რატომღაც ისე მოხდა, რომ ამ კვირაში, ერთდროულად, დიდი სიამოვნებაც მივიღე, ვიამაყე და ამავე დროს, გულიც დამწყდა, ცოტა არ იყოს და მეტკინა… თითქოს, გულდაწყვეტის, სინანულის ამ უსიამოვნო გრძნობას აქამდეც უნდა შევჩვეოდი, აღარ უნდა მიმექცია ყურადღება, მაგრამ…
გასულ კვირას, ექსპრომტის სახით, მეგობარმა ქალებმა, შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად, მცხეთის მონახულება გადავწყვიტეთ. არც კი მახსოვს მცხეთაში ბოლოს როდის ვიყავი. ცოტა ქარიანი, მაგრამ თბილი, მზიანი, ნამდვილი გაზაფხულის დღე დაგვემთხვა. ორი სავსე მანქანით, პირველ რიგში, ჯვარზე ავედით. ტაძრის გზაზე, წითელ-ყვითელი ჭინჭებით შეფერადებული დიდი ნატვრის ხე ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს. ახლა, ოცნებების, სურვილების, ნატვრების ამსრულებელი ეს ფერადოვანი ხე დანარჩენი ხე-ბუჩქისგან დიდად აღარ გამოირჩევა. ყველა ხის, ბუჩქის ტოტებზე ჩამოკიდებულ-ჩამოკონწიალებულმა ცისფერ-ვარდისფერმა ცელოფანის პარკებმა ტაძართან მისასვლელი გზისპირა ბუჩქნარი მთლიანად ერთ დიდ მახინჯ, ნატვრებისა და ოცნებების არამსრულებელ, მატყუარა "ნატვრის ტყედ" აქცია. ჯვარს ვუახლოვდებოდით, მანქანიდან ვიყურებოდით, მოფრიალე ფერად ნაგვის პარკებს ვითვლიდით-ვერ ვითვლიდით და სინანულით, სირცხვილით გაჟღენთილი ერთი კითხვა გვიტრიალებდა - "ვინ ყრის? ვინ აგდებს? ვინ ანაგვიანებს? ვინ არ უვლის?..." ჯვარზე ავედით! მოფრიალე ნაგვის პარკებმა და ხალხმა საგრძნობლად იმატა. იმატა უპატრონო ძაღლებმა და მათმა საყვარელმა ლეკვებმა; იშვიათი უგემოვნებობის სუვენირების, ბატი-ბუტის, თუ თანამედროვე ენაზე ვიტყვი, პოპკორნის გამყიდველებმა; მათხოვრებმა; კლიენტების მომლოდინე დანჯღრეული ტაქსების მძღოლებმა და მათმა ანეკდოტებმა და დედის გინებამ; ამაყ ქართველ მამაკაცებთან "პოდრუჩკგაყრილმა" ვულგარულმა რუსის ქალებმა; მოკლეკაბიანმა, ფაქტიურად ტიტველმა, მაგრამ თავსაფრებწაკრულმა, იაფფასიანი აზელილი მაკიაჟით დახატულმა, უტრირებულად დიდი, ზიზილპიპილო სამკაულებით დახუნძლულმა, ხმაურიანმა, "უშუალო" გოგოებმა; მხრებში მოხრილმა, კაიტიპურად მოკუზულმა, ჩაკუზულმა, გაუპარსავმა და დაჟინებული, ცოტა არ იყოს და თავხედური მზერის მტყორცნელმა, ყოველი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ კბილებშორის ოსტატურად მფურთხებელმა და ლუდის ერთი აუცილებელი ბოთლით ხელში ბიჭებმა; იქვე დაგდებულმა, გადაგდებულმა კოკა-კოლის, წყლის პლასტმასის ბოთლებმა, ფანტას და ლუდის რკინის ქილებმა, ნაჭამი მზესუმზირის, პურის, ხილის გორებმა, ბორცვებმა; ტყლაპის, ჩურჩხელების, თხილის, ინდური იაფიანი ბიჟუტერიის, თურქული შარფების, სანთლების, ხატების, ჯვრების, ხევსურული, სვანური, კახური ქუდების… დახლებმა. აუხსნელად იმატა - მრავალფეროვანმა უსიამოვნო სურნელმა...
