ტომას ვულფი
გავიცნოთ კაცი
span style="font-size: 13px;"> ვინ არის კაცი
პირველ ყოვლისა თოთო ბავშვი
რბილ ფეხებზე რომ დაბუქნაობს
გახვეული ექსკრემენტებში
ტირის და პირით ბუშტებს ბერავს კოტრიალისას
მთვარეს შესტირის
და წყნარდება დედის ძუძუთი
თან პაწაწინა და მძინარე ღორმუცელაა
მარად მტირალი სასაცილო სუსტი არსება
დღითა და ღამით საკუთარი ცერის მწოველი
დორბლიან პირით უშიშრად რომ ცეცხლში მიძვრება
ისე საყვარლად როგორც სულელი.
მერე კი ბიჭი
მოტრაბახე თავის ტოლებში
მაგრამ სიბნელის მოშიშარი დაბნელებისას
სუსტის მჩაგრავი და ძლიერის მომრიდებელი
ქვეყნად ძალასა და ველურობას რომ ათაყვანებს
ისტორიების მოყვარული ომზე ძარცვებზე
მკვლელობებზე და ძალადობებზე
ოღონდ სხვებისთვის
ერთი სული აქვს რომ ბანდაში გაერთიანდეს
და მარტო ყოფნა ეჯავრება ჭირის დღესავით
მისი გმირია ჯარისკაცი და მეზღვაური
ფეხბურთელები კოვბოები დეტექტივები
არჩევს რა მოკვდეს ვიდრე შერცხვეს თანატოლებში
სურვილი ტანჯავს ყველას ურტყას და გაიმარჯვოს
ყველას აჩვენოს საკუთარი მუსკულატურა
თანაც მოითხოვს რომ მოექცნენ პატივისცემით
თავად კი მარად მოტრაბახე გამარჯვებებით
ვერ ეგუება დამარცხების საშინელებას.
შემდეგ მოზარდი
გოგოებს რომ აჰკიდებია
და პირს გინებით იბინძურებს იმათ ზურგს უკან
ათასი რჯულის ტაბლეტების გამყიდველთ შორის
მილიონნაირ ცდუნებას რომ ეზიარება.
მაგრამ სახეზე მუწუკის მეტს ვერაფერს იძენს
აქვე ეწყება მას საკუთარ ჩაცმაზე ფიქრი
დაიპრანჭება და ბრიოლინს თმებში იზილავს,
სიგარეტს ქაჩავს, წიგნს კითხულობს
და ლექს წერს ჩუმად
მთელი სამყარო ეჩვენება ქალის ფეხებათ
ძუძუებივით აღიქვავს სივრცეს
და გაუსინჯა უკვე გემო სამივეს ერთად:
სიყვარულს პირველს, სიძულვილს და ეჭვიანობას
ის რიგრიგობით მოლაჩროა და მოსულელო
ამიტომ არის ერთ ადგილზე რომ ვერ ჩერდება.
ცხოვრობს რა ბრბოში ჩვეულებრივ ბრბოსავით ფიქრობს
და ეშინია გამოირჩეს ექსცენტრულობით
დადის კლუბებში მარად შიშში რომ არ დასცინონ.
უბედურია ნაწყენი და შეწუხებული
რადგან საკუთარ სურვილს ფლანგავს გაუთავებლად.
შიგნით კი სულში იმხელაა სიცარიელე
რომ მისი სრული გააზრებაც მოსაწყენია.
მერე კი კაცი
დაძაბული მიზნებით სავსე
სულ რომ მუშაობს ჰყავს ბავშვები
ყიდულობს ყიდის მარადიული სამყოფელის
ერთჯერად პაკეტს
ატყუებს თავის კონკურენტებს
ამაყობს ამით
როცა საკმაო მონდომებით ახერხებს ამას
და თავის სამჯერ ოცდაათ წელს იმაში ხარჯავს,
რომ წარმატების უქონელი ხელგაშლით ცხოვრობს
შიშით შეცქერის აკვანსა და სამარეს შორის
ცასა და ღრუბლებს, მზეს და მთვარეს
ვარსკვლავებს მბრწყინავს
თან ლაპარაკობს მომავალზე მაგრამ მას კრგავს
მომენტალურად მოსვლის თანავე
და თუ ბედი აქვს ფულს შოულობს სახარჯათ იმდენს,
რომ რბილტყავისგან შეკერილმა საფულემ სქელმა
მოსამსახურე შეუძინოს იქ მისაყვანად
სადაც თავისი საკუთარი ფეხით ვერ მიდის.
