ჯუჯა ბუმბერაზი
28 მარტი, 2014
1050
print

რამდენიმე წლის წინათ  დედამიწის უმაღლესი მწვერვალის საბაზო ბანაკისკენ რომ მივემართებოდით, ცენტრალური ჰიმალაის გასწვრივაც პატარა თვითმფრინავით ვიფრინეთ. მაშინ 20 მეტ-ნაკლებად ცნობილი მწვერვალი ვიხილეთ, მათ შორის ბუმბერაზთა შორის ბუმბერაზი "რვაათასიანებიცა" და არანაკლებ ზღაპრული სილამაზის "შვიდიათასიანები" და "ექვსიათასიანები". საოცრად ლურჯი ცის კაბადონზე ერთი ფთილა ღრუბელიც არ ჩანდა. ბრდღვიალა მზის სხივებში მობანავე მწვერვალები თვალისმომჭრელად ელვარებდნენ. მათ შორის ცენტრალური ჰიმალაის განაპირას, შორს, ჩრდილოეთით იყო შიშა პანგმაც, რომელიც დიდხანს "რვაათასიანებში" ყველაზე ტანმორჩილად მიაჩნდათ, მაგრამ კარგად რომ გაზომეს, 33 მეტრი წაუმატეს, სიმაღლეში 8 046 მეტრამდე "გაზარდეს" და ბოლოდან მეორე ადგილზე მიუჩინეს ადგილი, მერე კი ისევ ჩამოაქვეითეს და ახლა მის სიმაღლედ 8 027 მეტრს მიუთითებენ.

ბუმბერაზთა შორის შიშა პანგმა თავისი თანატოლი მწვერვალებისგან საკმაოდ დაშორებულია და განმარტოებით დგას. მის ირგვლივ მხოლოდ "ექვსიათასიანები" შემოჯარულა და ამიტომ ეს ისედაც გოლიათი მწვერვალი მათ ამაყად გადმოჰყურებს.

დავინახეთ ჩო ოიუც ( 8189), რომელიც დედამიწის უმაღლეს მწვერვალთა რიგში სიმაღლით მერვეა და მას მთამსვლელები ამ გოლიათთაგან ყველაზე იოლად დასამორჩილებელ პიკად მიიჩნევენ, თუ კი საერთოდ იოლი შეიძლება იყოს "რვაათასიანზე" ასვლა.

 მაგრამ რამ გაგვახსენა მაინცდამაინც ეს ორი პიკი იმ გადაჯაჭვულ მწვერვალთა უკიდეგანო რიგიდან? - უბრალოდ, წლეულს ამ მწვერვალებზე პირველასვლიდან საიუბილეო თარიღები მრგვალდება, ასეთ დროს კი ისტორიას იხსენებენ. ამჯერად ჩვენც გავიხსენოთ შიშა პანგმაზე პირველასვლები, ჩო ოიუზე საუბარი კი სამომავლოდ გადავდოთ და არც დედამიწის სიმაღლით მეორე, ოღონდ ყარაყორუმზე აღმართული ჩოგორი (8611მ.) დავივიწყოთ, რომელიც ჩო ოიუსი არ იყოს, 1954 წელს დანებდა ადამიანებს, შიშა პანგმამ კი ამ მხრივ შეუბღალავად, რვაათასიანთაგან ყველაზე დიდხანს- 1964 წლამდე გასძლო.

ეს მწვერვალი დიდხანს მთამსვლელთა უყურადღებობით იყო დაჩაგრული, ახლა კი მასზე ასვლით ბევრი იწონებს თავს, მათ შორის ქართველებიც.

წინათ ეს მწვერვალი უფრო თავისი სანსკრიტული სახელით იყო ცნობილი და მას უწოდებდნენ გოსაინტანს, რაც "წმინდა ადგილს" ნიშნავს. ეტყობა ეს დასახელება მომდინარეობს მწვერვალის რაიონში, 4 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე წმინდა ტბის სახელიდან, სადაც ხშირად დადიან მლოცველები.

აი, მწვერვალის ტიბეტური სახელი -შიშა პანგმა კი აქამდე დაუზუსტებელია, დღემდე ვერ დაუდგენიათ რას ნიშნავს "შიშა", ხოლო "პანგმა" ითარგმნება როგორც მდელო, საძოვრები. ვარაუდობენ, რომ შიშა პანგმა ასე უნდა ითარგმნოს "მთა, რომლის ძირშიც კარგი საძოვრებია".

