სვეტური პოეზია კ.ყ
14 მარტი, 2014
1017
print

ორივე კვდება ცუდიც და კარგიც

ანუ ბერდება და ეკუება

რაღაც არსებობს

ამ ქვეყნად მაინც

რაც შემოღობვას

არ ეგუება.

***

ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს

როცა გეღირსა წამოყენება

რომ ნაცვლად ხალხთან

ბოდიშის მოხდის

დაიწყო მათი გამოყენება.

***

უკრაინისთვის როგორც

ფატუმი

არის პუტინის

ულტიმატუმი

და თუ ამჯერად ერთიც

დაუთმეს

უბედურებებს ენით

დაუთვლელს

მთელი მსოფლიო

გადაეყრება

სანამ ბოლომდე

არ გაეყრება

შავი ზღვის პირეთს

და კავკასიას

და მუშტის ქნევას

რაღა ფასი აქვს.

***

არ ღირს ცხოვრება ოხვრად

ძღნერს კაიკაცი არ ჭამს

რჩება ქვეყანა ოხრად

მევახშესა და ვაჭარს

ხარისხს ყიდულობ ფულით

ცუდიც ირევა კარგში

და შემართებით სრულით

მივექანებით ტრაკში.

***

КОНЕЦ ПУТИна

***

ლექსი სიტყვასთან

ფლირტი

მუსიკალური სევდა

ანუ მხატვრული ფინტი

რაც პოეზიას სდევდა

ანდა საერთოდ ლიფტი

წონას რომ მაღლა წევდა

ამას ფიქრობდა სვიფტი

როცა გულივერს წერდა.

***

მწერალი იზრუნებს

მკითხველზე

და როცა რაიმეს

ჩავხვდებით

მივიღებთ პასუხს

კითხვებზე

და უფრო ბრძენები

გავხდებით

რეცეპტი ადამის

მოდგმისთვის

რომ თავის მონახოს

ადგილი

და ქვეყნის ეცალოს

მოვლისთვის

ვალი მოიხადოს ნამდვილი

რადგან ხალხის აზრის

მძევლები

თავს ვინც არასდროს

იმართლებს

არიან საერთოდ მწერლები

რომ ლაპარაკობენ

სიმართლეს

თან ხალხსაც ჭირდება

გმირები

ვისაც ის თავის ბედს

მიანდობს

და როგორც სასწორის

გირები

ყველა თავის ამბავს

გიამბობს

ყველა თავის სურათს

გიხატავს

თავის თაობის განწყობას

აზრისას იყენებს სისხარტეს

და ცდილობს ეპოქის

ჩაწვდომას

წაგსკდება სიმწრისგან ცრემლები

ან იქნებ ნერვებმაც

გიმტყუნოს

ამდენს მუშაობენ

მწერლები

და ხალხი რა ცოტას

კითხულობს.

***

ალბათ იქნება გვიან

რომ ჩაივლიან წლები

და ციხეებში ზიან

საუკეთესო წლები

უნდა მსმენელი კარგ მთქმელს

რომ გაამართლოს ლხინი

ეშველებოდა ქართველს

რომ გაენძრია ტვინი

და დაეშალა კლანი

გადართულიყო სწავლად

ანდა დაეშვა პლანი

რაღა თქმა უნდა წამლად

მაგრამ არ ყოფნის აზრი

ვეღარ ინელებს ამდენს

და ურჩევნია მაზლი

რომ მორფინისტი ყავდეს

თვითონ არ ქონდეს ფული

მაგრამ ფულიანს ახლდეს

რომ ეს მარაზმი სრული

სასიამოვნო გახდეს

სიბრძნეც ქაღალდზე ჟონავს

დახურულია ფარდა

სხვას რას ვუსურვებ მონას

თავისუფლების გარდა.

***

აღარაფერი არ მწყინს

სანამ მასტერკა ბოლავს

და ვუბრუნდები საწყისს

მიახლებული ბოლოს

ოქროს არ ვეძებ საწმისს

არც ფულით სავსე კოლოფს

ამ მთის შვილი და ამ წყლის

ვთარგმნი პოუპს და

ტროლოპს.

***

ოდენი წინასიტყვაობაში, ტენისონზე, წერს რომ მას ერთერთი გამორჩეული ყური ქონდაო, მთელ ინგლისურ პოეზიაში. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე სულელი იყოო მათში. რაზეც ტ.ს ელიოტმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ოდენს განათლება ცოტა მეტი რომ ქონოდა, სხვა ბევრად უფრო სულელსაც იპოვიდა“-ო.

***

რა გავაგრძელო ბევრი

ცრემლი თვალიდან თუ მდის

არ ვარ არც ერთის წევრი

არც პარტიის არც გუნდის

სამარადისოდ მარტო

შუბლის კედლებთან შეხლით

რადგან არა მყავს ავტო

დავეხეტები ფეხით.

***

მთელი რუსული დრამა

ქვედა არის თუ ზედა

პუტინს არა ყავს მამა

პუტინს არა ყავს დედა.

***

თავს რომ მივიჩნევ სუსტად

მეც ამაზე ვწერ ზუსტად.

კოტე ყუბანეიშვილი

lika andiashvili