მადლობა უკრაინას
07 მარტი, 2014
1971
print

თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს ვერც ერთ მიზეზს, რატომ უნდა თქვას საქართველოს ხელისუფლებამ უარი პუტინთან შეხვედრაზე.

თან ისიც დააზუსტა, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტი კი არა, პრემიერ-მინისტრი უნდა გაემგზავროს.

როგორც არ უნდა აეხსნა ქ-ნ ხიდაშელს ამგვარი გადაწყვეტილება და მისი სისრულეში მომყვანის არჩევანი, ფსიქოლოგიურად ეს სავსებით გასაგებია: ამაზე უარეს ადგილას სადღა უნდა გააგზავნოს მტერი განაწყენებულმა ქალმა? გასაგებია პოლიტიკურადაც: ამაზე ღრმა ორმოს დღევანდელ პრემიერს სამომავლოდ ვერ ამოუთხრი... რა ვქნათ, თუ ნატიფი ფსიქოლოგია და მოქნილი პოლიტიკა ვერ გაიმეტა ჩვენთვის ისტორიამ. თუმცა ვისთვის რა გაუმეტებია მაგ დალოცვილს: ისევ ჩვენ უნდა გვეშრომა, გვეწვალა და დაგვეძლია ის უბადრუკი მასშტაბი, რომელშიც აზროვნებენ და მოქმედებენ ჩვენი მმართველი ჯგუფის თვალსაჩინო წევრები. უფრო ღრმად ვეღარ წავალ ქ-ნი ხიდაშელის შეფასებაში - თუნდაც იმიტომ, რომ არცთუ მთლად მიზანშეწონილი იქნებოდა იმ მოედანზე ასპარეზობა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დააფიქსირა ობიექტურობისა და ადეკვატურობის სწორუპოვარი რეკორდი.

ამასობაში კი არც არავინ დაფიქრებულა, რა უკიდეგანოდ მავნებელი სიბრიყვეა 14 მარტს კარასინ-აბაშიძის შეხვედრა. მთელ მსოფლიოში ლამის ერთადერთი მოკავშირე და მხარდამჭერი დარჩა რუსეთს - ნუთუ ისიც საქართველო უნდა იყოს?

იქნებ ამიტომ იწყებს ზრუნვას ჩვენს განათლებაზე სხვისი ხათრით არჩეული გიორგი მარგველაშვილი. ჯერ რიტორიკასა და პოეტიკაში უნდა გაწვრთნას ქართველი ერი. და რადგანაც ჩვენში არ ესმით სიტყვა “ცინიზმის“ მნიშვნელობა, აი, პრეზიდენტისგან პირველი თვალსაჩინო მაგალითიც: “ყირიმში ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება“.

არანაკლებ “საინტერესო პროცესი“ ვითარდებოდა 2008 წლის აგვისტოშიც, თანაც ბ-ნი მარგველაშვილის პატივცემულ გვამთან ბევრად უფრო ახლოს. ვრცელი ციტატებით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პრეზიდენტი, როგორც ეტყობა, გულითადი მზრუნველობის შემოტევითაა შეპყრობილი, აბა, მასზე უკეთ ვინ იცის, რა ქაოსი ტრიალებს მისი გამპრეზიდენტებლის გულში! - ამიტომაც ირჯება ასე თავდაუზოგავად, მთელი არსებით ცდილობს დაარწმუნოს, რომ ომი არ იქნება, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ “საინტერესო კინოა“, რომელაც ვოვა ბიძია აჩვენებს ფესტივალზე “ყირიმის გაზაფხული“.

ამავე დროს ზემოხსენებული პრემიერი ღარიბაშვილი კი დამოუკიდებლად სიარულს სწავლობს, ყოველ შემთხვევაში, მის ფილტვებს ჯერ კიდევ ახსოვს ახალნაგემი თავისუფლების ჰაერი. ამიტომაც ისმის მის ოფიციალურ განცხადებაში დიდი ხნის ნანატრი ლითონი: “რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ აშკარად ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას“ — აი, სად მიმდინარეობს ნამდვილად საინტერესო პროცესი. არა მარტო ზმნები და არსებითი სახელები, არამედ ზმნიზედები და ზედსართავებიც არ ბარბაცებენ და მკვიდრად ინარჩუნებენ სათანადო დაძაბულობას: “აშკარად ხელყოფს“, “უხეში დარღვევა“, “უმძიმესი შედეგები“, “მყისიერი რეაგირება“, “სრული სოლიდარობა“, და როგორც მწვერვალი: “შესაძლოა მორიგი აგრესიისა და ოკუპაციის მომსწრენი გავხდეთ, რაც საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია“.

