წინ, პანამისკენ!
21 მარტი, 2014
1515
print

არცერთ მშენებლობას არ შესწირვია იმდენი ადამიანი, რამდენიც პანამის არხისას. ამერიკის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოების მიერ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათა შორის დასახელებული ამ არხის გახსნიდან წლეულს საუკუნოვანი თარიღი მრგვალდება.

ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნისას ალბათ გაიხსენებენ 27-ათასიან მსხვერპლსაც, რომელიც მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უმსხვილესი და ურთულესი საინჟინრო პროექტის განხორციელებას მოჰყვა. იმდროინდელი გაზეთები წერდნენ, რომ მის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები, რომლებიც ძირითადად ახლომდებარე საფრანგეთის კარიბის კოლონიებიდან და თავად საფრანგეთიდანაც იყვნენ, აქ სამუშაოდ წინასწარ გამზადებული კუბოებით ჩამოდიოდნენო.

მშენებლობის მხოლოდ პირველ ცდაზე აქ 20 თუ 22 ათასი კუბოს დამზადება გახდა საჭირო.

ცენტრალურ ამერიკაში ამ არხის მშენებლობის შესაძლებლობაზე, რომელიც ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს ერთმანეთს დააკავშირებდა, ჯერ კიდევ 1550 წელს ალაპარაკდნენ. ამ იდეის ავტორი პორტუგალიელი ზღვაოსანი ანტონიო გალვაო გახლდათ. საამისოდ მას საუკეთესო ადგილად ვიწრო, 48-კილომეტრიანი დარენის ყელი მიაჩნდა, მაგრამ იმდროინდელმა ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ მსგავსი პროექტების განხილვას ტაბუ დაადო, რადგან დიდ უგუნურებად მიიჩნია.

იმის გაყოფა, რაც ღმერთს შეუქმნია არ შეიძლებაო, ამბობდა მეფე. ამასთან, ესპანეთი ამ პროექტის განხორციელებას ცენტრალურ ამერიკაში თავისი მონოპოლიური მდგომარეობისადმი სახიფათოდ მიიჩნევდა.

და მაინც, დაახლოებით 1770 წელს ესპანეთის სამეფო არხის მშენებლობაზე დაფიქრდა. დაფიქრდა და 1790 წელს ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა, იტალიელმა პროფესიონალმა მეომარმა და გეოგრაფმა, ალესანდრო მალასპინმა არხის გაყვანის ტრასა გამოიკვლია. მალე მისი პროექტიც შეადგინა, მაგრამ ამის იქით საქმე აღარ წასულა.

ამასობაში კალიფორნიაში “ოქროს ციებ-ცხელებაც" დაიწყო. დაიწყო და არხის მშენებლობის იდეა მთელი სიგრძე-სიგანით დადგა დღის წესრიგში, რისი განხორციელებისთვისას ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა ერთმანეთს ხელი ხელს დაჰკრეს, მაგრამ ხელშეკრულების ცალკეულ დეტალებზე იმდენი იკამათეს, რომ მთელი 20 წელიწადი დავიდარაბაში მიილია. ამით ისარგებლეს ფრანგებმა, რომლებმაც ანტიამერიკულად განწყობილი კოლუმბია გამოიყენეს, ვის ტერიტორიაშიც მაშინ პანამა შედიოდა.

ასე იყო თუ ისე, 1881 წელს უკვე დიდად სახელგანთქმულმა ფერდინანდ დე ლესეპსმა, რომელსაც ათი წლის წინათ დაესრულებინა მსგავსი ფანტასტიკური პროექტი - სუეცის არხის მშენებლობა, ამერიკაში ოკეანედან ოკეანემდე, ზღვის დონეზე 9,1 მეტრ სიღრმესა და 22 მეტრ სიგანეზე, არხის გასაყვანი კომპანია დააარსა. მან მშენებლობის უფლება 10 მილიონ ფრანკად იყიდა, მაგრამ ერთ პრობლემას მეორეც ემატება, უბედურებას კი უბედურება. ნიადაგი იმდენად კლდოვანი აღმოჩნდა, რომ მისი სათხრელ-სანგრევი საშუალებები ელეწებოდათ. ამასთან, წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა არხში თითქმის იმდენივე ტალახი და ქვა-ღორღი ჩაიტანა, რამდენიც ამოღებული ჰქონდათ. თავად მშენებლებს ყვითელი ციებ-ცხელება და მალარია შეეყარათ, რისი განკურნების საიდუმლო, ისე როგორც ამ სენისა, ჯერ კიდევ უცნობი იყო. მშენებლობის ერთ-ერთი ინჟინერი თავის მოხსენებით ბარათში წერდა:

“ხალხი პანტა-პუნტით იხოცება. ისინი ყვითელ ციებ-ცხელებას და მალარიას ეწირებიან, ექიმებს ეპიდემიისგან მათი განკურნება არ ძალუძთ, მუშები მშენებლობიდან ისე გარბიან, როგორც ღმერთისგან დაწყევლილი ადგილიდან".

