შოპენისტი
14 მარტი, 2014
2111
print

საყვარელ როიალზე დათუნა ხრიკული მშვიდად და ლაღად ასრულებს შოპენის ოპუსებს.

როცა უსმენ, ვერ გრძნობ, რომ 12 წლის პიანისტი უკრავს, უკრავს ელეგანტურად, ფლობს ბგერას, ზუსტი აღქმა აქვს და გრძნობს რომანტიკული მუსიკის ხაზს... და, რაც მთავარია, დაკვრა მისთვის სიამოვნებაა. ეს ყავისფერი Weinbach, რომელიც თავისი ჰონორარით იყიდა, მისთვის ისეთივე ცოცხალი და ახლობელია, როგორც კლასიკა...­

ის, რომ კლასიკის ვუნდერკინდს შოპენი განსაკუთრებით უყვარს, არაერთხელ უთქვამს მუსიკით, მეტიც მისთვის არ არსებობს კონცერტი შოპენის გარეშე. მუსიკალური პორტრეტით შოპენისტია...

როდესაც დათუნამ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით სიმფონიური ორკესტრი მართა, მენდელსონის კონცერტის მერე, სცენიდან არ უშვებდნენ, აპლოდისმენტების ფონზე მსმენელი ისევ მუსიკას ითხოვდა მისგან. დათუნას უყვარს "ბისზე" დაკვრა, ამიტომ "ბისზე" შოპენის ვალსი და N1 ეტიუდი გვაჩუქა... კულისებში ამ წარმატებული გამოსვლისთვის დიდი პიანისტი ლექსო თორაძე ჩაეხუტა: მენდელსონის კონცერტის ასე დაკვრას, პროკოფიევიც ვერ შეძლებდაო, - ასე გაეხუმრა, ასე ამოიცნო და აღიარა დათუნას ნიჭი.

ყველგან, სადაც დათუნამ კონცერტები გამართა - საფრანგეთში, დანიაში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში სოლიდური და შინაარსიანი პროგრამით, ყველა გაოცებულია, ვერ იჯერებენ რომ სულ 4 წელი უკრავს. მუსიკალურ ელიტაში კი უკვე საუბრობენ: ამ ბიჭს ყველამ უნდა მოუსმინოს! წარმოუდგენელია, მაგრამ ნამდვილი სასწაულია!..

პარიზში Cortot Salle-ში სოლოთი მართა როიალი... ბახ-ბუზონის პრელუდია b moll, მოცარტის სონატა B dur, შოპენის ეტიუდები N1, N8, N7, რახმანინოვის ეტიუდები, ვერდი-ლისტის "რიგოლეტო", ხინასტერას "სამი არგენტინული ცეკვა" - ამ საღამოზე საკონცერტო რეპერტუარი ძალიან ვრცელი და რთულია დრამატურგიულად, გგონია, რომ ბოლომდე ძალა არ ეყოფა, მაგრამ მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მუსიკით არასდროს დაიღლება. მისი ბგერა სხვანაირად ჟღერს, მის არტისტიზმში ბგერას აქვს სითბო და სიმშვიდე, მისი თითების სრიალშია მსუბუქი, ღრმა და მოქნილი პასაჟები... ამბობენ, რომ ასეთ შესრულებას, რომელიც ვირტუოზულობაზე მეტია, მუსიკალურ ნაწარმოებში თავისი შინაარსი შემოაქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება ითქვას, რომ დათუნა პიანისტად დაიბადა.

" შეიძლება თამამად ითქვას, რომ დათუნა ვუნდერკინდია. მას აქვს არაჩვეულებრივი არტისტიზმი და პიანისტური თავისუფლება. ძალიან დიდ მომავალს ვხედავთ მუსიკოსები მასში და იმედია გაამართლებს ამ ჩვენს ნდობას. 12 წლის ბავშვისთვის ასეთი გააზრებული და სრულყოფილი დაკვრა ძალზე იშვიათია, ამიტომაცაა, რომ მას ასეთი დიდი გამოხმაურება აქვს იმ კონკურსებზე, სადაც მონაწილეობას იღებდა და ყველგან ამჩნევენ, ყველგან იღებს საუკეთესო შედეგებს," - ამბობს პიანისტი მანანა დოიჯაშვილი.