ყველა ეს, ზემოთ ჩამოთვლილი, სანახაობრივი ბარიერები გადავლახეთ და როგორც იქნა, ჯვარზე ავედით, გადავიხედეთ, თვალუწვდენელი, სუნთქვის შემკვრელი ხედით დავტკბით, უნიკალურ ტაძარს ავხედეთ, შევედით, სანთლები დავანთეთ, გარშემო ვისეირნეთ. ცოტა ხანს იქვე, ტაძრის კედელთან, საუკუნუვონ ქვებზე ჩამოვსხედით, მერე კვლავ ხედს დავუბრუნდით. მცხეთას, მტკვარს, მთებს გადავხედეთ და სინანულის მკვეთრმა გრძნობამ მტკივნეულად, ყველას ერთდროულად, გაგვკრა - ტაძრის ასაშენებლად ეს ადგილი ხომ ქართველებმა შეარჩიეს?! ეს ტაძარი-შედევრი ხომ ქართველებმა ააშენეს?! ეს პროპორცია, სისადავე, დახვეწილობა ხომ ქართველების ნახელავია?! მხოლოდ ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ეს საოცრად ამაღლებული, ძლიერი, თითქოს დამმუხტავი, მომნუსხველი აურა ხომ ქართველებმა შექმნეს?!
სვეტიცხოველთან განახლებული, რესტავრირებული, გალამაზებული, ძველი მცხეთის ვიწრო, მოპირკეთებული ქუჩებით მივედით. გზადაგზა, ყველა პატარ-პატარა დუქანთან, პურის საცხობთან, სუვენირების მაღაზიასთან, ჩურჩხელების და ტყლაპის გამყიდვლებთან ვჩერდებოდით. შამფურზე აცმული დაბრაწული მწვადის, შოთი პურის და ერთი ჭიქა წითელი ღვინის, დიდ, ხის კასრებზე გაშლილი ნატურმორტებით ვტკბებოდით; ახალგამომცხვარი ქართული პურის სურნელით ვძღებოდით; ცხენებგამობმულ, წითელ ეტლზე ბავშვებს ფოტოებს ვუღებდით და სიამოვნება-სიამოვნებაში, ნელ-ნელა, ბუმბერაზი ტაძრის გალავანს ვუახლოვდებოდით.
ტაძრის გალავანთან კი ნაფარეულის, ბაზალეთის, კავსაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის ქუჩების შუქნიშნებთან მდგომი და ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, კარგად ნაცნობი, პროფესიონალი, ვაკელი მათხოვრების არმია დაგვხდა! როგორ გაეხარდათ! გვიცნეს! და კვირა დღის, მცხეთის, სვეტიცხოველის და კარგი ნაცნობობის, როგორც თვითონ ამბობდნენ, ძველი "დაქალობის" ხათრით, ათმაგი მოგვთხოვეს. ტაძარში შევედით, სანთლები დავანთეთ, დავათვალიერეთ, შეძლებისდაგვარად თანმხლებ ბავშვებს ტაძრის მოკლე ისტორია მოვუყევით, ბაგრატიონთა საფლავები დავათვალიერებინეთ, თითოეული ხატის, მასთან დანთებული სანთლის მნიშვნელობა ავუხსენით, ტაძრიდან გამოსვლისას, მოწიწებით პირჯვარი გადავიწერეთ, ეზოში გამოვედით, იქვე, მზეზე, ხის სკამზე ჩამოვჯექით, სვეტიცხოველის ტაძრის ბუმბერაზობით, გენიალურობით ვტკბებოდით… გარშემო კი რატომღაც ყველა განსაკუთრებულად და ადგილისთვის სრულიად შეუფერებლად ხმაურობდა, იცინოდა, ჭამდა, ერთმანეთს ეძახდა, ეძებდა, პოულობდა, უხაროდა. ვიღაცა თეთრ ნეილონის ბეწვის ქურქსა და ვარდისფერ ნეილონის კაბაში გამოწყობილ, დიდ, ნეილონის ბაფთებიან, პატარა, მსუქან გოგოს უყვიროდა, უჯავრდებოდა და ბაფთაჩაწნილ ნაწნავს ქაჩავდა. ვიღაცა - ატირებულ ბავშვს ტაძარში ძალით ექაჩებოდა - "ნუ მიშლი ნერვებს! შენ მოისპი შენა!..." ვულგარული რუსი ქალები და ამაყად თავაწეული ქართველი მამაკაცები, შეყვარებული წყვილები, მაკიაჟმოთხუპნული, მოკლეკაბიანი, მაგრამ თავსაფრიანი გოგოები და კბილებშორის ოსტატურად გადამფურთხებელი ბიჭები, მზესუმზირის, პოპკორნის, სუვენირების, სტალინის გამოსახულებიანი ჭიქების, წყლის, ტყლაპის გამყიდველები, ხმაურიანი, მრავალშვილიანი ოჯახები, ღიპიანი, მელოტი, წითური კაცები, მსუქანი, მოუვლელი, თმაშეუღებავი, დაღლილი ქალები, ჭრელაჭრულად ჩაცმული და ტაძრის გარშემო ანცად მორბენალი, დაჭერობანას, დამალობანას მოთამაშე ხმაურიანი ბავშვები… სვეტიცხოვლის ეზოში კიდევ უფრო უხვად იყო.
