სვეტური პოეზია //;k
07 მარტი, 2014
1090
print

КРЫМИНАЛ

(ჩემი მოსკოველი მეგობრისგან, ვადიმ ჟუკისგან)

*

ვშრომობ კალმის წვერით

თავს არ ვზოგავ ქაჩალს

დავიღალე წერით

მაგრამ ბოლო არ ჩანს

დავიღალე ძილით

დავიღალე ჭამით

დავიღალე იმით

დავიღალე ამით

დავიღალე ტკბილით

დავიღალე მწარით

დავიღალე დილით

დავიღალე ღამით

დავიღალე კატით

დავიღალე ძაღლით

დავიღალე ხატით

დავიღალე დაღლით.

*

ჯიბეში პატრონს ხურდების

სულ რომ შევეშვათ ყველაფერს

უკვე მრცხვენია ქურდების

რომ ვერ მპარავენ ვერაფერს.

*

თავში რაღა არ მომდის

რაზეც ფიქრი მბეზრდება

ხან ვგრძნობ რქები ამომდის

ხან კი ფრთები მეზრდება

ვის რა უნდა დავპირდე

რასაც მთხოვენ ვიძლევი

ხან მზადა ვარ გავფრინდე

ხან მიწაში მივძვრები

ხან წელზე ხელს ჯოჯო მხვევს

ხან ღმერთია შემწევი

ხან წრეს ვარტყამ ჯოჯოხეთს

ხან სამოთხეს ვეწვევი

დღეს ისე და ხვალ ასე

მკვდრეთით გამოცოცხლება

ხან ისე და ხან ასე

გადის ჩემი ცხოვრება.

*

მე წლის ოთხივე სეზონს

ხელს რომ ნელ ნელა ვაჩვევ

სახლიდან ვუცქერ ეზოს

და განსხვავებებს ვამჩნევ

 

მცენარეებიც კარგი

დროს რომ არასდროს ვკარგავ

მე რა თქმა უნდა დავრგე

კიდევ ბევრ რამეს დავრგავ

 

რაც გამოიღებს ნაყოფს

ჩემთვის სრულიად სამყოფს

გავანიავებ ბინას

და გემრიელად მძინავს.

*

ვფიქრობ როდესაც ფულზე

დედას ვაგინებ კარლ მარქსს

და დარდი მაწევს გულზე

რომ საკმარისი არ მაქვს

 

პურზე მისვია ჯემი

და მეღიმება ოდნავ

კაპიტალია ჩემი

ქართული ენის ცოდნა.

*

დავიფიცებდი უფლის წინაშე

ამ ბოროტებას გადაკვეთილი

რომ ის რაც ხდება უკრაინაში

ჩვენთვისაც არის დღეს გაკვეთილი

 

ხოდა გულგრილი ვინც აქ ვერ რჩება

არ წარუდგინეს ხვალ თუ ბრალდება

ბატონ ვლადიმერს როცა შერჩება

ხომ უარესად გაგულავდება

 

და დღეს კავშირიც რადგან მჭიდროა

რომ დაისაჯოს უკვე ის დროა

თუნდ განიზრახოს ჩვენი მოსპობა

- ბოდიშს მოვიხდი ამ ვერსიისთვის -

 

დროა პასუხი აგოს მოსკოვმა

ტერორისა და აგრესიისთვის.

*

არც ამისტები არც იმისტები

ჩვენ ვართ ქართველი პაციფისტები

და ერთხელ უკვე როგორც დადგინდა

ჩვენ რა თქმა უნდა ომი არ გვინდა.

 

კოტე ყუბანეიშვილი