ჰოლანდიაში ახალგაზრდა მუსიკოსების VII საერთაშორისო კონკურსი რომ მოიგო, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ჩაიკოვსკის კონცერტის ნოტები აჩუქა, - ვეღარ მოითმინა, როიალთანაც არ იყო ჯერ მისული, გადაშალა პარტიტურა, უყურებდა ნოტებს, თითებს ჰაერში ათამაშებდა, ყურით იჭერდა ბგერებს, ყურით ისმენდა მუსიკას, რომელიც მის გულში ჟღერდა... ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის "ნიჭიერთა ათწლედის" VII კლასის მოსწავლეზე, რომლის ფენომენიც თავისებურად გახსნა და განავითარა პედაგოგმა დოდო ცინცაძემ, მუსიკოსებმა იციან, რომ ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში უკრავდა ჰაიდნის N1 და ბეთჰოვენის N2 კონცერტებს, უკრავდა როგორც ზრდასრული, ერუდირებული პიანისტი, მისეული გააზრებით და ჩვეული აკადემიზმით...

- "იავნანას" საქველმოქმედო საღამომდე შენ შუმანის კვინტეტი დაუკარი სიმებიან კვარტეტთან ერთად, - I ვიოლინო კონსტანტინე ვარდელი, II ვიოლინო - თამაზ ბათიაშვილი, ალტი - ნოდარ ჟვანია, ჩელო - ოთარ ჩუბინიშვილი. როგორ დაგამახსოვრდა ეს კონცერტი? ემოციების გარდა, კიდევ რა მოგცა ამ კონცერტმა?

- ძალიან სასიამოვნო იყო, მთელი კონცერტის განმავლობაში ჩვენ აბსოლუტურად გვესმოდა ერთმანეთის. პაატა ბურჭულაძემ პირველად მომისმინა კულტურის სამინისტროში კონცერტზე, მაშინ დავუკარი "მეფისტოვალსი" და მითხრა: ყოჩაღ, ძალიან კარგი ბიჭი ხარო! "იავნანას" კონცერტზე პროკოფიევის "ტოკატა" რომ დავასრულე და შევედი კულისებში: შენ გენიოსი ხარო!... საერთოდ, ყველა კონცერტი ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან დამამახსოვრდა პარიზის სოლო კონცერტი. ახალი პროგრამა იყო, რთული, მაგრამ მუსიკას იმდენად საუკეთესო ემოციები მოაქვს ჩემთვის, რომ მავიწყებს ამ სირთულეებს. 40 წუთი ვუკრავდი სოლო პროგრამას, ავად ვიყავი, გავცივდი იმიტომ, რომ წვიმიანი ამინდები დაემთხვა, მაგრამ მაინც ძალიან კარგად დავუკარი. მიხაილ ლიბიცკიმ, ვინც დაგვპატიჟა, თქვა: ეს იყო წარმატებული გამოსვლა! და შემპირდა, რომ კიდევ მიგვიწვევს, ოღონდ ორკესტრთან ერთად მომიწევს დაკვრა. ჩემს კონცერტზე მოსულები იყვნენ ხატია ბუნიათიშვილის დედა და და, გვანცა. ხატიამ მომისმინა 26 მაისს, მაშინ ვუკრავდი ლაღიძის "რონდო ტოკატას", ხატია კი, რახმანინოვის კონცერტს.

- მოსკოვში "მაკნატუნას" კონკურსის ფინალში მენდელსონის N5 კონცერტის ფინალს რომ ასრულებდი, დარბაზში ჟიური ემოციებს აშკარად გამოხატავდა... ყველა ამბობდა, რომ ეს იყო უნიკალური შესრულება, - მაინც, რომელი ტური იყო ყველაზე რთული?

