ნერვიულობისა და სიბრაზის დღეები
07 მარტი, 2014
1713
print

გასული კვირა ემოციებით, ნერვიულობით, არამშვიდი ღამეებით, მოსმენილზე, ნანახზე მწვავე, ხან იმედისმომცემი, ოპტიმისტური და ხან გაბრაზებული, აღშფოთებული რეაქციებით, სიმპატიებითა და ანტიპატიით, მხარდაჭერისა და პირიქით, გამიჯვნის უზარმაზარი სურვილით, კამათითა და მსჯელობით…

მართლაც გამორჩეული იყო.

ახლო მეგობარმა, რომლის აზრს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამასწინათ მირჩია - პოლიტიკურ წერილებს ოდნავ მოეშვიო… შენ უფრო იუმორით, ირონიით, ზედაპირულად, “ლაითად” წერა შეგეფერებაო. არ ვიცი, რა შემეფერება, რა როგორ გამომდის, მაგრამ თუ გასული კვირის შემაჯამებელ წერილს მაინც ვწერ, იუმორი არც მახსენდება, “ლაითი” ტონი კი სრულიად არ შეესაბამება ჩემს რეალურ განწყობას და ხომ არ ვითამაშებ? თქვენთან ხომ ვცდილობდი ბოლომდე, ყოველთვის გულახდილი ვყოფილიყავი და ამჯერადაც უნდა ვიყო?

სხვა რაზე დავწერო, გესაუბროთ, რა დროს იუმორია, თუ მთელი გასული კვირა, სხვადასხვა საშუალებებით, ტელევიზიით, სოციალური ქსელით, მხოლოდ ნებისმიერი, სულ მცირედი მაინც, ინფორმაციის მოპოვებას ვცდილობდი. უკრაინა; ყირიმში რუსეთის ჯარის შეყვანა და ომის რეალური, კატასტროფულად რეალური საშიშროება; მესამე მსოფლიო ომის პერსპექტივის პირისპირ აღმოჩენილი სამყარო; ამერიკის პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის, ნატო-ს, ევროკავშირის, წამყვანი სახელმწიფოების, მთელი თავისუფალი სამყაროს ლიდერების განცხადებები; საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვრცელი ანალიტიკური ინტერვიუები; პუტინის, ლავროვის, ჩემი აზრით, სრულიად კრიმინალურ-ტერორისტული, რომ იტყვიან “ქურდული” დემაგოგია; ჩვენთვის თითქოს და მწარედ ნაცნობი და მაინც ასეთი გამაოგნებელ-აღმაღშფოთებელი რუსული იმპერიული აგრესია; უკრაინის მოსახლეობის შესაშური, აღმაფრთოვანებელი სიმტკიცე; რუსეთის მიერ წაყენებული და ვერშესრულებული ულტიმატუმი; თავისუფალი სამყაროს მხრიდან აგრესორის მიმართ სანქციების მოლოდინი; ყირიმის, უკრაინის, რუსეთის ისტორია და ისტორიული მაგალითები, პარალელები; ჩინეთის, თურქეთის, პოლონეთის, ფინეთის… უკლებლივ ყველას მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე გაკეთებული მკვეთრი, ცალსახა განცხადებები; სამხედრო ხომალდების, თვითმფრინავების, ჯავშანტექნიკის გადაადგილება; იარაღის ჭახაჭუხის, მთელ მსოფლიოში გავარდნილი შემზარავი, ყურისმომჭრელად ძლიერი და სრულიად დაუშვებელი ხმა; სწორედ გასულ კვირას, მთელი მსოფლიოს მიერ, დღევანდელი რუსეთის, მისი ხელისუფალის ნიღაბჩამოხსნილი, რეალურად დანახული სახე; რუსული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების (ლია ახეჯაკოვა, ძმები მიხალკოვები, ჟვანეცკი, პოზნერი, კისილიოვი…), რიგითი მოქალაქეების მიერ გაკეთებული რადიკალურად საპირისპირო, შოვინისტური, იმპერული, მაამებლური და პროგრესული, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ელემენტარულ ჰუმანიზმზე დამყარებული განცხადებები... ყველაფერ ამაზე ნერვიულობა, განცდა, რეაგირება და მთელი კვირის მანძილზე, ყოველ ღამე, უკრაინისთვის მშვიდობიანი დილის გათენების სურვილით დაძინება…

