ესკორიალი
14 მარტი, 2014
1250
print

მეფე ფილიპე მეორეს ფრთაშესხმული ოცნება

არაერთი არქიტექტურული ქმნილებისთვის, რომლისთვისაც სამყაროს შვიდ საოცრებათა შორის ადგილი ვერ გამოუნახავთ, მერვე საკვირველება უწოდებიათ. ამ მერვე საოცრებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მადრიდთან ახლოს მდებარე ესკორიალი, რომელიც ერთდროულად მონასტერიცაა, სასახლეცა და ესპანეთის მეფე ფილიპ II-ის რეზიდენციაც, რომლის სანახავადაც უამრავი ტურისტი მიილტვის. იქიდან დაბრუნებულთაგან ერთნი აღფრთოვანებულნი ამბობენ, ესკორიალი მართლაც სამყაროს მერვე საოცრებააო, მეორენი მას ქვაში აღბეჭდილ მონოტონურ სიმფონიას ადარებენ, მესამენი უფრო შორს მიდიან და ესკორიალს არქიტექტურულ კოშმარად მიიჩნევენ.

ერთი სიტყვით, ერთნი თუ აღტაცებულნი არიან ესკორიალით, მეორენი მის გრანდიოზულობას და მკაცრ არქიტექტურულ სტილს დაუთრგუნავს. მოგზაურობით გატაცებული ფრანგი პოეტი, კრიტიკოსი, რომანისტი, ჟურნალისტი და ინტელექტუალი თეოფილ გოტიე, მთელი ევროპა რომ მოევლო და ბევრი რამ ენახა, ესკორიალზე ამბობდა: „ესკორიალის ტაძარში თავს იმდენად განცვიფრებულად, იმდენად განადგურებულად, შემუსრულად და უდრეკი ძალით ისე დათრგუნულად გრძნობ თავს, რომ მელანქოლიაში ჩავარდნილს ყოველგვარი ლოცვა სრულიად უსარგებლოდ გეჩვენება“.

კაცია და გუნებაო. ვინც რა უნდა თქვას, ესკორიალი მაინც ყველა დროის ადამიანის ხელით შექმნილ საოცარ ქმნილებათა შორის მოიხსენიება და უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ძეგლად მიიჩნევა, რომლის მშენებლობის დამთავრებიდან წლეულს 430 წელი სრულდება.

ესკორიალი არამხოლოდ ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია, არამედ აქაა მსოფლიოს უდიდესი და უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც მხოლოდ ვატიკანისას ჩამორჩება, სადაც დაცულია წმინდა ავგუსტინეს, ალფონს ბრძენის და წმინდა ტერეზას ხელნაწერები; აქვეა მსოფლიოში უმსხვილესი არაბული მანუსკრიპტების კოლექცია, ჰიმნების ილუსტრირებული კრებული, საბუნებისმეტყველო და კარტოგრაფიის ისტორიაზე შუასაუკუნეებიდან შექმნილი შრომები...

საინტერესოა, რომ ეს ბიბლიოთეკა მთელს მსოფლიოში ერთადერთია, სადაც წიგნები თაროებზე ყუით შიგნითაა დაწყობილი, რათა უკეთ დაიცვან მათი უძველესი გაფორმება.

ამავე მიზანს ემსახურება ისიც, რომ დღეს აქ გამოფენილი წიგნების უმეტესობას მათი ასლები წარმოადგენენ. აქ წიგნების მოფრთხილების თაობაზე საინტერესოა პაპი გრიგორი XIII ქადაგება, რომელიც ამბობდა, ის, ვინც ამ ბიბლიოთეკიდან წიგნს მოიპარავს, ეკლესიიდან მოიკვეთებაო.

განსაკუთრებული თემაა ბიბლიოთეკის გაფორმება, რომლის ჭერზე ტიბალდისა და მისი ქალიშვილების მიერ მოხატულობანი სიმბოლურად შვიდ მეცნიერებაზე მიგვანიშნებენ: გრამატიკაზე, რიტორიკაზე, დიალექტიკაზე, არითმეტიკაზე, გეომეტრიაზე, ასტრონომიაზე და მუსიკაზე. კედლებზე ცალკე ადგილი გამოუყვიათ ორი მეცნიერებისთვის, თეოლოგიისა და ფილოსოფიისთვის.