- რთული არც ერთი არ იყო ჩემთვის. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა: - პირველად ვისმენ შოპენის N1 ეტიუდს შენს ასაკში ასე ბრწყინვალედ უკრავდნენო. ტექნიკა ისე ემორჩილება ბავშვს, რომ ნაწარმოების გახსნაში ეხმარება.

ეს კონკურსი ტელევიზიით მიდიოდა პირდაპირ ეთერში, საერთოდ არ ვნერვიულიბდი, მე მიყვარს მუსიკა, მიყვარს დაკვრა, არა აქვს მნიშვნელობა კონკურსზე დავუკრავ თუ კონცერტებზე. კონცერტის წინ ჩემი პედაგოგი მეუბნება, შენ მზად ხარ დათუნა, აბა შენ იცი, კარგად დაუკარი!

- ელოდებოდი I პრიზს - "ოქროს მაკნატუნას"?

- ველოდებოდი, I ტურიდან ამბობდნენ, რომ მე ვიყავი გამარჯვებული, წინასწარ მილოცავდნენ... ყველა კონკურსი ძალიან მიყვარს, რომელიც მოვიგე, ისე, დანიის და ჰოლანდიის კონკურსები უფრო რთული იყო, ვიდრე "მაკნატუნას" კონკურსი პროგრამითაც და ასაკობრივი კატეგორიებითაც.

"მაკნატუნას" მოგების მერე როსტროპოვიჩის ფონდში გამაწევრიანეს, რომელიც სტიპენდიის გარდა კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. 2015 წელს მიწვეული ვარ ორხუსის პიანისტთა საერთაშორისო კონურსის გახსნაზე, ამისთვის შოპენის N2 კონცერტი უნდა ვისწავლო. მაისში მივდივარ ასტანაში, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, მონაწილეობას მივიღებ "ნიჭიერთა ათწლედის" კონცერტებში, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად მომიწევს დაკვრა. 23 მარტს კონსერვატორიის მცირე დარბაზში იქნება ათწლედის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი, ამ კონცერტზე შემოსული თანხა კონსერვატორიის ორღანის აღდგენის ფონდში ჩაირიცხება.

- როდის შეიძინე შენი ყავისფერი როიალი Weinbach?

- ეს იყო დანიის კონკურსის შემდეგ, I პრემია და სპეციალური პრიზი რომ ავიღე. პრიზს მოჰყვებოდა ფულადი ჯილდო 7 000 ევრო და ოცნება ავიხდინე, - კარგი როიალი ვიყიდე, მანამდე არ მქონდა, საშინელ პიანინოზე ვმეცადინეობდი ხოლმე.

- ბევრს მეცადინეობ?

- ყოველ დღე 4-5 საათი. ნაწარმოებები გართულდა. ვიცი, რომ მეტი უნდა ვიმეცადინო, რაც ჩემთვის არ არის დამღლელი.

- რატომ შეგიყვარდა შოპენის მუსიკა ასე განსაკუთრებით?

- შოპენის მუსიკაში ჩემი ხასიათია, ძალიან მელოდიური მუსიკაა, პატარა რომ ვიყავი ჩვენი სახლის გვერდზე მუსიკალური სკოლაა, იქიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა, როდესაც უკრავდნენ შოპენის N12 ეტიუდს, ძალიან მომწონდა, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ამ პასაჟების მოსმენა. მაშინ ძალიან მომინდა, დაკვრა შემესწავლა. დოდო მასწავლებელს I კლასში ვეხვეწებოდი ჩემთვის შოპენის N12 ეტიუდი მოეცა....

- შოპენისტი ხარ თუ უფრო მოცარისტი?

- მოცარტი მიყვარს, მაგრამ შოპენისტი ვარ... ხშირად ვუსმენ სვიატოსლავ რიხტერის მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს, ძალიან მომწონს როგორ უკრავს რახმანინოვს, ლისტს, შოპენს... მომწონს მისი სრულყოფილება მუსიკაში, ჩემი საყვარელი პიანისტია. ქართველი კომპოზიტორებიდან მიყვარს ოთარ თაქთაქიშვილი, ნოდარ გაბუნია, რევაზ ლაღიძე... დაკრული მაქვს ლაღიძის "რონდო ტოკატა", ნოდარ გაბუნიას ორი საფორტეპიანო პიესა “ზანზალაკიანი ღიმილი" და “ვალსი", გაბუნიას "იმპროვიზაცია და ტოკატა".