ის ეტანება მდიდრულ საჭმელს ძვირფას ღვინოებს,
რომლებსაც მისი ნაწლავები ვერ ინელებენ.
მისი დაღლილი უსიცოცხლო მკვდარი თვალები
უცხო ქვეყნების პეიზაჟებს გადასცქერიან,
რომელზეც ალბათ ოცნებობდა მთელი ბავშვობა.
შემდეგ სიკვდილი გაწელილი ნელმკურნალობით
ძვირი სასახლე, მერე გვამის ბალზამირება
დასაფლავების რიტუალი ანუ სმა ჭამა
სადღეგრძელოთა პათეტიკა
და კვლავ მიწაში.
ეს ხომ კაცია
დამწერი წიგნთა და სიტყვათა დამლაგებელი
შედევრთ შემქმნელი, მომგონებელი ათიათას ფილისოფიის,
შეპყრობილი და მონუსხული საკუთარ აზრით
მასხრად რომ იგდებს სხვათა ნაშრომებს.
ის ერთ გზას ირჩევს ჭეშმარიტ გზას თავისთავისთვის-
დანარჩენს ყველას კი მცდარს უწოდებს
და იმ ბილიონ წიგნთა შორის მთელ ქვეყანაზე
ერთად ერთიც კი არ არსებობს რომელიც ეტყვის
როგორ ისუნთქოს თავისუფლად და ბედნიერად.
ის ბედს განსაზღრავს ნაციათა
ქმნის ისტორიებს
მაგრამ საკუთარ ისტორიას ვერ მოგიყვებათ
და საკუთარი ბედის მართვა არ შეუძლია
ბრძნულად, ღირსებით თუნდაც ათიოდ
თანმიმდევრულ წუთის მანძილზე.
ეს არის კაცი
მეტნაწილად ნაკლი და ჭუჭყი
ანუ არსება საზიზღარი სიდამპლის გროვა,
შეკრული კონა გადაგვარებულ ქსოვილებისა
თანდათანობით რომ ბერდება და მელოტდება
პირიდან სუნიც ხომ ამოზდის გულის ამრევი
მატყუარაა და არამზადა
თავის ნაირის დამცინავი და მოღალატე
შეურაწყოფის არაფრისთვის მიმყენებელი
ვინც ბრბოში მოგკლავს, ბნელში კიდე
ყელს გამოგფატრავს.
მოროხროხე და მოტრაბახე გარემოცვაში თავისნაირთა
მაგრამ თაგვივით მშიშარა მარტო
მას შეუძლია ილაქუცოს კაპიკისათვის
და სიკეთისთვის უკანიდან ლახვარი ჩასცეს
ორი გროშისთვის ის საკუთარ მოძმეს გაყიდის
ორმოც დოლარად კი საკუთარ ახლობელს მოკლავს
მერე კი მკაცრი მოსამართლის წინაშე დარბაზს
ცხარე ცრემლებით გულს აუჩუყებს
რომ ისეთივე ნაძირალა გადაარჩინოს
თვითონ რომ არის.
ეს არის კაცი
თავის მეგობრის შეყვარებულს რომ მოიტაცებს,
მასპინძლის ცოლს კი მაგიდის ქვეშ მოეფერება,
ანდა მთელ თავის ავლადიდებას ბოზებში
ხარჯავს, წყალობს თაღლითებს,
აკვლევინებს თავის პოეტებს.
ეს არის კაცი
ვინც ფიცულობს და ირწმუნება
რომ ის ამქვეყნად სიკეთის და სულისთვის ცხოვრობს
და ხელოვნების სისუფთავეს ემსახურება
მაგრამ მხოლოდღა იმისათვის წვალობს და იღწვის
რომ მოდას აყვეს და პრინციპებსაც საკუთარსაც
საკუთარ რწმენას უმალვე იცვლის როგორც მოდა გამოიცვლება.
ეს არის კაცი
მეომარი უძლიერესი, ოღონდაც სუსტი ნაწლავებით და მოშიშარი
რომანტიკოსი უდიდესი შიშველი წელით
მარადიული სისულელის ხარბათ მშთანთქმელი
ყველაზე უფრო გონიერი ცხოველებს შორის
რომელიც თურმე თავის ჭკუას იმისთვის ხმარობს
რომ ხარებს, მელებს, მგლებს და ძაღლებს
თხებსა და ვეფხვებს ურცხვად ჰაერი სამუდამოდ დაუბინძუროს.