მზეზე ვისხედით, ტაძარს ვუცქერდით, ვისვენებდით, ვფიქრობდით, ვამაყობდით, გვსიამოვნებდა და სინანულის უსიამოვნო გრძნობა მაინც არ გვასვენებდა. სინანული - რესტავრირებულ, გალამაზებულ, მოვლილ და ასე ვერდანახულ, არდაფასებულ მცხეთაზე; რელიგიურ, ან უფრო მეტად, ზოგად უკულტურობაზე, გაუნათლებლობაზე, სიბნელეზე, გაჭირვებაზე...
სარწმუნოება, ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხომ ჩვენმა წინაპრებმა შეგვინარჩუნეს? სვეტიცხოველი ხომ ჩვენნაირმა ქართველებმა აგვიგეს, შემოგვინახეს? ხომ ეს იყო და დღემდე არის ჩვენი გემოვნება, ესთეტიკა, რწმენა, ძალა? ჯვარის, სვეტიცხოველის… უნიკალური მართლმადიდებლური, ქართული ტაძრების თვითმყოფადობა, ამაღლებულობა, სულიერება, დახვეწილობა, სიძლიერე დღემდე ხომ მოგვიტანეს?
მცხეთის ცნობილ სალობიესთან კი ნამდვილი დიდი, გრძელი საცობი დაგვხვდა. მორჩილად, მანქანების ქაოტურ, ჭეშმარიტად ქართულ საცობში ვიდექით. ვინ სად უხვევდა, რატომ?! რომელიმე მანქანა მოულოდნელად, ნერვიულად გამოდიოდა მწკრივიდან, საწინააღმდეგო მხარეს გადადიოდა, მთლიან მოძრაობას საბოლოო პარალიზებას უკეთებდა?! ვინ ვის უსიგნალებდა, რამდენს, რატომ?! ვინ იქნევდა ხელებს?! ყველა ერთდროულად, ერთნაირად, სადღაც გაძრომას, შეძრომას, გამოძრომას, გავლას, ვიღაცის, თუნდაც ერთი მანქანით გასწრებას, რაღაც მოგონილი, მხოლოდ ქართველი მძღოლისთვის გასაგები უპირატესობის მოპოვებას, გვერდით მჯდომი მოჯაჯღანე ცოლის მიჩუმებას, მოუსვენარი, მოუთმენელი, მოშიებული შვილების მიტუქსვას და სხვაზე ადრე, სხვაზე უცებ, სხვაზე გემრიელად, სამარხო ქოთნის ლობიოს მირთმევას ცდილობდა… და ყველა - წითელი, ოქროსფერი, "სველი ასფალტის" ფერი, ახალი, ბრჭყვიალა, ძველი, ძირგავარდნილი მანქანების, ჯიპების, მერსედესების, ჟიგულების, ოპელების… ყველა მძღოლი ერთდროულად, გულიანად, გემრიელად, მამაპაპურად, ქართულად, ჯიგრულად, ერთმანეთს და ისე, პროფილაქტიკისთვისაც, საკუთარ ცოლებს აგინებდა.
ქართველები წმინდა ქალაქში, წმინდა ადგილებზე, ულამაზეს ტაძრებში, ბუნებაში, სასიამოვნოდ, ამაღლებულად, ლოცვასა და სანთლების დანთებაში, ოჯახურ გარემოში, მეგობრებთან, თანამემამულეებთან, ერთმორწმუნე "ძმებთან" და "დებთან" ერთად გატარებულ, დიდი მარხვის ერთ-ერთ კვირა დღეს ასრულებდნენ და სახლში, ტელევიზორებთან ჭიკაიძის, ან "ორი ვარსკვლავის", ან ინგა გრიგოლიას ტოკ-შოუს სანახავად მიიჩქაროდნენ... დაიღალენ. ჩვენც დავიღალეთ, ძალიან ვისიამოვნეთ, მაგრამ სინანულის უსიამოვნო გრძნობა, რატომღაც დღემდე გამომყვა და ახლა თქვენ გაგიზიარეთ.
ქეთევან იგნატოვა