წყალბურთში წინ ვართ
07 მარტი, 2014
1259
print

საქართველოს ნაკრები წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იქნება.

არა ტურისტის, არა დამკვირვებლის, არამედ მონაწილის რანგში და ამ სტატუსს დაფასება, გაფრთხილება უნდა. თუ ვიცით, რომ გუნდურ სახეობებში ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ გარჩევებში გასვლა რთულია, წყალბურთელების წარმატება უნდა დავაფასოთ და ქართულად არ უნდა გაგვიხარდეს. ქართულად, ანუ როგორ? ღვარძლიანად, შურით, ქლესურად, არა გულით. მოკლედ, ქართულად რა... როდესაც ევროპის საუკეთესო გუნდებში ხვდები, არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოუგე და ვის ვერ შეხვდი იქ გასასვლელად. მთავარია, გაქვს შედეგი და ეს წარმატებული გუნდის, ფედერაციის წარმატება და წინსვლაა - როგორც არ უნდა ფიქრობდნენ სხვები. და იდეაში, ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. გავედით და მორჩა.

ევროპის ჩემპიონატი ბუდაპეშტში გაიმართება. ბუდაპეშტი უნგრეთია და უნგრეთი წყალბურთში სერიოზული ტიპია. უნგრეთი იგებდა ოლიმპიადებს, უნგრეთი იგებდა სხვა დიდ ტურნირებს და უნგრეთმა რამდენიმე წლის წინ თბილისში „ჰონვედი“ გვაჩუქა, გაგვაცნო. წყალბურთში კარგად ჩახედულებმა საჩუქარი მიიღეს და მგონი, იმთავითვე იცოდნენ, რომ ქართულ გუნდს „ჰონვედთან“ რესპექტაბელურად წაგების პერსპექტივაც არ ექნებოდა. არც გვქონია ეს პერსპექტივა და კაცურად, დიდი სხვაობით წავაგეთ. „ჰონვედმა“ კლასით და ენერგიის დაზოგვით მოგვიგო და ბევრი კითხვის ნიშანი დაგვიტოვა. და ფედერაციამ ბევრი ნიუანსი გაითვალისწინა, ნაკრების მომზადების ციკლში ცვლილებები შეიტანა და ნაკრებმა მოუმატა. ცხადია, საქართველოს ნაკრებზე გესაუბრებით, თორემ უნგრელები ისედაც იქ, ზედა დონეზე არიან. საქართველოს ნაკრების ზრდა უფრო ტემპში წავიდა. ძველი ლეგიონერებით, უფრო დახვეწილი სისტემით და მეტი ლტოლვით.

„ჰონვედთან“ ერთად მაშინ იტალიური „პოსილიპოც“ გვესტუმრა და იტალიელებმა იტალიურად, გაუნძრევლად მოგვიგეს. იტალიელებმა „ჰონვედსაც“ იტალიურად მოუგეს და უნგრელებმა „პოსილიპოსთან“ თამაში ბევრი გაგდებული კაცით დაასრულეს. ჩვენმა მწვრთნელებმა იტალიურის გაკვეთილებიც მიიღეს, შეიძინეს საჭირო სახელმძღვანელოები და დაიწყო მომზადების ახალი, უფრო ინტენსიური პროცესი. მაშინ, წყალბურთში ჩემი ფავორიტიც გავიცანი. „პოსილიპოს“ და იტალიის ნაკრების ცაცია ლიდერი ვალენტინო გალო, რომელიც აუზის ჯადოქარი იყო. ისე თამაშობდა, როგორც უნდოდა. გალო კლასიკა იყო. ეს წყალბურთის სპეციალისტებმაც და იმ ღვარძლიანმა ტიპებმაც აღიარეს. „ოლიმპიკის“ აუზში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო წყალბურთელი იყო. და იმ ვარსკვლავმა შეგვიქო ტურნირი, გვისურვა წარმატება და გალო წავიდა. დაბრუნების პერსპექტივით. გალო დიდი მოთამაშეა. ჩვენ დიდი მოთამაშისგან კეთილი სურვილები და რამდენიმე გოლი მივიღეთ.

