სოფელ-ქალაქები ფრიალო კლდეზე
07 მარტი, 2014
1156
print

ცივი ზამთრის იმ სუსხიან და ქარბუქიან დღეს ამერიკელი კოვბოები თავიანთი დაკარგული ნახირის მოსაძებნად გზას გაუდგნენ.

და როცა მთის ხეობაში ციცაბო ფერდობის თავზე აღმოჩნდნენ, მოულოდნელობისგან ერთ ადგილზე გაქვავდნენ - ხეობის გაღმა, ფრიალო კლდის თავზე დათოვლილი მინდორი, მათ უკან კი ასევე დათოვლილი ნაძვნარი იყო. თავად კლდე ყალყზე შემდგარ, აზვირთებულ ზღვის ტალღას ჰგავდა, რომლის ქვეშაც მათ ქვით ნაგები კოშკები, გალავნები და ზღუდეები იხილეს, რომლებიც კოვბოებმა რაღაც ციხე-სიმაგრეს მიამსგავსეს. კოვბოები მეორე დღესაც იქ დაბრუნდნენ, რათა ეს სასწაული კიდევ ერთხელ ენახათ და უკეთ დაეთვალიერებინათ. ყვითელ კლდეებს შერწყმული ნაგებობებიდან მათ მრავალი, ოთხკუთხა ფანჯარა შემოსცქეროდათ. მერე კოვბოებმა ხის კიბეები გააკეთეს და მათი დახმარებით იმ ნაგებობებში შეაღწიეს.

ეს კოვბოები რიჩარდ უესერელი და ჩარლზ მეისონი იყვნენ, ის ადგილი კი, სადაც მათ პირველი უცნაური ციტადელი იხილეს, კოლორადოს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პლატო იყო.

ამ პლატოს, რომელიც იმ მიდამოებზე 600 მეტრის სიმაღლეზე აღმართულიყო, მესა ვერდეს უწოდებენ, რაც ესპანურად „მწვანე პლატოს“ ნიშნავს. ამ ადგილს ეს სახელი სწორედ ესპანელებმა შეარქვეს. XVIII საუკუნეში ესპანელები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე წყნარი ოკეანისკენ სახმელეთო გზას დიდი შეუპოვრობით რომ ეძებდნენ, ერთ მშვენიერ დღეს მონოტონურ წითელ-ყვითელ ფონზე შორიდან დაინახეს მუქი ლაქა, რომელიც ვრცელი მთისპირეთის წიწვოვანი ტყით დაფარული მწვერვალი აღმოჩნდა. ამიტომაც მას „მწვანე პლატო“ უწოდეს. რაკი ეს მწვერვალი პირამიდასავით აღმართული კი არა, მაგიდასავით გადასწორებული იყო, მას „მწვანე მაგიდასაც“ უწოდებენ.

ასე იყო თუ ისე, ეს მაგიდა თუ პლატო ქარავნებისთვის შესანიშნავი ორიენტირი აღმოჩნდა და მას შორიდან ბრმა თუ ვერ დაინახავდა. ევროპელებმა ველური დასავლეთის ამ რაიონში მუდმივი დასახლება მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყეს, მერე კი ის ჩვენი კოვბოებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც იმ „მაგიდის“ ზედაპირს ქვემოთ ჩამალული ქვით ნაგები ციხე-სიმაგრე თუ სასახლე იხილეს.

მათ მიერ ნანახი ნაგებობა ისეთივე იშვიათობას წარმოადგენდა, როგორსაც კალენდრის ის დღე, როცა ერთნაირი ციფრები ჩარიგებულიყო - 1888 წლის 18 დეკემბერი.

ამ აღმოჩენის თაობაზე პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოიცა 1893 წელს, რომლის ავტორიც სახელგანთქმული შვედი პოლარული მკვლევარის შვილი გუსტავ ნორდენშელდი იყო.

თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს ნაგებობები ვიღაც უცნობმა, საიდუმლოებით მოცულმა ხალხმა უხსოვარ დროში ააშენა, მერე კი ასევე საიდუმლოებით მოცულ გარემოებაში აორთქლდა, გაქრა და აღიგავა პირისაგან მიწისაო. გაოცებული მკვლევარები ასე ფიქრობდნენ კარგა ხანს, მერე კი დაასკვნეს, რომ ეს ნაგებობები რომელიღაც უცნობი რასის მიერ კი არა, არამედ ინდიელთა პუებლოს ტომის წინაპართა ხელით იყო ნაგები, რომლებიც უხსოვარი დროიდან სწორედ აქ ცხოვრობდნენ.

ამ აღმოჩენით ფრთებშესხმულმა კოვბოებმა მეზობელი კანიონებიც მოიარეს და ერთი წლის განმავლობაში მათ სხვა კლდეებში კიდევ 182 მსგავსი ნამოსახლარი აღმოაჩინეს.

ამ ინდიელებს პუებლო ესპანელმა კოლონიზატორებმა უწოდეს, რომლებიც აქ მექსიკიდან XVI საუკუნეში ახალი მიწების დასაპყრობად გადმოვიდნენ. ესპანურად „პუებლო“ „სოფელს“ ნიშნავს, მაგრამ თავად ეს ინდიელები თავიანთ თავს რას უწოდებდნენ, ამის დადგენა დღეს შეუძლებელი ეჩვენებათ, თუმცა ის კი გარკვეულია, რომ „პუებლო“ ინდიელთა სხვადასხვა ტომის ხალხს აერთიანებდა. ესენი იყვნენ ჰოპის, ცუნის, კერესის, ტივის და ტუვას წარმომადგენლები, რომელთა შთამომავლები ნიუ მექსიკოსა და არიზონას შტატების სულ რამდენიმე სოფელ-რეზერვაციაში დღემდე შემორჩენილან, მაგრამ მათი წინაპრებისგან არავითარი წერილობითი წყაროები არ შემორჩენიათ იმ „უბრალო“ მიზეზის გამო, ინდიელებს არც საკუთარი დამწერლობა ჰქონიათ და არც სხვებს დასესხებიან, რაკიღა ის სხვებიც არ არსებობდნენ.

თანამედროვე ინდიელთა ნავახოს ტომის წარმომადგენლები პუებლოელ თანამოძმეებს „ანასაზის“ უწოდებენ“, რაც მათ ენაზე „ძველებს“ ნიშნავს.

უცნაური ისაა, რომ ამ ძველებმა, რომლებსაც არც დამწერლობაზე ჰქონდათ წარმოდგენა, არც ლითონზე და, მითუმეტეს არც რაიმე მანქანაზე, ის საოცარი ქვის ნაგებობები იმ ფრიალო კლდეებზე წამოჭიმეს და ვერცხლის ბუდეებივით ზედ მიაწებეს.

მართლაც ქვის ხანაში მცხოვრები ამ ინდიელების ნაგებობები ახლა ამერიკის არქიტექტურულ ისტორიაში მოხსენიებულია როგორც პირველი „მრავალოთახიანი სახლები“.

ეს „მრავალოთახიანი სახლები“ VI- XIII საუკუნეებში ააგეს. XIII საუკუნის შუაწლებში სავარაუდოდ აქ ოთხას კაცამდე ცხოვრობდ. ეს იყო მთელი სოფელი, რომელიც იმ ფრიალო კლდეზე იმდენად სიგანეში კი არა, სიმაღლეში იზრდებოდა. ამ ციხე-სიმაგრეში დღეს 200-მდე საცხოვრებელ ფართობს ითვლიან, რომელშიც არ გულისხმობენ დამხმარე ნაგებობებს და ეგრეთწოდებულ „კიკასს“ - ცალკე მდგომ რიტუალურ შენობას.

„მრავალოთახიანი სახლების“ კედლები მათ ბინადართ ძირითადად გეომეტრიული ფიგურებით მოუხატავთ, ხოლო ამ საცხოვრებელი კომპლექსის წინა ნაწილი ღია ტერასას ქმნის, სადაც სოფლის ყოველდღიურ მეურნეობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდნენ. ისინი განსაკუთრებით დახელოვნებულები ყოფილან კალათების დაწვნაში, რის გამოც მათ მეკალათეებსაც კი უწოდებდნენ. ძველი პუებლოები ასევე ძალზე ცნობილნი იყვნენ თავიანთი უნიკალური კერამიკული სტილით, რომელიც დღეს თავისი იშვიათობის გამო ძვირად ფასობს. პუებლოს ხალხს აქტივში უთვლიან პეტროგლიფებსა და პიქტოგრაფიულ გამოსახულებებსაც.

