ვარსკვლავთცვენა
14 მარტი, 2014
1616
print

ყოველი დილა ასე მეწყება - ზარი პირველი:

- ლიზა, უკვე წახვედი?

- კი, დე.

- ჭამე რამე?

- არა, ვერ მოვასწარი. მარტო ყავა დავლიე.

- ასე, ადრე თუ გვიან, კუჭს გაიხვრიტავ!

- კაი, დე, არ მცალია!....

ზარი მეორე:

- ანა, რას შვები? სად ხარ?

- უკვე წავედი. ჯერ აუზზე ვარ და მერე პირდაპირ სამსახურში წავალ. შენი მანქანა მე მყავს. დღეს ხომ წერ და სახლში ხარ?

- კი, მაგრამ, მერე გასვლა მინდა. თუმცა, უმანქანოდაც შემიძლია. აქვე მაქვს პატარ-პატარა საქმეები და ფეხით გავივლი.

- რა საქმეები?

- მეზარება ჩამოთვლა! კაი, წავედი, უნდა ვწერო.

- რაზე წერ?

- უი, რა ვიცი, ზოგად იდიოტიზმზე, ალბათ.

- კარგი თემა შეგირჩევია! (იცინის) კაი, პაკა! არ მცალია!

- პაკა……………

სპეცსამსახურების გარდა ჩემთვის, ჩემი სისულელეებისთვის არავის სცალია!.. და ამას ისმენენ? მისმენენ? გვისმენენ? ცოტა არ იყოს და შემეშინდა! ვაითუ მომსმენებს არ მოეწონოთ?! რა “პატარ-პატარა საქმეები” უნდა მქონდეს?! ვაითუ რაიმე საეჭვო, სახიფათო, დივერსიულის, ან ანტისახელმწიფოებრივის სუნი ეცეთ?! რას უნდა ვწერდე და “იდიოტიზმი” კოდური სიტყვა ხომ არ არის? ვაითუ ეჭვი შეეპარებათ, რომ ფეხით გასეირნებას, კვალის აბნევის, “კუდის” თავიდან მოცილების მიზანი აქვს? ვაითუ იფიქრონ, რომ ჩემ შვილებთან ერთად, რაიმე საიდუმლო ორგანიზაციაში ვარ გაწევრიანებული და ერთად დივერსიას ვგეგმავთ? ამდენ ნერვიულობას, ეჭვებს, შიშებს და გაურკვევლობაში ყოფნას ხომ არ აჯობებს, ტელეფონში დასაშვები საუბრების მარტივი სქემები, ტრაფარეტები, აკრძალული სიტყვების, თემების, ინტონაციების ნუსხა დაგვირიგონ. წარმოგიდგენიათ, მომსმენებიც და ათასობით მოსასმენიც როგორ გავიიოლებთ საქმეს. მე, მაგალითად, ძალიან კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ამასაც უყოყმანოდ დავემორჩილებოდი. ასე კი, ტელეფონში ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე უნდა ვიფიქრო, ვინერვიულო, გავშიფრო, ავხსნა, კონკრეტულად რას ვგულისხმობ, განვმარტო? რაღაც, მართლა იდიოტიზმი გამოდის?

- პატარ-პატარა საქმეები = 1. ტუალეტის ქაღალდის “სელპაკის”, კბილის პასტის “კოლგეიტის”, შავი პურის, 10 კვერცხის (რადარებით რომ არ მეძებონ - ბელინსკის კუთხის მაღაზიაში), გასახდომი ნაყენის დასაყენებლად ჯინჯერის (ვაი! არ ვიცი, ქართულად “ჯინჯერი” როგორ ითარგმნება და მომსმენებს სხვა ენა ნამდვილად არ ეცოდინებათ! რა მეშველება?! რამე პაროლი არ ეგონოთ?!) ყიდვა. 2. ბანკში შევლა და ჯარიმის (“თბილისი სითი”) გადახდა. “საქართველოს ბანკის” კლიენტი ვარ. სულ ერთ ფილიალში დავდივარ, იქ ყველა მიცნობს. საჭიროებისას, დამიდასტურებენ. 3. ქუჩის ბოლოს, საპარიკმახეროში თმის მოწესრიგება. დალაქი რომ თურქი მყავს?! შპიონაჟი?! არა, ჯობია დალაქსაც მოუსმინონ. თუმცა, რა ჩემი “ფრაერული” რჩევა ჭირდებათ?! ისედაც უსმენენ!.. როგორ ფიქრობთ, მომსმენები დაკმაყოფილდებიან? ნეტავი, საკმარისია, თუ კიდევ უფრო დეტალურად უნდა გავუშიფრო ჩემი საუბრები, დღის სავარაუდო გეგმები, პუნქტიდან პუნქტში გადაადგილება? ეგება, ტელეფონში, ყოველ ჯერზე, დაწვრილებით, ხმამაღლა, გამოთქმით (მოსმენა რომ არ გაუჭირდეთ) უნდა მოვყვე, გავდივარ თუ არა ქალაქიდან და რომელი ტრანსპორტით; ვის ვეხმარები, რაში, ვისი ან რისი მეშვეობით; ვის რას შევპირდი, სად მივყვები (სტომატოლოგთან, ნოტარიუსთან, ანტიკვარის გადამყიდველთან, ჩარჩოების ხელოსანთან…), რატომ, რა საჭირო ვარ; ვისი ვალი მაქვს, რამდენი? როდის და რა გზით ვაპირებ გასტუმრებას?...