ნაკრები იზრდებოდა. რეზო ჩომახიძესთან და რეზოს გარეშე. სხვადასხვა ამპლუაში. და დღეს ჩომახიძე ისევ ჩვენი ნაკრების ცენტრი, რთულად გასაწევი „სტოლბაა“. ჩომახიძე იქ, თავის ტერიტორიაზე დგება და მოწინააღმდეგე ვალიდოლის დიეტაზე ჯდება. რეზოსთან ერთად სულ ასეა. როდესაც ჩომახიძე რუსეთის ნაკრებში იყო, რუსები სხვა რუსების გვარებს ივიწყებდნენ და სკანდირებდნენ „რეზო“-ს. დიდმა რუსეთმა კოხტა საქართველოს ლეგენდა მიიღო და ჩომახიძე იმ დროს ევროპის საუკეთესო მოთამაშე იყო. ოფიციალურად და არა - ძმაკაცურად. რეზომ ბევრი გააკეთა და რეზომ ჩვენი ნაკრებიც დაძრა. მოთამაშის რანგში. როდესაც ჩომახიძე აუზშია, მშვიდად ხარ. რეზოს სიმშვიდე და დომინაცია მოაქვს. არის იშვიათი ეპიზოდები, როდესაც მშვიდი ტიტანიც ვერ თოკავს ემოციებს, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი მომენტია. ლეგენდები ხანდახან ნერვიულობენ და ლეგენდები ხანდახან გვანერვიულებენ. ჩომახიძეც ხომ ლეგენდაა. და ლეგენდა ნაკრებში დაბრუნდა. ოფიციალურად. რეზოსთან სხვებიც ნაკლებ შეცდომას უშვებენ.

როდესაც წინა წლებში ვაგებდით რუმინეთთან, ბევრს ეცინებოდა, ამათთან წაგება ხო „ტეხავს“, „არ მოსულა“, „რა პონტია რო?“ ან „რა პონტია, ტო?“ თამაშს კლასიკური ქართული შეფასებებით ვამკობდით და არ ვიხედებოდით ემოციებში, არ გვაინტერესებდა, იყო თუ არა პრობლემები და გვჯეროდა, რომ საქართველოს „ვიღაც რადუ“-ს ნაკრებისთვის უნდა მოეგო. და რადუ წყალბურთში მაგარია. ვერ ქაჩავს გალომდე, ძალიან შორს არის ჩომახიძემდე, მაგრამ თავის ნაკრებში პირველია და რუმინეთი იმ დროს ჩვენზე უკეთესი, ჩამოყალიბებული, დახვეწილი ნაკრები იყო. ბევრმა ეს გაიგო. ძირითადად, ეს არ ესმოდათ და სულ რაღაცას ითხოვდნენ, სულ ვიღაცას ადანაშაულებდნენ და არ უნდოდათ იმის გაგება, რომ მოთმინებით შედეგიც მოვა და პროგრესიც. საქართველოს ნაკრებმა მოუმატა. კოსმინ რადუმ მოუმატა და იმ შურიანმა არსებებმა ვერც ჩვენი ამბავი შეამჩნიეს და რადუს თემა ხო ორივე ფეხზე ეკიდათ. როგორც ხდება ხოლმე, რა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურზე უნდა გასულიყო. და მეტოქედ დაგვისვეს თურქეთი. შედარებით სუსტი, ვიდრე სხვა საფლეიოფო ტიპები, მაგრამ თურქეთიც ხომ იგივეს ფიქრობდა და თურქეთი მზად იყო ჩელენჯისთვის. თურქეთი შაურმების, ჰაქან შუქურის და ტარკანის გარდა, სხვა სფეროებშიც წინ მიდის და არათურქულად, ევროპულად აზროვნებს. და თურქეთმა ჩვენთან მიზანი დასახა - უნდა მოვუგოთ საქართველოს. და მოვიგეთ ჩვენ. აქ, პირველ ტესტში - 8:4 - მორჩა ყველაფერი და იქ, სტამბოლში 9:12 წავაგეთ. ცუდი იყო, მაგრამ ორი თამაშის ჯამში გავედით ევროპაზე და ყველამ დაისვენა. ნუ, იდეაში, ბევრს უნდა დაესვენა და ვინც წარმატებაში მიზეზებს ეძებს და პესიმიზმზე შეჯდა, ის გულით მეცოდება. თქვენი ადგილი, პატივცემულო მოქალაქეებო, აქ არ არის. მონტენეგროსთვის ან რუსეთისთვის, ესპანეთისთვის ან საფრანგეთისთვის, ხორვატიისთვის ან რუმინეთისთვის რომ მოგვეგო, მაინც რამე მიზეზს მონახავდით და ეს მიზეზები თქვენს არსენალში ულევია. დაკმაყოფილდით იმით, რაც გვაქვს. მოვიგეთ და ეს დიდი წარმატებაა. ჩვენი, თქვენი, მთელი საქართველოს წარმატება და გიხაროდეთ რა!!!