ინდიელი პუებლოების საზოგადოებაში, მკვლევართა მონაცემებით, ყველაფერში, მათ შორის შთამომავლობის საკითხებში, ქალი მეთაურობდა. კაცები ძირითადად მინდვრად მუშაობდნენ. ახალგაზრდა წყვილები, როცა ერთობლივ ცხოვრებას გადაწყვეტდნენ, ქმრის კი არა, ცოლის მშობლების სახლში ბარგდებოდნენ.

დღეს ამ საცხოვრებელთა მნახველნი გაკვირვებას ვერ ფარავენ სახლებში შესასვლელი კარების ღიობთა მეტად მცირე ზომის გამო. აღმოჩნდა, რომ უფრო დიდი საჭირო არც ყოფილა, რადგან მკვლევართა დასკვნებით ამ სახლების ბინადარნი მეტად ტანმორჩილნი იყვნენ. მამაკაცების საშუალო სიმაღლე 163, ხოლო ქალებისა 152 სანტიმეტრი ყოფილა. ისინი თავიანთ საოჯახო საქმიანობას ძირითადად ეწეოდნენ ეზოებში, ქუჩებში, რომლებიც ქვის კედლებით იყო შემოღობილი. ისინი ზაფხულობით ცეცხლს მხოლოდ სადილის მოსამზადებლად ანთებდნენ, ზამთარში კი მუდმივად ენთოთ. ნივთებს, რომლებიც საჭიროდ აღარ მიაჩნდათ, ფანჯრებიდან ყრიდნენ, რაც ფრიალო კლდის ძირში მდებარე კანიონში ცვიოდა. ამგვარად იმ კანიონებში მდიდარი არქეოლოგიური კულტურული ფენა დაგროვდა, რამაც მკვლევარებს საქმე გაუადვილა. ახლა ადგილობრივი მუზეუმების არქეოლოგიურ კოლექციას ძირითადად სწორედ იმ ნაგავსაყრელზე აღმოჩენილი ნივთები შეადგენენ.

ამ საკვირველი საცხოვრებლების ბინადართა ყოფა-ცხოვრება, სადაც ქალი თავისი მდგომარეობით კაცზე ზემოთ იდგა, ძალზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული რელიგიურ რიტუალებთან და რწმენასთან. ამბობენ, რომ ერთმა პუებლო ინდიელმა ცნობისმოყვარე ტურისტის კითხვაზე, რა არის თქვენი სარწმუნოებაო, უპასუხა: „ჩემი სარწმუნოება თავად ცხოვრებაა“-ო.

სიტყვამ მოიტანა და ისიც უნდა ითქვას, რომ მასა ვერდეში, მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ქალაქებიდან საკმაოდ დაშორებულია, ყოველწლიურად 700-ათასზე მეტი ტურისტი ჩადის. მასა ვერდე ახლა ეროვნული პარკია, რომელიც 211 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. იგი 1906 წელს აშშ-ის იმ დროინდელი პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის ინიციატივით დაარსდა, რათა პუებლოს წინაპართა მრავალრიცხოვანი მემკვიდრეობა დაუცავთ, რაკიღა იქაურობას „შავი არქეოლოგიის“ წარმომადგენლები მისდგომოდნენ და თავიანთი მონაპოვარი ასევე შავ ბაზარზე გაჰქონდათ. ამასთან, იმ „არქეოლოგებმა“ ერთი დიდი ნაგებობის ხით გადახურული სახურავიც დაწვეს, მის კედლებში ხვრელები გაიყვანეს.

საინტერესოა, რომ ამ საოცარი ქმნილების პირველაღმომჩენმა რიჩარდ უესერელმა, ჩარლზ მეისონმა და მათმა ძმებმა ნაპოვნი ნივთები მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერებს მიჰყიდეს.