ოღონდ პროკურატურა არ შეწუხდეს და თუ საჭიროა, ახლავე, გაზეთის გვერდის მეშვეობით, დეტალურად, მონდომებულად მოგიყვებით, მაგალითად, რა მინდოდა გუშინ ფოსტაში, რა ამანათი მივიღე უკრაინიდან, ვინ არის ამანათის გამომგზავნი ქალბატონი, რა კონტაქტი მაქვს მასთან და როდიდან… გნებავთ? არ მომერიდოთ, მითხარით, რა გაინტერესებთ, რა გაეჭვებთ! მოვყვე?...

მე და არამარტო მე, გიგი უგულავასაც, პეტრესაც, პავლესაც და ივანესაც (ივანეს რაღა მოსმენა უნდა?!), განურჩევლად ყველას ხომ, მხოლოდ თქვენი ურთულესი, უდიდესი მასშტაბისა და სახელმწიფო მნიშვნელობის, რუტინული, ყოველდღიური, 24 საათიანი და ასეთი საპატივცემულო სამუშაოს გამარტივება-ხელშეწყობა გვინდა?! აი, ერთადერთი, ვის მაგივრად ვერაფერს ვიტყვი, ვერ შეგპირდებით, ვერც ვივარაუდებ, სააკაშვილია. მისას რას გაიგებ?! ან სპეცაპარატურით მოსმენა რად უნდა? ტყუილი ხარჯია! ჩართავენ მსოფლიოს ნებისმიერ არხს და მოისმენენ, რამდენიც მოუნდებათ. ექსპრეზიდენტი ტელევარსკვლავი გახდა…

* * *

სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლი კიევში ხორუმს აფრიალებული უზარმაზარი უკრაინული დროშით ცეკვავს. ოთხიათასიანი დარბაზი ფეხზე დგას, აპლოდირებს და ხმამაღლა ტირის. “ერისიონი” კრემლში დაგეგმილ კონცერტს აუქმებს! როგორც ახლა ამბობენ - “აქენსელებს”. მაგრამ, ხომ იცით, ნიჭიერი ყველაფერში ნიჭიერია, უნიჭო კი - უნიჭო! “ერისიონმა” კვლავ დააგვიანა! სულ რამდენიმე წლით დააგვიანა! ეს 2008-ის მერე, თუ არ მოენდომებინა, უნდა მოესაზრებინა მაინც! ჭკუასელი კი ნერვიულობს! რა უცნაურია ეს ცხოვრება?! “მოქალაქის” ფავორიტია და ნერვიულობა კი მაინც უწევს! “მოქალაქეს” მოწონს, ვიღაცები კი ბედავენ და იწუნებენ?! მისი ფავორიტია და საზოგადოების ანტიფავორიტი? “პირველს” პირზე კოცნით იცნობს, ოჯახშიც დაშვებულია, ეს პროვინციული თბილისი კი არ ცნობს! ეგ როგორ გამოდის?... ისე, უბრალოდ მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, “მოქალაქის” ფავორიტებსაც უსმენენ? ალბათ…

“სუხიშვილების” ვარსკვლავი დღეს უკრაინის ცაში ანათებს. “ერისიონის” ვარსკვლავი კი არც არასდროს უნახავს ვინმეს… ეგ ვარსკვლავი მარტო ჭორვილაში ანათებს…

