შეხვედრა ლენინ-სტალინთან
28 თებერვალი, 2014
995
print

მრავალი წლის მერე, როგორც ტრანზიტული მგზავრი,მოსკოვში მოვხვდი.

ეს 1998 წელს იყო. დღე-ნახევარი დრო მქონდა და ქალაქში გავიარ-გამოვიარე. მეტროს სადგურების შესასვლელებთან თუ ბაქნებზე მილიციონერები წარამარა მაჩერებდნენ, ვინ ხარ, რა გინდა, ვის დაკარგვიხარო და საბუთებს დიდი გულმოდგინებით, ეჭვიანად მისინჯავდნენ. არც სასტუმროში მასვენებდნენ და ნიღბიან-ავტომატიანი “ვერზილები“ ღია კარის წიხლის კვრითა და კისრის ტეხით ნომერში მიცვივდებოდნენ, “ვაში დოკუმენტი“-ო, მაგრამ ამ ახმახ მუტრუკებზე მეტად, სულ სხვა ტანმორჩილმა კაცებმა გამიხეთქეს გული. იმ კაცებს მეტრო სადგურ „კრასნაია პლოშადზე“ შევეფეთე.

ჰოდა, ესკალატორი ჩავათავე თუ არა, ფუი ეშმაკს და, ვხედავ იქვე, მარცხნივ, პროლეტარიატის ბელადი ორ რევლოციონერ მატროსთან ერთად დაყუდებულა, შავ პალტოსა და თეთრ პერანგში გამოწყობილს, მოტვლეპილ თავზე თავისი განუყრელი კეპკიანი ქუდი ხურავს, მკერდზე კი წითელი ბაფთა დაუბნევია.

წითელი ბაფთა დაუბნევიათ იმ რიგით მეზღვაურებსაც, რომლებიც შესაბამის ფორმებში გამოწყობილან, მხრებზე ხიშტიანი, გრძელი თოფები გადაუკიდიათ, ვაზნებით დატენილი პატრონტაშები ჯვარედინად ტანზე აუსხამთ და ქამრებში ორ-ორი ხელყუმბარა გაურჭვიათ.

“ვაში დოკუმენტიო“, ამათ არ უთქვამთ, მაგრამ იმათ დანახვაზე მოულოდნელობისგან პირკატა კი მეცა, გული შემიქანდა, ძარღვებში სისხლი გამეყინა და ერთ ადგილზე გაქვავებულმა იქაურობას თვალი მოვავლე. მოვავლე და ვხედავ მარჯვნივ, კიტელ-შინელში გამოწყობილი, ჩექმებიანი სტალინიც დაყუდებულა, ხელში თავისი განუყრელი ჩიბუხიც მოუმარჯვებია, მე კი მის დანახვაზე თვალები უფრო გამიფართოვდა და ყბაც მთლად ჩამომივარდა. სტალინმა ამ ყოფაში რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა, ხელკავი გამომდო და ერთ ადგილზე ცმუკვით მოქადაგე ლენინთან მიმიყვანა, ვლადიმირ ილიჩმა კი შუაში ჩამიყენა და, თუ გინდა, ჩვენთან სამახსოვრო სურათი გადაიღეო, მაგრამ არც მე, არც იმ ბელადებსა და არც მატროსებს ფოტოაპარატი არ აღმოგვაჩნდა.

ამ შეჩვენებულებს მოგვიანებით წითელ მოედანზეც გადავეყარა. ოღონდ იქ უკვე უმატროსებოდ იყვნენ, სამაგიეროდ, კომპანია ტროცკით და ბუხარინით შეევსოთ. ჰოდა, იყო სამოყვარულო ფოტოაპარატების ჩხაკა-ჩხუკი და სამახსოვრო სურათების გადაღება. განსაკუთრებით დასავლეთელი ტურისტები აქტიურობდნენ, მილიციონერები კი იმ ფოტოაპარატიანებს, რგორც იტყვიან, გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ.