გასული კვირა ასე შეიძლება დახასიათდეს - უკრაინის კვირა. თავისუფლებისთვის, ევროპულობისთვის, ერთიანობისთვის მებრძოლი უკრაინა, ამ ბრძოლაში მის გვერდით, აგრესორ-ოკუპანტ რუსეთთან პირისპირ მდგომი მთელი ცივილიზებული სამყარო…

და სადღაც იქვე, მაგრამ ოდნავ განზე, ახლოს, მაგრამ მოშორებით მდგომი საქართველო. საგარეო საქმეთა სამინისტროს გასაგებ და მისაღებ განცხადებას მოყოლილი, ცალკეული დეპუტატების, მინისტრების, პოლიტოლოგ “ექსპერტების” პოლიტიკური სიბეცე და უზნეობა თუ არა, ლაჩრობა მაინც; კარასინი-აბაშიძის სრულიად უაზრო, უშედეგო და საერთო ფონზე უდროო შეხვედრის დროებით გადადებაზე უტიფარი მსჯელობა (რა დროს კარასინია?!); საქართველოს თავდაცვის მინისტრის არაინფორმირებულობა; უკრაინისადმი მკაფიოდ, ცალსახად ვერგამოხატული თანადგომა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ვერგამოყენებული ხელსაყრელი მომენტი. რუსეთის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციის სრული იდენტურობის ხმამაღლა, მთელი მონდომებითა და დღეს არსებული ყველა საშუალებებით, მთელ მსოფლიოს გასაგონად, ვერ/არდაფიქსირება; უკრაინაში არწარგზავნილი, არამცთუ პრეზიდენტი, არამედ რიგითი დეპუტაციაც კი; თინა ხიდაშელის და ნინო ბურჯანაძის ხედვათა დაუჯერებელი და უპატიებელი იდენტურობა; ნებისმიერი კომენტარის, ელემენტარული პოზიციის, აზრის დაფიქსირების, “შარის” თავიდან აცილების მიზნით, სცენიდან დროებით გამქრალ-მიმალული დიდი ბელადი-მოქალაქე; ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ყველა არხის, ყველა თოქ-შოუს, საგანგებოდ შერჩეული სტუმრების მეშვეობით, ძალიან ფრთხილად, ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად, ორი სიმართლის, “მედლის ორი მხარის”, რუსული ლოგიკის, რუსული სიმართლის, პუტინის “ადექვატურობის” უპატიებელი, მართლაც რომ აღმაშფოთებელი, ვითომ და ეშმაკური, შენიღბულ-მოზომილ-შეპარვითი დანერგვა მიმდინარეობს (ქეთი დოლიძე, გია ბურჯანაძე, იური მეჩითოვი… სირცხვილია!); რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპაციის ფონზე, მიხეილ სააკაშვილისადმი მსოფლიო მედიის ინტერესზე ვერდაფარული გაღიზიანება, ინფანტილურობამდე დასული ერთპიროვნული პაექრობა, სარკაზმი, შურიც კი. ურწმუნოებს ან ღრმად დაკომპლექსებულებს და დროსაცდენილებს შევახსენებ, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა. საქართველოში ჩატარდა არჩევნები. დღეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი სულ სხვა პიროვნებაა. სააკაშვილის მომხრეები, მისი პარტიის წევრები ამას სავსებით მშვიდად შეხვდნენ და რაც მთავარია, ფაქტი მიიღეს და დაიჯერეს. ხიდაშელებს, საგანელიძეებს… კი, გულწრფელად ვურჩევ, ვთხოვ, რომ სააკაშვილის კომპლექსის მარადიული, განუკურნებელი მსხვერპლი ნუ გახდებიან. თავი დაინდონ და რეალობა დაიჯერონ. დრო მიდის. დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს. ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს უგებს. პრემიერ-მინისტრები, მმართველი პარტიები, პრეზიდენტები იცვლებიან და აქედან გამომდინარე…