უმშვენიერესად მოუხატავთ კომპლექსის ტაძარი, რომლის ჭერსა და კედლებს ესპანელი და იტალიელი ოსტატების ნამუშევარები ამშვენებენ. მარმარილოსა და იამშის ქვის კოლონებს შორის ვხედავთ ქრისტეს, წმინდა მარიამისა და სხვა წმინდანთა ცხოვრების ეპიზოდებს, მეორე მხარეს კი, სადაც სამეფო ადგილებია, იმპერატორ კარლ V, ფილიპე II და მათი ოჯახის წევრთა ქანდაკებებია, რომლებიც ლოცვის მომენტში გამოუძერწავთ.

ესკორიალის მშენებლობის დამთავრების მერე ფილიპე II კვლავ აგრძელებდა მასზე ზრუნვას და იქაურობას ესპანელ თუ სხვა ევროპელ ფერმწერთა ნამუშევრებით ამშვენებდა, რაც შემდგომ მეფის მემკვიდრეებმაც გააგრძელეს.

ახლა ესკორიალში ვხედავთ ტიციანის ნამუშევართა კოლექციას, რომელიც მთელს მსოფლიოში უმდიდრესია. აქვეა ელ გრეკოს, ვერონეზეს, ტინტორენტოს, იორონიმო ბოსხის, ველასკესის, სურბარანის, კოელოსა და სხვათა ტილოები; ამასთან, ესკორიალს ამშვენებს უამრავი კედლის ხალიჩა, რომელთაგან ზოგი გოიასა და რუბენსის ესკიზების მიხედვით მოუქსოვიათ. ესკორიალში კიდევ სხვა მრავალი ხელოვნების ნიმუშია დაცული.

ამგვარად ესკორიალი არა მხოლოდ არქიტექტურული ძეგლია, არამედ სამხატვრო გალერეაც.

ესკორიალის მშენებლობის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ ფილიპე II სურდა მამამისის, იმპერატორ კარლ V მავზოლეუმი აეგო. მართლაც მისი ნეშტი აქ 1586 წელს გადმოასვენეს კიდეც,თუმცა ესკორიალის უმშვენიერესი პანთეონი, რომელიც ბრინჯაოს, მარმარილოსა და ეშმის ქვითაა მოწყობილი, მხოლოდ ფილიპე III დროს,1617 წელს აიგო. ახლა ამ „მეფეთა პანთეონში“ კარლ V მოყოლებული ესპანეთის ყველა მეფე განისვენებს.

გამონაკლისი მხოლოდ ორია, რომელთაგან კარლ V ესკორიალს უღიმღამოდ მიიჩნევდა და მას ვერ იტანდა, რის გამოც დაიბარა, სეგოვიაში დამკრძალეთო, მეორე მეფე კი ფერდინანდ V გახლავთ, ვისი ცხედარიც მადრიდში განისვენებს.

ესკორიალის „მეფეთა პანთეონში“ განისვენებენ ის დედოფლებიც, რომლებმაც სამეფოს მამრობითი სქესის მემკვიდრეები მისცეს. ამ პანთეონის მოპირდაპირე მხარესაა კიდევ ერთი პანთეონი, რომელიც XIX საუკუნეში მოეწყო, სადაც უფლისწულებს, პრინცესებსა და იმ მეფეებს კრძალავენ, რომელთა შვილებს მემკვიდრეობით ტახტი არ მიუღიათ.

ესკორიალის პანთეონში სულ ბოლოს დაკრძალეს ერთადერთი ადამიანი, ვინც მეფე არ იყო. ეს გახლავთ დონ ხუან ბურბონი, რომლის შვილიც ახლანდელი ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I გახლავთ. ასეთი პატივი მას იმისთვის მიაგეს, რომ მან ფრანკოს რეჟიმის პირობებში დემოკრატიის სადარაჯოზე დგომა ამჯობინა და ხელისუფლების მშიდობიანად გადაცემისთვის შვილის სასარგებლოდ სამეფო ტახტზე თქვა უარი.