ისე მოხდა, რომ ჩემი პროფესიონალური “ქენონი“ არც იქ აღმომაჩნდა. არც მინანია - თურმე წითელ მოედანზე, მის მიმდებარე ტერიტორიებზე და სხვაგანაც ასეთი კამერებით უნებართვოდ გადაღება 1993 წლიდან აუკრძალავთ, საამისო უფლების ასაღებად კი კრემლის კომენდანტს უნდა მიმართოთ, თანაც პირადად და რამდენიმე დღით ადრე.

ღმერთმანი, უცნაურად აზროვნებენ იქ, კრემლში, სადაც ყველგან ხიფათი, დივერსია და ათასი უბედურება ელანდებათ, რის გამოც ძველებურად ნაირგვარ აკრძალვას აკრძალვა ემატება. ასეთი“ბდიტელნობის“ მიუხედავად, მთელი მსოფლიოს გასაკვირად და საბჭოთა ხელისუფლების გასაოგნებლად გერმანელი ლაწირაკი მატიას რუსტი 1987 წლის იმ მშვენიერ დღეს ერთძრავიანი პატარა თვითმფრინავით მშობლებს ჰამბურგიდან გამოეპარა და ფინეთში ჩაფრინდა. იქიდან დაადო თავი და მოსკოვში ისე თავისუფლად გადაფრინდა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო ძალებს არც შეუნიშნავთ. რუსტმა წითელ მოედანზე დაჯდომა სცადა, მაგრამ იქ შეკრებილი თუ მოსეირნე უამრავი ხალხის გამო ორიოდე ნაბიჯის დაშორებით მდინარე მოსკოვზე გადებულ ხიდზე, პირდაღებული მილიციონერების ცხვირწინ დაფრინდა.

ეს პარადოქსი იმითაც გამძაფრდა, რომ იმ დღეს საბჭოელები... ბედოვლათი მესაზღვრის დღეს აღნიშნავდნენ. ასე იყო თუ ისე, ამ ამბავმა იქ შეკრებილ უცხოელებზე, ალბათ, ყველა მოსკოვური შთაბეჭდილება გადაფარა. ჩემი ბოლო ყველაზე დიდი მოსკოვური შთაბეჭდილება კი იმ შეჩვენებულ ბელადებთან შეხვედრა იყო და სასტუმროს ნომერში ნიღბიანების შემოვარდნა, ხოლო პირველი, სასკოლო ასაკს უკავშირდება, როცა როგორც ყველა სტუმარი, მეც მოსკოვის ვეება წითელმა მოედანმა, 28 ჰექტარზე გადაჭიმულმა კრემლმა და პუშკინის სახელობის მუზეუმმა აღმაფრთოვანა.

მოსკოვის უძველეს ნაწილში გაშენებული კრემლი, მთელი რუსეთის უმთავრესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ისტორიულ-მხატვრული კომპლექსი, რაღა თქმა უნდა, ქვეყნის უპირველესი სიამაყეა, რომელსაც 1990 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ვხედავთ.

კრემლის მოოქროვილი გუმბათებით დაგვირგვინებული ტაძრები და კარვისებრი სათვალთვალო კოშკები რუსი ცარების ციტადელს წარმოადგენდა, ახლა კი იგი ევროპაში დღემდე შემორჩენილი და მოქმედი უდიდესი ციხე-სიმაგრეა, რომლის ტერიტორიაზეც მრავალ ორგანიზაციას დაუდევს ბინა. აქ ვხედავთ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ სამუშაო კაბინეტს, აქვეა ოფიციალური ცერემონიების ადგილი, ყრილობათა სასახლე, მუზეუმ-ნაკრძალი, ეკლესიები... ეს ყოველივე კი ლამის მთელი მსოფლიოდან მოზიდულ ხელოვნების ნიმუშს, უზარმაზარ სიმდიდრესა და ფუფუნებას ითვლის. უფრო სწორი, იქნება თუ ვიტყვით, რომ ფუფუნების სათვალავი აერიათ.