- დათუნა შენ მოიგე ახალგაზრდა მუსიკოსების XIV საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსი „მაკნატუნა“ - I პრემია „ოქროს მაკნატუნა“, ლაურეატის დიპლომი (რუსეთი, 2013 წელი), შოპენის სახელობის პიანისტთა III კონკურსი - I პრემია და სპეციალური პრიზი ვირტუოზულობისთვის (საქართველო, 2013 წელი), პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი - I პრემია და მთავარი პრიზი კარლ ნილსენის ნაწარმოების შესრულებისთვის (დანია, 2013 წელი), ახალგაზრდა მუსიკოსების VII საერთაშორისო კონკურსი - I პრემია (ჰოლანდია, 2012 წელი), ნოდარ გაბუნიას სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი - გრან პრი (საქართველო, 2013 წელი), კლასიკური მუსიკის III ეროვნული კონკურსი - I პრემია და გრან პრი (საქართველო, 2012 წელი)... მუსიკამ ბავშვობა ხომ არ წაგართვა?

- მიყვარს ეზოში ყოფნა, მაგრამ დრო არ მაქვს. ჩემმა მეგობრებმა, კლასელებმა იციან, რომ პიანისტი ვარ. როცა კონკურსებზე მივდივარ, სულ მგულშემატკივრობენ. ჩემი ბავშვობა კონცერტებს მიაქვს, მაგრამ მიყვარს მუსიკა, კონცერტები ჩემთვის ძალიან საინტერესო და ლამაზი მომენტებია.

- როგორი ნაწარმოების დაკვრა არ გიყვარს?

- ყველა ნაწარმოების დაკვრა მიყვარს, მაგრამ იანის ჰსენაკისის დაკვრა რთულია ძალიან. ახალი ნაწარმოებების შესწავლა მიყვარს. საერთოდ, რასაც ჩემი პედაგოგი მაძლევს, მიზნად მაქვს, რომ სწრაფად გავაკეთო, მერე მასში უნდა ვიპოვო ჩემი განწყობილება.

- გიყვარს "ბისზე" დაკვრა?

- ძალიან, ძალიან... ამ დროს ვერ ვგრძნობ დაღლას, პირიქით, რადგან მიყვარს სცენა, მიყვარს როცა კარგად მისმენენ და ტაშს მიკრავენ... ეს მომწონს, მიხარია და ბედნიერი ვარ! ყოველთვის მომზადებული მაქვს, რას დავუკრავ "ბისზე." ნიკოლოზ რაჭველთან ერთად კონცერტზე ორჯერ დავუკარი "ბისზე", - შოპენის ვალსი და შოპენის N1 ეტიუდი.

- სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკალურ ცენტრებში უცხო ინსტრუმენტებს ეხები, მაგრამ მაინც, რომელი ფირმის როიალზე ირჩევ დაკვრას? რამდენად რთულია უცხო როალებთან შეგუება?

- ოოო ეს ძალიან რთულია. მე მიყვარს გერმანული Steinway, "მაკნატუნას" კონკურზე Steinway-ზე დავუკარი, მაგრამ ფინალში მენდელსონის კონცერტი Yamaha-ზე, - კარგი როიალი იყო, Bluthner-ზე ბევრჯერ დამიკრავს.

- რაზე ოცნებობ?

- დიდი პიანისტი გავხდე, ყველაზე მეტად ეს მინდა.

- რომელ დირიჟორთან ერთად დაუკრავდი?

- დენიელ ბარემბოიმთან და ზუბინ მეტასტან ერთად, ძალიან მინდა!

