ამდენი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გამოსვლები, Speech-ები, ინტერვიუები, პრესკონფერენციები, ბრიფინგები ერთდროულად, ასეთ მოკლე, სულ რაღაც ერთი კვირის მანძილზე, რაღა დაგიმალოთ და მგონი, არასდროს მომისმენია!
პუტინის ხანგრძლივ, მონოტონურ, ისტორიული ექსკურსითა და ტოტალური დემაგოგიით გაჯერებულ, იდუმალი სიჩუმის, მაამებლური სახეებისა და მქუხარე აპლოსმენტების ფონზე მიმდინარე გამოსვლას ვუსმენდი. დროშებით აჭრელებულ, პომპეზურ დარბაზს ვუყურებდი. შინაარსზე არანაკლებად, რუსეთის პრეზიდენტის საუბრის ტონს ვაკვირდებოდი… და ჩემთვის ვფიქრობდი… თითქოს ეს, აი, ეს ყველაფერი, ეს ხალხიც, ეს სახეებიც, დროშებიც, აპლოდისმენტებიც, მაამებლური ღიმილიც, თვალებში ციცინიც, გამომსვლელის ინტონაციაც, დემაგოგიის საოცარი ოსტატობაც, თავდაჯერებულობაც, აგრესიულობაც, თავხედობაც… ადრე უკვე მინახავს, მომისმენია! რა ნაცნობია! თითქოს, დროის ჯადოსნური მანქანა ამუშავდა და სადღაც ასე ნაცნობ წარსულში გადაგვაგდო, უხეშად დაგვაბრუნა! 70-80-იანი წლები! საბჭოთა პლენუმები, ყრილობები, მიძინებულობის, ბრეჟნევის, ანდროპოვის ხანა, ცივი ომი და იმდროინდელი საბჭოური უტიფარი აგრესია. ალბათ, ვიღაცისთვის, ვისაც 30-40-50-60-იანი წლები ახსოვს, ხალხმრავალ დარბაზში რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის გამოსვლა კიდევ უფრო ნაცნობი იქნება, მაგრამ მე, ზოგადად, ტელევიზორის ყურება 70-იანებში დავიწყე. მანამდე კი მხოლოდ მულტფილმებს ვუყურებდი. თუმცა, ეგეც არ ვიცი? არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემ ბავშვობაში მულტფილმებს ტელევიზიით, საერთოდ, აჩვენებდნენ…
რუსეთმა, პუტინმა, დღეს, 21-ე საუკუნეში, მთელ მსოფლიოს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს, საკუთარი არაცივილიზებულობა, აგრესია, იმპერულობა, არადემოკრატიულობა, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების სრული იგნორირება, განუკითხაობა და სამხედრო ძალა… კიდევ ერთხელ დაანახა! თუმცა, საინტერესოა, დასავლეთმა რა, როგორ დაინახა, გაიგო, მიიღო? რა საპასუხო ზომებს, სანქციებს მიიღეებენ? დაინახეს? არ ვიცი. ის კი, სამწუხაროდ, უკვე ვიცით, რომ ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა და ყირიმის მოსახლეობის "უმრავლესობამ" რუსეთთან მიერთების სურვილი დააფიქსირა. უკრაინის მიწაზე დღეს რუსული ტანკები და აგრესიით გამორჩეული რუსი ჯარისკაცები დათარეშობენ… უკრაინა დიდი, საოკუპაციო ომის საფრთხის წინაშე დგას.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის პროგნოზირების არანაირი უნარი და მით უმეტეს არც პრეტენზია არ გამაჩნია, ძალიან მოკლედ ჩემს აზრს მაინც გაგიზიარებთ - ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ახლა, პუტინი, კონკრეტულად არა ყირიმისთვის, დონეცკისთვის, ხარკოვისთვის… არამედ დირექტორის, მსოფლიოს დირექტორის თამანდებობისთვის იბრძვის. В этой гостинице я директор! მთელ მსოფლიოს დღეს პუტინის სახით ძერჟინსკი, იაგოდა, ეჟოვი, სუსლოვი, ანდროპოვი ელაპარაკებიან, ემუქრებიან, "ეძველბიჭებიან"! იგივე ინტონაცია, იგივე იდეოლოგია, იგივე სიტყვები… бывших чекистов не бывает! და მორჩა! ეს ბრძნული სიმარტივე, ჩვენც და მთელმა თავისუფალმა სამყარომაც, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, გავიაზროთ, დავიჯეროთ და ილუზორულ მოლოდინებს მოვეშვათ.