საინტერესოა კონსალტინგური “აპპილის“ შეფასება, რომლის მიხედვით კრემლის ღირებულება, როგორც უძრავი ქონების ობიექტისა, 2012 წელს 50 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ეს ყოველივე კრემლის დაუოკებელ ამბიციებს, ალბათ, მაინც ვერ აკმაყოფილებს. მსოფლიოზე ბატონობის ამბიციების პირველი ნიშანი, ეტყობა, ის იყო, როდესაც მოსკოველმა თავადებმა თავიანთი დედაქალაქი, კონსტანტინოპოლის დაცემის მერე, მესამე რომად გამოაცხადეს და მას მესიანური როლიც დააკისრეს.

მოსკოვის დაუოკებელი ამბიციების მანიშნებელია კრემლში კვარცხლბეკზე შემომდგარი მეფე ზარბაზანი და მეფე ზარი, რომლებიც ვერაფერში გამოუყენებიათ;

მოსკოვის ამბიციურობის დასტურია მოსკოვის ოლიმპიური თამაშებიც და სხვა მრავალი...

ყველაფერი, ეტყობა, მაინც 1147 წლიდან დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვი პირველად 1147 წლით დათარიღებულ წყარებში მოიხსენიება, ცხრა წლის მერე კი აქ კრემლის მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი.

ძველ რუსეთში კრემლს ქალაქის გამაგრებულ ნაწილს უწოდებდნენ, მაგრამ იმ დროიდან ამ სახელით სულ უფრო ხშირად მხოლოდ ერთ კრემლს - მოსკოვისას უწოდებენ.

მოსკოვის კრემლი თავდაპირველად ხისგან იყო ნაგები. 1367-68 წლებში დიმიტრი დონსკოის ხანაში კრემლის ხის კედლები თანდათანობით ქვით შეიცვალა, რაკი ძველს ხშირი ხანძრები ანადგურებდა. XV საუკუნის მეორე მეოთხედიდან დიდი ივან III-ის ხანიდან მოსკოვში კრემლის გადაკეთება და ახალმშენებლობა იწყება, მაგრამ რუსი ხუროთმოძღვრები ქვის ნაგებობების ბაიბურში ჯერ კიდევ არ არიან, ამიტომ კამარებამდე აგებული შენობები 1471 წლის პირველსავე მცირე მიწისძვრისგან თავზე ენგრევათ. ივან III იძულებული ხდება მოიწვიოს იტალიელი არქიტექტორი არისტოტელე ფიორავანტი, რომელიც 1479 წლისთვის ვლადიმირის მიძინების ტაძრის მსგავს შენობას აშენებს. მერე არისტოტელე ფიორავანტის მისი სხვა თანამემამულენი: მარკო ფიაზინი, პიეტრო ანტონიო სოლარი, ალევიზ ფრიაზინიც და სხვებიც მოყვნენ, რომელთა ხელმძღვანელობით კრემლიც შენდებოდა, მისი კედლებიც, კოშკებიც და ბოლოს წითელი მოედანიც, თუმცა მათი ქმნილებები რუსული არქიტექტურის პრინციპებს ინარჩუნებდნენ. და მაინც, ყურადღებას აპყრობენ კრემლის კოშკების ფორმას და დაკბილულ კედლებს, რომლებიც მნახველს ვერონაში სკალიგერთა და მილანში სფორცას ციხე-სიმაგრეებს აგონებენ.