და კიდევ ერთი- მთამსვლურ თუ გეოგრაფიულ ლიტერატურაში მყარად დამკვიდრებული და გავრცელებული სახელი შიშა პანგმა მწვერვალის დამახინჯებული სახელია, სწორი კი შიშაბანგმაა.

 შიშა პანგმა მთამსვლელთათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1950 წელს, როცა შვეიცარიელმა გეოლოგმა ტონი ჰაგენმა თვითმფრინავიდან ამ მწვერვალის პირველი ფოტოები გადაიღო და უმალ ალპინისტურ პრესაში გამოაქვეყნა, მაგრამ ყველაზე პატარა "რვაათასიან" მწვერვალად ცნობილმა პიკმა მთამსვლელთა ყურადღება ვერ მიიპყრო. სხვებზე შეუპოვარი აღმოჩნდა ისევ თავად ჰაგენი, რომელიც შერპ აილასთან ერთად 1952 წელს ჩრდილოეთიდან მყინვარ ლანგტრაგზე 6 000 მეტრის სიმაღლემდე ავიდა და ახლოდან დაზვერა მწვერვალის მისადგომები, თან ფოტოსურათებიც გადაიღო და მდიდარი ჩანახატებითაც დაბრუნდა.

 ორი წლის მერე შვეიცარიელმა აუფშნაიდერმა სამ ალპინისტთან ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მწვერვალის მისადგომები დაზვერა და ასასვლელი მარშრუტიც შეიგულა.

1963 წელს იმავე მიზნებით მწვერვალის ფერდობებზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ახლა ჩინელები გამოჩნდნენ და 7160  მეტრამდეც ავიდნენ, მომდევნო წელს კი გადამწყვეტი იერიში განიზრახეს.

მართლაც, ჩინელები უშველებელი, 200-კაციანი ექსპედიციით 1964 წელს კვლავ იმავე ფერდობს მიადგნენ. მათ ჯერ ჯომოლუნგმაზე, მერე მუზტაგატაზე ასვლებისაგან საკმაო გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ ჩინელთა წინსვლას უამინდობა და მწვერვალის სირთულე მაინც აფერხებდა. ერთი თვის განმავლობაში მათ 7 700 მეტრ სიმაღლემდე ააღწიეს და გზად ექვსი საშუალედო ბანაკი მოაწყვეს.

ბოლო  ბანაკიდან, სადაც უჩვეულოდ ბევრმა, 24 მთამსვლელმა მოიყარა, მწვერვალამდე 300 მეტრიღა რჩებოდა. 2 მაისს, დილის 4 საათზე მოიერიშე ჯგუფი ბანგ ფოხოუს, სონამ დორეს, ჩენ სამის, ჩანგ ჩუნეიმის, მიმარ ტრაშის, ჩანგ ტენლიანის, ტონ ტანის, დორეს, კსიზანგის, ვუ თზეგის შემადგენლობითა და ხსუ ჩინგის მეთაურობით გადამწყვეტ იერიშზე სამ ჯგუფად გავიდა. წინ 50-გრადუსიანი დახრილობის ყინულის ფერდობი აზიდულიყო. იქ, ყინულის კედელზე თოკი დაკიდეს, მაგრამ მოულოდნელად ბანგ ფოხოუს ყინულზე ფეხი დაუსხლტა და ელვის უსწრაფესად ჩასრიალდა. საბედნიეროდ, ერთ თოკში ჩაბმულმა მეგობრებმა მისი მტკიცე დაცვა მოაწყვეს და 20 მეტრის სრიალის მერე დაამუხრუჭეს. ამას მთამსვლელთა გუნება-განწყობა ოდნავადაც არ გაუფუჭებია და კვლავ შეუპოვრად გააგრძელეს გზა. ჰიმალაის კვალობაზე ჩინებული ამინდი იდგა და ეს მათ სტიმულს აძლევდათ.