ასე იყო თუ ისე, 1890-იან წლებში კოლორადოს შტატის ქალთა ორგანიზაციებმა ამ უნიკალური სიძველეების დასაცავად კამპანიაც გააჩაღეს, რასაც თეოდორ რუზველტის ინიციატივა მოჰყვა. ამგვარად, მესა ვერდეს რაიონი ამერიკაში გახდა პირველი ეროვნული პარკი, რომელიც კოლუმბამდელ ისტორიულ ობიექტებს იცავს. ამის წყალობით იქ აკრძალულია ყოველგვარი გათხრები და ისტორიული საგნების თავიანთი ადგილმდებარეობიდან გადაადგილება. 1978 წელს კი ეს ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია.

ასეთივე ვითარებაა ამ ობიექტიდან ახლოს მდებარე სხვა ორ ანალოგიურ ნაგებობაშიც, რომლებიც ასევე 1000- კვადრატულ კილომეტრიან მთლიან პლატოზე განლაგებულა. ერთ მათგანს „სპრიუს ტრი ჰაუსს“ უწოდებენ, რომელიც დიდი კლდის შვერილის ქვემოთ შეფარებულა, ხოლო მეორესთვის „ბალკონ ჰაუსი“ შეურქმევიათ. პირველი მათგანი, რომელიც სიგრძეში 66, ხოლო სიღრმეში 27 მეტრია, სამ სართულად ჩარიგებულა. აქ 100-ზე მეტი მართკუთხა, სამკუთხა და მრგვალი ნაგებობაა, რომლის ფორმებსაც ინდიელებს თავად კლდის რელიეფი კარნახობდათ.

ვარაუდობენ, რომ ეს მიუდგომელი ციხე- სიმაგრეები, რომლებსაც მიწათმოქმედნი აგებდნენ, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვის გათვალისწინებით შენდებოდა. მკვლევართა ფიქრით, აქაური ინდიელები თავდაპირველად მიწურებში ცხოვრობდნენ, მაგრამ მერე როცა მიუვალი სახლები თუ ციხე-სიმაგრეები ააგეს, ძველი სადგომები მხოლოდ რიტუალური მიზნებისთვის შემოინახეს.

აქ მესა ვერდეს ცივილიზაციის გაფურჩქვნის ხანად 1100-დან 1300 წლები ითვლება. ამ დროს ამ ეროვნული პარკის მთელს ტერიტორიაზე უკვე დაახლოებით ხუთი ათასი კაცი ცხოვრობდა. მათ ბინა დაედოთ მდინარეთა კანიონებს თავზე აღმართულ ფრიალო კლდეთა ბუნებრივ ნიშებსა და ქვაბულებში, რაც მათ უამინდობისგან იცავდათ - ზაფხულობით იქ სიგრილე იყო, ზამთრობით კი არც ისე ციოდა, როგორც ზემოთ, პლატოზე, სადაც ქარი დათარეშობდა. ინდიელები იმ პლატოებზე ხის კიბეებით ადიოდნენ, სადაც სიმინდი მოჰყავდათ და ბაღ-ბოსტნები ჰქონდათ, კანიონების ძირში მოწყობილ წყაროებთან კი კლდეში გამოკვეთილი საფეხურებით ჩადიოდნენ.

სამწუხაროდ, დაახლოებით 1276 წელს, ეტყობა ხანგრძლივი გვალვის გამო, რამაც 20 წელზე მეტ ხანს გასტანა, აქ ცხოვრება შეუძლებელი გახადა და პუებლოს წინაპარნი იძულებულნი გახდნენ ეს ადგილები მიეტოვებინათ და სამხრეთისკენ დაძრულიყვნენ, სადაც საკმაოდ წყალი იყო, მათი ნამოსახლარი კი ახლა ძალზე პოპულარული ტურისტული ობიექტია, რომელიც VI - XIII საუკუნეების ჩრდილოეთ ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის 600-მდე კლდოვან დასახლებას ითვლის, აგრეთვე 3400-მდე სხვა უძველეს ობიექტს, მათ შორის პლატოებზე მდებარე საცხოვრებელთა ნანგრევებსა და ეზოებს, ხოლო კანიონების ძირში ტივების ნაშთებს და ნაირგვარ საგუბარებს.