ასეა თუ ისე, 1485-1516 წლებში იტალიელი არქიტექტორების ანტონ ფრიაზიანის, პიეტრო ანტონიო სოლარისა და ალევიზ ფრიაზინ-უფროსის ხელმძღვანელობით აშენებული კრემლის კედლები 2233 მეტრზე გადაჭიმულა, სიმაღლეში 5-დან 19-მეტრამდე აღმართულა, ხოლო სიგანეში 3,5-დან 6,5-მეტრამდე გაშლილა. ამ კედლების გაყოლებაზე 20 კოშკია, რომელთაგან სამი მოუმრგვალებიათ და სამკუთხა ტერიტორია შეუქმნიათ, დანარჩენი კოშკები ოთხკუთხაა, ხოლო მათგან უმაღლესი - ტროიცკისა, 79,3 მეტრზე ატყორცნილა.

ეს კედლები და კოშკები მიჯნავს წითელ მოედანს, სადაც მავზოლეუმში ლენინი განისვენებს. ერთ დროს მას მხარს “უმშვენებდა“ სტალინის ცხედარიც, რომელიც მერე გამოასვენეს და კრემლის კედელთან დაკრძალეს.

ამავე მოედანზეა ვასილი ნეტარის ტაძარიც, რომელიც 1555-1569 წლებში ყაზანის სახანოზე გამარჯვების აღსანიშნავად ივანე მრისხანეს ბრძანებით ააგეს. რუსული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ საკათედრო ტაძარს სამყაროს შექმნის მანიშნებელი შვიდი ჭრელი გუმბათი ამშენებს, რაც კრემლთან ერთად რუსეთის კიდევ ერთი სიმბოლოა.

სამწუხაროდ, ამ ქმნილების ავტორები უცნობია, სავარაუდოდ კი სამ ვერსიას ასახელებენ. ერთის თანახმად, იგი ააგო პოსტნიკ იაკოვლევმა, რომელსაც მეტსახელად ბარმას უწოდებდნენ; მეორე ვერსიით ბარმა სხვა არქიტექტორი იყო და პოსტნიკი - სულ სხვა, ორივეს ერთად კი ტაძრის ავტორებად ასახელებენ. მესამე ვერსიით, რომელიც ბოლოა და უფრო სავარაუდოდ მიჩნეული, ტაძარი უცნობმა იტალიელმა ხუროთმოძღვარმა ააგო. ამაზე მიანიშნებს ტაძრის განუმეორებელი სტილი, რომელიც აერთიანებს რუსული და აღორძინებს ხანის ევროპელი ხუროთმოძღვრების სტილს.

ასეა თუ ისე, ვასილი ნეტარის ტაძარს ვხედავთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, თავად ტაძრის წინ კი - მინინისა და პოჟარსკის ბრინჯაოს ქანდაკებას.

ეს ქანდაკება წითელ მოედანზე 1818 წელს აღიმართა, მაგრამ 1931-ში ამჟამინდელ ადგილზე გადაიტანეს, აქაოდა აღლუმებისას სამხედრო ტექნიკის დემონსტრირებაში ხელს შეგვიშლისო. ამავე მოტივით დაანგრიეს წითელ მოედანზე 1535 წელს აგებული შესასვლელი “ვოსკრესენსკიე ვოროტა“, ხოლო 1994-95 წლებში აღადგინეს, სადაც ახლა რუსეთის ავტოსაგზაო მიმართულებათა ნულოვანი კილომეტრია, რომელსაც მთელი ქვეყნისა და მისი დედაქალაქის დასათვალიერებლადაც მივყავართ.

სამწუხაროდ, ამ ნულოვანი კილომეტრიდან რუსეთის საზღვრები სულ უფრო შორს იწევს, რაკი მისი დაუოკებელი ამბიციები არ ნელდება.

 

ფოტო: 1  მათიას რუსტი კრემლს მეხივით დაეცა

ფოტო:  2    მოსკოვის დაუოკებელი  ამბიციების მანიშნებელია  კრემლში კვარცხლბეკზე  შემომდგარი მეფე ზარი,  რომელიც ვერაფერში  გამოუყენებიათ