მალე ყინული თოვლიანმა ფერდობმა შეცვალა. ამსვლელებს სულ უფრო და უფრო უჭირდათ სუნთქვა. ჟანგბადის ნაკლებობის გამო წყლიდან ამოყრილი თევზებივით სუნთქავდნენ. რაც უფრო ზემოთ მიიწევდნენ, მით უფრო ხშირად ფორთხვაზე გადადიოდნენ, მერე თოვლში ილაჯგაწყვეტილები ეყრებოდნენ, ოდნავ სულს ითქვამდნენ, მაგრამ ასეთი შესვენებები მხოლოდ რამდენიმე მეტრის გავლის ენერგიას აძლევდათ.

აი, მათ ბოლო შესვენებიდან კიდევ 50 მეტრით აიწიეს ზემოთ, „გზა" მცირე დაქანების თოვლიან თხემზე გავიდა და ათიოდე მეტრში მწვერვალის უმაღლესი წერტილიც გამოჩნდა, მაგრამ ალპინისტები იმდენად იყვნენ ქანცგაწყვეტილები, რომ იქამდე მისასვლელად კიდევ ერთი შესვენება დასჭირდათ, თანაც აქ უკვე ძლიერი ქარი ჰქროდა.

მერე იყო კიდევ რამდენიმე ნაბიჯი, ფეხქვეშმოქცეული შიშა პანგმა და ათი გახარებული მთამსვლელი.

ამით დასრულდა ბოლო "რვაათასიანი" მწვერვალის დალაშქვრის ისტორია. მაშინ დილის 8 საათი და 20 წუთი იყო. მთამსვლელებმა ასვლისთანავე ძირითად ბანაკთან რადიოკავშირი დაამყარეს და თავიანთი გამარჯვების ამბავი ამცნეს. მწვერვალის იმ ციდა ფართობზე მთამსვლელები ვერ ეტეოდნენ. მიუხედავად ამისა, იქ ერთი საათი დაჰყვეს და აუარება ფოტოები გადაიღეს. ამასობაში ქარი უფრო გაძლიერდა და წამში 25 მეტრს მიაღწია. ეს უკვე სახიფათო იყო და დაშვება დაიწყეს. ჩამოსვლისას შიმარ ტრაში მოსწყდა და თან ორი მეგობარიც გადაიყოლა. თოვლიან ფერდობზე სამივემ 100-მეტრამდე "იფრინა", მაგრამ ჯანმრთელი და უვნებლები დარჩნენ. ნაშუადღევს ყველამ ბოლო საიერიშო, ორი დღის მერე კი ძირითად ბანაკში ჩააღწია.

ასე დასრულდა ეს გრანდიოზული ექსპედიცია.

ამის მერე შიშა პანგმაზე დიდხანს აღარავინ გამოჩენილა. 70-იანი წლების ბოლოდან კი მთამსვლელებმა  კანტიკუნტად დაიწყეს ასვლა, ხოლო 80-იანი წლების დასასრულიდან, შეიძლება ითქვას, მათი შემოსევის ხანა დადგა. ეს იმითაც აიხსნება, რომ მსოფლიოში სულ უფრო    მომრავლდნენ ის მთამსვლელები, რომლებიც თოთხმეტივე რვაათასიანის დალაშქვრას ლამობენ, ასეთი კოლექცია კი უშიშაპანგმოდ ვერ დამრგვალდება.

შიშა პანგმაზე ამსვლელთა შორის ორი ქართველი მთამსვლელიც არის. 1992 წლის შემოდგომაზე მწვერვალის მისადგომებთან საერთაშორისო ექსპედიციის წევრებმა მოიყარეს თავი. მათ შორის იყო ალპინიზმისა და მეკლდეურობის ევრაზიის ასოციაციის გუნდიც, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მთამსვლელებით დაკომპლექტდა. გუნდში თბილისელი გია თორთლაძე და ქუთაისელი მერაბ ნემსიწვერიძეც იყვნენ.