ახლა დავუბრუნდეთ ესკორიალს, ან უფრო სწორედ მისი მშენებლობის ისტორიას.

ყველაფერი მაინც 1557 წლის 10 აგვისტოს ფლანდრიაში, სან კვენტინოსთან ბრძოლაში ფრანგებთან ესპანელების გამარჯვებით დაიწყო. ეს გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ის დღე წმინდა ლავრენტის დღე იყო, ლავრენტი კი წარმოშობით ესპანელი გახლდათ. ესპანელები წმინდა ლავრენტის სახელს განსაკუთრებული მოწიწებით ახსენებენ, რადგან იგი მეტად დაუნდობლად, მკაცრად და მოწამებრივად აღესრულა, როცა რკინის ცხაურზე გააკრეს და ცოცხლად დაწვეს.

ბედის ირონიით, იმ დღეს, როცა ესპანელებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს, ბრძოლას შეეწირა თავად წმინდა ლავრენტის სახელობის ეკლესია, რომელიც დაინგრა. ესპანელთა მეფე ფილიპე II, რომელიც ღვთისმოსავი კაცი იყო, გადაწყვიტა იმ დანგრეული ეკლესიის სანაცვლოდ ახალი აეშენებინა, ოღონდ ისეთი დიდი და გრანდიოზული, რომლის მსგავსიც არავის ენახა. ამასთან, ეს ახალი ნაგებობა ერთდროულად მონასტერიც უნდა ყოფილიყო და მეფის სასახლეც. ახალ სასახლეს სიმბოლურად უნდა განესახიერებინა ესპანური მონარქიისა და ამ ქვეყნის სამხედრო ძლევამოსილება, რომელიც ყველას შეახსენებდა სან კვენტინოსთან მათ გამარჯვებას.

ფილიპე II ამბობდა, მე მინდა ღმერთისთვის სასახლე ავაშენო, მეფისთვის კი ქოხიო.

მომავალი კომპლექსის მშენებლობაზე ფიქრისას გეგმები სულ უფრო იზრდებოდა. ამგვარად გადაწყდა სწორედ ამ კომპლექსში მეფე კარლ V ანდერძის აღსრულებაც, რომელიც დინასტიური პანთეონის შექმნას გულისხმობდა.

ამ მიზნით მეფემ მომავალი ტაძარ-სასახლის ასაშენებლად ორ-ორი არქიტექტორი, ქვის მთლელი და სწავლული ისეთი ადგილის მოსაძებნად გაგზავნა, რომელიც არც ისეთი ცხელი, არც ისეთი ცივი და ახალი დედაქალაქიდან არც ისე შორი იქნებოდა. ასეთი ადგილი ბევრი ეძებეს თუ ცოტა, ბოლოს მას იქ მიაგნეს, სადაც ახლა ესკორიალია წამოჭიმული.

ამბობენ, ფილიპე II ყველას უკრძალავდა მისი ბიოგრაფიის შედგენასო. ეს ბიოგრაფია მან თავად დაწერა, დაწერა ქვაში, ეს ქვა კი სწორედ ესკორიალია.

ესკორიალში ასახულია იმპერიის გამარჯვებებიც და მარცხიც, დაბადებაც და სიკვდილიც, სიხარულიცა და ტრაგედიებიც, მეფის მეცნიერებით, ხელოვნებითა და ლოცვებით შეპყრობაც და სახელმწიფოს მართვის ხელოვნებაც. ამ ვეება ტაძარში სიმბოლურად ასახულია მეფის რწმენაც, რომ ყოველ პოლიტიკურ მოქმედებაში რელიგიური მოსაზრებებით უნდა იხელმძღვანელოო.