დიახ კაცია
და ძნელია რაიმე ითქვას
მისი უაზრო არსებობის გასამართლებლად
უსაფუძვლობა, ვნება მისი და სიბოროტე
თითქმის არსად და არასოდეს არ იწურება
მისი ცხოვრება აღსავსეა ჯაფით და ოხვრით
ტანჯვა წვალება ყვირილი და აურზაური
ერთმანეთს ცვლიან იდიოტურ გამეორებით.
დღე კი შედგება ცხელ ქუჩებში ბოდიალისგან
მონაცვლეობენ გაყინვა და ოფლიანობა.
უნაყოფობა მძიმე შრომას რუტინად აქცევს
ვერც კი გაარჩევ ლპობისა და უიღბლობისგან.
უკვე იმდენად აშკარაა გამათხოვრება
რომ შეუძლია მას იყიდოს ცუდი საჭმელი
და საკუთარი მონდომებით ცუდათ იკვებოს.
თავის ცხოვრებას ის ამითი რადგანაც ანგრევს
თავადვე გახლავთ ამ ნანგრევთა მაცხოვრებელი
რომ ვერ ივიწყებს მოუქნელი სხეული წონას
და ჩასუნთქვიდან ყოველ შემდეგ ამოსუნთქვამდე
შეგუებულა ათასნაირ დაავადებებს
ტკივილებსა და მთელ მზარდ კოშმარს გათახსირების.
ეს არის კაცი
და თუ მართლა მას შეუძლია
რომ გაიხსენოს ათი მაინც სრული მომენტი
ჩვეულებრივი სიხარულის და ნეტარების
მთელი თავისი დატანჯული წლების მანძილზე,
ათი მომენტი არნაჭდევი გულის ტკივილით
არ დაჩრდილული მარადიულ ვიშით და ოხვრით
მას უფლება აქვს თავი მაღლა ასწიოს და თქვას:
მე მიცხოვრია დედამიწაზე დიდებაც ვიცი
ეს არის კაცი
ალბათ ვინმეს გაუკვირდება
და კითხვას დასვამს თუ საერთოდ ის რისთვის ცხოვრობს
მისი ცხოვრების მესამედი სიზმარში გადის,
ხოლო მეორე მესამედი მძიმე შრომაში
მეექვსედი კი აქეთ იქით მისვლა მოსვლაში
ტკეპნაში ქუჩის ყოველდღიურ
ჭუჭყის და მტვერის
რამდენ უაზრო ხელის კვრას და კინკლაობაში
რამდენი რჩება მისგან ნეტავ რომ გამოფხიზლდეს
და ვარსკვლავების ტრაგედია გაიზიაროს
რამდენი რჩება მისგან რომ მარადიულ
დედამიწასა და მზე-მთვარეს თვალი ადევნოს
რამდენი რჩება მისგან ნეტავ ასამღერებლად
დიდებისათვის და ღვთიური ჰიმნებისათვის?
სულ რამდენიმე ალბათ სულის ამონაფლეთი
უნაყოფო და ურცხვად ნაწუწნ სიცოცხლისგან.
და ის აქ არის
დროის პეპელა
სულელი მონა, დროის ურცხვი თანმიმდევრობის
ეს პაროდია უაზრო და ამაო სუნთქვის
ალბათ ღმერთებს რომ შესძლებლოდათ
ამ მიტოვებულ პლანეტაზე ჩამობრძანება
სადაც მხოლოდღა ნანგრევებია
ადამიანთა ქალაქების შემორჩენილი
და ქვის დაფებზე ორიოდე წარწერა მოსჩანს
დაჟანგულ ბორბალს შეამჩნევდნენ
უდაბნოთა ქვიშით დაფარულს
და ერთმანეთსაც რათქმაუნდა ასე ეტყოდნენ:
ის აქ ყოფილა და უცხოვრია
შეხედეთ რა ქნა:
როცა დასჭირდა ლაპარაკი სათხოვნად პურის
მას მისცეს ქრისტე.
