გაზაფხულის ყვავილები
28 თებერვალი, 2014
1423
print

როდესაც საგაზაფხულო მოდის ყველაზე ბანალურ ტენდენციებზე ვფიქრობთ, ასოციაცია ყვავილებთან ბუნებრივად ჩნდება.

ეს, ალბათ, ის ტრენდია, რომელიც მაინც იარსებებდა ქუჩის მოდაში, იმის მიუხედავად თუ რამდენად გააკეთებდენ საგაზაფხულო კოლექციებში დიზაინერები აქცენტს ყვავილოვან პრინტზე. ყვავილები გაზაფხულზე ბუნებრივი და ლამაზი ტრენდია და კიდევ უფრო სასიამოვნოა, როდესაც ბანალური დეტალების მიმართ ორიგინალური დამოკიდებულება შეიმჩნევა.

უკვე რამდენიმე სეზონია, ყვავილები სამოსში აღარ ასრულებს მხოლოდ რომანტიკული განწყობის შექმნის ფუნქციას. ტენდენციამ ურბანული ელემენტების გავლენა განიცადა (რაც, ცხადია, მოსალოდნელი იყო), რამაც ის უფრო საინტერესო გახადა. მაგალითად, Marni-სთან ყვავილები ამ გაზაფხულზე იაპონიას გვახსენებს, მაშინ როდესაც ეს სამოსი საკმაოდ სპორტული სტილისაა, რაც უჩვეულო სინთეზს ქმნის.

Dries Van Noten-ის შთაგონების წყარო დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში აღმოჩენილი ყვავილოვანი პრინტი იყო, დაახლოებით ისეთი, როგორიც საუკუნეების წინ მამაკაცების სამოსზე გვხვდებოდა. ყვავილებიც ამ კოლექციაში არა საგაზაფხულო, არამედ საკმაოდ “პირქუშია”. აქ არის ასევე წარმოდგენილი ჭრელი, ყვავილებიანი კოსტიუმი ხაზგასმით მასკულინურ სტილში. საინტერესოა, რომ ამ გაზაფხულზე მამაკაცის პიჯაკისა და შარვლის ტარებას ყვავილოვანი პრინტით Rebecca Taylor-იც გვთავაზობს.

შავ-თეთრი ყვავილების თემას წარმატებით აგრძელებენ Giambattista Valli, Suno, Stella McCartney. ფერთა გამის მიუხედავად, განწყობა, რომელსაც მათი სამოსი ქმნის, ხაზგასმით პოეტურია. ცხადია, რომანტიკული ხასიათი მაინც ისეთ ბრენდებთან უნდა ვეძებოთ, როგორებიცაა Etro, Rebecca Taylor, Antonio Marras, რადგან სწორედ მათ შეაჩერეს არჩევანი ქალურ სილუეტსა და პასტელის ფერებზე.

ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა ყვავილების თემა თავის კოლექციაში Christopher Kane-მა. მისი სამოსი ყვავილის რეპროდუქციული სისტემის შესახებ ერთგვარ გაკვეთილს წარმოადგენს. Alberta Ferreti-სთან, Giambattista Valli-სთან ყვავილი დეკორატიული ელემენტია, აპლიკაცია, რომლითაც სამოსი ზემოდან არის გაფორმებული. ამასთან, დიდია იმ ბრენდების რიცხვი, რომლებმაც უპირატესობა 3D პრინტს მიანიჭეს. ესენი არიან: Blumarine, Marni, Alberta Ferretti, Marchesa, Mary Katrantzou, Dolce&Gabbana... განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამ უკანასკნელთან ნუშის ყვავილების ტოტები ჰაეროვან კაბებზე და გამჭვირვალე ქსოვილზე ამოქარგული ვარდები Blumarine-თან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრენდის პოპულარობა ამჯერად არა მხოლოდ სამოსზე გავრცელდა - ბევრმა დიზაინერმა წარმოადგინა ყვავილებით მოხატული, ასევე ამ ფორმის აპლიკაციებით გაფორმებული პატარა თუ დიდი ზომის ჩანთები.

პარფიუმერულ სამყაროში გადანაცვლებისას, შეუძლებელია ყვავილებზე Marc Jacobs -ის Daisy არ გაგვახსენდეს. ეს სახლი ამ წელს ორ ახალ არომატს წარმოგვიდგენს - Daisy Delight-სა და Daisy Eau So Fresh Delight-ს. ცოტა გაუგებარია, რა საჭიროა ამდენი flanker-ისა და ერთმანეთის თითქმის იდენტური ყვავილოვანი კომპოზიციების შექმნა, თუმცა კოლექციისთვის რომელიმე მათგანი მაინც კარგი შენაძენი იქნება თუნდაც ფლაკონის ყვავილებით გაფორმებული თავსახურების გამო, რომლებიც ყოველთვის მხიარულ განწყობას ქმნის.

Creed-ის Spring Flower, რომელიც ოდრი ჰეპბერნს მიეძღვნა, პარფიუმერული სახლის თაყვანისმცემლების ნაწილისთვის იმედგაცრუებად იქცა. კომპოზიცია ყვავილებისა და ხილის ნოტების ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. საკმაოდ სასიამოვნო დასაწყისს თან ახლავს ატმის, ვაშლისა და ნესვის ნაზი სურნელი. სადღაც, მოშორებით, მსხალი და გარგარიც იგრძნობა. გულში ჟასმინისა და ვარდის ნოტები იხსნება და საბოლოოდ, მუშკისა და ამბრის სურნელს ერევა. Spring Flower-ს ძალიან ბუნებრივი ჟღერადობა აქვს - სინთეტიკური ნოტები აქ არ იგრძნობა და მთლიანობაში ძალიან ცოცხალი, რომანტიკული სურნელის შთაბეჭდილებას ქმნის. თითქმის შეუძლებელია, არ მოგვწონდეს, თუმცა, ალბათ, არც შედევრის სტატუსს იმსახურებს. შესაძლოა, იმიტომ, რომ ამისთვის არომატს უნიკალურობა აკლია. შესაძლოა, იმიტომაც, რომ Creed-ისგან ყოველთვის მეტს ელიან, ვიდრე უბრალოდ ერთ-ერთ მორიგ, სასიამოვნო საგაზაფხულო სურნელს.

ყვავილისა და საყვარელი არომატის ტარებისთვის საინტერესო იდეას გვთავაზობს ყველასთვის კარგად ნაცნობი Diptyque. საუბარი არ არის მათ ახალ სურნელზე. ბრენდმა ამჯერად სამკაულების დიზაინერებთან Macon&Lesquoy თანამშრომლობის შედეგად ხელნაკეთი გულსაბნევი წარმოადგინა, რომელსაც ვარდის ფორმა აქვს. ქინძისთავს სპეციალურად მოჰყვება კერამიკის დეტალი, რომელზეც საყვარელი არომატის დასხურება შეიძლება. ყვავილებსა და Diptyque-ზე კი პირველი ასოციაცია Do Son-ია - ტუბეროზის, ფორთოხლის ყვავილის, ვარდისა და ზამბახის თავბრუდამხვევი სინთეზი. გულსაბნევზე სულ რამდენიმე წვეთი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დღის ბოლომდე სენ-ჟერმენის ბულვარზე გასეირნების ილუზია შეგვექმნას, მეგაპოლისისა და რომანტიკული განწყობის თანხვედრის ადგილი კი სწორედ ის საბოლოო პუნქტია, რომელთანაც ყვავილებთან დაკავშირებულ მოდას მივყავართ.