდიდართან, განათლებულიდან გაუნათლებელთან, დიდი პატივისცემითა და მოწიწებით გადაადგილებულ-მიბრძანებული მამა გაბრიელის პიჯაკი და მის მოსაპოვებლად, მხრებზე, თუნდაც ერთი წამით, მოსახურად დაშვებული ყველა დაუშვებელი მეთოდი და ხერხი. დედა პარასკევას, კომერციული თვალსაზრისით, სრულიად გენიალური, 100 პროცენტიანი მომგებიანი ხილვა. ორი დღის მანძილზე, მამა გაბრიელის მიერ ორი ნებისმიერი სურვილის ასრულების ანონსი. განკურნების მთხოვნელ სნეულებზე ბევრად მეტი, კრედიტების, ვალების გასტუმრება-დაფარვის, გამდიდრების მსურველთა ზვავი და პირველ რიგებში, ვიპგასასვლელებით, სპეცკორიდორებით, დაცვის თანხლებით საფლავთან მისული, ბიუჯეტის ვერშემსრულებელი ფინანსთა მინისტრი, რომელსაც საკუთარი უუნარობის, უნიჭობისა და უცოდინრობის გამოსწორების ბოლო იმედად, ალბათ, წმინდანის ზებუნებრივი ძალაღა დარჩენია. ოპერატიულად გადაკეტილი ყველა ცენტრალური მაგისტრალი, მცხეთასთან მისასვლელი გზები, სპეციალურად დანიშნული ავტობუსების მარშრუტები. ათასობით მორწმუნის მიერ “აშკარად”დანახული და ამბად, ლეგენდად, თუ ზღაპრად გადაცემული და ბრმად დაჯერებული - მამა გაბრიელის გაუხრწნელი ცხედარი, ოქროსფერი ძვლები, იდეალურად შემონახული ფეხსაცმელი, საფლავიდან ამონათებული სხივი…და ამ ყველაფრის სანახავად, სასწაულში საკუთარი თვალით დასარწმუნებლად, სრულიად სერიოზულად მისული, ჯანდაცვის მინისტრი. მამა გაბრიელის გადმოსვენებამ და მის გარშემო არსებულმა ლეგენდამ, როგორც უმეტესად ქართველებს გვჩვევია, რაღაც რელიგიური სიბნელის, გაუნათლებლობისა და წარმატებული კომერციული ავანტიურის სახე მიიღო. მე კი სურვილი, ან მოკრძალებული თხოვნა დამებადა, რომ საპატრიარქომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამღვდელოებას რაიმე სრულიად ელემენტარული, თუნდაც საშუალო განათლების დონის შემაფასებელი გამოცდები ჩაუტაროს და მრევლთან მხოლოდ გამოცდაჩაბარებულები დაუშვას. თუ, რა თქმა უნდა, საგამოცდო კომისიის შეკრებას შეძლებენ…

ჩემი აზრით, გასულ კვირას კიდევ ერთი სისულელე, კიდევ ერთი წინდაუხედავი ქმედება დაფიქსირდა - ბაჩო ახალაიას ადვოკატი დაიჭირეს. 2011 წელს, პოლიციელის თანამდებობაზე ვინმე ონიანის უდანაშაულობაზე თავს ნამდვილად ვერ და არც დავდებ, მაგრამ ამ დაჭერას სასოწარკვეთილი ანგარიშსწორების, ახალაიას გამოძიების ჩიხში შესული, ადვოკატის წარმატებული დაცვის შედეგად, ვერდამტკიცებული ბარალდებების სიმწარის ელფერი, ყველას, არასამთავრობოების, ადვოკატთა ასოციაციის, დიპკორპუსის, მედიის…თვალში ასე აშკარად რომ არ დასდებოდა, მოვიცდიდი, მოვითმენდი, ახალაიას ხმაურიან საქმეს, ასე თუ ისე, ვაივაგლახით, ჩავამთვრებდი და ამ ყოფილ პოლიციელ ონიანს და მის სავარაუდო ბრალს მერე მივხედავდი. თუმცა, ჩვენ ხომ ქართველები ვართ და ამ ფაქტსაც ვეცადეთ, მოვახერხეთ და გროტესკული ელფერი მივანიჭეთ.

თუ სააკაშვილი უკრაინაშია, უკრაინას ნელთბილად ვგულშემატკივრობთ. მებრძოლი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას, ჩვენდა სამარცხვინოდ, ხელს არ ვაწერთ. ბოღმა, სიძულვილი გვბოჭავს. მიშასთან ბარიკადის ერთ მხარეს დგომას, ნებისმიერ ფასად, საკუთარი ღირსების, სინდისის ფასადაც ვთაკილობთ. მამა გაბრიელის პიჯაკს აქეთ-იქით დავატარებთ და ხადურს საფლავთან მისასვლელ გზას მოკრძალებულ-მონდომებულად ვუთმობთ. ვაიდა, ეშველოს, უშველოს?! ბიუჯეტი წელს მაინც შეავსოს და ამით ჩვენც გვეშველოს. “გაატარეთ, გაატარეთ! კაცი სერიოზულ, სახელმწიფო საქმეზეა წმინდანთან მოსული!”და თუ ბრალდებულს ვერც ერთ ბრალდებას ვერ ვუმტკიცებთ, სულ რომ არ გავმასხარავდეთ, მისი ადვოკატი მაინც დავიჭიროთ! აბა რა!? ყველაფერი გავაუფასუროთ, კლოუნადად ვაქციოთ!

 

P.S. სოჭის ოლიმპიადა დასრულდა. მილიარდები წყალში გადაიყარა, კორუფციონერების ჯიბეებში დაილექა. ოქროები სხვებმა მოიპოვეს, წაიღეს. პუტინი ძალიან უკმაყოფილოა. ეს ყველაფერი უჩემოდაც ცნობილია. აი, მე კი მაინტერესებს - ქართველი სპორტსმენები, საქართველოს სპორტის სამინისტრო, დღევანდელი ხელისუფლება მიღწეულით კმაყოფილია? გაუაზრებელმა სიჯიუტემ გაამართლა? უპრინციპობისა და უთავმოყვარეობის ასე პრინციპულად გატანა ღირდა?

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის პირველ და ჩემი აზრით, სრულიად ზომიერ გამოსვლას, საქართველოს მთავრობა, ცალკეული, თუნდაც ძალოვანი მინისტრები, ამავე უპრინციპობის პრინციპით არ დაესწრო?