7 355 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ბოლო საიერიშო ბანაკიდან ჩვენმა მთამსვლელებმა სამ იაპონელთან ერთად შეუტიეს მწვერვალს. ისინი ჟანგბადის ბალონების გარეშე მიდიოდნენ. ქშენა-ქშენით ყოველი 10-15 მეტრის გავლის მერე ისვენებდნენ და გულამოვარდნილები სუნთქავდნენ. ერთხანს ასე ტაატით ერთად იარეს. მერე იაპონელები რაციით თავიანთ საბაზო ბანაკს დაუკავშირდნენ. ქვემოთ მათ კოსმოსური კავშირის აპარატურა ჰქონდათ და იქიდან ყველანაირ ინფორმაციას ღებულობდნენ. როცა საბაზოსთან საუბრობდნენ, უცებ სახეზე პირაკატა ეცათ და ჰორიზონტს გახედეს. მერე შეშფოთებულებმა ქართველებს ანიშნეს, ქვემოდან გვაცნობეს, რომ მალე ქარიშხალი ამოვარდება და არიქა თავს ვუშველოთო. გიამ და მერაბმა ჰორიზონტს თვალი მოავლეს, მაგრამ სახიფათო ვერაფერი დაინახეს. იფიქრეს, აქამდე რის ვაი-ვაგლახით ამოვსულვართ და იერიშზე უარი როგორ ვთქვათო. იაპონელებსაც ურჩიეს, ხომ არ გადარეულხართ, ზემოთ წავიდეთო. იმათ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, ხელით ანიშნეს, თქვენ ჭკუაზე აღარ ხართ, მაგრამ რახან არ იშლით, კისერიც გიტეხიათ, ჩვენ კი ქვემოთ დავეშვებითო. ასეც მოიქცნენ.

იაპონელებმა მშვიდობით ჩააღწიეს, ქართველებმაც მშვიდობიანად ააღწიეს მწვერვალს. იქ ისეთი ძლიერი ქარი დახვდათ, რომ მთამსვლელები ლამის მწვერვალიდან გადმოყარა. დაშვება რომ დაიწყეს, მწვერვალმა თავს უარესი ქარაშოტი დაიტეხა. ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, სულ თოვლის კორიანტელი დააყენა და აღარაფერი ჩანდა. ამიტომაც ჩვენი მთამსვლელები დიდი გაჭირვებით დაეშვნენ.

იაპონელებმა მათი გამარჯვების ამბავი რომ გაიგეს, სულ თავში ირტყეს ხელი, ეს რა ვქენით, რატომ არ დაგიჯერეთ და მწვერვალზე რატომ არ ამოგყევითო.

იმ შემოდგომაზე შიშა პანგმაზე ესპანელთა ათი მთამსვლელიდან ხუთმა მიზანს მიაღწია. ფრანგებსაც ათი კაცი ჰყავდათ, მაგრამ მხოლოდ ერთმა შესძლო ასვლა. კორეელთაგან კი ორნი ავიდნენ, ხოლო შვეიცარიელებისგან ვერავინ.

"ევრაზიის" გუნდში ცხრანი იყვნენ, მათ შორის ერთი ქალი და მწვერვალზე ყველა ავიდა. მათგან შიშა პანგმა ყველაზე სწრაფად ბოლო ბანაკიდან ქართველებმა დალაშქრეს. მათ დაახლოებით 700 მეტრის გავლას ოთხსაათნახევარი მოანდომეს.

რაც შეეხებათ იაპონელებს, ისინი "წმინდა ადგილზე" სხვა "რვაათასიანზე" - ჩო ოიუზე ასვლის მერე გადმოვიდნენ. შიშა პანგმაზე მათ ორი უშედეგო ცდა ჰქონდათ.

და ბოლოს, ასეთი საინტერესო ინფორმაციაც - იმ შემოდგომამდე შიშა პანგმაზე 51 ექსპედიცია მოეწყო, მათგან მიზანს 28 გუნდმა მიაღწია. მწვერვალზე 144 მთამსვლელი ავიდა, იმ შემოდგომას კი მათ გვარებს ორი ქართველისაც დაემატა.

1996 წელს გია თორთლაძემ მეორედაც დალაშქრა შიშა პანგმა.

ახლა შიშა პანგმა ლამის 300-მდე ამსვლელს და მის ფერდობებზე 23 დაღუპულს ითვლის მაშინ, როცა ყველაზე იოლად დასამორჩილებელ "რვაათასიანად" ითვლება.

ამ მწვერვალის ისტორიიდან ისიც საინტერესოა, რომ მასზე პირველი ზამთრის ასვლა 2005 წლის 14 იანვარს პოლონელმა პიოტრ მოროვსკიმ და იტალიელმა სიმონე მორომ განახორციელეს.