ასეთი რიხის ფონზე კი ნამდვილად აბსურდად მოჩანს ვინმე აბაშიძის მომავალი სტუმრობა “გუმში“, “ცუმში“ და კარასინთან. აი უკრაინის ფონზე კი ბევრად მეტი სიახლის შემჩნევა შეიძლება. რომელი ერთი დავასახელოთ? — არაფრისმთქმელ მაკულატურად იქცა, მაგალითად, საღი აზრის გზაზე ერთ დროს სალ კლდესავით აღმართული “ტალიავინის დასკვნა“; აღარსად ისმის ქილიკი თემაზე “მტერი ორმოც კილომეტრშია“; ყველა ერთმანეთს ეჯიბრება ვლადიმერ პუტინის წყევლაში... მაგრამ...

სიტყვები “პუტინი“ და “პუტინის რეჟიმი“, პირადად მე ქიმერად მიმაჩნია. დიახ, ერთიც და მეორეც გარკვეულ რეალობას აღნიშნავს, მაგრამ ეს რეალობა მხოლოდ ზედაპირია. ამ ზედაპირის ხეხვა თითქოს ნებადართულია, თითქოს გაფორმდა მდუმარე კონვენცია, რომ პუტინი და ეს მისი “რეჟიმი“ იქცეს ერთგვარ საფრთხობელად, რომლის შეფასებაში თხა და მგელი თანხმდებიან. ამ საფარველის იქით შეღწევა კი აკრძალულია: რუსოფობად მოინათლები - ტეხავს, არ ეკადრება ლიბერალური ღირებულებებით აღჭურვილ და ევროინტეგრაციის მოსურნე ინტელექტუალს. და მაინც, იქნებ შევიჭყიტოთ საფარველის ქვეშ, გადავწიოთ ეს სისხლშემხმარი ძონძები...

ჰილბერტ ჩესტერტონმა თქვა ერთხელ: “ვისაც მხედრის წინაშე ცხენის უფლებების დაცვა განუზრახავს, ურიგო არ იქნება, თუ ერთხელ მაინც შეეშინდება ცხენისა.“ დიახ, სასარგებლო იქნება, თუ რუსეთის შეგვეშინდება. ოღონდ არა იმ შიშით, რომელიც გასაწვევი პუნქტების ნაცვლად, წითელი ხიდისკენ მიერეკება ჯიპოსან ქართველებს, რომელიც “აგრესიულ რიტორიკაზე“ უარს ათქმევინებს სახელმწიფო მინისტრებსა და მათ სამოქალაქო პატრონებს, რომელიც ურდოში და ურდოს გარეთაც საკუთარ დუდუკზე აცეკვებს და ამღერებს მოკულტურო ელემენტებს. არა, მე სხვა შიშზე მოგახსენებთ... ამ შიშს ხშირად ვგრძნობ. თუნდაც მაშინ, როცა მესმის, როგორ ამბობს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე: “მე მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და შევთანხმდით იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი. რა თქმა უნდა, ქართველები არიან გიჟები სიყვარულში და კეთილი საქმის კეთებაში, მხოლოდ ქართველს შეეძლო ეთქვა “შენი ჭირიმე” და “შენ გენაცვალე”. მე მადლობას გიხდით ყველა აქ მყოფებს იმისათვის, რომ თქვენც გიყვართ საქართველო და ჩვენ ამას ვგრძნობთ. საქართველოსა და რუსეთს შორის სიყვარული იქნება სამუდამო“... სწორედ ამ სამუდამო სიყვარულისა მეშინია. ომში დამარცხება მძიმეა, მაგრამ იშვიათადაა საბოლოო, აი რუსეთის “ორბიტაზე დაბრუნებამ“ კი შეიძლება სამარადისოდ დააკარგვინოს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჩვენს შთამომავლობას.

პუტინი ამ საქმეში მხოლოდ სიმპტომია, მისი რეჟიმიც მხოლოდ ჩირქოვანი გამონაყარია იმ ისტორიული რეალობის ზედაპირზე, რომელიც პოლიტიკურად, კულტურულად და რელიგიურად გაკოტრდა. მართლაც რომ სამუდამოდ და შეუქცევადად.

პოლიტიკური გაკოტრება გამოიხატება შოვნისა და ხარჯვის ავადმყოფური ბუნებით. ჯანსაღი შოვნის საფუძველი უნდა იყოს შემოქმედება, ცოდნის გამრავლება. გაუთავებელი კრიზისის დროს ადამიანები ნელ-ნელა ან ერთბაშად ჩალის ფასად ყიდიან, ანიავებენ წინაპართა დაგროვილსა და დანატოვარს, იმას, რაც მუქთად ერგოთ. ასეა რუსეთიც: მისი შოვნის ძირითადი საფუძველი წიაღისეულია და არა ადამიანების შრომისა და გონების ნაყოფი. ასე არმად ნაშოვნი კი მხოლოდ ძალის გამოყენებაზე ან სულაც ჩვენებაზე იხარჯება. ასეთ პირობებში ყოველი გამარჯვება, საბოლოო ჯამში, დამარცხებაზე უფრო მწარეა. ვერ ვიტყვით, რომ ამ მანკიერი წრებრუნვის შედეგად არავინ იღებს სიამოვნებას და არავინ ბედნიერდება - მაგრამ ეს ბებიის ნიშნობის ბეჭდის გაყიდვით ამოყორილი კუჭის სიამოვნებაა და კომუნალურ სამზარეულოში გაზქურასთან მეზობლის მიჩმორებით მონიჭებული ბედნიერება. გაზსა და ნავთობში დახარჯულ მილიონებს კი ევროპა ზაფხულობით იაფ კურორტებზე იბრუნებს...