- როგორ გაიხსენებთ დათუნასთან პირველ შეხვედრას? თავიდანვე შესამჩნევი იყო მისი პიანისტური მონაცემები, ან როგორ ვითარდებოდა ის მუსიკალურად?

პედაგოგი დოდო ცინცაძე:

- მახსოვს დათუნას დედამ, ქალბატონმა ნატამ რომ დამირეკა და მორიდებით ამიხსნა: ბავშვს ისე უყვარს მუსიკა, ნოტები გულში ჩახუტებული დააქვს, სულ მუსიკას უსმენს და ითხოვს მუსიკა მასწავლეო... თუ შეიძლება ბავშვი შეამოწმეთ, ღირს თუ არა მუსიკას გაჰყვესო? როდესაც ჩემთან მოვიდნენ, მივხვდი - ფანტასტიური მონაცემები ჰქონდა! - სმენა, რითმი... და დავიწყეთ მეცადინეობა ისე, როგორც ვმუშაობ ყველა მოსწავლესთან. მე ხელის დაყენებას ვიწყებ გამებით. სხვა ბავშვებისთვის ყველა მაჟორული და მინორული გამების ათვისებას თუ სჭირდებოდა 3-4-5 თვე, დათუნამ ეს დავალება 1 თვეში ჩამაბარა. მერე ვიფიქრე, რომ თავისუფლად შეიძლებოდა მისთვის მიმეცა ჰაიდნის D dur კონცერტი, და მართლაც, I კლასში დაუკრა ჰაიდნის ეს კონცერტი რეზო ტაკიძის დირიჟორობით. დათუნას დედა დღემდე ესწრება ყველა გაკვეთილს, ყველა გაკვეთილს იწერდა იმისთვის, რომ ზუსტად შესრულებული დავალება მოეტანათ. შემდეგ წელს უკვე შევეჭიდეთ ბეთჰოვენის II კონცერტს, რომელსაც ურთულესი კადენცია აქვს, რითმიული სურათი ძალიან რთულია კონცერტის II ნაწილში, ამიტომ ბევრი ვიმეცადინეთ და საბოლოოდ გამოგვივიდა კიდეც. ეს უკვე დიდი წარმატება იყო!

III კლასში იყო დათუნა, როდესაც ჰოლანდიაში წავედით კონკურსზე, სადაც I პრემია ავიღეთ. ამ კონკურსის პროგრამით საჭირო იყო ეტიუდების დაკვრა. წარმოიდგინეთ, ჩვენ გავიარეთ ჩერნის ეტიუდები და ხელი მოვკიდეთ შოპენის N8 ეტიუდს. ვფიქრობ, თუ ბავშვს აქვს ძლიერი ტექნიკა, რატომაც არ შეძილება ასე ადრეულად დაუკრას შოპენის ეტიუდები? ვცადეთ და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა კონკურსზე. ძალიან ნიჭიერია, ჯერ ისევ ბავშვია, მაგრამ ახლაც ძალიან სწრაფად ვითარდება... როდესაც ასეთ დიდ ნახტომებს აკეთებ, იქ ტექნიკის განვითარებასთან ერთად შესრულებას აზრიც უნდა მიჰყვეს. ის, რომ დათუნას ხელებში აქვს ასეთი ძლიერი ტექნიკა, ჩემი როგორც პედაგოგის დამსახურებაა. ტექნიკა ჩემი აზრით, პიანისტისთვის პირველადი აუცილებლობაა. მეცადინეობის უკუღმა დაწყება, ანუ ჯერ მუსიკალურობა განვავითაროთ და ტექნიკა თავისთავად მოვა, - ვფიქრობ, სწორი არ არის. სამშენებლო პროცესს თუ შევადარებთ, ეს არის აგურები, რომლისგანაც უნდა აშენდეს სახლი, რომელსაც მერე დიზაინერი, როგორ უნდა ისე გაალამაზებს.

- თქვენ დათუნას უსმენთ კონცერტებზე, კონკურსებზე, რეპეტიციებზე, გაკვეთილებზე... რა განსხვავება ამ შესრულებებს შორის?