…მართლაც რომ გასაბრაზებელი და სრულიად მიუღებელია ასეთი შეუნიღბავი, დაუფარავი, პრიმიტიული შიდასამთავრობო ინტრიგები, მოუთოკელი პირადი კონფლიქტების, გაუკონტროლებული პირადი ამბიციების ხარჯზე აღმაღშფოთებელ აბსურდამდე დაყვანილი ქართული პოლიტიკური რეალობა, სადაც - საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის პარლამენტში პირველ გამოსვლას არც ერთი ძალოვანი მინისტრიც კი არ ესწრება! რა, არ ეცალათ? ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივანთან ასეთი მნიშვნელობის პირველ ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტის გარეშე ატარებენ! უკრაინასთან დაკავშირებით საგანგებოდ მოწვეულ უშიშროების თუ უსაფრთხოების, რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოს სხდომას პრეზიდენტი არადა, ბაზრობიდან დაღლილი, დასიცხული, ნავაჭრი იმერლიშვილი კი სერიოზული სახით ესწრება! ცოტა “ნეგლიჟედ”, სინთეტიკურ “ბლუზკებში” გამოწყობილი ორი “ჟურნალისტკა”, რაღაც გაუგებარი თოქ-შოუს ეთერში საქართველოს პრეზიდენტს ისე იწვევს, სახელით მიმართავს და სიტყვას სისტემატურად ისე აწყვეტინებს, აზრის გამოთქმას არ აცლის, თითქოს კუკავა, კობა დავითაშვილი, ან მართლა ქეთი დოლიძე ეჯდეთ პირისპირ! მაშინ, როდესაც პრეზიდენტის რეზიდენციას, რაღაც აქციის ფარგლებში, ჭინჭები აქვს შემოხვეული და “for sale” აწერია, სოციალური ქსელი საქართველოს ამჟამინდელი, ლეგიტიმურად, დემოკრატიული არჩევნების გზით, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის უბადრუკი კაბინეტის ფოტოსურათებით, ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მიზანმიმართულად არის აჭრელებული!...

დავუშვათ, მისაღები და გასაგებია, რომ ზეადამიანი, ზეენერგიული, აქტიური, განსაკუთრებული ქარიზმის მქონე, ლიდერი პრეზიდენტი აღარ გვინდა. გასაგებია, რომ ხალხისგან სადღაც ძალაუფლების ოლიმპზე დისტანცირებული პრეზიდენტი არ გვინდა. გასაგებია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონსტიტუციით შევზღუდეთ… მაგრამ გაუგებარი, გასაბრაზებელ-აღმაღშფოთებელი და კატეგორიულად საკითხავია - ზოგადად, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ასეთი გაუფასურების, იგნორირების, უპატივცემულობის უფლება ვის აქვს? დროებით დანიშნულ, ჩვენი ფულით ხელფასზე მყოფ, ნებისმიერ რიგით ჩინოვნიკს ვინ, როდის, რის საფუძველზე მისცა ამდენის უფლება?!

საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი და ნებისმიერი სიმაღლის თანამდებობაზე მყოფმა, ნებისმიერი მატერიალური შესაძლებლობის, გავლენის, ტალანტის მქონე, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ნება იბოძოს და მის დანახვაზე, შემოსვლაზე ფეხზე წამოდგეს, ბატონო პრეზიდენტო-თი მიმართოს, სიტყვა არ გააწყვეტინოს, მისი ადგილი თვითნებურად არ დაიკავოს… და ამით არამარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს, არამედ საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ თავს სცეს პატივი და ეცადოს, სინთეთიკაში გამოწყობილ და უბრალოდ, ეტიკეტის არმცოდნე პროვინციელ “ჟურნალისტკას” არ დაემსგავსოს.

 

P.S. ჩემი მეგობრის რჩევის გათვალისწინებით, ვეცდები, ბოლოს მაინც, ოდნავ “ლაითზე” გადავიდე და გულუბრყვილოდ ვიკითხო - 1. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ოსკარების გასაოცარ სანახაობრივ დაჯილდოვებას უყურებს და მერილ სტრიპის ღიმილით ტკბება, ჩვენ “იავნანას” სოფლის კლუბი ვინ მოგვისაჯა? ჩვენთანაც ხომ 21-ე საუკუნეა? 2. არ შეიძლება, რომ ალექსანდრე პეტრიაშვილს, ეთერში ყოველი გამოსვლის წინ, ალკოჰოლის შემამოწმებელ დანადგარში ჩაასუნთქონ ხოლმე? ნამდვილად გადაწვავს! ისე, უბრალოდ ვიკითხე…