ზურაბ ჭუმბურიძე ძალიან კარგი მეკარეა. თითქმის ყველა ასაღებ ბურთს იღებს და ზურა სტაბილური გახდა. ჭუმბურიძემ მოუმატა. ალბათ, იგივეს თქმა შეიძლება ბექა კაპანაძეზეც, მაგრამ ჩვენი ნაკრების მეორე მეკარე ძირითადად ისვენებს. ნაკრებში ვარჯიშიც წარმატებაა.

სტაბილურია ზურაბ რურუა და კაპიტანი სტაბილურობას უნდა ინარჩუნებდეს. ის თითქმის ყოველთვის იწყებს თამაშს და საქმეს აკეთებს. სოლიდურად, კაპიტნის ხელმოწერით. რურუა სამაგალითო მოთამაშეა და ბუდაპეშტშიც ნაკრების კაპიტანი იქნება.

გიორგი ხვედელიანი სადღაც იღებს დროს, სადღაც ნაკლებს ათამაშებენ და ეს ჩვეულებრივი თემაა. გიორგი საკლუბო დონეზეც საჭირო პერსონაა და ნაკრებშიც აქვს თავისი როლი. როლში შესვლა არ არის საჭირო. მთავარია, შენი ფუნქციები შეასრულო და ყველა მოიგებს.

გალაქტიონ ლაითაძე რეზოს შემდეგ ჩვენი ყველაზე დამსახურებული ვეტერანია. არაჩვეულებრივი, თავაზიანი, პოზიტიური ადამიანი, რომელიც გამოცდილებით და კლასით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას. ძირითადად, გამოსდის. გალა ნაკრებში შეუცვლელია.

მიხეილ ბაღათურიას თამაში ეტაპობრივად ვითარდება და სადღაც მან გაითვალისწინა შეცდომები, შენიშვნები და მოუმატა. ამ ნაკრებში ეს კაციც აუცილებელი ინგრედიენტია. ბაღათურია გაგიჩერებს ბურთს, გასატანს გაიტანს და დაცვაშიც სწრაფად ჩადის. კარგია.

კონსტანტინე გეგელაშვილი და ტატო ნიკოლეიშვილი ფუნქციებს მოწინააღმდეგის სტატუსიდან გამომდინარე ინაწილებენ და იღებენ. გეგელაშვილმა ცენტრიდან რამდენიმე „კლასნი“ გოლი გაიტანა და ნიკოლეიშვილი მულტიფუნქციური მოთამაშეა. საჭირო ხალხი.

ჩომახიძეზე აღარაფერს ვიტყვი. ან ცოტა გამოვა ან არასაკმარისად ბევრი. ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში - ცოტა. რეზო დაბრუნდა და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშის რანგში ჩავა.

დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, მარკო ელაჩა და მარინკო ფრანიჩევიჩი ლეგიონერები არიან. ისინი პროგრესს გვიტოვებენ. და ეს პროგრესი უნდა დავიტოვოთ. რეზოს დაბრუნებასთან ერთად. ჩვენი ლეგიონერები შეუცვლელები არიან. ყველა ასპექტში.

ჩვენი მწვრთნელები - ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი.

ბუდაპეშტში საინტერესო ტურნირი იქნება. საინტერესო ტურნირი საქართველოს ნაკრებთან ერთად.

საქართველოს ნაკრები წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იქნება. არა ტურისტის, არა დამკვირვებლის, არამედ მონაწილის რანგში და ამ სტატუსს დაფასება, გაფრთხილება უნდა. თუ ვიცით, რომ გუნდურ სახეობებში ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ გარჩევებში გასვლა რთულია, წყალბურთელების წარმატება უნდა დავაფასოთ და ქართულად არ უნდა გაგვიხარდეს. ქართულად, ანუ როგორ? ღვარძლიანად, შურით, ქლესურად, არაგულით. მოკლედ, ქართულად რა... როდესაც ევროპის საუკეთესო გუნდებში ხვდები, არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოუგე და ვის ვერ შეხვდი იქ გასასვლელად. მთავარია, გაქვს შედეგი და ეს წარმატებული გუნდის, ფედერაციის წარმატება და წინსვლაა. როგორც არ უნდა ფიქრობდნენ სხვები. და იდეაში, ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. გავედით და მორჩა.

წყალბურთში წინ ვართ. და იამაყეთ, რომ ქართველები ხართ.