ამ ყოველივემ უზარმაზარი ხარჯები გამოიწვია.

1886 წლისთვის აღმოჩნდა, რომ ამ საქმისთვის უკვე გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი თანხა - 287 000 000 აშშ დოლარი დახარჯულიყო მაშინ, როცა სამუშაოების მხოლოდ მესამედი შეესრულებინათ. ამიტომ ფერდინანდ დე ლესეპსმა დახმარება პარიზის ცათამბჯენი კოშკის მშენებელ გუსტავ ეიფელს სთხოვა და ისიც საქმეში ჩაერთო, მაგრამ უკვე გვიანი იყო - კომპანია გაკოტრდა. სრულიად გაკოტრდნენ საფრანგეთში მცხოვრები ათასობით აქციონერები. თითქოს ეს არ ეყოფოდათ და სხვებთან ერთად ფერდინანდ დე ლესეპსს, გუსტავ ეიფელს ფინანსურ აფიორაშიც ბრალი დასდეს და გაასამართლეს.

87 წლის ლესეპსი ასაკის და ძველ დამსახურებათა გამო დაინდეს და დაუსწრებლად გაასამართლეს, თუმცა მასაც და მის შვილსაც,ვინც კომპანიის ბუღჰალტერი იყო, 5-5 წლით პატიმრობა და ჯარიმა მიუსაჯეს; ამდენივე მიუსაჯეს საფრანგეთის მინისტრ შარლ ბაიოს საფრანგეთის სიამაყეს, ეიფელის კოშკის შემქმნელ გუსტავ ეიფელს ორწლიანი პატიმრობა და ჯარიმა აკმარეს. ამ საქმეს შეეწირა საფრანგეთის მთავრობაც, რომელიც გადადგა. ეს ყოველივე ვერ აიტანა ღვაწლმოსილმა ფერდინანდ ლესეპსმა და ჭკუიდან შეიშალა. ციხის კედლებში გამომწყვდევა არც სხვებს მოუწიათ, რადგან უმაღლესმა სასამართლომ ოთხი თვის მერე პატიმრობა გააუქმა, რადგან დადგინდა, რომ პირდაპირი ქურდობა და მიტაცება არ ყოფილა, მაგრამ იყო გულგრილობა, არაკომპეტენტურობა და კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.ამ კრიმინალურმა  მხილებებმა, სასამართლოებმა და მათთან დაკავშირებულმა ხმაურმა წარმოშვა ტერმინი “პანამა", რაც განსაკუთრებით დიდ, გიგანტურ ფინანსურ თაღლითობას, მაქინაციას თუ აფერას ნიშნავს.

ისე, სხვათა შორის, პანამის არხის მშენებლობამ აშშ-სა და ევროპას გააცნო პანამის ქუდიც, რაც ეკვადორელთა ეროვნული თავსაბურავია.

ახლა დავუბრუნდეთ არხის მშენებლობას, სადაც ფერდინანდ ლესეპსის პროექტს წარმატების მცირეოდენი შანსი თუ ჰქონდა.

მის მთავარ შეცდომად თვლიან პანამის არხის, სუეცის არხის მსგავსად, ზღვის დონეზე გათხრას, რაც ხელოვნური სრუტის შექმნას ითვალისწინებდა. პირველმა ცდამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი უზარმაზარი მსხვერპლით, გიგანტური ფინანსური კრახით და საინჟინრო ფიასკოთი დამთავრდა, ორი ოკეანის დაკავშირების იდეა მაინც ვერ დაასამარა.