- 2 მარტს კონსერვატორიის დიდ დარბაზში დათუნამ დაუკრა სიმებიან კვარტეტთან ერთად: I ვიოლინო - კონსტანტინე ვარდელი, II ვიოლინო - თამაზ ბათიაშვილი, ალტი -ნოდარ ჟვანია, ჩელო - ოთარ ჩუბინიშვილი. ძალიან ცოტა დრო გვქონდა მისამზადებლად, მინიმალურ დროში შეისწავლა შუმანის ურთულესი კვინტეტი და თვით კვარტეტის მუსიკოსები დარჩნენ გაკვირვებულები, - სცენაზე კიდევ უკეთესად როგორ დაუკრაო. ვფიქრობ, ეს არის არტისტიზმი...

დათუნას უყვარს მუსიკა, უყვარს სცენა, უყვარს თავისი მსმენელი... კონკურსებზე თავისუფლად უკრავს, თავისი მომზადების მაქსიმუმს აჩვენებს. კონკურსები არის ერთგვარი ბიძგი იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ახალი პროგრამა, გააფართოვოს რეპერტუარი, ეს ერთგვარი სტიმულია. სასტიკი წინააღმდეგი ვარ, როდესაც მუსიკოსები ერთი და იმავე პროგრამით დადიან სხვადასხვა კონკურსებზე. ჩვენ პირიქით, - ყველა კონკურსისთვის ახალ პროგრამას ვამზადებთ.

მოსკოვის "მაკნატუნას" პრესტიჟულ კონკურსზე, სადაც დათუნამ აიღო I პრემია "ოქროს მაკნატუნა" და ლაურეატის დიპლომი, მე ვერ წავედი, - კულტურის სამინისტროსგან არ იყო დაფინანსება, მაგრამ ბავშვი ძალიან კარგად მომზადებული გავუშვი. ტელევიზიით ვუყურებდი კონკურსის დახურვას, სიმართლე გითხრათ, განცვიფრებული დავრჩი მენდელსონის კონცერტის ასეთი ბრწყინვალე შესრულებით. ყველამ ნახა დათუნამ როგორი არტისტიზმით, როგორი ძალებით წაიყვანა მთელი ორკესტრი... გაღიაროს ასეთმა ჟიურიმ, როგორიც კონკურზე იყო, ძალიან დიდი გამარჯვებაა! მე სხვა კონკურსანტებსაც მოვუსმინე, ძლიერი შემადგენლობა იყო, ძლიერი კონკურენცია, თან იქ იყვნენ მოსკოვის ათწლედის მოსწავლეები, პიანისტები ძალიან ძლიერი სკოლიდან, მაგრამ დათუნას ლიდერობა, ობიექტურად რომ ვთქვათ, აშკარა იყო. ყოველთვის ვეუბნები ჩემს ბავშვებს: - თუ გინდათ კონკურსები მოიგოთ, უნდა იყოთ ათჯერ წინ, სხვანაირად არაფერი გამოვა! თან ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის ზუსტად შერჩევა, მე და დათუნამ ერთად განვსაზღვრეთ რომელი ნაწარმოებები უნდა გაგვეტანა. თითო ტურში ბავშვი უკრავს 7 წუთს, რაც ძალიან ცოტა დროა, თუმცა ამის მიუხედავად ბავშვი ყოველმხრივ უნდა აჩვენო. I ტურში მითითებულია კანტინელური, ანუ სასიმღერო ხასიათის პიესა და ვირტუოზული ნაწარმოები. ამისთვის ჩვენ შევარჩიეთ შოპენის N19 ეტიუდი და შოპენის N1 ეტიუდი. სხვათა შორის, ეს ეტიუდი დათუნას ვაჩუქე ჰოლანდიის კონკურსის მოგების მერე, ამით გამოვხატე ჩემი მადლიერება. დათუნამ I ტურში ეს ორი ნაწარმოები რომ დაუკრა, იქ მოხდა ერთი გაუგებრობა: ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა 12 ქულიანი სისტემიდან 11 ქულა დაუწერა. მე დღესაც ვფიქრობ, რომ ეს არ იყო სწორი შეფასება. აი, II ტურში კი, სადაც გავიტანეთ ვერდი-ლისტის "რიგოლეტო", ჩანაწერებში აშკარად ჩანს ჟიურის წევრების გახარებული, კმაყოფილი სახეები. შესაბამისად, დათუნამ ჟიურისგან ერთხმად მიიღო უმაღლესი შეფასება და იმ ჟიურის წევრმა, რომელმაც პირველ ტურში 11 ქულა დაუწერა, ძალიან ხმამაღლა აღიარა ბავშვის ნიჭიერება.