* * *

კარასინი აბაშიძესთან შესახვედრად ემზადება. თუ პირიქით? აბაშიძე კარასინთან შესახვედრად ემზადება. თუ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება? ყველა შემთხვევაში, აქ ყველაფერი ნათელია - კარასინსაც, აბაშიძესაც 24 საათიან რეჟიმში უსმენენ, ისმენენ, თითოეულ მაგათ ნათქვამ სიტყვას იჭერენ, სწავლობენ, წონიან, ზომავენ, შიფრავენ, უღრმავდებიან, აანალიზებენ… და ჩვენ, რატომღაც, მაინც არაფერი გვესმის, სულ არაფერი, “За великую Россию и за маленькую, красивую Грузию! За наше вековое братство!” - სადღეგრძელოს დალევისას, სავსე ბროლის ჭიქების მიჭახუნების მკვეთრი ხმის გარდა. მართლა არაფერი გვესმის! დიდი-დიდი, კარასინის დამთბარ თვალებში, დალეული სადღეგრძელოების შედეგად ანთებულ პატარ-პატარა, მოციმციმე ვარსკვლავს და კიდევ უფრო გადმოწეულ სასაზღვრო მავთულხლართებს თუ დავინახავთ.

* * *

სულ რამდენიმე დღის წინ, “იმედის” არხზე გასულმა მუსიკალურმა პროექტმა - “ორი ვარსკვლავი”, თბილისი ისე აანერვიულა, აალაპარაკა, ააფორიაქა! ვარსკვლავური ჟიურის შემადგენლობიდან, თეონა კონტრიძის ფამილარული ვულგარულობიდან დაწყებული, ვახტანგ რჩეულიშვილის “ზაგულნი” რუსული სიმღერითა და უბინებოდ დარჩენილთა მიტინგით დამთავრებული, ყველაფერი გაირჩა, დახარისხდა, ზუსტი ადგილი, შეფასება მიეცა. ოხ, ამ კვირაში მომსმენებს რა სამუშაო მიეცათ! “ალო, უყურე?” “გასუქებულა!”, “იმღერა, რა გინდა?”, “დაბერებულა!”, “ლამაზია, მაგრამ სულ ვერ მღერის!”, “თავხედია და მეტი არაფერი!”, “კაბა მომეწონა”, “როგორი “იქსა” ფეხები ქონია”, “ტუტუცი!”, “არ წაეცეკვა ჯობდა. პლასტიკა - ნოლი”, “ყიფშიძე ისევ სიმპოა!”, “მთვრალი იყო?”, “ლელა ნამდვილი დედოფალი! ფრესკა!”, “ძალიან ნერვიულობდა. ისე უკეთ მღერის”, “პროვინცია!”, “მხატვარი ვინ იყო? ასეთი უბედურება არ მინახავს!”, “და განათება?”, “ეს კონტრიძე აფრენს?”, “ია მაინც კაია!”, “რეები ეცვათ? უჟას!”, “დაგვიბრუნონ ასეთი პროექტების ვარსკვლავი მარინა ბერიძე!”, “რეპერტუარს ვინ იდიოტი ურჩევდა?”, “ნინას ყვავილები მომეწონა”, “სოფო მომნატრებია! ნამდვილი ვარსკვლავია!”… ამ საუბრების ჯერ მოსმენა და მერე გაშიფვრა-გაანალიზება-დახარისხება არ გინდა?! მომსმენებს მძიმე კვირა გამოუვიდათ. რომელია პაროლი, რომელია კოდი, სინამდვილეში ვის რისი თქმა უნდოდა, სად რა იმალება, ინიღბება?... ასეთ ვარსკვლათცვენაში მუშაობა შეუძლებელია!

თუმცა, ნუ იტყვით ასე! მომსმენებიც ხომ ათწლეულის პროფესიონალები, ბოლო წლებში საზღვარგარეთ კვალიფიკაცია მიღებული, დახვეწილი, გამობრძმედილი, ვანო-ზურას აღზრდილი პროფესიონალები, თავისი საქმის უბადლო მცოდნე, ნამდვილი ვარსკვლავები არიან! მოსმენის კაშკაშა ვარსკვლავები!

რამდენი ვარსკვლავი დავითვალე! როგორ ეტევიან ცაზე? ცას გააჩნია. აქ საქართველოა და მისი უძირო, უკიდეგანო ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი… რა ბედნიერებაა!

ქეთევან იგნატოვა