კულტურული გაკოტრება უფრო მრავალფეროვანია და უფრო მწარეც... გუშინ: მონობის გასაუქმებლად ნაწამები დეკაბრისტები, გერცენის მგზნებარება, ჩერნიშევსკის მსხვერპლი... დღეს - ლატინინას, ვენედიქტოვის, პოზნერის უბადრუკი ქვეწარმავლობა. და საქმე მხოლოდ მასშტაბის ვარდნაში არაა: ვირთხები შეიძლება ბაძავდნენ ლომებს, თუნდაც წარუმატებლად, მაინც უსამართლო იქნებოდა საყვედურები. მაგრამ ვირთხები უსინდისოდ ღალატობენ იმათ, ვისაც ახლა ლომებიც კი არ ეთქმით, რადგან არ იხარა მათმა ნაღვაწმა, ვერ ივარგეს ლომებად.

და სილამაზე, რომელიც ქვეყნიერების გადარჩენას ლამობდა და იქადნიდა - მას რაღა დაემართა? ზურაბ წერეთლის ოქროს ფუჩეჩში ირეკლება ახლა, და ნიკიტა მიხალკოვის ძროხის თვალებში. რუბლიოვკის გზატკეცილს მიასრისეს ეს სილამაზე ბენტლის საბურავებმა, ბალცეროვიჩის სასახლის შპალერს ააკრეს და პუგაჩოვას ფონოგრამაში ხავის.

რელიგიურ გაკოტრებას საკმაოდ რთული და ჩახლართული ისტორია აქვს, მაგრამ მისი ერთი შედეგთაგანი მოსკოვის საპატრიარქოს ამ განცხადებით გამოიხატება: “რუსი სამხედროები მშვიდობისმყოფელები არიან და მათი მისია მოწოდებულია, რათა უკრაინელ ხალხს თვითმყოფადობა შეუნარჩუნოს.“

რა ჰქვია ღმერთს, რომლის მსახურნი იმავე ენით ლაპარაკობენ, როგორც უნამუსო სტალინური პროპაგანდა?

განსხვავება მხოლოდ ერთია: რუსული ეკლესია არც კი ცდილობს წინააღმდეგობათა შერბილებას, ლოგიკური შეუსაბამობის შენიღბვას. შემდეგი წინადადება ასეთია: “რუსი ხალხი თავის ისტორიულ ტერიტორიაზე დანაწევრებული ერია და ერთიან სახელმწიფო სხეულში გამთლიანების უფლება აქვს“ - ბოლოს და ბოლოს, უკრაინელების თვითმყოფადობაზე ზრუნავენ, თუ უკრაინელების გაბათილებით რუსი ხალხის ერთიანობას ესწრაფვიან?

რა ჰქვია ღმერთს, რომლის მსახურნი ასე ცხადად და უსირცხვილოდ იტყუებიან?

მაგრამ მესამე წინადადება ქრისტიანული სარწმუნოების სრულიად ცხად ღალატს წარმოადგენს: “იმედი ვიქონიოთ, რომ რუს მებრძოლთა მისია, რომელიც ამ ადამიანების თვითმყოფადობისა და თვით სიცოცხლის დასაცავად არის მიმართული, არ შეხვდება მძვინვარე წინააღმდეგობას“. რაოდენ ქედმაღლური და ბატონკაცურია ეს გამოთქმა: “ამ ადამიანების“, მაგრამ როდესაც ქრისტიანულ პრინციპს “არა წინააღმდგომად ბოროტისა“ ასე უტიფრად იყენებენ საკუთარი ძალადობის გასამართლებლად, ეს უკვე მაფიქრებინებს, რომ ამ ინსტიტუციასთან ევქარისტიული ერთობა უკვე თავისთავად საშიში სექტანტობაა...

ამიტომაც მიპყრობს შიში, რომელსაც, თუ გნებავთ, რუსოფობია შეიძლება დავარქვათ. უბრალოდ, დავფიქრდეთ, გვემეტება კი ჩვენი შვილები და შვილიშვილები ამ “ორბიტაზე“ ტრიალისთვის? - რამდენი დღეც არ უნდა ეწეროს ვლადიმირ პუტინს, მისი წარმომშობი სამყარო მისი გაქრობით ვერ გამოსწორდება. ამის არანაირი რესურსი უკვე არ არსებობს...