ჰოლანდიის კონკურსი, რომელიც ქალაქ ენსხედეში იმართება, ძალიან მაღალი დონეზეა ორგანიზებული, თუმცა ერთი თავისებურება აქვს: I ტურის მონაწილეებიდან II ტურში გადის მხოლოდ 9 კონკურსანტი. დათუნამ I ტური რომ დაუკრა, ისეთი ოვაციები მიიღო, რომ... II ტურის კონკურსანტებიდან ირჩევენ 3-4 პიანისტს ისე, რომ ჩვენ არ ვიცით ადგილები და პრიზები როგორ არის გადანაწილებული. მახსოვს, საკონცერტო დარბაზში 10 წუთიანი რეპეტიცია გვქონდა და დათუნას მოსასმენად ხალხი შემოდიოდა. კონცერტის დაწყებამდე, ნახევარი საათით ადრე, როგორც კი პროგრამა ჩამივარდა ხელში, წავიკითხე, რომ დათუნას სულ ბოლოს უნდა დაეკრა, - ეს უკვე იმის გარანტია იყო, რომ I პრემია ავიღეთ. რა თქმა უნდა, უზომოდ გაგვეხარდა! ჰოლანდიის მერე ჩვენ წავედით დანიის კონკურსზე, ქალაქ ორხუსში, I ტურის მერე აშკარა იყო, რომ დათუნამ საუკეთესოდ დაუკრა, ჟიურის რამდენიმე წევრი მოვიდა ჩემთან და გამარჯვება წინასწარ მომილოცა. კონკურსანტები, მათი მშობლები, მათი პედაგოგები I ტურის მერე გახდნენ ჩვენი მეგობრები, რადგან დათუნა იმდენად აღიარეს, რომ მას გულშემატკირობდნენ.

მოვალედ ვგრძნობ თავს ჩემი მოსწავლეებით მივიღო მონაწილეობა ნოდარ გაბუნიას სახელობის საერთაშორისო კონკურსზე, რომლის დამაარსებელი და ორგანიზატორია ჩემი ყოფილი მოსწავლე ვალერიან შიუკაშვილი. დათუნასთან ერთად მოვამზადე მარიამ კუხიანიძე, ოღონდ სხვა კატეგორიაში. პირველად, ამ კონკურსის ისტორიაში დათუნამ აიღო გრან პრი და ჟიური გააოცა.

2011 წლის ნოემბერში ამსტერდამში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, ჩვენი სახელოვანი მუსიკოსების - მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის და პიანისტ ნინო გვეტაძის ორგანიზებით. ეს კონცერტი მიზნად ისახავდა “ნიჭიერთა ათწლედის" დახმარებას. ამ კონცერტში მონაწილეობა მიიღო დათუნამ, მაშინ 10 წლისა იყო. კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა და სკოლას ამ თანხით შეუძინეს საკონცერტო როიალი. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლა წელს 80 წლის გახდა, ეს უნიკალური სასწავლო ცენტრია, სადაც გამორჩეული მუსიკოსების მთელი თაობები გაიზარდნენ. სკოლა დღესაც ინარჩუნებს და ამართლებს თავის სახელს და მნიშვნელობას. სამწუხაროდ, სკოლას ბოლო წლებში შენობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ველით, რომ შესაბამისი სამინისტროები ყურადღებას მოგვაქცევენ.