თუმცა, ისე, სამწუხაროდ, იმის შეხსენებაც არ გვაწყენდა, რომ ყოფილი დობერმან პინჩერი, ან ყოფილი თავადი, დიდგვაროვანი, ან ყოფილი მდაბიოც არ არსებობს.
ქალი ვარ და ეს თავისთავად იმას გულისხმობს, რომ ცხოვრების მანძილზე, სრულიად განსხვავებული სულელური, უმნიშვნელო, "ბომბი", პირადული, პოლიტიკური… არაერთი ჭორი მომისმენია, გაცხარებული ჭორაობის პროცესს არაერთხელ შევსწრებივარ და თავადაც ბევრჯერ მიჭორავია. გნებავთ სნობიზმში, გნებავთ იდიოტიზმში ჩამითვალეთ, მაგრამ, ხმამაღლა მაინც ვიტყვი, რომ იმ შეპარვითი, უკადრისი ჭორაობის მსგვავსი, რასაც ქვეყნის მთავარ არხებზე, მთავარ თოკშოუებში, მთავარი მოქალაქისგან პერიოდულად და ახლა უკვე, ნამდვილად, სისტემატურად ვისმენ, არასდროს, არსად არ მომისმენია! ვიღაცის საყვარელი და ამ საყვარელთან ერთად რომანტიული ფარული ვოიაჟი, ვიღაცის სოფლის კარ-მიდამო და თვითნებურად მიერთებული მინდორი, ძმის გასაბრაზებელ-შესაშინებლად, ფორმალურად, ქრთამის ასაღებად მუშაობა, სადღაც მისული ვიღაცის ძმა, ვიღაცის სიმამრი, ვიღაცის მძახლები და მათი სამაგალითო ერთობლივი დასვენება, ვიღაცის ცოლი და მისი "დაქალები"…
გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილს ვუსმენდი და რომ იტყვიან - ყურებს არ ვუჯერებდი!
ამავე კვირაში, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ვუსმენდი და კვლავ - ყურებს არ ვუჯერებდი! თუმცა, ყოფილი ინტელიგენტიც არ არსებობს, წესით... ინტელიგენტი ყოველთვის ინტელიგენტია და თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი ისტორიის მანძილზე, ყველაზე რბილი, უხერხემლო, უნებო და "მორგებულიც" კი, სწორედ ინტელიგენციის ფენა იყო, მაშინ, ალბათ, გასაკვირიც არაფერია! ამას კიდე ფილოსოფიური აზროვნებაც თუ ემატება, მაშინ ყველაფერი, საერთოდ, იდეალურად ლაგდება და სრულიად თვალნათელი ხდება… უბრალოდ, როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, ილუზორულ მოლოდინებს, ამ შემთხვევაშიც, ეტყობა, უნდა მოვეშვათ, დავემშვიდობოთ, შეველიოთ! არადა ძნელია!
გასულ კვირას პუტინის მოსმენისას ამგვარი გამოსვლებისადმი გენეტიკურ სიძულვილს, მტრობას, მიუღებლობას ვერ, არ ვმალავდი. იმედის არხზე, თეა სიჭინავასთან ივანიშვილის მოსმენისას, არცთუ საქებარ სნობიზმს, სოციალური უპირატესობის, შეიძლება სამარცხვინო გრძნობას ვერ ვერეოდი. პრეზიდენტ მარგველაშვილის მოსმენისას, სინანულით, ნოსტალგიით აღსავსე, იმ გიორგის ვიხსენებდი, რომელიც ანთებულად, ხმაურიანად კამათობდა, სიმართლეს იცავდა, ანთებულად სჯეროდა, ანთებულად უყვარდა, მეგობრობდა, მუშაობდა, ცხოვრობდა… ლაღად, თამამად, თავისუფლად და წესიერად ცხოვრობდა და რომელსაც მე ვიცნობდი, ვმეგობრობდი და ვამაყობდი კიდეც! ნეტავი, ბიძინა ივანიშვილისთვის ინტელიგენტი აღარ არის, თუ პირიქით, ზედმეტად, მისი გუნდისთვის შეუფერებლად ზედმეტად ინტელიგენტი გამოდგა? პროკურატურაში 10 საათიანი დაკითხვიდან გამოსულ კახა ბენდუქიძის კომენტარს ვუსმენდი და ღიმილს ვერ ვფარავდი. რაღა დაგიმალოთ და რიგითი გამომძიებლები, ბენდუქიძის ხელში, ცოტა შემეცოდნენ კიდეც! აი, პროკურატურა, დარწმუნებული ვარ, სულ მალე, მორიგ ღრმა წუმპეში ჩამჯდარი რომ აღმოჩნდება, ამაზე კი გულწრფელად მეღიმებოდა.