1898 წელს საფრანგეთის მთავრობამ აშშ-ს “საყოველთაო კომპანიის" უფლებისა და ქონების ყიდვა შესთავაზა. ამერიკის კონგრესმა, დიდი ყოყმანის მერე, 1902 წელს თანხმობა განაცხადა. ამის მერე კოლუმბიას სთხოვეს ამერიკისთვის ხანგრძლივი ვადით იჯარით გადაეცათ 6 მილის სიგანის ზონა, რისთვისაც მას ერთბაშად 10 მილიონ დოლარს გადაუხდიდნენ და კიდევ 250 000 დოლარს წლიურად. ამ ხელშეკრულებას ხელიც მოეწერა, მაგრამ კოლუმბიის სენატმა კომპენსაცია არასაკმარისად მიიჩნია და მის რატიფიკაციაზე უარი თქვა. თითქოსდა ამის პასუხად ვაშინგტონის მხარდაჭერით პანამამ კოლუმბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და წარმოიშვა ახალი სახელმწიფო - პანამა. ამის შედეგად ამერიკამ მიწა ფაქტობრივად საკუთრებაში მიიღო და სამუშაოებიც გაჩაღდა, რასაც სარკინიგზო ხაზების მშენებლობაში აღიარებული ავტორიტეტი, მთავარი ინჟინერი ჯონ სტივენსი მეთაურობდა, რომელიც დე ლეპინეს გეგმას მიუყვებოდა. ეს გეგმა არხის გაჭრასთან ერთად ხელოვნური ტბების, ზვირთსაჭრელების, კაშხლების, რაბის ჭიშკრების და არხის ორთავ მხარეს პორტების მშენებლობას ითვალისწინებდა, პორტები კი უქალაქოდ არ არსებობს. ამ გიგანტური პროექტის განხორციელებას, ძველთან შედარებით, სამშენებლო ტექნიკის პროგრესი აიოლებდა. საქმე გააიოლა სამედიცინო სფეროს მიღწევებმაც, რაც ყვითელი ციებ-ცხელების, მალარიისა და მსგავს დაავადებათა გადამტანი მწერების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების აღმოჩენამ განაპირობა. ამ სფეროს სანიტარული სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი უილიამ გორგასი მეთაურობდა. ამ სამსახურის 4 000 წარმომადგენლის მართლაც ტიტანური გარჯის შედეგად ავადმყოფობა ათჯერ შემცირდა.

თუ მანამდე მშენებლობაზე დასაქმებულთა 80 პროცენტი სენით იყო შეპყრობილი, ახლა მათი რაოდენობა 8 პროცენტამდე ჩამოვიდა. და მაინც, ამერიკული მშენებლობის პერიოდში დაახლოებით კიდევ 5 600 მუშა დაიღუპა.

პანამის არხი ამერიკელებმა ამერიკული გაქანებით 1904-1914 წლებში ააგეს, რისთვისაც 150 000 000 კუბმეტრზე მეტი მიწა გათხარეს და იმ დროისთვის მსოფლიოში უდიდესი დამბა ააშენეს. გატუნის ტბის წყლის დონის გასაკონტროლებელი წყალსადენის მშენებლობისთვის დაახლოებით 1 500 000 კუბმეტრი ბეტონი გამოიყენეს, ააგეს სამი წყვილი რაბის ჭიშკარი თუ ჩამკეტი. თითოეული ჭიშკარი ორმხრივია, ხოლო მათი სიმაღლე 305, ხოლო სიგანე 34 მეტრია. ამ ვეება ფოლადის ჭიშკართა სისქე კი - 2,1 მეტრია. არხი იმგვარადაა მოწყობილი, რომ ურთიერთსაპირისპირო მხრიდან მოსულ ხომალდებს ცურვა ერთმანეთის გვერდის ავლით შეუძლიათ, რასაც ისინი პატარა საბუქსირო გემების დახმარებით ახერხებენ. იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბეტონის ნაგებობა, რაც კაცობრიობის ისტორიაში ასევე უდიდესი საინჟინრო პროექტი იყო, ამერიკას დაახლოებით 375 000 000 დოლარი დაუჯდა, რაც დაახლოებით ახლანდელი 8 600 000 000 დოლარია.

და ბოლოს, ინდიელთა რომელიღაც ტომის წარმომადგენელთა ენაზე პანამა ითარგმნება როგორც “ადგილი, სადაც ბევრი თევზია".

პანამის ირგვლივ თევზების რაოდენობის რა მოგახსენოთ, ალბათ მართლაც ბევრი თევზია, მაგრამ მისი არხიდან რომ უზარმაზარი ფული ამოდის, ფაქტია. მთელი პანამის ეკონომიკა, ფაქტობრივად, სწორედ პანამის არხს უკავშირდება და მას ძალზე ეხმარება.

ისიც საინტერესოა, რომ 2010 წელს პანამა 1,7 მილიონმა ტურისტმა მოინახულა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია და მთელი 12 პროცენტით მეტი, ვიდრე ეს წინა წელს იყო.

ასე იყო თუ ისე, 2012 წელს გაზეთმა “ნიუ იორკ ტაიმსმა", რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ჩვენი პლანეტის იმ ადგილების ნუსხას, რომელიც მოსანახულებლად ღირს, პანამა პირველ ადგილზე დააყენა.

ასე რომ, წინ, პანამისკენ!

 

 

lika andiashvili