ასე იყო თუ ისე, ესკორიალი 1563-1584 წლებში ორი არქიტექტორის მიერ აიგო. უფრო სწორედ, პროექტის პირველი ნახაზები შექმნა ხუან ბაუტისტა დე ტოლედომ, რომელიც მიქელანჯელოს მოწაფე იყო. როგორც ამბობენ, ტოლედომ საგანგებოდ შეისწავლა და გამოიყენა რომში წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობის გამოცდილება. 1567 წლიდან, ტოლედოს გარდაცვალების მერე, მშენებლობის ესტაფეტა ჩაიბარა სხვა სახელგანთქმულმა ხუროთმოძღვარმა - ხუან დე ერერამ, რომელმაც მშენებლობაში არაერთი ცვლილება შეიტანა და ესკორიალის საბოლოო არქიტექტურული სახეც განსაზღვრა.

საბოლოოდ ეს ნაგებობა, ამწვანებული მთის ფონზე 208X161 მეტრზე რომ გადაჭიმულა, უფრო მეტად ციხე-სიმაგრეს მოგვაგონებს, ვიდრე მონასტერს ან სამეფო სასახლეს. მისი უზადო, სამხედრო ნაგებობასავით მკაცრი და სიმეტრიული ფასადები კაცს ერთფეროვანი ეჩვენება, მაგრამ ამ კომპლექსის შემადგენელი თითოეული ნაგებობა თავისი დანიშნულების შესაბამისი ფორმისაა. კომპლექსის ცენტრში ეკლესიაა, სამხრეთით - მონასტერი, ჩრდილოეთით - სასახლე, თითოეულ მათგანს კი თავისი საკუთარი ეზო თუ ბაღი აკრავს.

თუ ამ კომპლექსის გეგმას დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ იგი ერთ გიგანტურ გადაბრუნებულ ცხაურას ჰგავს - იმ ცხაურას,რომელზეც წმინდა ლავრენტი დააკრეს და ცოცხლად დაწვეს.

ესკორიალში 15 გალერეა, 16 შიდა ეზო, 13 სამლოცველო, 300 სენაკი, 86 კიბე, 9 კოშკი და ამდენივე ორღანია, მაგრამ აი, ამ კომპლექსის ფანჯრებისა და კარებთა რაოდენობა ზუსტად ვერაფრით დაუთვლიათ. რამდენჯერაც დაითვალეს, იმდენჯერ განსხვავებული შედეგი მიიღეს. ამიტომაც ამბობენ, ესკორიალს 1250-მდე კარი და 2500-მდე ფანჯარა აქვსო.

ამ ყოველივეს შექმნაში ფილპე II აქტიურად მონაწილეობდა და თითოეულ დეტალს განიხილავდა. ამბობენ, მშენებლობისთვის თვალი უკეთ რომ ედევნებინა, მოპირდაპირე მხარეს, მთაზე ერთი მოფარებული, მყუდრო ადგილი მოძებნა და იქიდან აკვირდებოდა თავისი ოცნების ფრთების შესხმასო.

ახლა ამ ადგილს „ფილიპეს კოშკს“ უწოდებენ, საითაც ტურისტები ვიწრო, დაკლაკნილი ბილიკით მიემართებიან. საკმაოდ ციცაბო აღმართის დაძლევის მერე მათ თვალწინ ესკორიალის უმშვენიერესი ხედი იშლება.

და ბოლოს, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ესკორიალის დაბადებამ განაპირობა იქვე ახლოს, 1032 მეტრის სიმაღლის მთაზე პატარა ქალაქის დაბადება, რომელსაც სან ლორენსო დე ელ ესკორიალს უწოდებენ. ხალხი მას ზედა ესკორიალს უწოდებს, რათა ქვედა სახელგანთქმული ესკორიალისაგან განასხვავონ.

ზედა ესკორიალი დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა 2011 წლის 27 აგვისტოს, სადაც სახელგანთქმული მრავალდღიანი ველორბოლა „ვუელტას“ მერვე სამთო ეტაპის ფინიში მოეწყო, მისმა დამსწრეებმა კი, რაღა თქმა უნდა, ქვედა ესკორიალიც მოინახულე.

ავთანდილ გურასაშვილი