არა, ძალიან საინტერესოდ, მრავალფეროვნად, ინტენსიურად ვცხოვრობთ! სულ რამდენიმე დღის მანძილზე ხან სიბრაზისგან მუშტებს ვკრავდი, ხან ცხვირს მაღლა ვწევდი და ვმედიდურობდი, ხან ნოსტალგიას, ცრემლსა და სინანულს ვებრძოდი, ხან კი გულწრფელად ვიცინოდი. სად, რომელ ქვეყანაშია ასე? ათწლეულების მიღმა, სანატრელ ახალგაზრდობას ასე იოლად, ტელვიზორის ერთი გადართვით, სად გაიხსენებ? პრეზიდენტს ვინ, სად მისტირის? უნიკალური ძეგლის აფეთქებაზე მეტად, კულტურის მინისტრის ჭარბ წონასა და მკაცრი დიეტის ეფექტურობაზე ვინ, სად ნერვიულობს? ვინ ხსნის მართლმადიდებელ ბავშვთა საბავშვო ბაღს, სადაც ბიჭები, მკაცრად, ჩოხებში, გოგოები კი ჩიხტიკოპებში ივლიან? ყოფილ მილიარდერ პრემიერთან ვინ მედიდურობს? ცალსახად ყველასათვის მიუღებელი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერი, თუნდაც ოც კაციანი აქცია, კიდე სად, რომელ ქვეყანაში გინახავთ? პრიმიტიული ხულიგანი მელორ ვაჩნაძე რობინ ჰუდად აღიარებული, კიდე სხვა რომელ საზოგადოებაში წარმოგიდგენიათ? სად გაგიგიათ, რომ ერთი "ეჭვმიტანილი" უფრო განათლებული, ჭკვიანი, იუმორიანი და ცინიკურიც კი იყოს, ვიდრე, პარლამენტის დეპუტატატთა სრული უმრავლესობა და პროკურატურა ერთად აღებული? სად ნახავთ კიდევ, რომ გაზეთ "ასავალ-დასავალი"-ს და ელისო ჩაფიძის ერთგული მკითხველ-თაყვანისმცემლები, ჟურნალისტების გადამზადებას ან უფრო სწორად, მათ სრულ დეგენერატიზაციას ლამობდნენ? სად გაგონილა, რომ მეორე ლედი პირველი იყოს, პირველი ლედი კი მომსახურების ზონიდან გასული და ბოლო სერიაში რემბოს როლის შესრულებით დაკავებული? სად გაგიგიათ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციას, ყოველი მორიგი პრეზიდენტი, ან მისი ზემდგომი მოქალაქე, საკუთარი ინდივიდუალური გემოვნებით იწუნებდეს, ან იწონებდეს? სად გინახავთ, სად გაგიგიათ, სხვაგან, საქართველოს გარდა… სად გინახავთ, რომ ბურთები ასე ეფექტურად, ასე ოსტატურად, ასე ხშირ-ხშირად თავის კარში გაჰქონდეთ და მაინც ასე კმაყოფილები იყვნენ?
ხედავთ, საქართველოში და მხოლოდ აქ, რა საინტერესოდ, არამდორედ, ემოციებით აღსავსენი და კურიოზებით გარემოცულნი ვცხოვრობთ?! გირჩევთ, უფრო ხშირად ჩართეთ ტელევიზორი და ჩემს მსგავსად, ეცადეთ მაქსიმალურად ყველას გამოსვლებს, სიტყვებს, კომენტარებს მოუსმინოთ. თავიდან, მიუჩვეველზე ცოტა შეიძლება დაითრგუნოთ, მერე მიეჩვევით და გახალისდებით, ყველაფერს უმალ მიხვდებით, დაინახავთ. სიტყვას საოცარი ძალა აქვს!..
P.S. Самое обидное, что в информационной войне всегда проигрывает тот, кто говорит правду. Он ограничен правдой, а лжец может нести все, что угодно.
ქეთევან იგნატოვა