როცა დასჭირდა სიმღერები ბრძოლის ველისთვის-ჰომეროსს შესწვდა
როცა დასჭირდა საკუთარის დაწყევლა მტრების
გამოჩნდნენ დანტე, ანდა სვიფტი ანდა ვოლტერი
როცა დასჭირდა ტანსაცმელი განსხვავებული
სხეულის უთმო ნაწილების დასაფარავად,
მეფე სოლომონს მოუქსოვა მაშინ მანტია
მან უდიდესი მეფეები მორთო მოკაზმა
და ახალგაზრდა რაინდები ერთად შეკრიბა
მას ჭირდებოდა კედლები და თავსსახურავი
და მან სასახლე ააშენა თავშესაფარად
მას ჭირდებოდა ტაძარი და ღმერთმსახურება
მან მონასტრები დაარსა და დააფუძნა
ის დაიბადა რომ მიწაზე ეხოხა მარად
მან კი ბერკეტი და ბორბალი გამოიგონა
აამოძრავა მოგრუხუნე დიდი ძრავები
ცეცხლის რაშები შეაყენა ლიანდაგებზე
უზარმაზარი რკინის ფრთებით ჰაერს დააწვა
და უდიდესი ხომალდები ზღვებს შეასია
ჭირი სპობდა მას და იმისი ღვიძლი შვილები
გამორჩეულნი, სხვათა შორის, ომმა იმსხვერპლა
მაგრამ ვერც ცეცხლმა, წყალდიდობამ და ვერც შიმშილმა
მას ვერ აჯობეს. ვერც სიკვდილმა დაუნდობელმა
რადგან შვილებიც მისიც ბოლოს როგორც გაირკვა
ამ მომაკვდავი სხეულიდან წარმოშობილან
ხედავთ ბიზონი, თავის ნაქებ მუსკულატურით
თმააწეწილი დაბლობზე გდია
მამონტები კი გადაშენდნენ უხსოვარ დროდან
და მუზეუმებს ამშვენებენ ამაყად ახლა
თვით პანტერებმაც შეისწავლეს სიფრთხილის წესი
და ფეხაკრეფით მოძრაობენ ბალახებში სანაპიროსთან
ადამიანი კი აგრძელებს ცხოვრებას ურცხვად
მიუხედავად სამყაროულ ნიჰილიზმისა
ერთადერთია რადგან ცის ქვეშ სარწმუნოება
ერთია რწმენა მისი დიდებაც, ტრიუმფიცა და უკვდავებაც
და ამას მოკლედ სიყვარული სიცოცხლის ქვია
ადამიანს ხომ ერთადერთი სიცოცხლის ჯერა
სიცოცხლე უყვარს და ამიტომ იჯავრებს სიკვდილს
სწორედ ამისთვის ეწოდება მას ღვთაებრივი
რადგან მარადი მოარსებე მშვენიერია
და ცხოვრობს ცის ქვეშ ამ უგრძნობელ ვარსკვლავთა შვილი
უსულო საგნებს მნიშვნელობას ანიჭებს თავად
არსებობს შიშში, შრომასა და აგონიაში
გაუთავებელ მღელვარებას ატარებს გულით,
მაგრამ მაშინაც როცა სისხლი გადმოჩქებს ღვარად
ამოსუნთქვისას ამოჭმული მისი ფილტვიდან
მაინც სიცოცხლე ურჩევნია სუნთქვის შეწყვეტას
სიკვდილის წამს კი მშვენიერი შესახედია
პირველყოფილი შიში მოსჩანს იმის მზერაში
მას შეუძლია რომ უაზრო ტანჯვა ითმინოს
და ჯოჯოხეთშიც კვლავ სიცოცხლის სითბო სწყურია
არ შეიძლება შეიძულოთ თქვენ ეს ქმნილება
რადგან ძლიერი რწმენის მიღმა სიცოცხლის მიმართ
სიყვარულია არსებობის გადამალული
ყველაზე წრფელი რომლის გარეშეც ვერ იარსებებს სხვა სიყვარული
და არც შიმშილი არ არსებობს, აღარც სურვილი,
მე ვფიქრობ მაინც რომ ის კაცია
უკეთესიც და უარესიც რომელთა შორის,
თავის ცხოვრებით საკუთარით
მაინც რომ ცხოვრობს
და დანარჩენი მხეცებივით მარტოკა კვდება
მას ივიწყებენ მაგრამ ის ხომ უკვდავიცაა
რადგანაც კარგიც და ის ცუდიც რასაც აკეთებს
მისი სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს
მაშინ რატომღა აკავშირებს ის თავს სიკვდილთან
ყოფიერების სიბრმავეში ღორმუცელობით
მუდამ თავისი მოძმის სისხლით რატომ სივდება?
კოტე ყუბანეიშვილი